ამოვიცნოთ ბავშვის პიროვნება
.
თუ ცხოველი მტკიცედ დგას ფეხზე, ეს თავდაჯერებულობის ნიშანია (რა თქმა უნდა, ბავშვისა და არა ცხოველის), თუ ჰაერშია გამოკიდებული - თვითრწმენის ნაკლებობის, ზედაპირულობისა და ფუქსავატობის. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ფიგურის შემავსებელი დეტალებიც. ფუნქციური ელემენტები, მაგალითად, ექვსი ფეხი, იმისთვის, რომ "ცხოველი" უფრო ძლიერი ყოფილიყო ან უფრო სწრაფად ერბინა, პატარა მხატვარს მრავლად შეუძლია მოიფიქროს. თუ მან ცხოველი ბაფთებითა და ბუმბულებით მორთო, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორიგინალური ელემენტების არსებობა ავტორის ინდივიდუალობას უსვამს ხაზს.
- აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რა დაარქვა თავის ცხოველს. თუ სახელს მებრძოლი და მკვეთრი ჟღერადობა აქვს, - მაგალითად, ტერმინოზავრი, - ეს ავტორის აღგზნებულობასა და აგრესიულობაზე მეტყველებს. თუ სახელი მოქმედებითი სახეობისაა, - მაგალითად, ხორციჭამია - ეს ლოგიკურ აზროვნებაზე მიუთითებს. განმეორებითი ელემენტები, - მაგალითად, "კუსკუსა", - ერთგვარი პასიურობის მანიშნებელია. გრძელი სახელი კი განვითარებულ ფანტაზიაზე მეტყველებს.
- ზოგჯერ ბავშვებს უჭირთ ცხოველის გამოგონება, ამიტომ ხატავენ "ნამდვილს", ბუნებაში არსებულს. სკოლამდელთათვის ეს ბუნებრივია (თუმცა თუ ბავშვი საკმარისად არის განვითარებული, მას ცხოველის გამოგონების უნარიც შესწევს). ცუდია, როცა უფროსი ასაკის ბავშვები ვერ ახერხებენ ცხოველის გამოგონებას. ეს მათ ღარიბ წარმოსახვაზე ან შფოთვაზე მეტყველებს. მშფოთვარე ადამიანს, როგორც წესი, აბნევს გაურკვეველი ამოცანა. მისთვის არაფერია იმაზე უარესი, როცა სთხოვენ, წავიდეს იქ, არ ვიცი სად, მოიტანოს ის, არ ვიცი რა - მას შეცდომის ეშინია. იგივე ითქმის ტესტზეც: "რეალური" ცხოველის ხატვისას იგი მეტ თავდაჯერებას გრძნობს.
- ხშირად ბავშვები გადაშენებულ ცხოველებს, მაგალითად, დინოზავრებს ან ზღაპრულ, მითიურ არსებებს ხატავენ. ასე უმეტესად უმცროსი სასკოლო ასაკის - 8-10 წლის ბავშვები იქცევიან. პრინციპში ესეც ნორმად შეიძლება ჩაითვალოს. თუ დინოზავრი მოზარდმა დახატა, ეს მის განუვითარებელ წარმოსახვასა და დაბალ განათლებაზე მეტყველებს.
- ბავშვები, განურჩევლად ასაკისა, ჩვეულებრივ, ხატავენ ცხოველს, რომელიც მთლიანად არ არის ბუნებაში არსებულის ასლი, თუმცა ასე თუ ისე რომელიმეს ჰგავს. ცხოველს აქვს თავი, ტანი, კუდი, თათები, ფრთები... ამასთან, ყველა პროპორცია დაცულია, ცალკეული ელემენტებიც თავ-თავის ადგილზეა: თვალები თავზეა და არა ფრთებზე, "ხელ-ფეხი" ტანზეა და არა ყურების ან თმის ადგილას და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ უსაყვედუროთ ბავშვს ფანტაზიის უქონლობა.
-
ტესტი № 3
-
-
"ორი სახლი"
-
თუ წინა ტესტი შვილის ხასიათის ამოცნობაში დაგეხმარათ, ამ ტესტის მეშვეობით გაარკვევთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს მშობლების, ახლო ნათესავების, მეგობრების, პედაგოგების მიმართ.
ტესტი უმჯობესია 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტაროთ, თუმცა უფრო დიდებისთვისაც შეიძლება. დაგჭირდებათ თეთრი ქაღალდის ფურცელი, წითელი და შავი ფანქრები, საწერი კალამი. პროცესის დაწყებამდე სასურველია ესაუბროთ ბავშვს სახლზე, სადაც ის ცხოვრობს, მერე კი სთხოვეთ, ააშენოს "ლამაზი წითელი სახლი". ამის თქმისას ფურცლის მარცხენა მხარეს წითელი ფანქრით დახატეთ შენობა და ყოველმხრივ გაუსვით ხაზი მის მომხიბვლელობას. შემდეგ თქვით: "მოდი, სახლში ადამიანები შევასახლოთ! მასში იცხოვრებ, უპირველეს ყოვლისა, შენ, ასევე - ისინი, ვისთან ერთადაც მოისურვებ ცხოვრებას. ნუ გეშინია, ადგილი ყველას ეყოფა". ბავშვი ბინადართა ჩამოთვლას დაიწყებს, თქვენ კი მათი სახელები სახლის ქვეშ ჩამოწერეთ.
შემდეგ ფურცლის მარჯვენა მხარეს დახატეთ შავი სახლი, მაგრამ მის შესახებ ნურაფერს იტყვით, ნურც კარგს და ნურც ცუდს. ეს უბრალოდ სხვა სახლია. უთხარით ბავშვს: "ალბათ, ყველა ნაცნობს წითელ სახლში არ წაიყვან, მაგრამ დანარჩენებმაც ხომ უნდა იცხოვრონ სადმე... როგორ ფიქრობ, ვინ შეიძლება დაასახლო შავ სახლში?" ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ ბავშვი შავი სახლის ბინადრებს დაასახელებს.
ახლა შედეგები გაშიფრეთ: ის, ვისაც ბავშვი წითელ სახლში შეასახლებს, მისთვის ძვირფასი, საყვარელი და მნიშვნელოვანია. ზოგჯერ წითელ სახლში ბავშვი მარტო თვითონ "დასახლდება". ეს შემაშფოთებელი სიგნალია: შესაძლოა, გარემომცველ ადამიანებთან კონფლიქტი ჰქონდეს.
ყურადღებით დააკვირდით, ვის "შეასახლებს" ბავშვი შავ სახლში. ეს ადამიანები ნაკლებად მნიშვნელოვანნი არიან მისთვის და შესაძლოა, ემოციურად უარყოფს კიდეც მათ. თუ შავი სახლის ბინადართა რაოდენობა მეტია, ესე იგი ბავშვი თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. სასურველია, ფსიქოლოგთან კონსულტაცია გაიაროთ. იდეალურად ითვლება შემთხვევა, როცა შავი სახლი ცარიელი და დაუსახლებელი რჩება.
-
ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს!
ტესტებად ნახატების გამოყენების იდეა ადრეც ბევრ მეცნიერს მოსვლია თავში, თუმცა ერთ-ერთმა პირველმა მათი გამოყენება XX საუკუნის ამერიკელმა ფსიქოლოგმა ფლორენს გუდინავმა სცადა. სხვადასხვა ასაკის ბავშვების ნახატების ანალიზისას - "მხატვრებს" შორის იყვნენ როგორც აბსოლუტურად ჯანმრთელი, ისე ფსიქიკური გადახრების მქონე ბავშვები - ფსიქოლოგმა შექმნა ბავშვთა გონებრივი შესაძლებლობების შეფასების სკალა. შემდგომ ეს სკალა რამდენჯერმე გადამუშავდა.
ნახატი ტესტები დღესაც ყველაზე ინფორმაციულ და ზუსტ ტესტებად მიიჩნევა. როცა ბავშვის ნახატის გაშიფვრას შეუდგებით, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს (მაგალითად, თუ ცხოველს დიდი კბილები აქვს, "მხატვარს" მაშინვე აგრესიულად ნუ ჩათვლით). შეაფასეთ ნახატი კომპლექსურად. გახსოვდეთ, რომ ტესტი არ არის განაჩენი, ის მხოლოდ ინფორმაციას იძლევა ანალიზისთვის.
თუ ტესტის შედეგებში შემაშფოთებელი სიგნალები აღმოაჩინეთ, აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის ბავშვთა ფსიქოლოგს. ის შემოგთავაზებთ უფრო ზუსტ ტესტებს, გაესაუბრება ბავშვსა და მშობელს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს თავის ვერდიქტს.