რატომ ტყუიან ბავშვები
იმის გასარკვევად, ფანტაზიორობს პატარა თუ ტყუის, შეეცადეთ გააანალიზოთ მისი საქციელის მოტივაცია. ფანტაზიის მიზანია, ცხოვრება უფრო ნაირფერი გახადოს, გააცოცხლოს მონათხრობი ან გაანელოს არასასიამოვნო განცდები. ეს ერთგვარი თამაშია, რომელსაც არავითარი ანგარება არ უდევს საფუძვლად. რაც შეეხება ტყუილს, ის ბავშვისთვის ან სასჯელისგან თავის დაღწევის საშუალებაა, ან მიზნის მიღწევის.
ფანტაზიორები
ბავშვებს, რომლებიც სიმართლეს ფანტაზიით ნიღბავენ, როგორც წესი, აქვთ ცოცხალი ტემპერამენტი, რომელიც მათ საშუალებას არ აძლევს, შეეგუონ ყოველდღიურობას და მოწყენილობას. მათი წარმოსახვა გამუდმებით ქმნის ალტერნატიული რეალობის სხვადასხვა სცენარს, მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვადასხვა მოდელს. უბრალოდ, ნაცვლად იმისა, რომ თქვან: “რა კარგი იქნებოდა, სხვენზე დროის მანქანა გვქონოდა!” - ამბობენ: “ჩვენ სხვენზე დროის მანქანა გვაქვს!” ასაკისა და მდიდარი წარმოსახვის გამო ბევრი ბავშვი ერთმანეთისგან არ (ვერ) განასხვავებს სინამდვილესა და გამონაგონს და წიგნში ამოკითხულს თუ მულტფილმში ნანახს რეალობად აღიქვამს. მაგალითად, დედის გამომცხვარ ნამცხვარზე ამბობს, რომ ფერიამ მოიტანა. ზოგჯერ ფანტაზია გაუცნობიერებლად ასრულებს არასასურველი, მტკივნეული ინფორმაციისგან დამცავ ფუნქციას. მაგალითად, როცა დედა და მამა გაცილებულები არიან, ბავშვი შესაძლოა მგზნებარედ უყვებოდეს თანატოლებს, რომ მამამისი ამაზონის ჯუნგლებშია და საახალწლოდ ჩამოსვლას ვერ ასწრებს. ამ შემთხვევაში ნუ აიძულებთ პატარას აღიაროს, რომ იცრუა, თორემ ძლიერ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიაყენებთ - მას ხომ თავადვე სჯერა, რასაც ჰყვება!
მატყუარები
პატარა ბავშვის ტყუილი, უფროსების ტყუილისგან განსხვავებით, მოკლებულია შორსმჭვრეტელობას. როცა ზრდასრული ადამიანი ტყუის, ის მიზანზეა ორიენტირებული, ბავშვი კი შედეგზე არ ფიქრობს, ის უბრალოდ ემალება რეალობას. განვიხილოთ ბავშვის ტყუილის მთავარი მიზეზები.
სასჯელის შიში
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტყუილის ყველაზე ხშირი მიზეზია. თუნდაც პატარა არასოდეს დაესაჯოთ მკაცრად, მშობლების რისხვისა მას მაინც ეშინია. შესაძლოა, თანატოლებისაგან ჰქონდეს გაგონილი, რომ გაფუჭებული სათამაშოს ან გატეხილი თეფშის გამო უფროსები ბრაზობენ და სცემენ კიდეც ბავშვებს. ამიტომ, რაც უფრო დაჟინებით ცდილობს მშობელი, მიიღოს “აღიარებითი ჩვენება”, მით უფრო ჯიუტად გვარწმუნებს პატარა მომხდარის მისეულ ვერსიაში. მართალიცაა: თუ უფროსები ასე ბრაზობენ, რატომ უნდა ვუთხრათ მათ სიმართლე? ბავშვმა მომხდარი რომ აღიაროს, უნდა დავანახვოთ, რომ მისი პრობლემების გაგება გვინდა და არა “სამართლიანობის აღდგენა”, შევინარჩუნოთ კეთილგანწყობა და ვაგრძნობინოთ, რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში ცუდი არაფერი ელის. მაგალითად, დაგვეხმარება ასეთი ფრაზები: “მოდი, გაიხსენე, როგორ გატყდა სათამაშო, მერე კი ჩავრთოთ მულტფილმი და ვუყუროთ”. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ სიმართლე მის დასახმარებლად გჭირდებათ და არა დასასჯელად.
დაცინვის შიში
ასეთ დროს ბავშვი ცდილობს, თავისი გატაცებები ან ცხოვრებისეული მოვლენები უფროსების არაჯანსაღი ყურადღებისგან დაიცვას. როცა მშობლების ინტონაციაში ირონიულ ნოტს იჭერს, პატარა უარყოფს იმას, რაც დიდებისთვის სასაცილოა. მაგალითად, შესაძლოა გვარწმუნებდეს, რომ ძველი სათამაშოების ყუთი მას არ გამოუღია კარადიდან, რათა ეჭვქვეშ არ დააყენოს უფროსების თვალში საკუთარი “დიდობა”. ასეთ სიტუაციებში სიმართლეს ის მხოლოდ მაშინ აღიარებს, თუ უფროსები ნამდვილ, გულწრფელ ინტერესს გამოიჩენენ მისი გატაცებების მიმართ. ეს აუცილებელია, თუნდაც ბავშვის ინტერესები რადიკალურად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც თქვენთვისაა მისაღები. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში შეიძლება გამოვხატოთ ძველი სათამაშოთი აღფრთოვანება, გავიხსენოთ მისი ყიდვის ისტორია. ბავშვი თვითონვე აღიარებს, რომ შენახული სათამაშო მან იპოვა.
სასურველის მიღება
არცთუ იშვიათად პატარა ბავშვები სასურველის მისაღებად ცდილობენ, თანაგრძნობის ან დანაშაულის განცდა გაუღვიძონ უფროსებს. მაგალითად, როცა გოგონას ახალი თოჯინა სურს, ის შესაბრალისი ხმით ჰყვება, რომ ძველს თმა გასცვივდა, ხელები მოსტყდა, თავს ვეღარ ატრიალებს... ამ შემთხვევაში სიცრუეს მოწმობს ის, რომ ბავშვი უარს გვეუბნება სათამაშოს შეკეთებაზე ან დაზიანებების დათვალიერებაზე. როცა ბავშვს არაგულწრფელობას ვამჩნევთ, ეს პირდაპირ უნდა ვუთხრათ, ოღონდ მისაღები ფორმით. ზემოთ აღწერილ შემთხვევაში მისაღებია ფრაზა: “ვხედავ, ახალი თოჯინა გინდა, მაგრამ ძველის გადაგდება რა საჭიროა, ის ხომ ჯერ კიდევ კარგია! მოდი, მოვიფიქროთ, როდის შევიძინოთ ახალი”. ეს პატარას მიახვედრებს, რომ სურვილის ასარულებლად სულაც არ არის საჭირო ტყუილის თქმა.