როგორ ვესაუბროთ ბავშვებს გარდაცვალების შესახებ
უფრო მეტიც: ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ კითხვებზე პასუხის ძიება პიროვნების განვითარების, სამყაროს საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია.
ამ წერილში ვისაუბრებთ გარდაცვალების შესახებ და შევეხებით იმ პრინციპებს, რომლებიც უნდა დავიცვათ ბავშვებთან იმ თემებზე საუბრისას, რომლებიც ხშირად მოზრდილებსაც ძალზე აღელვებთ.
ოდესმე ყველა ბავშვი შეეჯახება უფროსი თაობის ამ ქვეყნიდან წასვლის ფაქტს. რასაკვირველია, ეს მოვლენა მნიშვნელოვნად ცვლის ბავშვის ცხოვრებას. ამ დროს პასუხი ბავშვის კითხვებზე, ბუნებრივია, ისეთი ვერ იქნება, როგორიც ამ საკითხების მშვიდ სიტუაციაში გარჩევისას. განსხვავებულია ინტონაციაცა და ჟესტებიც. ამ კითხვებზე სასულიერო პირების პასუხი, რა თქმა უნდა, გაცილებით სრულყოფილი და მისაღებია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, საკითხი ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის კუთხით განვიხილოთ.
არსებობს ასაკი, რომელსაც ბავშვი ისე ვერ გაივლის, რომ არ შეეჯახოს სიკვდილის, ამ ქვეყნიდან წასვლის პრობლემას. ბავშვთა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ასაკი, როცა ბავშვს ამ მოვლენების აღქმა შეუძლია, უფრო გვიან დგება, ვიდრე პერიოდი, როცა პატარა სიკვდილის ფაქტს გრძნობს.
სიკვდილთან დაკავშირებული კითხვები ოთხიდან ხუთ წლამდე ჩნდება, თუმცა გააჩნია მეტყველების განვითარებასა და სხვა მაჩვენებლებსაც. ჩვეულებრივ, 4-5 წლის ბავშვებს ძალიან აინტერესებთ სიკვდილის თემა, ეს ასაკისათვის არის დამახასიათებელი. არის შემთხვევები, როცა გარდაცვალების თემით ორი წლის ბავშვია დაინტერესებული. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი პირადი გამოცდილებაა. აქ სრულიადაც არ იგულისხმება ოჯახის წევრის ამ ქვეყნიდან წასვლა - საკმარისია, ზღვის გოჭი მოკვდეს ან ეზოში მკვდარი ბეღურა დავინახოთ. არსებითად, ყოფნა-არყოფნის საკითხი ცნობიერებაში მაშინ ჩნდება და იძენს აქტუალობას, როცა პატარა ბავშვი პირველად შეეჯახება ფაქტს, რომ ის, რაც ცოცხალი იყო, ახლა უსულოა. აღნიშნული მოვლენა კი მაშინაც შეიძლება მოხდეს, როცა პატარა ჯერ კიდევ 1,5 წლისაა. ამის საფუძველია ჩვენს ცნობიერებაში არსებული ცოცხლისა და გარდაცვლილის მოდელი - ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ ერთი წლის ასაკშიც არჩევს ერთმანეთისგან ცოცხალსა და უსიცოცხლოს; უსიცოცხლო არსების იერი, პოზა სხვანაირია, მას არა აქვს მიმიკა...
ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ, უფროსებმა, ყველაფერი ვიცით სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ. გვინდა თუ არა, ამ საკითხებზე გამუდმებით გვიწევს ფიქრი. რასაკვირველია, უფროსებმა ძალიან კარგად ვიცით, საიდან ჩნდებიან ბავშვები, მაგრამ სიცოცხლე მაინც გამოცანაა. იგივე შეიძლება ითქვას სიკვდილის შესახებაც - რაოდენ ლოგიკურიც არ უნდა იყოს ახლობელი ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან, ეს ჩვენთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია. ესე იგი ყველა დაბადება და სიკვდილი აღმოჩენაა, საოცრებაა. ჩვენ ამ დროს მომხდარი ფაქტების გაცნობიერებას ვცდილობთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველი პრინციპი - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველისმცოდნე ბრძენი ვართ. შესაძლოა, იმწუთას მიგაჩნდეთ, რომ შეგიძლიათ, "კვალიფიციურად" აუხსნათ ბავშვს სიკვდილ-სიცოცხლის რთული საკითხი, მაგრამ არ არის გამორიცხული, 5-10 წლის შემდეგ თქვენი შინაგანი სამყარო, თქვენი მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალოს. ეს სულაც არ არის პრინციპებისა და რელიგიური მრწამსის ცვლილების ბრალი; უბრალოდ, ადამიანიც მუდმივ სრულყოფას განიცდის. სწორედ ამიტომ 5 წლის ბავშვთან საუბრისას ჯობს წარმოთქვათ ფრაზა "ახლა ასე ვფიქრობ" ან "მე ასე მგონია".
პატარა ბავშვს უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი აზრი არ არის საბოლოო და უცვლელი, რომ თქვენც ბევრს ფიქრობთ, უბრალოდ, მასზე მეტი იცით იმის გამო, რომ უფროსი ხართ.
პრინციპი მეორე: არ შეიძლება ბავშვის მოტყუება. სამწუხაროდ, ტყუილი მშობლების აპრობირებული მეთოდია მაშინ, როცა მათ არ აქვთ მზა პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე. ეს პირდაპირი პასუხისათვის თავის არიდების სტრატეგიაა. მაგალითად, ბავშვმა დაინახა მკვდარი ბეღურა, მშობელი კი ამბობს, რომ ჩიტს სძინავს, ის გაიღვიძებს და გაფრინდება. მიუხედავად ამისა, ბავშვი ხვდება, რომ სულაც არ არის ასე.
აი, ამიტომ არ არის რეკომენდებული სიკვდილ-სიცოცხლეზე საუბრისას ტყუილი. თქვენ შეგიძლიათ თავი აარიდოთ პასუხს, მაგრამ ტყუილი დაუშვებელია - ბავშვი დაკარგავს თქვენი სიტყვების რწმენას. ის დაასკვნის, რომ სანდო არ ხართ და ინფორმაციის სხვა წყაროების ძიებას დაიწყებს. რასაკვირველია, ადვილია ბავშვს ვუთხრათ, რომ ბაბუა ავადაა, საავადმყოფოშია, მალე მოვა, მაგრამ ტყუილი დაუშვებელია.
ხშირად ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემისას უფროსებს შინაგანი წინააღმდეგობის განცდა ეუფლებათ, მაგრამ ტყუილი მაინც არ არის მიზანშეწონილი. შეიძლება, პატარას მომხდარი ფაქტის არასრული სურათი დავუხატოთ, მაგრამ აუცილებლად სინამდვილესთან მიახლოებული.
მესამე პრინციპია, არასოდეს ვუპასუხოთ კითხვას, რომელიც ბავშვს არ დაუსვამს. შეიძლება, ბავშვი 4 ან 5 წლის იყოს, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური ასაკი ჩამორჩებოდეს რეალურს და ამის გამო მას სულაც არ აინტერესებდეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ასეთ შემთხევაში დაუშვებელია ამის თაობაზე საუბრის წამოწყება პედაგოგიური ან საგანმანათლებლო მიზნით. იმავე დროს ვერ უარვყოფთ, რომ არიან პატარები, რომლებიც ინტერესს არ ამჟღავნებენ.
თუ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ბავშვი თავისთვის ფიქრობს მსგავს საკითხებზე, მაგრამ საუბრის დაწყება უჭირს, რასაკვირველია, მშობლის ინიციატივა აუცილებელია. გარდა ამისა, ზოგიერთ ბავშვს მიაჩნია, რომ უფროსებმა არაფერი იციან და მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ამიტომაც არ სვამენ კითხვებს - არ აქვთ იმედი, რომ რაიმე მნიშვნელოვანს შეიტყობენ.
რატომ უყალიბდება ბავშვს ასეთი აზრი?
საქმე ის არის, რომ ჩვენ გვჩვევია ბავშვის კითხვების უყურადღებოდ დატოვება. ჩვენ მეტისმეტად ვართ დატვირთულნი ყოველდღიური საზრუნავით. პატარა სკოლაში ან ბაღში მიგვყავს, ბავშვი რაღაცას დაინახავს გზაზე, დაგვისვამს კითხვას, ჩვენ კი ვპასუხობთ: "დაგვაგვიანდა, წამოდი ჩქარა, საით იყურები!" - და შეცდომას ვუშვებთ. რუტინული საქმიანობა და ქაოსი ისე გვტვირთავს, რომ ვერც კი ვამჩნევთ, რა მნიშვნელოვანია ბავშვის "უდროო დროს" დასმული კითხვა. მაშინაც კი, როცა პატარა შეკითხვას კრიტიკულ სიტუაციაში, მაგალითად, უფროსის მიერ ავტომობილის მართვისას სვამს, უმჯობესია ბავშვს საუბრის სხვა დროს გაგრძელება შევთავაზოთ. ამით შვილს ვაგრძნობინებთ, რომ მზად ვართ საუბრისათვის, პატივს ვცემთ მისთვის საინტერესო თემას. დაუშვებელია პასუხი "რა დროს ეგაა, გინდა ავარიაში მოვყვეთ?!" ასეთმა უხეშმა პასუხმა ბავშვს შეიძლება აფიქრებინოს, რომ მან აკრძალული კითხვა დასვა და დიდია ალბათობა, ამ თემას აღარც დაუბრუნდეს. ის პასუხის ძიებას განაგრძობს, მაგრამ მშობელს აღარ მიმართავს. თუ პატარამ კითხვა გაიმეორა, მაგრამ პასუხი ვერც ამჯერად მიიღო, მას ეგონება, რომ ამ თემაზე არ ლაპარაკობენ. ზოგიერთ ოჯახში მართლაც არსებობს დახურული, ტაბუდადებული თემები. სიკვდილის თემას კი თითქმის ყველა ოჯახში ტაბუ ადევს. ხშირად უფროსები ამ თემას იმიტომ უვლიან გვერდს, რომ ბავშვის დაცვა სურთ. სანამ ბავშვმა არ იცის, რომ ადამიანები იხოცებიან, ის "უკვდავია". ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ სიკვდილში არის რაღაც ალოგიკური, უსამართლო, ასე არ უნდა ხდებოდეს... მორწმუნეებს მიაჩნიათ, რომ ამის ბრალია ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაში შემორჩენილი სამოთხის ხსოვნა.
ასეა თუ ისე, ადამიანი გვერდს ვერ აუვლის მნიშვნელოვან კითხვებს სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, ბავშვს ვუპასუხოთ. ეს ძალიან რთული და უსიამოვნო თემაა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით ადამიანის ზრდის უმნიშვნელოვანეს ეტაპს.