დანაშაული და სასჯელი
ყველა მშობლის ოცნებაა, კარგი შვილი აღზარდოს, თუმცა სიტყვა "კარგში" მშობლები პირველ რიგში "ხელსაყრელს" გულისხმობენ, ანუ ბავშვს, რომელიც დამჯერია, უფროსების ყოველგვარ მოთხოვნას ასრულებს, პასუხისმგებლობით ეკიდება მშობლების მიერ მიცემულ დავალებებს. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მშობელს სურდეს, მისი შვილი უსიტყვო მორჩილებით რობოტს დაემსგავსოს. პრობლემა ის არის, რომ თვისებები, რომელთა დანახვაც საკუთარ შვილში ყველა დედ-მამას უნდა (შემოქმედებითი აზროვნების უნარი, სითამამე, მიზანსწრაფულობა), სინამდვილეში პატარასთან ურთიერთობას ართულებს.
თავისუფლება თუ კონტროლი?
მაინც რომელია მართებული - საკუთარი შვილის ერთი შეხედვით უცნაური სურვილების შეზღუდვა თუ იმ კონტროლის შესუსტება, რომელიც პატარას თავისუფლებას ზღუდავს? რა თქმა უნდა, არც ერთი და არც მეორე - ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია გონივრული ბალანსი მკაცრ შეზღუდვასა და მოქმედების თავისუფლებას შორის.
როგორ დავამკვიდროთ ბავშვის ცხოვრებაში მოთხოვნები და აკრძალვები და როგორ მივაღწიოთ, რომ ის დამჯერი იყოს?
რა თქმა უნდა, მშობლებისთვის ძალიან მოხერხებულია, როცა პატარა დამჯერია, მაგრამ რა სარგებლობა მოაქვს ბავშვისთვის უფროსების მითითებათა შესრულებას? ფსიქოლოგების აზრით, მშობლების ნათქვამის გაგონება, მათი მოთხოვნების შესრულება ბავშვისთვის საჭიროა, რადგან ამის წყალობით პატარას უვითარდება სხვადასხვა თვისება. უწინარეს ყოვლისა, წესების შესრულების უნარი, რაც პიროვნების სოციალიზაციის ადრეული ეტაპია. პატარა ბავშვებს, რომლებმაც ეს თვისება ოჯახში ვერ შეიძინეს, შემდგომ უჭირთ საბავშვო ბაღში ადაპტაცია. გარდა ამისა, პიროვნებას თვითდისციპლინა რომ განუვითარდეს, მან განსაზღვრული წესები სხვებისგან უნდა აითვისოს. წესების მორჩილებისა და დაცვის უნარი აუცილებელია ბავშვებს შორის ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. პატარები, რომლებსაც ამის უნარი არ შესწევთ, შესაძლოა, თანატოლებმა არ ათამაშონ, მასთან ურთიერთობა არ დაამყარონ.
- მშობლები ხშირად ასრულებენ ბავშვის ნაცვლად თვითმომსახურებისთვის საჭირო ელემენტარულ ქმედებებს, რაც დროის დეფიციტისა და მათივე მოუთმენლობის ბრალია, შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ პატარები საბავშვო ბაღში მისვლისას თითქმის ვერ ფლობენ თვითმომსახურებისთვის საჭირო ელემენტარულ ჩვევებს.
- პატარა ბავშვებს მართლაც სჭირდებათ კონტროლი. მართალია, სრული თავისუფლება მომხიბლავია, მაგრამ ბავშვს აშფოთებს, რადგანაც პატარას უსაფრთხოების გარანტად მხოლოდ მშობლების მზრუნველობა და ყურადღება მიაჩნია.
- სხვა თუ არაფერი, უსაფრთხოების თვალსაზრისით არის აუცილებელი, ბავშვი ითვალისწინებდეს და ასრულებდეს მშობლების მითითებებს.
აკრძალვების მიღმა
აშკარაა, რომ ბავშვი უნდა ემორჩილებოდეს მშობლების მითითებებსა და აკრძალვებს, მაგრამ აუცილებელია, აკრძალვა მინიმალური იყოს და მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარეობდეს. ყველაფრის აკრძალვა შეიცავს საშიშროებას, რომ პატარა უნიათო, უინიციატივო პიროვნებად ჩამოყალიბდება. მკაცრი და მრავალრიცხოვანი აკრძალვის შედეგი მართლაც სავალალოა: დადგება დღე, როდესაც მშობელი შეამჩნევს, რომ მისი შვილი სრულიად არ არის ადაპტირებული ცხოვრებისადმი, ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში, ყველაფრისა ეშინია, გაუბედავია, ადვილად სწყინს, თანატოლებთან ურთიერთობას ვერ ამყარებს.
როდის არის აუცილებელი აკრძალვა?
- აკრძალვა აუცილებელია, როდესაც ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. რა თქმა უნდა, ყველა მშობელმა უნდა აუკრძალოს ბავშვს ქმედებები, რომლებიც მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქადის.
- როდესაც საქმე სხვა ადამიანების პიროვნულ და ფიზიკურ უსაფრთხოებას ეხება. ბავშვს უნდა აეკრძალოს ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა ვინმე დააზიანონ ან მათდამი უპატივცემულობას გამოხატავენ.
- უნდა აიკრძალოს ყოველგვარი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს გარემოს.
როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვმა დაგვიჯეროს
მოთხოვნა მინიმალური უნდა იყოს, ის უნდა შეესაბამებოდეს პატარას ასაკს, პიროვნულ თვისებებს და, რა თქმა უნდა, მშობლების აღმზრდელობით პრინციპებს, თუმცა საკითხავია, როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი, როგორ წავუყენოთ პატარას მოთხოვნა სწორად და როგორი უნდა იყოს აკრძალვის ფორმულირება, რათა ბავშვმა ის ყურად იღოს და შეასრულოს.
- დაუშვებელია ორაზროვანი და ირიბი მითითებები. მითითება პირდაპირი და აშკარა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ბავშვი მიხვდება, რას მოითხოვთ მისგან. მაგალითად, ირიბია ფრაზა: "აქ ხომ არ ჩამოჯდებოდი?", ხოლო პირდაპირია "აქ დაჯექი!"
- ბავშვს მიეცით ცალკეული მოკლე მითითებები, ერიდეთ რთულ წინადადებებს. პატარა ბავშვისთვის გაცილებით ადვილია მარტივი მოთხოვნის გაგება, რთული დავალების აღქმა კი უჭირს. მაგალითად, მარტივია მოთხოვნა "დადე წიგნი თავის ადგილზე". რთულია "დაალაგე თარო შენს ოთახში".
- ეცადეთ, თქვენი მითითებები პოზიტიური იყოს. ჯობს, ბავშვს უთხრათ, რა გააკეთოს და არა ის, რა არ გააკეთოს. ნეგატიურად განწყობილი პატარები მუდმივად ოპოზიციაში არიან მშობლებთან და ეწინააღმდეგებიან მათ ყველა მოთხოვნას, რომელიც იწყება სიტყვებით "შეწყვიტე!", "ნუ იზამ!". მაგალითად, ნეგატიურია თხოვნა: "ნუ ძვრები სკამზე!", ხოლო პოზიტიურია "ჩამოდი, თუ შეიძლება, სკამიდან".
- გამოთქვით აზრი კონკრეტულად. თქვენი მოთხოვნა ზოგადი და ბავშვისთვის ბუნდოვანი არ უნდა იყოს. მაგალითად, ფრაზა "კარგად მოიქეცი!" პატარამ შესაძლოა ვერ გაიგოს, ხოლო სიტყვები "თუ შეიძლება, ხმადაბლა ილაპარაკე" ადვილი აღსაქმელია.
- ეცადეთ, თქვენი საუბრის კილო ნეიტრალური იყოს. დაუშვებელია როგორც მუდარა, ისე ყვირილი. მაგალითად, არ არის რეკომენდებული ფრაზები "ახლავე ადექი და მოდი ჩემთან" ან "ძალიან Gგთხოვ, თუ გიყვარვარ, ჩემთან მოდი". ნეიტრალური ფრაზაა "თუ შეიძლება, მოდი და ჩემთან დადექი".
იყავით თავაზიანი. ყოველი ფრაზა გამსჭვალული უნდა იყოს ბავშვისადმი პატივისცემით. დირექტივები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პატარას თქვენი დავალების შესრულება ნამდვილად შეუძლია. დაუშვებელია ბავშვს მოვთხოვოთ, რაღაც დახატოს ან გამოძერწოს. უნდა მიაღწიოთ იმას, რომ დავალების შესრულებისა თუ შეუსრულებლობის შემთხვევებში ზომიერი რეაქცია გქონდეთ. როცა ბავშვი გიჯერებთ, მას არ უნდა შეუქმნათ შთაბეჭდილება, რომ რაღაცით დაგაჯილდოვათ, თუმცა მისი კარგი საქციელი აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. მსგავსი უნდა იყოს თქვენი რეაქცია ცუდ საქციელზეც. ძნელია მივაღწიოთ, რომ ბავშვი ჩვენს მითითებებს ასრულებდეს. მიუხედავად ამისა, მშობლებს არ უნდა უღალატოთ ზომიერების გრძნობამ და არ უნდა იქცნენ ტირანებად და დიქტატორებად. პასუხად შესაძლოა ბავშვის ჭირვეულობა და დაუმორჩილებლობა მიიღონ. საჭიროა, ყოველთვის ობიექტურად და მშვიდად გავაანალიზოთ სიტუაცია, ვეცადოთ, მივაგნოთ ბავშვის სიჯიუტის მიზეზს და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ინტუიცია.