სიჯიუტე - მიზეზები და შედეგები
არასწორი მიდგომისას, ის შესაძლოა ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და ადამიანის განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი. სიჯიუტე განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება განვითარების კრიტიკულ პერიოდებში, 3-დან 5 და 10-11-დან 15-16 წლამდე.
სიჯიუტე ხშირად აღიქმება როგორც უცნაური, უმართავი ქცევა, რომელიც მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, ჯანმრთელი ბავშვები ხშირად ასე რეაგირებენ სტრესზე, მათთვის ემოციურად მატრავმირებელ სიტუაციაზე. ასე რომ, კონკრეტული ქცევის აღწერასა და ინტერპრეტაციას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.ბავშვის ქცევის დახასიათებისას, როგორც წესი, ჩვენ მას კი არ აღვწერთ, არამედ ვაფასებთ, ამ ორ ცნებას კი ერთმანეთთან არაფერი აქვს საერთო. მაგალითად, სამსახურიდან დაბრუნებულ დედას ბებია შესჩივის: „მთელი დღე ცუდად იქცეოდა!“ მაგრამ რას ნიშნავს „ცუდი ქცევა“? შეგიძლიათ, აღწეროთ ამ ბავშვის კონკრეტული საქციელი? თქვათ, სახელდობრ, რას სჩადიოდა იგი და რა იყო ასეთი ქცევის მიზეზი, მისი გამომწვევი ფაქტორი? არადა, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პრობლემური ქცევა, რომელიც ხშირად სიტუაციური ხასიათისაა, გარემოს მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულების შედეგია, და საკუთრივ ქცევის დარღვევა. ტერმინით, „ქცევის დარღვევა“, აღნიშნავენ ქცევის სხვადასხვა ტიპის აშლილობას, დაწყებული დაუმორჩილებელი და დამთავრებული ანტისოციალური ქცევით. შემუშავებულია რამდენიმე კლასიფიკაციაც, სადაც აშლილობის ფორმები სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით არის გაერთიანებული, თუმცა ქცევის დარღვევები პირობითად შეიძლება შედარებით მსუბუქ და მძიმე ფორმებადაც დავყოთ.პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია დაუმორჩილებელი, ე. წ. ოპოზიციურ-დევიანტური ქცევა, რომელიც დარღვევის შედარებით მსუბუქი, თუმცა, საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა ისტერიკა – ბრაზის უეცარი შემოტევა, რომლის რეგულირებაც მშობლებს არ ძალუძთ. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვის დამორჩილება შეუძლებელი ხდება.დაუმორჩილებელი ქცევის დროს პრობლემის სათავე, როგორც წესი, გარემოში უნდა ვეძებოთ. ფსიქოლოგთან მისულ შეწუხებულ მშობლებს, პირველ ყოვლისა, ეკითხებიან, სად, როგორ გარემოში იჩენს თავს ისტერიკა თუ სხვა სახის დაუმორჩილებლობა. ზოგჯერ გარეგნულად ოპოზიციურ-დევიანტურს ჰგავს ისეთი ქცევებიც, რომლებიც დადებითად მტკიცდება გარემოსგან და ბავშვის შეგუების ხერხად იქცევა. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოწაფის მიუღებელ ქცევას ამგვარად აღწერს: „მეტისმეტად უზრდელია, წამოხტება შუა გაკვეთილზე და დარბის. ვერაფრით ვიმორჩილებ, ამიტომ საკლასო ოთახიდან ვისტუმრებ“. ბუნებრივია, საინტერესოა, რატომ იწყებს ბავშვი ასე მოქცევას მაინც და მაინც შუა გაკვეთილზე. ალბათ, ამ დროისთვის იღლება, ანდა პედაგოგი დავალების გამოკითხვას იწყებს, მოსწავლე კი თავისი საქციელით აიძულებს, კლასიდან გაუშვას, რათა ამით პასუხისმგებლობას (გაკვეთილის მოყოლას) გადაურჩეს. საბოლოოდ, ბავშვი შედეგით კმაყოფილია. ასე ხდება დაუმორჩილებელი ქცევის განმტკიცება, რომლის რეგულირებაც, დამეთანხმებით, სწორი მიდგომის შემთხვევაში, არც ისე რთულია, რადგანაც ეს იმდენად ქცევის დარღვევა არ არის, რამდენადაც მოსწავლის მანიპულაცია მასწავლებლით.ბავშვმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რა რეაქცია მოჰყვება მის საქციელს უფროსების მხრივ. თუ კარგად მოიქცევა, უნდა წახალისდეს, თუ ცუდად – დაისაჯოს. ხშირად მშობლებს ეს ორი რამ ერთმანეთში ერევათ: ერთ დღეს შვილს რამისთვის რომ დასჯიან, მეორე დღეს იმავე საქციელისთვის შეიძლება შეაქონ. ბავშვი იბნევა, აღარ იცის, როგორ მოიქცეს, არასასურველი ქცევა კი დადებითად მტკიცდება.ჯიუტი ბავშვის მშობლობა ძალიან რთულია. ხშირად უფროსები ვერ იგებენ, რატომ იქცევა ბავშვი ყოველთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ისინი იწყებენ ფიქრს, რომ ცუდი მშობლები არიან. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ დაუმორჩილებელი შვილის ყოლა მშობლისთვის ბედნიერებაა. კვლევებით დგინდება, რომ ჯიუტი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებას მარტივად აღწევენ.ჯიუტი ბავშვების წარმატების საიდუმლო მათი ეგოიზმია. ისინი საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე წინ აყენებენ და ზრდასრულ ასაკში უდიდეს წარმატებას აღწევენ. ისინი არასდროს ემორჩილებიან წესებს და დადგენილ საზღვრებს ყოველთვის უარყოფენ, რის გამოც კარიერულ კიბეზე გზას მარტივად იკვალავენ და გამუდმებით ზევით მიიწევენ.ბავშვები, რომლებიც 40-50 წლის წინ დაუმორჩილებლებად და ჯიუტებად ითვლებოდნენ, სავარაუდოდ, სკოლაში ცუდად სწავლობდნენ და ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ. გამუდმებულმა წინააღმდეგობამ ისინი უამრავ რამეზე დააფიქრა, რის გამოც სხვა ბავშვებზე უკეთ ჩამოუყალიბდათ მომავლის ხედვის უნარი. თუ თქვენი შვილი მეამბოხე და ჯიუტი ადამიანია, ამის გამო ნუ ინერვიულებთ. შესაძლოა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად იქცეს.სიჯიუტე განსაკურნებით მწვავდება გარდატეხის ასაკში, როცა მოზარდი დაუმორჩილებელი ხდება.გარდატეხის ასაკში იცვლება გემოვნება, შეხედულებები, აზროვნება, ზოგჯერ მოზარდს თავადაც ვერ გაურკვევია, რა მოსწონს, რა ურჩევნია. ისეც ხდება, რომ ჩაცმულობითა და მანერებით უარყოფით პერსონაჟებს ბაძავს. ამის გამო ნუ დასცინებთ, ნუ გააკრიტიკებთ, ირონიულად ნუ უგულებელყოფთ მას. მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ, მაინც და მაინც ისე ჩაიცვან და მოიქცნენ, თქვენ რომ მოგწონთ და გსიამოვნებთ. უფროსების კატეგორიული ტონი და მკაცრი მოთხოვნები მხოლოდ უკურეაქციასა და პროტესტს გამოიწვევს. გახსოვდეთ: ალერსიანი, ტბილი და კომპრომისული დამოკიდებულებით, ურთიერთგაგებით, მოზარდს უფრო ადვილად მიიმხრობთ და გადაარწმუნებთ.
სიჯიუტის მიზეზებიაღზრდის ავტორიტარული სტილი და ბავშვის მკაცრი კონტროლი უფროსების მხრიდან – თუ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ზედმეტად მომთხოვნები, ყურადღებას არ მივაქცევთ ბავშვის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, შენიშვნებით, საყვედურებით ავავსებთ და უამრავ აკრძალვას დავუწესებთ მას, აგრესია და სიჯიუტე მისთვის თავისი პიროვნების დაცვისა და ემოციური დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი საშუალება გახდება. როდესაც ბავშვი იძულებულია, აკეთოს ის და ისე, როგორც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, მას რჩება ძალიან მცირე სივრცე ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისთვის, მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ხმის უფლებას. ვინაიდან არჩევანის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებისათვის, როდესაც ბავშვს ვზღუდავთ და არ ვაძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, ის წინააღმდეგობას უწევს მის პიროვნებაზე „თავდასხმის“ მცდელობას და სიჯიუტით ცდილობს თავისი ნების გამოხატვის უფლების დაცვას.ჰიპერმზრუნველობა, ზღვარგადასული მეურვეობა, აღზრდის ზედმეტად რბილი ტაქტიკა – თუ ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, ის იწყებს მანიპულირებას და ჯიუტობს, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურს.უფროსების მიერ ბავშვის ნიჭისა და შესაძლებლობების ექსპლუატაცია – თუ ბავშვს კარგი მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი აქვს და აქტიურად ვზრუნავთ მისი უნარების განვითარებაზე, ზედმეტად ვტვირთავთ პატარას და მოსაწყენ და მოსაბეზრებელ სამუშაოდ ვაქცევთ იმას, რასაც ადრე სიამოვნებით და გატაცებით აკეთებდა, პროტესტის ნიშნად ბავშვი შესაძლოა გაჯიუტდეს და უარი თქვას იმის კეთებაზე, რასაც მისგან მოვითხოვთ.ხშირი კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის და დაძაბული ატმოსფერო იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა – ასეთ დროს ბავშვის სიჯიუტე ბუნებრივი რეაქციაა მისთვის ძვირფას ადამიანებს შორის კონფლიქტებზე. ამ გზით ის მათი ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას და მათ შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში (საცხოვრებელი ადგილის, საბავშვო ბაღის, სკოლის შეცვლა, მშობლების დაშორება) – თუ წინასწარ არ მოვამზადებთ ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, ის შესაძლოა დაითრგუნოს, ისე განიცადოს ცხოვრების ჩვეული წესის დარღვევა, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყოს.უფროსების მიმართ წყენის, ბრაზის გამოხატვის სურვილი – ხშირად სიჯიუტე საუკეთესო საშუალებაა უფროსების მიმართ უკმაყოფილების, ბრაზის, წყენის გამოსახატავად. ამ შემთხვევაში სიჯიუტე შურისძიების იარაღია. ასეთი ქცევა ძალიან კარგად ავლენს პრობლემებს უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობაში.
რეკომენდაციები სიჯიუტის დასაძლევადუპირველესად, ვერიდოთ დაპირისპირებას. არ შეიძლება მოვთხოვოთ პატივისცემა ბავშვს და პატივი არ ვცეთ მას. ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის უფლება. კარგი იქნება, თუ ის თავად იგრძნობს თავისი სიჯიუტის არასასიამოვნო შედეგებს. შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება პიროვნული განვითარების გზაა. ვეცადოთ, შევთავაზოთ დახმარება და არ მოვახვიოთ თავს ჩვენი ქმედება.მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მივცეთ საშუალება, თავად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ შეუძლია, უჩვენოდ აკეთოს რამე, ის კმაყოფილებას იგრძნობს, თავდაჯერება, მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა მოემატება, რაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.ვიყოთ მომთმენნი. ვერიდოთ ფიზიკური ძალის გამოყენებას, სიმკაცრეს, აკრძალვებს. ნუ დავამცირებთ პატარას და ნუ გავაუფასურებთ მის სურვილებს, მოთხოვნილებებს. ვეცადოთ, სიტუაციას „ბავშვის თვალით“ შევხედოთ. ვესაუბროთ მის გრძნობებზე, დავანახოთ, რომ გვესმის მისი – „ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მეც მემართება ხოლმე ასე, როცა რამე არ გამომდის“.დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიცია; მშრალი აკრძალვები და მოთხოვნები ჯიუტ ბავშვებთან არ ჭრის.მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, შევქმნათ მშვიდი გარემო. ბავშვის სიჯიუტე, როგორც რეაქცია ოჯახურ პრობლემებზე, იმის ინდიკატორია, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება.როგორი დაკავებულიც უნდა ვიყოთ, გამოვყოთ დრო ბავშვთან აქტიური ურთიერთობისთვის. ხშირად იმისთვის ჯიუტობენ, რომ მოუცლელი მშობლების ყურადღება მიიპყრონ. საკმარისია, ბავშვთან მეტი დრო გავატაროთ, რომ მისი ქცევა შესამჩნევად შეიცვლება, თავად ბავშვიც უფრო ღიმილიანი, დამჯერი და გულისხმიერი გახდება.ვერიდოთ გაჯიუტებულ ბავშვთან კონფლიქტს. ამ დროს მასთან კამათი უსარგებლო და უკიდურესად დამქანცველია. ჩხუბითა და დაპირისპირებით ბავშვის მორჩილებას ნამდვილად ვერ მივაღწევთ, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კი გავაუარესებთ.შევუქმნათ ბავშვს არჩევანის ილუზია. თუ ის უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, შევთავაზოთ ალტერნატივა. ამასთან, აუცილებელი არ არის, ეს ალტერნატივა რეალური იყოს. მაგალითად: „რა გავაკეთოთ პირველად, ვისადილოთ თუ სათამაშოები დავალაგოთ?“ ამ შემთხვევაში ბავშვი ჩვენს თხოვნას ბრძანებად არ აღიქვამს და მშვიდად შეასრულებს მას.დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ჯიუტობა სწორი მართვის პირობებში არც ისეთი საგანგაშოა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. უფრო მეტიც, სიჯიუტე სკოლამდელ პერიოდში ნორმა უფროა, ვიდრე გადახრა. ამდენად, თუ ბავშვის სიჯიუტე ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას, შეიძლება, მას გარკვეულ საზღვრებში გასაქანიც კი მივცეთ – ამგვარად ის ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამიტომ არ ღირს განგაშის ატეხა; სწორი მიდგომით დროთა განმავლობაში პრობლემა მოგვარდება, ბავშვი თანდათან დაძლევს სიჯიუტეს და კვლავ გამგონი, დამჯერი გახდება.