ორმაგი სიხარული, ორმაგი პასუხისმგებლობა
ამქვეყნად ტყუპის მოვლინება ნამდვილი სასწაულია, მაგრამ მშობლებისა თუ გარშემო მყოფების მიერ გამუდმებით მათი მსგავსების აღნიშვნა უმართებულოა. ოჯახისთვის ტყუპის დაბადება ყოველთვის მოულოდნელია, ამიტომ შესაძლოა გვეფიქრა, რომ ერთ მათგანს, როგორც დაუპატიჟებელ სტუმარს, ისე შეხვდებოდნენ, მაგრამ გამოცდილება საწინააღმდეგოს აჩვენებს:
გაორმაგებული სირთულეების მიუხედავად, ტყუპის დაბადება გამორჩეულად სასიხარულოა. მართალია, ისინი სხვა ბავშვებთან შედარებით მეტ ყურადღებას იპყრობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ განსაკუთრებულად ანებივრებენ. მათი არაჩვეულებრივობა ის არის, რომ ამქვეყნად მოვლინების წუთიდან ერთად არიან. ამიტომაც, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ტყუპები ნაკლები სიმწვავით აღიქვამენ და განიცდიან მარტოობას.
ერთად და ცალ-ცალკე
მშობლები ხშირად ხელს უწყობენ ტყუპის მსგავსებას: ერთნაირად მოსავენ, ყიდულობენ ერთნაირ სათამაშოებსა და სხვა საჭირო ნივთებს, დაჰყავთ ერთსა და იმავე საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ კლასში. მხოლოდ მაშინ იწყებენ ტყუპის განცალკევებას, თუ მათ მკვეთრად განსხვავებული ხასიათი, ნიჭი და უნარ-ჩვევები აღმოაჩნდათ. ხშირად ისეც ხდება, რომ უნებურად უპირატესობა ერთ-ერთს ენიჭება. სწორედ ამ დროს იწყება ტყუპისცალებს შორის დაპირისპირება და შეჯიბრება.
თუ ტყუპი იდენტურია, ანუ ერთმანეთს წყლის წვეთებივით ჰგავს, მაშინ ურთიერთდაპირისპირება შედარებით სუსტია, ტყუპების უმრავლესობა კი, მართალია, ერთდროულადაა დაბადებულ, მაგრამ სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან არის განვითარებული, ამიტომ მემკვიდრეობითობაც სხვაგვარი აქვთ. აქ კონკურენცია უფრო გამოკვეთილია და მსგავსებაც ჩვეულებრივი და-ძმებისაზე მეტი არ არის.
ტყუპისცალებს შორის დაპირისპირება ყოველთვის უფრო მძიმეა, რადგან თან ახლავს დანაშაულის განცდა, რომელიც უფრო მეტად ამძაფრებს ურთიერთმიჯაჭვულობას. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ერთ-ერთი ტყუპისცალის არყოფნისას მეორეს უჩნდება განცდა, რომ ნახევარი პიროვნებაა. ეს გარემოება კი ბავშვებს თანხმობით ცხოვრებას ასწავლის. არც ერთს არ ახარებს განცალკევება. ამ ფაქტის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ტყუპისცალები ბავშვურ ჩვევებს ყმაწვილობაშიც ინარჩუნებენ, განცალკევება მათთვის ამ დროსაც ძლიერ მტკივნეულია და მოწიფულობაშიც.
მუდმივია თუ არა კავშირი?
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ტყუპმა ფსიქოლოგიური განვითარების პროცესში უნდა გადალახოს ძლიერი დაპირისპირებისა და ზღვარგადასული მიჯაჭვულობის შინაგანი კონფლიქტი. იმისთვის, რომ ამ სირთულის დაძლევაში დავეხმაროთ, უნდა ვასწავლოთ მათ ურთიერთთანხმობით, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. ეს ყველაფერი თითქოს ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც მეტად დამოუკიდებელნი არიან ტყუპები, მეტი თანხმობით ცხოვრობენ. ამიტომაც არის საჭირო, მათ ისე მოვეპყროთ, როგორც ორ დამოუკიდებელ, განსხვავებულ ადამიანს. ეს აუცილებელია მათი ინდივიდუალური მიდრეკილებებისა თუ ინტერესების განსავითარებლად.
ტყუპის მშობლები, ბავშვების ინტერესების შესაბამისად, მათ განაცალკევებას უნდა ეცადონ: ატარონ სხვადასხვა სპორტულ სექციასა თუ საგნის შემსწავლელ წრეზე, გამოუყონ თითოეულს ინდივიდუალური სივრცე და სათამაშოები, დაეხმარონ თავ-თავიანთი მეგობრების შეძენაში, დაუნაწილონ საოჯახო საქმე და მოვალეობები, ჩააცვან განსხვავებულად. გამუდმებით აღნიშნონ მათი ინდივიდუალობა. მშობელთა ასეთი ძალისხმევა ტყუპებს ერთმანეთის დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს, დაეხმარება მათ ფსიქოლოგიურ მომწიფებაში და ასწავლის ერთმანეთთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებას, არა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთს ჰგვანან, არამედ იმის გამო, რომ თითოეული ცალ-ცალკე საინტერესო და უნიკალურია.
საინტერესო რიცხვები
- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 70 მილიონი წყვილი ტყუპი ცხოვრობს. ყველაზე იშვიათად ტყუპები ჩინეთში იბადებიან;
- ახალშობილთა საერთო რაოდენობის 3%-ს ტყუპები შეადგენენ;
- აღმოჩნდა, რომ სამი ტყუპის შემთხვევაში 80% უნაყოფობის წინააღმდეგ გამოყენებული მეთოდების შედეგია.
მკითხველთა წერილებიდან
ტყუპი ქალ-ვაჟი რომ შემეძინა, ბუნებრივია, ყველა მილოცავდა ამ სასიხარულო ამბავს. მაგრამ ბავშვები რომ წამოიზარდნენ, ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. და-ძმას შორის სერიოზული კონფლიქტები წარმოიშვა. ლიზი ლიდერი გახდა, ძალიან კარგად სწავლობდა, ლევანიკო კი წარჩინებით არ გამოირჩეოდა. მასწავლებელი გამუდმებით ადარებდა ბავშვებს ერთმანეთს. ბიჭი ამას საშინლად განიცდიდა. ბოლოს იძულებული გავხდი, ლევანი სხვა სკოლაში გადამეყვანა, სადაც არავინ იცოდა, რომ ის ტყუპისცალი იყო. სიტუაცია შედარებით დაწყნარდა და განიმუხტა.