სარძევე კბილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სარძევე კბილები

თუ ბავშვი სწორად იკვებება, 6-8 თვისას პირველი სარძევე კბილები უნდა ამოეჭრას, მაგრამ ხშირად მათი ამოსვლა გვიანდება. რისი ბრალია ეს? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს სტომატოლოგიური კლინიკა "ალმადენტის" ხელმძღვანელი თამარ წერეთელი.

- რატომ ეწოდება მოსაცვლელ კბილებს სარძევე, მართლა რძისაგან წარმოიქმნება?

- ეს აზრი არც ისე შორსაა სიმართლისგან. დედის რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც კბილებისა და ძვლების მშენებლობისთვის არის აუცილებელი. ამ ელემენტის შემცველობით ქალის რძეს არც ძროხისა ჩამოუვარდება, მაგრამ მასში შემავალ კალციუმს ორგანიზმი ვერ ითვისებს. ასე რომ, თუ გსურთ, პატარას ჯანსაღი კბილები ჰქონდეს, ძუძუ აწოვეთ. ექვსი თვიდან კი კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ბავშვს კალციუმის დამატებით წყაროს უნიშნავენ.

- რატომ აგვიანებს სარძევე კბილები ამოჭრას?

- კბილების ამოჭრა უგვიანდებათ დღენაკლულ, სუსტ, მცირე წონით დაბადებულ, პირველ თვეებში ხშირად მოავადე, რაქიტიან ბავშვებს. თუ პატარა ჯანმრთელია, მაგრამ 9-12 თვისას კიჭები ჯერ კიდევ არ ამოსვლია, ბებიებს უნდა ვკითხოთ, რა ხნისას ამოეჭრათ სარძევე კბილები დედიკოსა და მამიკოს. დაგვიანების მიზეზი, ისევე როგორც ნაადრევი ამოჭრისა და თანდაყოლილი კბილებისა (ასეთი შემთხვევებიც არის), ხშირად გენეტიკურია.

- რატომ არ ამოდის კბილები ჩვეული თანმიმდევრობით?

- ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმდენად კბილების ამოჭრის დრო არ მეტყველებს, რამდენადაც მათი ამოსვლის თანმიმდევრობა. თუ ის დარღვეულია, უთუოდ ჩააყენეთ საქმის კურსში პედიატრი და ბავშვი სტომატოლოგს აჩვენეთ. წესით, პირველად ერთი ქვედა წინა კიჭი უნდა ამოიჭრას, შემდეგ - მეორე. მათ ორი ზემოთა წინა კბილი მოჰყვება. ამის შემდეგ მათ გვერდით ზემოთ და ქვემოთ თითო კიჭი ამოიწვერება. მათ მოჰყვება თითო მცირე ძირითადი კბილი მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. რჩება ადგილი ეშვებისთვის. თავს ჯერ ზემოთა ეშვები ამოყოფს, შემდეგ ქვემოთა, ბოლოს კი მცირე ძირითადი კბილების მეორე წყვილი ამოიჭრება. სტომატოლოგები კბილების აუცილებელი რაოდენობის დასადგენად ასეთი ფორმულით სარგებლობენ: ღ (ასაკი თვეებში) - 6. ამ ფორმულის მიხედვით, 7 თვის პატარას ერთი კბილი უნდა ჰქონდეს (7-6=1). მაგრამ ეს ძალზე ზოგადი მიდგომაა, როგორც აღვნიშნეთ, კბილების ამოსვლის დრო ინდივიდუალურია.

- როგორ შევიტყოთ, მალე ამოუვა თუ არა პატარას კბილები?

- კბილების ამოსვლის ყველაზე ადრეული ნიშანია გაძლიერებული ნერწყვდენა. ის ამოჭრამდე ორი თვით ადრე იწყება და ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით არის განპირობებული. ნერწყვის ყლაპვა პატარამ ჯერ არ იცის, ამიტომ ის ნიკაპსა და ყელზე გადმოსდის, ყელის ნაკეცებში უგროვდება და ნაზ კანს უღიზიანებს. ასე რომ, ყურადღებით იყავით და ეს ადგილები ბავშვს ხშირად გაუმშრალეთ. გარდა ამისა, პაწია გაღიზიანებულია, გამოუძინებელი, წრიალებს და ჭამაზე უარს ამბობს. ეს ყველაფერი იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს რესპირატორული და ნაწლავური ინფექციების მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ასეთ დროს ბავშვი მოარიდეთ უცხო პირებთან კონტაქტს, თვალი ადევნეთ, რომ პირში ჭუჭყიანი ხელი ან სათამაშო არ ჩაიდოს. და კიდევ - პირის ღრუს თუ კარგად დაათვალიერებთ, შეამჩნევთ, რომ იმ ადგილას, სადაც კბილმა უნდა ამოყოს თავი, ღრძილი შეშუპებული და შეწითლებულია.

- როგორ გავუადვილოთ კბილების ამოჭრის პროცესი?

- შეწითლებულ და შესიებულ ღრძილებზე წაუსვით სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი გელი. ქავილსა და ტკივილს სიცივეც აცხრობს, ამიტომ ასეთ დროს პატარები ცივ საგნებს ეტანებიან. არსებობს სითხით სავსე სპეციალური რგოლები, რომლებსაც რამდენიმე წუთით მაცივარში ათავსებენ და შემდეგ აძლევენ ბავშვს. სასურველია რაციონში ცვლილებების შეტანა. ამ პერიოდში წოვის რეფლექსს ღრღნისა და კბენის რეფლექსი ცვლის, ამიტომ ბავშვს მხოლოდ თხიერი და რბილი საკვები არ ეყოფა. მიეცით ორცხობილა, კიტრის ან სტაფილოს მრგვალი ნაჭრები, გათლილი ვაშლი. ღეჭვა აუმჯობესებს ღრძილებში სისხლის მიმოქცევას, ავარჯიშებს და ამაგრებს უკვე ამოსულ კბილებს, ხელს უწყობს ამოსაჭრელთა კვებას, მეტყველების სწორ ფორმირებას. ბავშვებს, რომელთაც პატარაობისას ძირითადად თხიერ საკვებსა და ფაფებს აძლევდნენ, ლოგოპედიური დარღვევები უფრო ხშირად აღენიშნებათ.

- აფერხებს თუ არა მატყუარა საწოვარა კბილების ამოჭრას?

- აფერხებს, თანაც საგრძნობლად, ამიტომ როგორც კი პირველი კიჭი გამოჩნდება, პატარა მატყუარას უნდა დაემშვიდობოს. სხვაგვარად კბილები წინ წამოიწევენ და ბავშვს სახის მოყვანილობა შეეცვლება - ქალას ძვლების ფორმირება ხომ ადრეული ასაკიდანვე იწყება.

- რატომ ჩნდება მოყვითალო ლაქები ამოჭრილ კბილებზე და რატომ არის ზოგჯერ მინანქარი არა გლუვი, არამედ ტალღისებური?

- ახალამოსული კბილის კიდეს ხშირად ტალღისებრი მოყვანილობა აქვს. ღეჭვის პროცესში იგი თანდათან გლუვდება და სწორდება. სხვა საქმეა გოფრირებული, გადაქექილი მინანქარი. ის კალციუმის დეფიციტის, საკვების უკმარისობისა და ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგია.

კბილების სიყვითლეს ტეტრაციკლინის მიღება იწვევს. ეს პრეპარატი დროთა განმავლობაში ამუქებს მინანქარს და კბილების ამოსვლასაც აფერხებს. კბილის მინანქარი მაგარი რომ იყოს, პედიატრები ბავშვს კალციუმის დოტაციას უტარებენ: ორი კვირის განმავლობაში პატარა დღეში სამჯერ იღებს კალციუმის პრეპარატს.


- ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება. რას გვეტყვით ამის შესახებ?

- მოარული აზრი, თითქოს სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდებოდეს, დიდი შეცდომაა. კბილის კარიესული დაზიანების შემთხვევაში მშობლებმა შვილი დროულად უნდა მიიყვანონ სტომატოლოგთან.

- როდის ვასწავლოთ ბავშვს კბილების გამოხეხვა?

- პაწიას კბილებზე ზრუნვას პირველი კიჭის ამოსვლისთანავე უნდა შეუდგეთ. კბილები ანადუღარ წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გაუწმინდოთ. არც ენა უნდა დაივიწყოთ: კიჭების წმენდას რომ მორჩებით, დოლბანდი გამოცვალეთ და ენის წმენდას შეუდექით. არსებობს სპეციალური ჯაგრისი-მასაჟორიც, რომელიც 3 თვიდან 2 წლამდე ასაკის პატარებისთვის არის განკუთვნილი. ის ანტიალერ-გიული რეზინისგან არის დამზადებული და სათითურის ფორმა აქვს, ზედ კი რამდენიმე რკალად სილიკონის რბილი ჯაგრისებია განლაგებული. სათითური დედიკომ თითზე უნდა წამოიცვას და ნამცეცას კიჭები გაუპრიალოს.

- დღეში რამდენჯერ შეიძლება კიჭების გაწმენდა?

- ორ წლამდე პირის ღრუს გაწმენდა საკმარისია დღეში ერთხელ, ძილის წინ. ასაკის მომატებასთან ერთად პაწიას ჯაგრისის ხელში დაჭერა ასწავლეთ და საუზმის შემდეგაც მიაჩვიეთ კბილების წმენდას, შუალედური კვების შემდეგ კი წყალი გამოავლეთ.

- როგორ შევარჩიოთ კბილის ჯაგრისი?

- ჯაგრისს ბავშვის კბილის ზომის შესაბამისი თავი უნდა ჰქონდეს, ხოლო კიდეები - მომრგვალებული, რათა ნაზი ლორწოვანი არ დააზიანოს. ღერები სინთეტიკური სჯობს - ნატურალური მასალა მეტისმეტად ფოროვანია, ამიტომ მასში ბაქტერიები იოლად იბუდებენ და მრავლდებიან. ჯაგრისის ტარი განიერი, ხელში დასაჭერად მოხერხებული და, რაც მთავარია, მიმზიდველი უნდა იყოს. ჯაგრისის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას - მასზე ბავშვის ასაკი უნდა იყოს მითითებული.

- როგორ შევინახოთ კბილის ჯაგრისი?

- ჯაგრისის შესანახად პაწიას პლასტმასის ჭიქა გამოუყავით, ხმარების შემდეგ ჯაგრისი ცივ, გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ, დაფერთხეთ და ჭიქაში ჩადეთ. ბავშვის ჯაგრისის განცალკევება აუცილებელია - უფროსების ჯაგრისიდან მას შეიძლება რომელიმე ინფექცია გადაედოს. ხშირად ჯაგრისს მოჰყვება ფუტლარი, რომელიც მოგზაურობისას გამოგადგებათ. მასში ჯაგრისის ყოველდღიურად შენახვა არ შეიძლება - დახურულ სივრცეში ღერები ძნელად შრება, ტენიან ზედაპირზე კი მიკრობები აქტიურად მრავლდებიან.

- რომელი კბილის პასტა სჯობს?

- საბავშვო, ნაკლებად ფთორირებული. საქმე ის არის, რომ პატარებს კბილების ხეხვისას პასტა ხშირად ეყლაპებათ, მასში შემავალი ფთორი კი, მართალია, მინანქარს ამაგრებს, მაგრამ ზედმეტი დოზით ტოქსიკურია. მოზრდილთა პასტებში ამ ნივთიერების შემცველობა უფრო მაღალია. თუ პატარას პასტა გადაეყლაპა, ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ მაინც გირჩევთ, კბილების ხეხვის დროს ბავშვი აბაზანაში უყურადღებოდ არ დატოვოთ. სჯობს, ეს პროცედურა პატარამ თქვენი თანდასწრებით ჩაატაროს.

- ბავშვებში არცთუ იშვიათია თანკბილვის პათოლოგია - კბილების არასწორი დგომა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ დეფექტების დროული აღმოფხვრა?

- ზედა და ქვედა ყბის შეთანაცვლების ანომალია კბილის კარიესულ დაზიანებას არ იწვევს. კარიესის განვითარებას ხელს უწყობს კბილთა დგომის ანომალია, განსაკუთრებით - მჭიდრო დგომა, როცა დარღვეულია კბილების თვითგაწმენდა. თანკბილვის ანომალიები, მით უფრო - ღრმა თანკბილვა, ზემოთ აღნიშნული მჭიდრო დგომა აზიანებს პაროდონტს - კბილის საყრდენ ქსოვილს - და ღრძილების ანთებით დაავადებას გინგივიტს იწვევს. დროულად და სრულყოფილად ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობა ანუ თანკბილვისა და კბილთა დგომის ანომალიების აღმოფხვრა პაროდონტოზის პროფილაქტიკაა. ამრიგად, ადრეული ასაკიდანვე ასწავლეთ პატარას პირის ღრუს სწორი ჰიგიენა, მოარიდეთ ბავშვი საღეჭ რეზინს, ფერად სასმელებს, სარძევე კბილის დაზიანების შემჩნევისთანავე მიმართეთ სტომატოლოგს. ეს საწინდარია იმისა, რომ მოწიფულ ასაკში თქვენს შვილს ჯანმრთელი კბილები და მიმზიდველი ღიმილი ექნება.