ისტერიკა
გაგორდება ხოლმე იატაკზე, ფეხებს აფართხალებს... როგორ გავაგებინო ბავშვს “არა”?ასეთი კითხვა მრავალ მშობელს შეიძლება დაებადოს.
ფსიქოლოგები ბავშვის ცხოვრების პირველ სამ წელს ორ პერიოდად ყოფენ:
- სიცოცხლის პირველი წელი - მთელი სამყარო არის დედა;
- მომდევნო ორი წელი, როცა მოტორული ფუნქციის განვითარებასთან ერთად ბავშვი იწყებს სიარულსა და სირბილს - ამ დროს ჩნდება წინააღმდეგობა მის სურვილებსა და სოციალურ აკრძალვებს შორის. თუ სიცოცხლის ამ ეტაპზე ბავშვი სწორად განვითარდა, მას გაუჩნდება იმედი და სურვილი.
სამ წლამდე ბავშვი სამყაროს მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან აღიქვამს, თითქოს ხედვის სხვა კუთხე არც კი არსებობდეს. ორ წლამდე ის თითქოს ისევ დედის სხეულშია, ოღონდ ეს სხეული ერთგვარი გარე სამყაროა. ბავშვის შეგრძნებები ჯერ კიდევ ვერ გასცილებია დედის ორგანიზმში განვითარებას. მრავალი დედა ხვდება ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას და მიუხედავად საზრუნავისა, ახერხებს, მისი ყურადღების ცენტრში ბავშვი დარჩეს.
-
რა ვუყოთ ისტერიკას?
ოდესღაც ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც სწორედ ჩვენთვის აქტუალური ასაკის პატარები მონაწილეობდნენ. ბავშვებს აჩვენეს კუბები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის გვერდები ჰქონდა. კუბს დებდნენ მაგიდაზე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს სვამდნენ თოჯინას, ისე, რომ კუბი ბავშვსა და თოჯინას შორის მოხვედრილიყო. ბავშვს ეკითხებოდნენ: “რა ფერის კუბს ხედავ? რა ფერის კუბს ხედავს თოჯინა?” ბავშვები ერთსა და იმავე ფერს ასახელებდნენ, ვინაიდან მათ არ შესწევთ უნარი, სხვისი თვალით შეხედონ სამყაროს. სწორედ ამის ბრალია 1,5-2 წლის ბავშვის ისტერიკა. ის ფაქტობრივად გარდაუვალია, თუ პატარას დაბადებიდანვე არ დაუწესეს ნებადართულის ზღვარი. თუ გარკვეულ ასაკამდე ყველაფერი შეიძლებოდა, მერე კი უეცრად გაჩნდა აკრძალვები, ბავშვი ვერაფრით მიხვდება, რატომ შეიცვალა სამყარო ასე უეცრად. ისღა დარჩენია, ისტერიკის მეშვეობით აღიდგინოს დაკარგული უფლებები.
უპირველესად, ძალიან მნიშვნელოვანია საზღვრების დაწესება და დაცვა. თუ დღეს არ შეიძლება ხელით ჭამა ან ცივ იატაკზე ფეხშიშველა სიარული, ეს არც ხვალ იქნება ნებადართული, არც ზეგ და არც მერე.
მეორე და მთავარი - თავად უნდა მისცეთ მაგალითი ბავშვს. ხშირად მშობლები თვითონვე მართავენ ისტერიკას, როცა საწადელს ვერ აღწევენ - იბუტებიან, ყვირიან, კარს იჯახუნებენ...
მესამე - მთავარია მოთმინება. გაითვალისწინეთ, რომ გადაჩვევა გაცილებით რთულია, ვიდრე მიჩვევა. ისტერიკები განმეორდება და შესაძლოა, ერთხანს დამძიმდეს კიდეც, ვინაიდან ბავშვი შეეცდება, უკვე ნაცადი მეთოდით მიაღწიოს მიზანს.
მეოთხე - ყველაფერი უნდა აკეთოთ სიყვარულით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. არსებითად, ისტერიკა იმის ბრალია, რომ გარე სამყაროში ბავშვისთვის რაღაც მიუღებელი ხდება. ბავშვებს ძალიან უყვართ სტაბილურობა. როცა მშობლების მოთხოვნები და რეაქციები წამდაუწუმ იცვლება, პატარებს ეკარგებათ სამყაროს უსაფრთხოების შეგრძნება.
მკაფიო საზღვრები, მკაფიო “შეიძლება - არ შეიძლება” არის ის, რისკენაც ბავშვი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ისწრაფვის. უამისოდ ის შფოთავს და ისტერიკაც სინამდვილეში დახმარების თხოვნა უფროა, ვიდრე ჭირვეულობა.
-
როგორი გარემო სჭირდება 2-3 წლის ბავშვს
იდეალურია, როდესაც ბავშვი გამუდმებით გრძნობს ირგვლივ მყოფთა მზრუნველობას და ეს “მზრუნველობის ზონა” თანდათან ფართოვდება. თავდაპირველად ეს არის დედის საშო, მერე - თავად დედა, მერე - ოთახი, ბინა, ოჯახი, მიკრორაიონი, ქალაქი, ქვეყანა...
თუ უფროსებმა მოვახერხეთ სითბოსა და მზრუნველობის ატმოსფეროს შენარჩუნება, თუ ეს სივრცე კი არ დავიწროვდა, პირიქით, წლების განმავლობაში გაფართოვდა, ბავშვები თავს მუდამ უსაფრთხოდ იგრძნობენ. სიყვარულით გარემოცული ბავშვი მთელ სამყაროს საკუთარ თავში “გაატარებს” და პასუხად იმავე გრძნობას გასცემს. ასეთ დროს ცხოვრება მართლაც მშვენიერია.
ამიტომ აუცილებელია, სიცოცხლის პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში პატარასთან რაც შეიძლება მეტხანს გვქონდეს კონტაქტი, შეძლებისდაგვარად ხშირად ავიყვანოთ ხელში, მოვეფეროთ. ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვეშინდეს მიჩვევის - დედასთან კავშირი ხომ ყველაზე ბუნებრივი რამაა ბავშვისთვის. ის უნდა გრძნობდეს, რომ დედის განუყოფელი ნაწილია, გამუდმებით გრძნობდეს მის სურნელს, შეხებას, ალერსს...
“როგორ, დედა სულ პატარას გვერდით უნდა იყოს, შინიდან აღარ უნდა გავიდეს?” - იკითხავს ზოგი. იდეალისტები თუ ვიქნებით, მთელი სირთულის მიუხედავად, ასეა. ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად დედა ბავშვს ძალიან ცოტა ხნით უნდა ტოვებდეს. სიცოცხლის პირველი სამი წლის განმავლობაში ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რათა ბავშვი დავიცვათ გარეშე პირებისგან და მით უფრო - იმ გარემოსგან, რომელიც მან შეიძლება მტრულად აღიქვას.
ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ დედა მის გვერდითაა, ზრუნავს მასზე, იცავს. მხოლოდ სამი წლისთვის “მომწიფდება” ის უფრო ფართო ასპარეზისთვის და ნამდვილ კავშირს დაამყარებს გარე სამყაროსთან. ამ დროს იწყება სოციალური განვითარება და დედასთანაც ახალი ურთიერთობა ყალიბდება.
განვითარების ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტი ლუის სანდერი წერს, რომ დედასთან განშორების შემდეგ მასთან წარმატებულ დაბრუნებას ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური შედეგი მოაქვს. როცა შვილმა იცის, რომ მას აუცილებლობისას ყოველთვის შეეძლება ადრინდელი სიახლოვის აღდგენა, ის თავისუფლად გამოავლენს მთელ თავის პოტენციალს.
დედასთან დაბრუნება, მისი ჩახუტება ყოველი დამოუკიდებელი “მოგზაურობის” შემდეგ, ფორთხვით იქნება, სიარულით თუ სირბილით, ამტკიცებს დედა-შვილის კავშირს და თანდათან ამზადებს პატარას გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის.