რკინის დეფიციტი ბავშვებში

რკინის დეფიციტის გამომწვევ ფაქტორებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე პედიატრი ლია სხირტლაძე გვესაუბრება.
- ბავშვებში რკინის დეფიციტის მიზეზებს შორის უნდა გამოვყოთ:რკინის არასაკმარისი მარაგი დაბადებისას. რისკის ჯგუფში შედიან დღენაკლული და ანემიით დაავადებულ მელოგინეთა ახალშობილები. დიდი მნიშვნელობა აქვს პლაცენტის მდგომარეობას - ნაყოფის ორგანიზმში რკინის დადებით ბალანსს პლაცენტის სატრანსპორტო მექანიზმები უზრუნველყოფს.
- საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის დარღვევა. მნიშვნელობა აქვს არა იმდენად სურსათში რკინის შემცველობას, რამდენადაც მის შეწოვასა და ათვისებას ორგანიზმის მიერ. რკინა თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს კი შეწოვის პროცესი დარღვეულია და რკინის დეფიციტი ვითარდება.
- რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნა ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში. ამ დროს მიმდინარეობს ქსოვილთა ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების მომწიფება, იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა. რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია სქესობრივი მომწიფებისა და მენსტრუალური ფუნქციის ჩამოყალიბების პერიოდებში.
- ორგანიზმის მიერ რკინის კარგვა. ასეთი რამ უმთავრესად სისხლდენით მიმდინარე დაავადებების (კუჭის წყლულოვანი დაავადება, პოლიპები, სისხლძარღვოვანი ანომალიები, ცხვირიდან სისხლდენა), ჭიებით ინვაზიის, მენსტრუაციის დროს ხდება. ბევრ რკინას ხარჯავენ ბავშვები, რომლებსაც ხშირად ემართებათ მწვავე რესპირაციული ინფექციები, ვინაიდან ვირუსები და ბაქტერიები ბავშვის ორგანიზმში არსებულ ამ მიკროელემენტს თავიანთი მეტაბოლური პროცესებისთვის იყენებენ.
ამრიგად, ადრეული ასაკის ბავშვებში რკინის დეფიციტის მიზეზია ამ მიკროელემენტის უკმარისობა დაავადებისას და როგორც დედის, ასევე ბავშვის არარაციონალური კვება, ხოლო მოზრდილებში - სისხლდენები და ორგანიზმის ინტენსიური ზრდა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ ანემია არ გამოეპაროთ?
- რკინადეფიციტური ანემია ქრონიკული მდგომარეობაა. მისი სიმპტომების გამოვლენის ხარისხი პროცესის განვითარების სიჩქარესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. საშუალო ხარისხის ანემიაც კი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. შესაძლოა, ბავშვი უჩიოდეს სწრაფად, ადვილად დაღლას, ქოშინსა და გაძლიერებულ გულისცემას, განსაკუთრებით - ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. მძიმე ანემიის დროს ეს ნიშნები მოსვენებულ მდგომარეობაშიც ვლინდება. მდგომარეობის სიმძიმე, უპირველეს ყოვლისა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევის ხარისხზეა დამოკიდებული. ანემიის საშუალო და მძიმე ფორმების დროს ცვლილებები სხვა ორგანოებშიც ხდება. ანემიის დროს ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც თავბრუხვევას იწვევს. ბავშვები თავბრუხვევასთან ერთად უჩივიან:
- თავის ტკივილს;
- ყურებში ხმაურს;
- ხშირად მისდით გული;
- გაღიზიანებულნი არიან;
- დარღვეული აქვთ ძილი;
- უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, რის გამოც აკადემიური მოსწრებით თანატოლებს საგრძნობლად ჩამორჩებიან.
სისხლის მიმოქცევის გაუარესების გამო შესაძლოა თავი იჩინოს ზემგრძნობელობამ სიცივის მიმართ. ასეთ ბავშვებს ხელ-ფეხი მუდამ გაყინული აქვთ და სულ სცივათ. ცვლილებები შეიმჩნევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივაც: მადა მკვეთრად უარესდება, ხშირია ღებინება, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. გოგონებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, რაც ამენორეით ან, პირიქით, უხვი სისხლდენით ვლინდება. ყველაზე საგულისხმო ნიშანია ხილული ლორწოვანი გარსების: პირის ღრუს ლორწოვანის, კონიუნქტივიტის - სიფითრე, ფრჩხილების სიფითრე ან სილურჯე.
- აქვს თუ არა ანემიას სპეციფიკური ნიშნები?
- რკინის ხანგრძლივი დეფიციტის დროს მოსალოდნელია მადის, ყნოსვის გაუკუღმართება (ბავშვი ჭამს ცარცს, ტალახს, საღებავებს, ყინულს, მოსწონს ბენზინის, საღებავების, ლაქის, მასტიკის მკვეთრი სუნი), ხმის წასვლა (გლოსიტი), ფრჩხილების მტვრევადობა (კეილონიქია). ორგანიზმის თავდაცვითი უნარი მკვეთრად მცირდება, ამიტომ ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, ინფექციური დაავადებები კი უფრო მეტად ამცირებს რკინის მარაგს და აღრმავებს დეფიციტს.
- როგორ ვებრძოლოთ რკინის დეფიციტს?
- რკინის მარაგის შესავსებად საჭიროა იმ მიზეზთა აღმოფხვრა, რომლებიც მის დეფიციტს განაპირობებს. ამისთვის საჭიროა, გულდასმით გამოვკითხოთ მშობელი, შევკრიბოთ ანამნეზი (ორსულობის პერიოდის ჩათვლით). დიაგნოზის დაზუსტებაში ლაბორატორიული გამოკვლევები გვეხმარება. კერძოდ, ანემიისთვის დამახასიათებელია შრატის რკინის ნაკლებობა - სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა რკინის 13მმოლ/ლ-ზე მეტად დაქვეითებას გვიჩვენებს. სისხლის საერთო ანალიზში ყურადღებას იპყრობს ჰემოგლობინის დაქვეითება 80გ/ლ-ზე მეტად, ხოლო ფერადობის მაჩვენებელი, ეგრეთ წოდებული ფარბეს ინდექსი, 0,8-ზე ნაკლებია. რკინის ჭეშმარიტ დეფიციტს თან სდევს ვიტამინ B12-ის, ვიტამინ B6-ის, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა. რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა ჩატარდეს მკურნალობა რკინის პრეპარატებით, ვინაიდან მხოლოდ დიეტით რკინის მარაგის შევსება შეუძლებელია. კურსი ხანგრძლივია, დაახლოებით 3 თვეს გრძელდება, ზოგჯერ მეტხანსაც. უნიშნავენ უპირატესად დასალევ პრეპარატებს. რკინადეფიციტური ანემიის დროს სისხლის გადასხმა მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაშია დასაშვები.
- ცნობილია, რომ რკინის პრეპარატების მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, პირღებინება, დიარეა, რასაც მოსდევს თავბრუხვევა, ზოგადი სისუსტე. როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი მოვლენები?