ბავშვი და შოპინგი
უნდა ვაქციოთ. დედებისგან ხშირად გვსმენია:
"მაღაზიაში შვილთან ერთად წასვლა აღარ მინდა - მისი გამაღიზიანებელი და ისტერიკული ქცევა ნამდვილ პრობლემად მექცა. სხვა ბავშვებისთვისაც შემიმჩნევია ასეთი რამ. რატომ ემართებათ ეს ბავშვებს, შეიძლება თუ არა ამის აღკვეთა?"
-
მხიარული სია
თუ ბავშვს შინ ვერ ტოვებთ, ანუ იძულებული ხართ, თან წაიყვანოთ, უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ პატარა კარგ გუნებაზეა: დანაყრებულია, დასვენებული და მშვიდი. წინასწარ უთხარით, რის შეძენას აპირებთ, მაგრამ ნუ მისცემთ მკაცრ გაფრთხილებას: "ჩვენ დღეს არ შევიძენთ ტკბილეულსა და სათამაშოებს!" ბავშვები საკმაოდ ჭკვიანები არიან, რათა ასეთი იდეებისთვის დამოუკიდებლად განეწყონ. იმსჯელეთ იმის შესახებ, რის შეძენას ისურვებდა პატარა - ბავშვი, ისევე, როგორც თქვენ, უნდა ხედავდეს კონკრეტულ მიზანს მაღაზიაში წასასვლელად.
გაითვალისწინეთ: ბავშვებს არ უყვართ ხანგრძლივი შოპინგი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ამ პროცესში მონაწილეობის, უფროსების არჩევანზე გავლენის მოხდენის საშუალება არ ეძლევათ და იძულებულნი არიან, ყველაფერს შორიდან ადევნონ თვალი.
წინასწარ შეუთანხმდით პატარას, მისი ჩამონათვალიდან რას უყიდით და რას - არა, ოღონდ ნუ დაჰპირდებით: "გიყიდი, თუ კარგად მოიქცევი". ნუ "იყიდით" ბავშვებისგან კარგ ქცევას, თორემ ის საფასურის მოთხოვნას მიეჩვევა.
თუ თქვენს შვილს უკვე მოუწყვია სცენა სუპერმარკეტში, შეახსენეთ, რომ მაღაზიაში მხოლოდ იმ ნივთების შესაძენად მიდიხართ, რომლებიც დედის მიერ შედგენილ სიაში შედის. გააფრთხილეთ, რომ თუ ტირილი დაიწყო, მაღაზიიდან ნავაჭრის გარეშე წამოსვლა მოგიწევთ.
ყველაფრისადმი პოზიტიური მიდგომა ეძებეთ. მაგალითად, შინიდან გასვლის წინ უთხარით პატარას: "პროდუქტების მოძებნასა და კალათში ჩალაგებაში შენ უნდა მომეხმარო", - და ნუ გამოუცხადებთ: "მაღაზიაში სირბილი არ შეიძლება! ხელი არაფერს ახლო!"
წინასწარ შეადგინეთ იმ პროდუქტებისა და ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შეძენასაც აპირებთ. ასე უფრო სწრაფად მოითავებთ საყიდლებს და ვეღარც ბავშვი მოასწრებს დაღლას. ანდა მისთვის ცალკე სია შეადგინეთ, თუ კითხვა ჯერ არ იცის - ნახატებისგან. მაგალითად, დაუხატეთ ორი შეკვრა მაკარონი, წვენის პაკეტი, ნამცხვრის კოლოფი... ბავშვი იგრძნობს, რომ ის საჭიროა, რომ სარგებლობის მოტანა შეუძლია და ბევრ რამეს ისწავლის.
როცა საყიდლების ძებნას შეუდგებით, ჰკითხეთ ბავშვს რჩევა. მაგალითად, რომელი ნამცხვარი იყიდოთ ან ახლა საით გააგოროთ ურიკა. თუ მხოლოდ პროდუქტების არჩევით იქნებით დაკავებული და პატარას ყურადღებას არ მიაქცევთ, ბავშვი იგრძნობს ამას და გააპროტესტებს.
მაღაზიის სალაროსთან შეიძლება რიგი იდგეს. ბავშვმა რომ არ მოიწყინოს, სთხოვეთ, კალათიდან პროდუქტების ამოლაგებაში დაგეხმაროთ. თუ ჯერ პატარაა და ამის გაკეთება მის ძალებს აღემატება, სხვა რამით გაართეთ. შოპინგის დასასრულს კი არ დაგავიწყდეთ მისი შექება კარგი საქციელისთვის.
-
უკიდურესი ზომები
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვმა მაინც გამართა სცენა? მოიკრიბეთ ნებისყოფა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. შეეცადეთ, გაართოთ ბავშვი, გადაატანინოთ ყურადღება რაიმე სასიამოვნოზე: "შეხედე, რა ლამაზი, ლოყაწითელა ვაშლებია, მოდი, ყველაზე დიდი ავარჩიოთ!" თუ ბავშვი მეტისმეტად გაჭირვეულდა და ვეღარაფერი შეასმინეთ, უმჯობესია მაღაზიიდან შენაძენის გარეშე წამოხვიდეთ. ორივე ნაწყენი დარჩებით, მაგრამ მეორედ, როცა მაღაზიაში წახვალთ, ეს გაკვეთილი აუცილებლად ამოტივტივდება ბავშვის მეხსიერებაში.
დიდ სუპერმარკეტში წასვლამდე სასურველია ბავშვთან ერთად "რეპეტიცია" სახლთან ახლოს, პატარა ფარდულში ან მაღაზიაში გაიაროთ.