ინტიმური ჰიგიენა: ვისაუბროთ გულახდილად

ქალებს შეუძლიათ საათობით ისაუბრონ მეგობრებთან თმისა და სხეულის მოვლაზე, ერთმანეთს გაანდონ გახდომის საიდუმლო, მამაკაცებმა კი საათობით ამტკიცონ წინა დღეს გამართულ საფეხბურთო მატჩზე პენალტებისა თუ ჯარიმების დანიშვნის აუცილებლობა, მაგრამ ინტიმური ზონების ჰიგიენაზე რატომღაც ყველა დუმს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ ექიმ გინეკოლოგს ირმა თედორაძეს მივმართეთ.
- ქალბატონო ირმა, რა საჭიროა ინტიმური ჰიგიენა?
- ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოთა დაავადებების უმეტესობა სწორედ ინტიმური ჰიგიენის დაუცველობის შედეგია. ინტიმური ჰიგიენის წესები უნდა იცოდეს ქალმაც და მამაკაცმაც, მით უმეტეს, ჩვენს დროში მათი დაცვა არც ისე ძნელია.
ქალის გარეთა სასქესო ორგანოს, საშოს, შესავალი ახლოს არის ანალურ ხვრელთან, ამიტომ ქალის პირადი ჰიგიენის თავისებურებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს თავიდან აგვაცილებს ქალის შიგნითა სასქესო ორგანოებში ინფექციის შეღწევას. ინფექციის მიმართ საშვილოსნო განსაკუთრებით მგრძნობიარეა მენსტრუაციის პერიოდში, რადგან ამ დროს მის ყელს დამცავი საცობი არ ფარავს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ქალის სასქესო ორგანოებში უამრავი მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობენ. მათ შორის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ლაქტობაქტერიებს. სწორედ ისინი გამოიმუშავებენ რძემჟავას, უზრუნველყოფენ საშოს დამცავი ბარიერის შექმნას, ხელს უშლიან საშოში პათოლოგიური მიკროფლორისა და ვაგინალური ინფექციების განვითარებას. ასე რომ, ბუნებამ საშოს შიგთავსი სპეციალურად "შეამჟავა", რათა მავნე მიკრობები განადგურდნენ, ხოლო სპერმატოზოიდებმა კვერცხუჯრედისკენ გაიკვლიონ გზა. განსაზღვრულ პირობებში, განსაზღვრული ფაქტორების ზემოქმედებით, მიკროორგანიზმთა თანაფარდობა ირღვევა, საშოს გარემო ტუტიანდება, ლაქტობაქტერიების რაოდენობა მცირდება და მათ ადგილს მავნე მიკრობები იკავებენ. ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.
სასქესო ორგანოების თავდაცვითი უნარი ქალის ასაკზეა დამოკიდებული. 17-18 წლამდე ასაკის გოგონას საშოს მიკროფლორას ყოველგვარი არასასურველი ზემოქმედება ადვილად არღვევს. მისი მდგრადობა მცირდება კლიმაქტერიულ პერიოდშიც. ცხოვრების ამ ეტაპებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ინტიმური ჰიგიენის დაცვას.
- რამ შეიძლება გამოიყვანოს მწყობრიდან ქალის სასქესო ორგანოების ბუნებრივი დამცავი მექანიზმი?
- ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ბუნებრივი მჟავატუტოვანი ბალანსი შესაძლოა დაარღვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:
- ქლორიან აუზში, ზღვაში ან მდინარეში ბანაობამ;
- ფიტნესით მეტისმეტმა გატაცებამ;
- სინთეტიკური ქვედა საცვლებისა და მოჭერილი ტანსაცმლის ტარებამ;
- ტამპონების მუდმივმა გამოყენებამ;
- მენოპაუზამ.
- როგორ უნდა ჩაიტაროს ქალმა ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები?
- ქალის პირადი ჰიგიენის პროცედურები უნდა ტარდებოდეს ამგვარად:
- გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა უნდა მოხდეს, სულ მცირე, დღეში ორჯერ, თბილი წყლით, უსაპნოდ.
- წყლის ჭავლი და ხელების მოძრაობა მიმართული უნდა იყოს წინიდან უკან და არა პირიქით, რათა უკანა ტანიდან ინფექცია სასქესო ორგანოებში არ შეიჭრას. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობაც ასევე უნდა იყოს მიმართული.
- მენსტრუაციის პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა აუცილებელია ტუალეტში ყოველი შესვლისას.
- დაბანის შემდეგ სასქესო ორგანოები გაიმშრალეთ სუფთა, რბილი და აუცილებლად საკუთარი პირსახოცით.
- მენსტრუაციის დროს ნუ მიიღებთ აბაზანას (უმჯობესია დაიბანოთ შხაპის ქვეშ) და ნუ იქონიებთ სქესობრივ კონტაქტს (ამ პერიოდში საშვილოსნოს ღრუში გაცილებით ადვილად ხვდება ინფექცია).
- ანალური ხვრელის ირგვლივ მიდამო დაიბანეთ ჩვეულებრივი საპნით, რადგან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ვერ უზრუნველყოფს ამ ზონის დეზინფექციას.
ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება არ შეიძლება! დღესდღეობით არსებობს ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სპეციალური ხელსახოცები, ყოველდღიური საფენები, ჟელეები და საპნები. მათი გამოყენებისას გაითვალისწინეთ:
- ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საპნით ან ჟელეთი უნდა დაიბანოთ მხოლოდ კანი და არა ლორწოვანი გარსები.
- ხელსახოცი უნდა გამოიყენოთ, როცა არ გაქვთ შხაპის მიღების საშუალება - ეს ხელსახოცები გაჟღენთილია ლოსიონით და შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებას. მათი გამოყენების შემდეგ ჩაბანა საჭირო არ არის.
- საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამ არეში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. აბაზანის ჟელე ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. როცა ასეთი "დარტყმები" მუდმივია, საშოს ნორმალური მიკროფლორა ირღვევა, პათოლოგიური ბაქტერიები მრავლდება და იქმნება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების საფრთხე.
- ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილ კოსმეტიკურ საპონსა და ჟელეს, ჩვეულებრივ, დამატებული აქვს ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო ნივთიერებები (ჩვეულებრივ, მცენარეული პრეპარატები), რომლებიც არ აღიზიანებს გარეთა სასქესო ორგანოების კანსა და ლორწოვან გარსებს და ხელს უშლის ანთებითი მოვლენების განვითარებას, რომლებიც შესაძლოა უბრალო საპნის გამოყენებისას განვითარდეს.
- გახსოვდეთ: ყოველდღიური საფენები უნდა გამოიცვალოთ დღეში არანაკლებ 4-5 ჯერ.
ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია უშვებს ქალის ინტიმური ჰიგიენის საშუალებების სამ ხაზს სხვადასხვა ასაკისთვის - თხევად საპონსა და ხელსახოცებს, რომლებიც მცენარეული ექსტრაქტებზეა დამზადებული:
- პირველი - ვუწოდოთ მას პირობითად ვარდისფერი ხაზი - განკუთვნილია სქესობრივი მომწიფების ასაკის გოგონებისთვის და მენოპაუზის ასაკის ქალებისთვის;
- ლურჯი ხაზი - შვილოსნობის ასაკის ქალებისთვის;
- მწვანე ხაზი - მენსტრუაციისა და ორსულობის დროს გამოსაყენებლად.
- რა უნდა ეცვას ქალს, რომ ინტიმური ზონების ჯანსაღი გარემო შეინარჩუნოს?
- ნატურალური ბოჭკოს მოხერხებული ქვედა საცვლები ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. მუდმივად ნუ ატარებთ სტრინგებს - ისინი იწვევენ გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების ტრავმირებას და ხელს უწყობენ ინფექციის შეჭრას. გარდა ამისა, სიარულის დროს თხელ ზონარს ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ ბაქტერიები გადააქვს. სასურველია, თეთრეული დამზადებული იყოს ნატურალური მასალისგან (ბამბა, სელი, შალი). ასეთი მასალა იწოვს სისველეს, სუნთქვის საშუალებას აძლევს კანს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის.