როგორ მოვაგვაროთ ძუძუთი კვების საკითხი
ძუძუს პირველი მიცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აშკარად იგრძნობთ ძუძუს წოვებისას მკერდში რძის მოწოლას. რძე შეიძლება მაშინვე წამოგივიდეთ, როგორც კი გაღვიძებული ბავშვის ხმას გაიგონებთ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ძუძუს ბარაქიანობა ბევრად არის დამოკიდებული თქვენს ემოციებზე.
დედის პოზა ძუძუს მიცემის დროს
ზოგ ქალს ურჩევნია, ბავშვს მჯდომარემ აწოვოს ძუძუ, ზოგი კი ასეთ დროს წოლას ამჯობინებს. ეს საკმაოდ მოხერხებულია. სცადეთ: ბავშვი გვერდით მოიწვინეთ და პირისახით მისკენ დაწექით, ისე, რომ პატარა ძუძუსთავს პირით მისწვდეს. მოხერხებულად რომ იგრძნოთ თავი, იდაყვქვეშ ბალიში ამოიდეთ. როგორც კი ბავშვი ძუძუს სიახლოვეს იგრძნობს, მაშინვე მისკენ გაიწევს. ბავშვმა უკეთ რომ ისუნთქოს, შეგიძლიათ, ძუძუსთავი თითებით დაიკავოთ.
რძე ჩნდება ჯირკვლის წილაკებში, რომლებიც მთელ სარძევე ჯირკვალს არის მოდებული და ჩადის სარძევე სადინარებში, რომლებიც ძუძუსთავთან იხსნება. ხელის მოჭერისას რძე ერთდროულად რამდენიმე ხვრელიდან გამოდის. ბავშვმა კარგად რომ წოვოს, ძუძუსთავის ირგვლივ არსებული წრე მთლიანად უნდა მოიქციოს პირში. თუ ვერ ახერხებს, დაეხმარეთ. პირი რომ გააღებინოთ, ნიკაპზე თითი დააჭირეთ. ჭამას რომ მორჩება, ძუძუსთავი ფრთხილად გამოაცალეთ პირიდან.
ჩვილები ძუძუს წოვისას სხვადასხვანაირად იქცევიან. ამის მიხედვით ისინი შეიძლება რამდენიმე ტიპად დავყოთ:
- ენერგიულები - ხარბად იგდებენ პირში ძუძუს და ვიდრე არ დანაყრდებიან, ენერგიულად წოვენ.
- ემოციურები - შესაძლოა, ისე ააღელვოთ ძუძუსთან შეხებამ, რომ ძუძუსთავი პირიდან გამოუვარდეთ და იმის ნაცვლად, ისევ პირში მოიქციონ, ტირილს იწყებენ. ასეთ დროს პატარა დაარწიეთ და დააშოშმინეთ. ასე გასტანს რამდენიმე დღე, მერე კი ყველაფერი კალაპოტში ჩადგება.
- პირისგემოს მოყვარულები - რძეს ჯერ გემოს უსინჯავენ, მერე კი ენერგიულად იწყებენ წოვას. თუ ააჩქარებთ, გაბრაზდებიან.
- ზოზინები - დროდადრო დასვენება უყვართ. ნუ დააჩქარებთ - ის მაინც საკმარის რძეს გამოწოვს, ოღონდ ესაა, მეტ დროს მოანდომებს.
ჯიუტი ბავშვები
ჯიუტ ბავშვებს, ჩვეულებრივ, ორ შემთხვევაში მოსდით გული:
პირველი - როცა თავზე ხელს ჰკიდებთ და გინდათ, ძუძუ პირში ჩაუდოთ. ბავშვი ვერ იტანს თავზე ხელის მოკიდებას და რაც ძალი და ღონე აქვს, გათავისუფლებას ლამობს.
მეორე - როდესაც ლოყებზე უჭერთ ხელს, პირი რომ გააღოს. ახალშობილი ინსტინქტურად აბრუნებს თავს იმ მხარეს, საიდანაც ლოყაზე რაიმე ეხება. ეს ინსტინქტი ჩვილს ძუძუსთავის პოვნაში ეხმარება. როცა ერთდროულად ორივე ლოყაზე უჭერთ ხელს, ბავშვი იბნევა, ვეღარ ხვდება, თავი საით მიაბრუნოს და ბრაზობს. როცა ახალშობილი ძუძუს პირს ვერა და ვერ ჰკიდებს, დედა სასოწარკვეთილებაში ვარდება. არ მისცეთ უფლება პატარა თავნებას, გუნება გაგიფუჭოთ. რამდენიმეჯერ კიდევ დაატანეთ თავს ძალა. ადრე თუ გვიან ბავშვი მიხვდება, რას მოითხოვენ მისგან.
როგორ გავიგოთ, დანაყრდა თუ არა ბავშვი?
რა თქმა უნდა, ამას კვების ხანგრძლივობით ვერ განვსაზღვრავთ. ჩვეულებრივ, დანაყრებული პატარა ათიოდე წუთს კიდევ წოვს - ან იმიტომ, რომ დარჩენილი ორიოდე წვეთიც გამოწრუპოს, ან იმიტომ, რომ წოვა სიამოვნებს. თუნდაც ბავშვი ჭამამდეც აწონოთ და ჭამის შემდეგაც, მაინც ვერ მიხვდებით, დანაყრდა თუ არა, თუმცა კი გამოწოვილი რძის ოდენობა გეცოდინებათ. 5-6 თვის ბავშვებზე საგულდაგულო დაკვირვებამ ცხადყო, რომ პატარა ყოველი კვებისას სხვადასხვა ოდენობის რძეს იღებს. მაგალითად, თუ ერთ ჯერზე 280 გრამი მოწოვა, მეორეზე 80 გრამიც ჰყოფნის.
წონა და ქცევა
ახალშობილის ჯანსაღი განვითარების მთავარი ნიშნები წონის მატება და ადეკვატური ქცევაა. თუ ჩვილის ქცევას და მატებას რამდენიმე დღის განმავლობაში დავაკვირდებით, ადვილად დავადგენთ, საკმაო ულუფას იღებს თუ არა ჩვილი. თითოეული ეს ფაქტორი ცალკე აღებული არაფერს გვეუბნება. თუ ბავშვი მშვიდად არის და წონაშიც კარგად იმატებს, ესე იგი, რძე ჰყოფნის. ბავშვს, რომელიც ყოველ საღამოს (ან დღის მეორე ნახევარში) თავგამეტებით ტირის, მაგრამ წონაში ნორმალურად იმატებს, სავარაუდოდ, აირები აწუხებს. ბავშვი, რომელიც ნელა იმატებს, მაგრამ წყნარი და მშვიდია, ალბათ ნაყრდება, მაგრამ ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებების გამო ნელა იზრდება. თუ ბავშვი გამუდმებით ტირის, ჭირვეულობს და წონაშიც ცოტას იმატებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ რძე არ ჰყოფნის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ჩარევა და კვების კორექცია.