იდეალური შუალედი
და ექიმების დიდი ნაწილი სამ წელს მიიჩნევს იდეალურად, თუმცა ცხოვრებას თავისი წესები და ზოგჯერ მოულოდნელობებიც აქვს, ამიტომ რაიმე რეკომენდაციის მკაცრად დაცვა შეუძლებელია.
ქვემოთ სხვადასხვა ასაკობრივი განსხვავებისას აღმოცენებულ პრობლემებსა თუ დადებით მომენტებზე გესაუბრებით.
-
წლინახევრამდე
თუ ასაკობრივი განსხვავება მინიმალურია, ბავშვები ერთმანეთთან ახლობლობენ. მათ ბევრი აქვთ საერთო - სათამაშოები, ინტერესები, დღის რეჟიმი. რაც უფრო პატარაა ასაკობრივი განსხვავება, მით უმნიშვნელოა მათი ეჭვიანობაც. მშობლებისათვის კი ამგვარი სიტუაცია საკმაოდ რთულია, მას სჭირდება პატარებზე მზრუნველი კიდევ ერთი ადამიანი. ამ დროს ფასდაუდებელია ბებია, ბაბუა, ძიძა.
-
წლინახევრიდან სამ წლამდე
ასეთი განსხვავება არ ითვლება საუკეთესოდ. უფროსი ბავშვი საკმაოდ მიჯაჭვულია დედასთან, სჭირდება მისი მუდმივი ყურადღება, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით. აღნიშნულის გამო ახალშობილს თავიდანვე კონკურენტად აღიქვამს - ხედავს, რომ ვიღაც გაუგებარმა არსებამ ასეთი ძვირფასი ადამიანი - დედა წაართვა.
-
სამიდან ხუთამდე
ასეთი ასაკობრივი განსხვავება ნაკლებად ტრავმულია უფროსი ბავშვისთვის. ის უკვე დამოუკიდებელია, შეუძლია თავის მიხედვა, თანაც, როგორც წესი, ამ ასაკში პატარები თავადვე სთხოვენ მშობლებს, პატარა და ან ძმა გაუჩინონ. აღნიშნული ასაკობრივი განსხვავება ხელს უწყობს პატარების მჭიდრო კონტაქტს. უფროსი ბავშვი უკვე იმხელაა, რომ შეუძლია დაეხმაროს კიდეც მშობლებს, ამის გამო აღარ თვლის, რომ მიატოვეს და ყურადღება მოაკლეს. ასაკის მატებასთან ერთად ის ცდილობს ყველაფერში უფროსს მიბაძოს და ამის წყალობით სწრაფადაც ვითარდება.
ბავშვური ეჭვიანობის შესამცირებლად, აუცილებელია, მშობლებმა ერთდროული ურთიერთობის პრინციპით იხელმძღვანელონ - როცა ერთ ბავშვს ეფერებიან, აუცილებელია მეორესაც მიუალერსონ, მოახერხონ ორივესთან ერთდროული თამაში.
-
ხუთიდან შვიდამდე
ამ შემთხვევაში ბავშვური ეჭვიანობის მომენტი თავისთავადაა დაძლეული - უფროსი ბავშვი უკვე დიდია და კარგად ხვდება, რომ პატარა ძალიან უსუსურია და მისთვის მშობლის მუდმივი ზრუნვა-მეთვალყურეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებელია ოჯახში შეიქმნას ურთიერთმზრუნველობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი. ამისათვის უფროსი შვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ ძიძად, ის ხომ ჯერ ბავშვია. მის მიერ გამოვლენილი ყველა ინიციატივა და დახმარების მცდელობა აუცილებლად უნდა აღინიშნოს უდიდესი მადლიერებით. დაუშვებელია, უფროსი ბავშვის ცხოვრების რეჟიმი განსაზღვროს უმცროსის მოთხოვნილებებმა (მაგალითად, მუდმივი შეხსენება - ნუ ხმაურობ, შენს ძმას სძინავს!). ბავშვი საკმაოდ სწრაფად მიეჩვევა თავის ახალ სტატუსს, თუ შეახსენებთ, როგორი მნიშვნელოვანია მისი დახმარება პატარის აღზრდის პროცესში. მუდმივი აკრძალვა კი მიუღებელია.
-
შვიდი და მეტი
რასაკვირველია, ასეთი ასაკობრივი განსხვავებისას ერთობლივი თამაშები და საერთო ინტერესების ქონა შეუძლებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე ბავშვი ისე იზრდება, თითქოს ოჯახში ერთადერთი იყოს. ამ დროს მეტოქეობაც გამორიცხულია. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ უფროსი ბავშვისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ასაკი იწყება, რის გამოც აუცილებელია მშობლების ორმაგი ყურადღება და სიყვარული. დედა უფრო ხშირად უნდა დაინტერესდეს უფროსის ყოველდღიური პრობლემებით.
დაუშვებელია უფროსი შვილის ცხოვრების შეზღუდვა ამქვეყნად პატარის მოვლინების გამო.
-
სიყვარული კი არ ნაწილდება, მრავლდება
მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, აუცილებელია, შეინარჩუნოთ ოჯახში დამკვიდრებული ტრადიციები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ უფროსს ძილის წინ უკითხავდით ზღაპარს, კვირა დღეს მასთან ერთად დადიოდით პარკში, ბევრი საქმისა და სირთულის მიუხედავად, ეს აუცილებლად უნდა განაგრძოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ იგრძნობს უფროსი მშობლების უყურადღებობას.
დაუშვებელია ბავშვების შედარება. თუ ერთ ბავშვს გამუდმებით მაგალითად მოუყვანთ მეორეს, ხშირად აღნიშნავთ ერთ-ერთის უპირატესობას (იმასავით კი არ არის, წყნარია, ისეთი კარგია...), ნუღარ ელით ბავშვებს შორის სიყვარულს. არ შეიძლება ერთი ბავშვის დასჯა მეორის თანდასწრებით. თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ეცადეთ, რომ მეორე ბავშვს თანაგრძნობა გაუჩნდეს.
აუცილებლად წაახალისეთ უფროსი ბავშვის სურვილი, დაგეხმაროთ პატარის მოვლაში. ნუ უარყოფთ მის ინიციატივას. თუ გინდათ, მეგობრულად განწყობილი და ბედნიერი შვილები გყავდეთ, გახსოვდეთ - თქვენ ტაქტი და სიყვარული მოგეთხოვებათ.