დანაშაული და სასჯელი
მიუხედავად ამისა, ბავშვის აღზრდის პროცესში სასჯელის ამა თუ იმ ფორმის სავსებით გამორიცხვა შეუძლებელია.
სასჯელი ბავშვისთვის საზიანო არ უნდა იყოს, პირიქით, ის აღზრდაში უნდა გვეხმარებოდეს, ხელს უწყობდეს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას, ამის მისაღწევად კი აუცილებელია, კარგად მოვიფიქროთ, გავაანალიზოთ და ავირჩიოთ სასჯელის სწორი ფორმა ბავშვის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით.
ერთი სიტყვით, აღზრდის პროცესს შემოქმედებითად მივუდგეთ. კარგი მშობლები არ ჩქარობენ, სასჯელი შეაგებონ ბავშვის შეცდომას. გაცილებით მნიშვნელოვანია, ყურადღებით განვიხილოთ სიტუაცია, რომელშიც პატარამ ესა თუ ის დანაშაული ჩაიდინა და მისი ქცევის ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური მიზეზი ამოვიცნოთ. კარგი იქნება, თუ მშობლები შეიკავებენ უშუალო რეაქციას ბავშვის ამა თუ იმ ქმედებაზე, მოთოკავენ ემოციებს, შეცვლიან ან სამომავლოდ გადადებენ სასჯელს, რადგან ბავშვსაც აქვს შეცდომის, სისუსტის, არასრულყოფილების უფლება. ზოგჯერ სწორედ დასჯაზე უარის თქმა იქცევა აღზრდის ეფექტურ საშუალებად. მაგალითად, თუ ბავშვი ხვდება, რომ არასწორად მოიქცა და თავად ამცნობს მშობელს, რომ რაღაც ჩაიდინა, აშკარაა, ის განიცდის თავის დანაშაულს. ასეთ დროს მშობელმა შესაძლოა უარი თქვას იმ სასჯელზე, რომელსაც ბავშვი ელის. მისი ასეთი საქციელი ბავშვს აიძულებს, კიდევ ერთხელ დაუფიქრდეს თავის ქმედებას.
ამ მეთოდით სარგებლობისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. გასათვალისწინებელია, რამდენად შესწევს ბავშვს უნარი, ასეთ ემოციურ დატვირთვას გაუძლოს. ზოგიერთისთვის ასეთი განცდა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, ზოგიერთისთვის კი არაფრის მომცემი.
სასჯელზე უარის თქმის მეთოდით მხოლოდ იმ მშობლებმა შეიძლება ისარგებლონ, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდია და რომელთა აზრსაც ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მეთოდი უშედეგო აღმოჩნდება. ზოგჯერ ზემოქმედების მკაცრი და ბავშვისთვის უკვე ცნობილი მეთოდის ნაცვლად უმჯობესია რაიმე მოულოდნელი გამოვიყენოთ, საამისოდ კი აუცილებელია მუდმივი ძიება, ბავშვის ფსიქიკის თითოეული მხარის შესახებ საკუთარი ცოდნისა და წარმოდგენების გაფართოება.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი არ გვიჯერებს, არ ასრულებს ჩვენს თხოვნას, ყურად არ იღებს საყვედურებს?
პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ - იქნებ ჩვენივე ბრალია, რომ ბავშვი არაფრად გვაგდებს. წესებისა და მოთხოვნების განუხრელი დაცვის ჩვევა რეგულარული, მუდმივი კონტროლის შედეგად ყალიბდება. აუცილებლად უნდა ვცადოთ იმის გარკვევა, რამ შეუშალა ხელი ბავშვს ჩვენი თხოვნის შესრულებაში. თუ მიზეზს ვერ მიაკვლიეთ, ყველაფერი ურჩობას დაბრალდა და სასჯელი გარდაუვალი აღმოჩნდა, გახსოვდეთ, რომ დიდი ტაქტი და სიფრთხილე გმართებთ. სასჯელის რა ფორმები შეიძლება გამოვიყენოთ ურჩის წინააღმდეგ?
ფიზიკური სასჯელი
დასჯის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა ფიზიკური სასჯელი, რომელიც ტკივილის შიშს ეფუძნება. მშობლების უმრავლესობას, ტრადიციისამებრ, მიაჩნია, რომ ფიზიკური სასჯელი საკმაოდ ეფექტური ხერხია ბავშვზე ზემოქმედებისთვის. ზოგიერთ ოჯახში ცემა აღზრდის ძირითადი მეთოდია. მას, ჩვეულებრივ, მაშინ მიმართავენ, როცა სხვა, ნაკლებად მკაცრი მეთოდები - თხოვნა, მოლაპარაკება, მუქარა - არ ჭრის. ცემას მართლაც შეუძლია აიძულოს ბავშვი, დაემორჩილოს უფროსის მოთხოვნას. ფიზიკური სასჯელის მეშვეობით ყოველთვის შეიძლება მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს და ზეწოლა მოვახდინოთ ვისზეც გნებავთ, მით უფრო - ბავშვზე, სუსტ და პრაქტიკულად დაუცველ არსებაზე. სწორედ ტკივილის შიში და არა მაღალი შეგნება აიძულებს ბავშვს, იყვიროს: "მეტს აღარ ვიზამ!" ამწუთას ის ყველაფრისთვის მზად არის, ოღონდ კი ტკივილისა და შიშის მიზეზი გაქრეს. თუმცა გონიერ მშობლებს ასეთი გამოსავალი ნამდვილად არ უნდა აძლევდეთ ხელს. ასეთი ზემოქმედება კონფლიქტს ვერ აგვარებს, მხოლოდ ამის ილუზიას ქმნის.
მაშინაც კი, როცა ბავშვი ხვდება, რომ დააშავა, ცემა ამ განცდას უქარწყლებს - მან ხომ ცუდი საქციელის საფასური უკვე "გადაიხადა". ამიტომ ის ვეღარასოდეს გააცნობიერებს და აღარ განიცდის თავის საქციელს. ცემა დაუშვებელია იმის გამოც, რომ დასჯის ამ ხერხს, წესისამებრ, აფექტის მდგომარეობაში მყოფი მშობლები მიმართავენ. ამ დროს მათ უჭირთ თავიანთი ემოციების მოთოკვა. თუ ბავშვს სწორად მოქცევას ფიზიკური ზემოქმედებით ასწავლიან, ის თავისთვის უსაფრთხო სიტუაციაში განაგრძობს აკრძალულ ქმედებებს. სავსებით ბუნებრივია, რომ ხშირი ცემა ხელს შეუწყობს ბავშვის ხასიათის არასასურველი თვისებების ფორმირებას. ხშირმა ცემამ შეიძლება გატეხოს ბავშვის ნებისყოფა, ის გადააქციოს უტყვ, დამორჩილებულ პიროვნებად, რომელიც ადვილად ექვემდებარება სხვის არცთუ ყოველთვის კარგ მაგალითს.
ასე აღზრდილ ბავშვებს არ შეუძლიათ სხვის სურვილს დაუპირისპირონ თავიანთი გაცნობიერებული ქმედება.
სასჯელი და მიბაძვა
ბავშვები, რომლებიც ფიზიკური დასჯის დროს ნეგატიური ემოციებით იტვირთებიან, ამ ემოციებს არცთუ იშვიათად ისევ მშობლებზე გადაიტანენ ხოლმე. ბავშვი წინააღმდეგობას უწევს ყველაფერს, რაც მშობლებისგან მოდის და ცდილობს, მათთან მუდმივ კონფლიქტში იყოს. მშობლების თითოეული სიტყვა თუ ქმედება უარყოფითად ფასდება.
ქცევის უარყოფითი მოდელი ხშირად ხდება მიბაძვის საგანი მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვმა მშობლებისადმი პროტესტი გამოხატოს. ყოველივე ამის შედეგად ბავშვს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ქცევის დარღვევები - აგრესიულობა, უხეში ქცევის დემონსტრირება, სახლიდან გაქცევის სურვილი.
ბავშვები, რომლებსაც ფიზიკურად ხშირად სჯიან, ცდილობენ მიბაძონ მშობლებს და თამაშის დროს სიუჟეტებად ამ მოდელს იყენებენ: კუთხეში აყენებენ თავიანთ საყვარელ თოჯინებს, სცემენ დათუნიებს, ძაღლებს, კურდღლებს. შესაძლოა, აგრესია სხვა ბავშვებთან ურთიერთობის დროსაც კი გამოამჟღავნონ.
მშობლები ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ავტორიტეტული ფიგურები არიან, რის გამოც მათი მიბაძვა ხანგრძლივად ფიქსირდება. ბავშვი, რომელიც ქცევის წესად ოჯახურ სიმყუდროვეს იღებს, ზრდასრულ ასაკში შვილების აღსაზრდელად იმავე მეთოდს იყენებს. ესე იგი, ფიზიკური სასჯელით მიღებული ზიანი აშკარაა. მაშინაც კი, როცა უფროსები იძულებულნი არიან, სასჯელის ამ ფორმას მიმართონ, მის გამოყენებამდე უნდა ეცადონ, საღი თვალით შეხედონ სიტუაციას, დაფიქრდნენ, რა შეიძლება მოჰყვეს ფიზიკურ ანგარიშსწორებას და როგორ აისახება ყოველივე ეს ბავშვის ხასიათის ფორმირებაზე.
სიყვარულის ჩამორთმევა
ბავშვის დასჯის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა მშობლების სიყვარულის "ჩამორთმევა". ეს ფორმა ზემოქმედების ძალიან ძლიერი საშუალებაა, ამიტომ მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო. მან შეიძლება სარგებლობაც მოგვიტანოს, მაგრამ იმავე დროს სერიოზული პრობლემებიც შეუქმნას როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებსაც.
დასჯის არსი ის არის, რომ მშობლები იცვლიან შვილებისადმი დამოკიდებულებას. ბავშვი ძველებულად გრძნობს მშობლების ყურადღებასა და მზრუნველობას, მაგრამ სიყვარულს მისდამი აღარ გამოხატავენ. დასჯის ეს ფორმა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვსა და მშობლებს შორის დიდი სიახლოვეა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება ნდობას, სიყვარულსა და პატივისცემას ემყარება. სხვაგვარად დასჯის ეს ფორმა არავითარ შედეგს არ გამოიღებს, რადგან ბავშვი ვერავითარ ცვლილებას ვერ იგრძნობს.
აღზრდის ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. ზედმეტად მგრძნობიარე პატარა შეიძლება ძალიან შეშინდეს, როცა შეამჩნევს, რომ ის "აღარ უყვართ". მცირე ასაკის ბავშვები მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან უფროსების ემოციური მდგომარეობის მიმართ. რასაკვირველია, ამით შეიძლება ვისარგებლოთ დასჯისას, მაგრამ ისე, რომ ბავშვი მეტსმეტად არ შევაშფოთოთ. სასჯელის ეს ფორმა შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე.
ბავშვებისთვის მშობლის სიყვარულის აკრძალვა მხოლოდ მცირე ხნით არის დასაშვები. არაფრით არ შეიძლება დასჯის მიზნით მშობლის სახლიდან წასვლა ან მუქარა, რომ დედა წავა. ასეთმა მუქარამ შესაძლოა ბავშვს გაუჩინოს მყარი შიში, დაარღვიოს გარემოსთან კონტაქტი.
სიამოვნების მოკლება
სასჯელის ეს ფორმა ბავშვის ქცევის შეზღუდვას გულისხმობს. მაგალითად, მას შეიძლება უარი ვუთხრათ თეატრში, ზოოპარკში წაყვანაზე, ავუკრძალოთ მეგობრებთან თამაში ან საყვარელი სათამაშოთი გართობა, ანუ ჩვეული სიამოვნება მოვაკლოთ. ზემოქმედების ეს ფორმა პრიმიტიული, მაგრამ ხშირად მცდარია. ეს მეთოდი მხოლოდ მაშინ გამოიღებს შედეგს, თუ თავად ბავშვს სასჯელი სამართლიანად მიაჩნია. უმეტესად კი პირიქით არის - ბავშვებს ჰგონიათ, რომ სასჯელს სულაც არ იმსახურებდნენ; ისინი ვერ ხედავენ კავშირს თავიანთ საქციელსა და დაწესებულ სასჯელს შორის, რის გამოც ნეგატიური დამოკიდებულება უყალიბდებათ მშობლების მიმართ. მაშინაც კი, როცა ბავშვი პატიებას ითხოვს, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ მან დანაშაული გააცნობიერა - მას მხოლოდ იმედი აქვს, რომ მშობლები სასჯელს გააუქმებენ.
დასჯის მიზნით არ შეიძლება ბავშვს უარი ვუთხრათ იმაზე, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - საკვებზე, სუფთა ჰაერზე სეირნობაზე, თამაშსა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობაზე. თუ ბავშვს გასეირნებას დაჰპირდით, ნურც ამაზე ეტყვით უარს, - ერთად გატარებული წუთები მხოლოდ მას კი არ მოუტანს სარგებლობას, არამედ თქვენც; ჯობს, დასჯის სხვა მეთოდი მოიფიქროთ.
დასჯისას შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მოთხოვნა: აურიე ოთახი? - თავად დაალაგე; აურიე ტანსაცმელი? - თავის ადგილზე დააბრუნე. ბავშვს გაუჭირდება, არ დაეთანხმოს ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ის სამართლიანია. რასაკვირველია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ბავშვზე არ უნდა ვრცელდებოდეს, თორემ პატარა გადაწყვეტს, რომ უსამართლოდ ექცევიან და აღშფოთდება. ამიტომ მშობლები მისგანაც იმავეს უნდა ითხოვდნენ, რასაც თავად აკეთებენ.
ამხანაგური სასამართლო
არსებობს ოჯახები, სადაც ბავშვის თითოეულ ქმედებას განიხილავენ და აფასებენ, უმეტესად - უარყოფითად. ამ მიზნით უფროსები ერთად იკრიბებიან და ერთგვარ "ამხანაგურ სასამართლოს" მართავენ. აღზრდისადმი ასეთი მიდგომის მიზეზია მშობლებისა და ბებია-ბაბუების სურვილი, მისდევდნენ აღზრდის ერთიან ხაზს. რასაკვირველია, ასეთი მეთოდი დასაშვებია, მაგრამ იშვიათად და ისიც მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს, რომლის განხილვა "საოჯახო საბჭოზე" მართლაც აუცილებელია.
როცა მიზეზი უმნიშვნელოა, მაგრამ უფროსები მას ხშირად განიხილავენ, ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს მარტოობის განცდა, თავი უარყოფილად, ზედმეტად იგრძნოს და დანაშაულის მუდმივ შეგრძნებას მიეჩვიოს. ასე ირღვევა კონტაქტი ბავშვთან და ყალიბდება ემოციური დარღვევები.
ბავშვის საქციელის განხილვაში მამისა და ოჯახის სხვა წევრების მონაწილეობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია მისაღები, რადგან მგრძნობიარე ბავშვისთვის სასჯელი შეიძლება იყოს თავად ის ფაქტი, რომ მისი საქციელის შესახებ მთელმა ოჯახმა იცის. ზოგჯერ გაცილებით ეფექტურია დედის ან მამის დაპირება, რომ თუ მეორედ ასე აღარ მოიქცევა, მისი საქციელის შესახებ არავის ეტყვის.
საზოგადოდ, დანაშაულისა და სასჯელის შესახებ საუბრისას სიფრთხილე და ტაქტი გვმართებს. ასეთი მიდგომა მით უფრო აუცილებელია, რაც უფრო დიდია ბავშვი. არ არის მიზანშეწონილი ბავშვთან კონფლიქტში ნათესავებისა და მეზობლების ჩართვა. ამით მშობელი აღიარებს, რომ თავად არ ძალუძს პრობლემის მოგვარება და ბავშვის თვალში ავტორიტეტს კარგავს.