თუ ბავშვი ადვილად იღლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვი ადვილად იღლება

მშობლის თვალს არ გამოეპარება მისი უეცარი ცვლილება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? გვესაუბრება პედიატრი ნანა მღებრიშვილი.

- რას უნდა ნიშნავდეს ბავშვის ადვილად დაღლა?

- უეცრად აღმოცენებული არამოტივირებული დაღლილობა იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვი ავად ხდება. მაგალითად, ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციით. მისი პირველი ნიშანი სწორედ ადვილად დაღლაა. ავადმყოფობის შემდეგ ბავშვს დაუბრუნდება ჩვეული ენერგია და აქტიურობა, თუმცა ზოგიერთი ინფექციური დაავადების შემდეგ აღდგენითი პროცესი რამდენიმე კვირა გრძელდება. ასეთია გრიპი, ინფექციური მონონუკლეოზი, მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადებები...

- რომელი დაავადება შეიძლება ვიეჭვოთ, როდესაც ბავშვი დაღლილობას უჩივის?

- უეცარი დაღლილობა, თუ ბავშვი, ამასთან ერთად, გამუდმებით ითხოვს წყალს და აქვს გაძლიერებული შარდვა, შაქრიანი დიაბეტის არსებობას გვაეჭვებინებს. თუ ამას ერთვის ტკივილი მუცლის არეში და წონის კლება, სასწრაფოდ მიმართეთ ენდოკრინოლოგს!

მუდმივი დაღლილობა, რომელიც სამ კვირაზე მეტია გრძელდება, შესაძლოა ვირუსული ინფექციის შედეგი იყოს. მკურნალობას არ მოითხოვს, ოღონდ ნუ დააძალებთ ბავშვს იმის კეთებას, რაც არ შეუძლია. ხელი შეუწყვეთ, რომ დაისვენოს, იყოს მშვიდად, აკეთოს ის, რაც სიამოვნებს.

ემოციური პრობლემები ბავშვებს უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მოზრდილებს. მათთვის დამახასიათებელია დაღლილობა, აღგზნება, ძილის დარღვევა, შესაძლოა, ბავშვმა უარი თქვას სკოლაში სიარულზე.… ზოგიერთ ასაკში ადვილად დაღლა ბუნებრივია. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აქტიური მოქმედების პერიოდს დათრგუნვილობისა და დაღლილობის პერიოდი ცვლის და პირიქით. ჭარბი ენერგიის მქონე ბავშვებს ენერგიის დახარჯვის შემდეგ უდგებათ გარდამავალი პერიოდი, როდესაც მშვიდდებიან და წინა წლებთან შედარებით თითქოს უფრო სწრაფად იღლებიან.

სწრაფი დაღლა შესაძლოა გამოწვეული იყოს ანემიით - სისხლში წითელი ბურთულების (ერითროციტების) დაქვეითებით, რომლებსაც ჟანგბადი გადააქვთ. თუმცა ანემია აქტიურობის დაქვეითებით ყოველთვის არ მიმდინარეობს. თუ მას თან ახლავს კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, უმადობა, მიმართეთ ექიმს. სისხლის საერთო ანალიზი მდგომარეობას ნათელს მოჰფენს.

სწრაფი დაღლის მიზეზი შეიძლება იყოს დუნედ მიმდინარე ინფექცია, რომლის ერთადერთი გამოხატულება ხშირად ზრდის შეფერხებაა. ასე ვლინდება თირკმელებისა და ფილტვების ზოგიერთი დაავადება, მათ შორის - ტუბერკულოზი. დაღლილობის შეგრძნება ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტია, ამიტომ ბავშვისთვის წამლის მიცემა თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, დაუშვებელია.

- დღეს მშობლები და მასწავლებლები ხშირად უჩივიან ბავშვების სწრაფად დაღლას, გონებაგაფანტულობას. რისი ბრალია ეს და როგორ მოვიქცეთ?

- ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება ისეა გადატვირთული სასკოლო თუ სკოლისგარე ცხოვრებით, სწავლით თუ სხვადასხვა წრით, რომ ორგანიზმს აღარ ჰყოფნის დრო დახარჯული ენერგიის აღსადგენად, იფიტება, ვეღარ იღებს ჟანგბადის აუცილებელ ულუფას და იწყება ნეიროდინამიკური დარღვევები. ბავშვს უმნიშვნელო დავალების შესრულებაც კი ღლის და უჭირს ერთ რომელიმე საგანზე კონცენტრირება. ნეიროდინამიკური დარღვევების ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი სიმპტომები:

  • ბავშვს ხშირად რჩება სახლში რვეული, სახელმძღვანელო თუ სხვა ნივთი, სკოლაში მუდამ ავიწყდება საშინაო დავალების ჩაწერა.
  • მკვეთრად გაუუარესდა ხელწერა.
  • მის ნაწერებში გახშირდა შეცდომები - გამოტოვებულია სიტყვები, ასოები, წინადადებები დაუსრულებელია.
  • უჭირს სკოლაში გაკვეთილების ბოლომდე დარჩენა, ბოლო გაკვეთილებს აცდენს, ზოგჯერ, შინიდან გამოსული, სკოლაში საერთოდ არ მიდის.
  • შინ თუ სკოლაში ხშირად უცვივა ნივთები იატაკზე. ამას განგებ არ სჩადის - ორგანიზმს უჩნდება მოთხოვნილება, ხშირად შეიცვალოს პოზა, რათა ასე მაინც მიაწოდოს ტვინს ჟანგბადი და “გამოაფხიზლოს”.
  • უჩივის თავისა და მუცლის ტკივილს, ეცვლება სიარულის მანერა - დადის ქანაობით.
  • აშკარად გამოხატავს აგრესიას ან, პირიქით, დუნდება, ეშვება. არცთუ იშვიათია არამოტივირებული ტირილი ან ისტერიული სიცილი.

- რით აიხსნება ეს ცვლილებები?


- ყველაფერი იმის ბრალია, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს აღგზნებისა და მოდუნების პროცესებს. ბავშვს დახმარება სჭირდება. ის აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ სპეციალისტს - პედიატრს, ნევროლოგს, ფსიქოლოგს, შევუქმნათ მეტი კომფორტი, შევუმსუბუქოთ დღის რეჟიმი.

ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებები მხოლოდ სიყვარულითა და მზრუნველობით იკურნება - ეს ორგანიზმს თვითგანკურნების მექანიზმების ამოქმედებაში ეხმარება. ამ დროს ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლებისა და ოჯახის წევრების სიყვარულს, თანადგომას, მზრუნველობასა და სითბოს. დაეხმარეთ დავალებების შესრულებაში, იყავით მომთმენი, დროდადრო დაასვენეთ. ტაქტიანად მიუთითეთ შეცდომებზე, დადებითი განწყობის შესაქმნელად შეაქეთ, მოუწონეთ ნაწერი. იგი შეეცდება, გამოასწოროს შეცდომები, რათა ქება ისევ დაიმსახუროს. შესვენებისას შეგიძლიათ ითამაშოთ, დალიოთ თაფლიანი ჩაი, მიირთვათ თხილი ან კაკალი (საუკეთესო საშუალებაა ენერგიის აღსადგენად!), ერთად აკეთოთ სახალისო ვარჯიშები, საოჯახო საქმეები. არ გირჩევთ ამ დროს ტელევიზორის ყურებას ან კომპიუტერული თამაშებით გართობას.

დაიხსომეთ: ტვინს უყვარს სინათლე და ნათელი ფერები, აქტიური თამაშები სუფთა ჰაერზე, ოთახის ხშირი განიავება, საქმიანობის მრავალფეროვნება, ციტრუსებისა და წიწვების არომატი. ტვინს ვნებს თამბაქოს კვამლი.

ყოველდღიურ განრიგში შეიტანეთ მატონიზებელი პროცედურები - კონტრასტული შხაპი, კისრისა და ზურგის მასაჟი, მასაჟორ-ხალიჩაზე ფეხშიშველა სიარული. ბავშვი ამ პროცედურებს თანდათან მიაჩვიეთ, თუ წინააღმდეგობას წააწყდით, ნუ დააძალებთ. უმჯობესია, მისცეთ პირადი მაგალითი. ბავშვთან ერთად გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, დაამსგავსეთ ეს თამაშს, მაგალითად, შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო შორიდან ჩააქრობს სანთელს ან ვინ უფრო დიდ საპნის ბუშტს გაბერავს. თანდათან შეამჩნევთ, როგორ იცვლება ბავშვი, ეჩვევა წესრიგს, მუშაობას, დავალებებს უშეცდომოდ ასრულებს და აღარც ისე სწრაფად დაიღლება.

- დაღლილობის ერთ-ერთი მიზეზია ანემია. როგორ ამოვიცნოთ ის?

- ანემია სისხლის წითელი ბურთულებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობაა, რაც ორგანიზმში ჟანგბადის დეფიციტს იწვევს. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ ბავშვის ორგანიზმი.

ანემიის მიზეზი შეიძლება იყოს: სისხლის დაკარგვა, რკინის დეფიციტი, რკინის შეწოვის დარღვევა. ანემიას ასევე იწვევს ერითროციტების გამომუშავების დარღვევა, ერითროციტების ფუნქციის დარღვევა და ერითროციტების დაშლა.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ ბავშვი ფერმკრთალია, ადვილად იღლება, უჩივის კუნთების სისუსტეს, თავბრუხვევას, - ადვილი შესაძლებელია, ანემია ჰქონდეს. თუ დროულად არ მიმართეთ ექიმს და არ დაიწყეთ მკურნალობა, პროცესი უფრო და უფრო შორს წავა. შორს წასულ პროცესზე მიუთითებს გლუვი და შელესილი ენა, თვალების დაბინდვა და გემოვნების გაუკუღმართება (ბავშვი ეტანება ლითონის საგნებს, პირში იდებს და ლოკავს). დროულად უნდა გაირკვეს ანემიის მიზეზი და აღმოიფხვრას. მკურნალობა კომპლექსური უნდა იყოს. დიეტით შესაძლებელია მხოლოდ რკინის მცირე უკმარისობის აღდგენა, ანემიას ამით ვერ ვუშველით. მკურნალობა უნდა დანიშნოს ექიმმა. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან რკინის როგორც ნაკლებობა, ისე სიჭარბე თანაბრად მავნებელია ორგანიზმისთვის. რკინის პრეპარატების ზედოზირება კრუნჩხვას, პირღებინებასა და დიარეას იწვევს.

- რით ვკვებოთ ბავშვი ანემიის დროს?

- სწორი კვებისთვის უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა პროდუქტიდან რკინის შეწოვის მექანიზმი. წითელ ხორცში, ღვიძლსა და კვერცხში შემავალი რკინა ადვილი ასათვისებელია. ეს არის ჰემური რკინა. მცენარეულ საკვებში (პარკოსნებში, წიწიბურაში, ბროწეულში) შემავალ რკინას უფრო ძნელად ითვისებს ორგანიზმი. ეს არაჰემური რკინაა. აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებული ბავშვების და მათთან ერთად - ყველა მოზარდის მენიუში უნდა შედიოდეს: ხორცი (ძროხისა, კურდღლისა, ინდაურისა - დღე-ღამეში 30 გრამი), ზღვის თევზი, კვერცხი (კვირაში 2 ცალი), კენკრა, ხილი, C ვიტამინით მდიდარი წვენები.

C ვიტამინი და ცხოველური ცილა რკინის შეწოვას აუმჯობესებს, ხოლო კალციუმი აფერხებს, ამიტომ რძე და რძის ნაწარმი ბავშვმა ხორცის, თევზისა და კვერცხისგან განცალკევებით უნდა მიიღოს. ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ვაშლი განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ეს აზრი მცდარია - ვაშლში იმდენივე რკინაა, რამდენიც წიწიბურაში. განსხვავება ის არის, რომ ვაშლი შეიცავს C ვიტამინს, რომელიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს. რკინის შემცველობით რეკორდსმენები არიან:

  • გამომშრალი თეთრი სოკო - 35 მგ რკინა 100 გრამში;
  • ზღვის კომბოსტო - 16 მგ 100 გრამში;
  • კაკაოს ფხვნილი - 15 მგ 100 გრამში;
  • ღვიძლი - 9 მგ 100 გრამში.

ანემია, გარდა რკინის უკმარისობისა, შეიძლება გამოიწვიოს B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას დეფიციტმაც, მაგრამ ათიდან 9 შემთხვევაში მიზეზი მაინც რკინის დეფიციტია. სწორი კვების ორგანიზებით, სავსებით შესაძლებელია, თავიდან ავაცილოთ ბავშვს ანემია და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.