სასარგებლო ჩვევები
- მართალი ბრძანდებით. თუ პატარაობიდანვე ჯერ უარი ვთქვით აცრებზე, მერე კი ქუჩაში, ზაფხულობითაც კი, გაციების შიშით ბავშვი ორი მაისურით ვატარეთ, მივიღებთ დასუსტებულ ორგანიზმს. შედეგი არც მაშინ იქნება სახარბიელო, თუ ბავშვს ყველაფერი სწორად ავუხსენით, მაგრამ ეს პირადი მაგალითით არ განვუმტკიცეთ. მაგალითად, ბავშვს მივუთითებთ, სწორად იჯდეს სკამზე, არ იკითხოს დაწოლილმა და ბევრი იმოძრაოს, ჩვენ კი ვეწევით მჯდომარე ცხოვრებას, დივანზე წამოწოლილი ვკითხულობთ პრესას - ეს მისთვის ცუდი მაგალითია. მწეველი მშობლების შვილებიც თითქმის ყოველთვის მწეველები ხდებიან, რამდენიც უნდა ელაპარაკო სიგარეტის მავნებლობაზე. გახსოვდეთ: მავნე ჩვევა გადამდებია. ამდენად, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ საფუძველს ჩაუყრით შვილის ჯანმრთელობასა და მომავალს.
- უპირველეს ყოვლისა, რას უნდა შევაჩვიოთ პატარა?
- რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ხელების ბანას.
ხელების ბანა
როგორც კი პატარას დამატებითი საკვების მიცემას დაუწყებთ, ჭამის წინ აუცილებლად დაბანეთ ხელები საპნით. მართალია, ჯერ საკუთარი ხელით არ ჭამს, მაგრამ კვების დროს შესაძლოა ხელი ჯამში ჩაკრას, ანდა დაუბანელი ხელი პირისკენ წაიღოს. ეს ერთი მიზეზია. მეორე - ამგვარად ბავშვს გამოუმუშავდება ჭამამდე ხელების დაბანის პირობითი რეფლექსი. ასევე უნდა შევაჩვიოთ ხელების ბანას შინ დაბრუნებისა და ქოთნიდან ადგომისთანავე. მცირე ასაკში ბავშვი ჯერ არაფერს ეხება, ტუალეტის ქაღალდსაც კი, მაგრამ მნიშვნელოვანია, მან ეს წესი ავტომატიზმის დონეზე აითვისოს. ყოველთვის აკონტროლეთ ბავშვი. უკვე წამოზრდილს, შესაძლოა ხელების დაბანა დაავიწყდეს, ამიტომ დედა ფხიზლად უნდა იყოს. ზოგიერთი ფორმალურად აკეთებს ამას - უსაპნოდ გადაივლებს წყალს. თქვენ უნდა აჩვენოთ, როგორ ჩაატაროს პროცედურა სწორად:
- საპნის ნაჭრით ან თხევადი საპნის წვეთით აიქაფოს ხელები კარგად, ყველა მიმართულებით, 20 წამის განმავლობაში;
- საპნის ადგილზე დაბრუნების შემდეგ 40 წამის განმავლობაში ჩამოიბანოს ხელები სუფთა გამდინარე წყლით.
ხელების საპნით ბანა ნაწლავური ინფექციებისა და ჰელმინთებისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
კბილების გახეხვა
როგორც კი ჩვილს პირველი კბილი ამოეჭრება, მაშინვე უნდა დავიწყოთ ნადებისგან მისი გასუფთავება სათითის ტიპის ჯაგრისით, რა თქმა უნდა, კბილის პასტის გარეშე. წლინახევრის ასაკიდან შეიძლება საბავშვო პასტის გამოყენებაც. პარალელურად ბავშვს უნდა ვასწავლოთ პირში წყლის გამოვლება. სამი წლიდან მას უკვე შეუძლია, დამოუკიდებლად, მაგრამ დედის მეთვალყურეობით, ჩაიტაროს ეს ჰიგიენური პროცედურა. ჯაგრისს კბილის პასტის მცირე, დაახლოებით მუხუდოს მარცვლისოდენა ულუფა უნდა დავადოთ. თუ ბავშვს შემთხვევით გადაეყლაპა, საგანგაშო არაფერია - საბავშვო პასტები, მოგეხსენებათ, არ შეიცავს ფთორს. თორმეტი წლიდან, როდესაც კბილების ცვლა დასრულდება, შეგიძლიათ, შვილი საბავშვო პასტებიდან მოზრდილებისთვის განკუთვნილზე გადაიყვანოთ. კბილების გამოხეხვა საჭიროა დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ჭამის შემდეგ, 2 წუთის განმავლობაში. ჯაგრისი კბილს ყოველ მხარეს უნდა შეეხოს. ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ პატარა სათანადოდ ასრულებს პროცედურას, კონტროლი აუცილებელია.
ექიმთან ვიზიტი
- რა საჭიროა ექიმთან სიარული, თუ ბავშვი ჯანმრთელია?
- ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბავშვი მომავალშიც ჯანმრთელი იყოს და არ ჰქონდეს “თეთრი ხალათის სინდრომი” - მედიცინის მუშაკებისა და სამედიცინო დაწესებულებების შიში. ამ სინდრომის გამო ბევრი ზრდასრული ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იგდებს თავს. გირჩევთ, ექიმთან წაყვანამდე პატარა წინასწარ შეამზადოთ, აუხსნათ, სად და რისთვის მიგყავთ. ბავშვებს ყველაზე მეტად გაურკვევლობისა და უცხო ადამიანებისა ეშინიათ. ნურასოდეს მოატყუებთ ბავშვს. ნემსია საჭირო? - პირდაპირ უთხარით, რომ ცოტათი ეტკინება, მაგრამ უნდა მოითმინოს. ექიმებისადმი უნდობლობა მაშინ იწყება, როცა ბავშვს ვატყუებთ, ნუ გეშინია, არ გეტკინებაო. გაამხნევეთ ბავშვი, როდესაც მედდა კანთან მიუტანს ნემსს, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინეთ - ტკივილი შეუმსუბუქდება. სტომატოლოგთან ვიზიტი ვეღარ შეაშინებს, თუ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკურ გასინჯვაზე მიიყვანთ. ასეთი გასინჯვის მიზნია კარიესის ნაადრევი გამოვლენა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რემინერალიზაცია - კბილის ზედაპირის აღდგენა - სპეციალური კურსით.
ნუ მიაჩვევთ ზედმეტ საკვებს
რაციონის გაფართოებასთან ერთად ეცადეთ, ბავშვი ზომაზე მეტ საკვებს არ მიაჩვიოთ. ნუ მოსთხოვთ, ყოველთვის ბოლომდე შეჭამოს თაფშზე დადებული ულუფა - თუ აღარ უნდა, ესე იგი უკვე დანაყრდა. კვებითი ჩვევები სწორედ ადრეულ ბავშვობაში ყალიბდება. ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს, რას ჭამდა 3 ათასი ამერიკელი ბავშვი სიცოცხლის მეორე წელს. გაირკვა, რომ ისინი დღეში საშუალოდ 1220 კკალ-ს მოიხმარდნენ, რაც ერთი მესამედით აღემატება ნორმას, ეს კი ნიშნავს, რომ ეს ბავშვები მთელ სიცოცხლეს ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლაში გაატარებენ. ჭარბი წონის მქონე ბავშვების გულს, სისხლძარღვებს, ძვლებს, სახსრებს, ხერხემალს საფრთხე ემუქრება, ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, მაღალია შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. კუჭის გადავსება კი ზედმეტი წონის საწინდარია. 1,5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკმარისია თითო ჯერზე 400 მლ საკვები. თუ ამ წესს დაიცავთ, წონა ყოველთვის წესრიგში იქნება და აღარც პრობლემები იჩენს თავს.
ისეირნეთ ყოველდღე
სუფთა ჰაერი რომ მარგებელია, ყველამ იცის, თუმცა ყველა როდი იყენებს ამ გამაჯანსაღებელ საშუალებას პრაქტიკაში. ზოგიერთს ჰგონია, თუ ჩვილს აივანზე დააძინებს, ეს გასეირნების ტოლფასია ან სკვერში ნახევარი საათით გასვლა საკმარისია. სინამდვილეში ჩვილი დღეში 2-3-ჯერ უნდა გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე 1,5-2 საათით. საქმე მხოლოდ ჟანგბადში როდია, თუმცა ის მართლაც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის; საქმე უფრო მულტისტერეოტიპების ჩამოყალიბებას ეხება, რომელიც აიძულებს ადამიანს, ერთმანეთს შეუნაცვლოს მუშაობა და დასვენება, თანაც აქტიური დასენება სუფთა ჰაერზე. იმ ბავშვებისგან, რომლებიც ცოტას სეირნობენ, დგებიან ზარმაცი და ზანტი ადამიანები, რომელთაც დივანი ურჩევნიათ სპორტულ მოედანს. ცხოვრების ასეთი სტილი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამრავლებს დაავადებებს. სასეირნოდ გაყვანისას პატარას სათანადოდ ჩააცვით. ზაფხულში დაე ტრუსებითა და მაისურით ირბინოს, შემოდგომაზე და ზამთარში გაითვალისწინეთ ამინდის პროგნოზი. გახსოვდეთ პრინციპი: ჩააცვით ბავშვს იმდენი, რამდენიც თქვენ თვითონ გაცვიათ, თუ იგი უკვე დადის საკუთარი ფეხით.
არ დაივიწყოთ გამამხნევებელი ვარჯიში
გამამხნევებელი ვარჯიში მოიცავს ვარჯიშთა კომპლექსს, რომელსაც ბავშვი დილაობით, ერთსა და იმავე დროს, ასრულებს სუფთა ჰაერზე. ეს ხელს უწყობს ორგანიზმს, გამოიღვიძოს და დღის რეჟიმში ჩაერთოს. გამამხნევებელი ვარჯიშის ხანგრძლივობა 3-5 წუთია. ვარჯიშის შემდეგ ბავშვი დაღლილობას კი არ უნდა გრძნობდეს, არამედ მხნეობას. რაც შეეხება სერიოზულ ფიტნესტრენირებას, მის შემდეგ საჭიროა დასვენება. ოპტიმალური დატვირთვის კრიტერიუმია ვარჯიშის შემდეგ მსუბუქი დაღლილობა, რომელიც სწრაფად იცვლება მხნეობითა და ძალის მოზღვავებით. საუკეთესო გამოსავალია, საბავშვო ოთახში გამოყოთ კუთხე სპორტული ინვენტარისთვის, რათა ბავშვმა ისწავლოს აძრომა, ჩამოკიდება, გაჭიმვა. ეცადეთ, ვარჯიში თამაშს დაამსგავსოთ - ბავშვი მეტი ხალისით აგყვებათ.
სწორი სუნთქვა
როგორ გავიგოთ, სწორად სუნთქავს თუ არა ბავშვი? ნორმაში, ბავშვები ზედაპირულად სუნთქავენ. ახალშობილები მოსვენებისას წუთში 50 სუნთქვით მოძრაობას ასრულებენ, ჩვილები - 35-40-ს, 1-3 წლის ბავშვები - 25-30-ს, 4-6 წლისანი - 25-ს, 7 წლისანი - 20-22-ს. სუნთქვა შესაძლოა არიტმული იყოს - მღელვარების დროს ბავშვები იკავებენ ჩასუნთქვას ან ამოსუნთქვას. ამით ფილტვების ვენტილაცია უარესდება და სასუნთქი სისტემა კარგად “განიავებას” ვერ ასწრებს; სუფთა ჰაერი აღწევს მხოლოდ ფილტვების ზედა ნაწილს, უმეტესი მოცულობა კი ჰაერის განახლებას (ჟანგბადით გამდიდრებას) ვერ ახერხებს, რითაც ხელსაყრელ გარემოს უქმნის ვირუსებსა და ალერგენებს. ნუ მიაჩვევთ პატარას ტანზე მჭიდროდ მოტმასნილი სამოსის ტარებას - ეს ხელს უწყობს სუნთქვის დარღვევას. ნუ მოსთხოვთ ბავშვს მუცლის შეწევას - ასეთ მდგომარეობაში მუცლის პრესის კუნთები სუნთქვითი ციკლიდან გამოითიშება, ფილტვების ვენტილაცია უარესდება. ერთად ივარჯიშეთ სწორ სუნთქვაში: ცხვირით ჩასუნთქვა, პირითა და მუცლით ამოსუნთქვა. შეასრულეთ 3-4 ასეთი სუნთქვითი მოძრაობა დღეში ორჯერ. გაშალეთ იატაკზე პატარა სავარჯიშო ხალიჩა ან საფენი, დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, თავქვეშ ამოუდეთ ხელისგულები და უმნიშვნელოდ მოახრევინეთ მუხლები. სთხოვეთ, ასეთ მდგომარეობაში დაჭიმოს მუცლის კუნთები და ამოისუნთქოს მუცლით, შეიკავოს სუნთქვა, სადამდეც შეუძლია, მერე ჩაისუნთქოს და მუცელი აივსოს, ამობეროს, პაუზის შემდეგ კი ისევ ამოისუნთქოს მუცლით. გაიმეორეთ ვარჯიში რამდენიმეჯერ.
დროულად დააძინეთ
ძილისა და სიფხიზლის რიტმი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყალიბდება. მისი დარღვევა სახიფათოა იმუნური სისტემისთვის, შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლამდე და დაავადებების გახშირებამდე მივყავართ. ასე რომ, ნუ მიაჩვევთ ბავშვს ძილის წინ საწოლში მულტფილმების ყურებას - დაე მიეჩვიოს, რომ საწოლი მხოლოდ ძილისთვისაა განკუთვნილი. დაიცავით ძილისწინა რიტუალი - განსაზღვრული მოქმედებების მონაცვლეობა ეხმარება პატარას, გათავისუფლდეს დღის განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებებისგან და განეწყოს ძილისთვის. ასეთი მოქმედებებია ჰიგიენური წყლის პროცედურები, ტანისამოსის გახდა და საღამურის ჩაცმა, ზღაპარი, იავნანა, კოცნა... მორწმუნე ოჯახები აჩვევენ ბავშვს ძილად მისვლის ლოცვასაც. ყოველივე ამის შემდეგ თქვენი პატარა უშფოთველ ძილს მიეცემა. ძილი ყოველთვის მალე როდი მოდის - ზოგჯერ ბავშვს უჭირს დაძინება. ნუ გაუბრაზდებით ამისთვის. მიაჩვიეთ, იწვეს წყნარად, არ ილაპარაკოს და არ ადგეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტუალეტში სურს გასვლა. ძილის წინ ჩასატარებელი ყოველდღიური რიტუალი ერთგვარ პირობით რეფლექსს აყალიბებს და ბავშვიც თანდათან ეჩვევა დამოუკიდებლად დაძინებას. ბავშვის აღზრდა ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებასაც გულისხმობს, რაც ბავშვის მომავალი ჯანმრთელობის საწინდარია.