დასასვენებლად ბავშვთან ერთად
სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, რომ დასვენება მისთვის სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც? გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.
- ბავშვი ზაფხულის სიცხეს, მტვერს, უჰაერობას რომ უნდა გავარიდოთ, ყველამ ვიცით, მაგრამ თუ ის ჯერ მეტისმეტად პატარაა, იქნებ მისთვის კლიმატის შეცვლა საერთოდ არ იყოს მიზანშეწონილი?
- ზაფხულში ჰაერის გამოცვლა სწორედ ჩვილისთვის არის საჭირო. მშობლებს აშინებთ ქალაქიდან მოშორებულ კურორტზე პატარას წაყვანა და უპირატესობას თბილისის შემოგარენს ანიჭებენ. არც ეს არის ურიგო გამოსავალი, რადგან თბილისი მთის კლიმატური კურორტებით არის გარშემორტყმული, რომელთა ღირსება ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა და მუდმივი მოძრაობაა. წყნეთი თბილისთან ყელაზე ახლოს, სულ 10 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 800-1000 მეტრზე მდებარეობს. კოჯორი თბილისიდან 18 კილომეტრზე, ხოლო ზღვის დონიდან 1300 მეტრზეა. აქ შესანიშნავი მთის ჰავაა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ბავშვებს.
კოჯორში დასვენებას ვურჩევთ იმ პატარებს, რომლებსაც აქვთ ბრონქადენიტი, ლიმფადენიტი, ბრონქული ასთმა, ძვლისა და სახსრების ტუბერკულოზი, ჰიპოქრომული ანემია, რაქიტი, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლილობა. კიკეთი - მდებარეობს თბილისიდან 27კმ-ზე, ხოლო კოჯრიდან 9კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1100მ-ზე. მისი მშრალი ჰავა განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სასარგებლო. მანგლისი თბილისიდან 64 კილომეტრზე (კოჯრის გავლით), ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა. მისი სამკურნალო ფაქტორია მთისა და წიწვოვანი ტყის ჰავა, რომელიც ასევე ძალზე სასარგებლოა პატარებისთვის.
- ბავშვების გასაკაჟებლად პედიატრები მშობლებს მთიან კურორტებს ურჩევენ. რომელი მათგანია საუკეთესო მცირე ასაკის ბავშვებისთვის და რატომ?
- მცირეწლოვანი ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია დაბალი მთის კურორტები, სადაც ჰავა გარდამავალია ბარსა და მთას შორის, ორგანიზმზე ძლიერ ზემოქმედებას არ ახდენს და არც შეგუებას (აკლიმატიზაციას) ართულებს. ასეთია ბორჯომი, სურამი, ქვიშხეთი, ახალდაბა, საირმე, ზვარე.
დაბალი მთის კურორტების უმრავლესობა შერეული ტიპისაა - აქ ხელსაყრელ კლიმატურ პირობებთან ერთად არის მინერალური წყლებიც.
წაღვერი, ცემი, ბაკურიანი, წყნეთი, კიკეთი, მანგლისი, კოჯორი, აბასთუმანი, შოვი, ლებარდე, ფასანაური, გომბორი, ტბა (ბაკურიანთან) საშუალო მთის კურორტებია. მათ გარს არტყია ტყის დიდი მასივები, რომლებიც ჰაერს ოზონით ამდიდრებენ და ულამაზეს ლანდშაფტს ქმნიან. ჰაერი აქ სუფთა და გამჭვირვალეა, დღეღამური ტემპერატურა - ზომიერად ცვალებადი, მზის რადიაცია - ინტენსიური და ხანგრძლივი. მზე ზაფხულობით თითქმის ორჯერ მეტხანს ასხივებს, ვიდრე ზამთარში. სამაგიეროდ, ზამთრობით ჰაერი ნაკლებად შეიცავს ორთქლს.
საშუალო მთის კლიმატი უხდება ფილტვის ტუბერკულოზს, ბრონქულ ასთმას (მსუბუქ ფორმას) და სხვა ალერგულ დაავადებებს.
მაღალი მთის კურორტების ჰავა ორგანიზმის გასაკაჟებლად საუკეთესოა. საქართველოში მაღალი მთის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ბახმარო. იგი ზღვასთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული, რაც მას არბილებს და განსაკუთრებულ თვისებებს ანიჭებს. ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, ანემიას. განსაკუთრებით კარგია ბახმაროში დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ.
ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან, ავადმყოფობენ და, საზოგადად, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები.
- სად წავიყვანოთ ბავშვი, რომელსაც რაქიტის ნიშნები აქვს?
- რაქიტი ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის პათოლოგიაა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ბავშვების უმრავლესობას აქვს. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. რაქიტის არა მარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მზეს, მარილიან წყალსა და მაგნიტურ ქვიშას. ასეთი ადგილი საქართველოს სანაპირო ზოლზე ურეკია.
ურეკის სამკურნალო მაგიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს მას სხეულს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება. ამავე დროს მექანიკურ, მასაჟის მსგავს ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე. ქვიშის თბილ აბაზანებს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც.
- როგორ გამოვიყენოთ მაგნიტური ქვიშა სამკურნალოდ?
- უპირველეს ყოვლისა, ქვიშა უნდა იყოს სუფთა. ხშირად სანაპიროს თვით დამსვენებლები აბინძურებენ საკვების ნარჩენებით. მათ ეხვევა უამრავი მწერი, რომელთა ნაკბენიც პატარასთვის სახიფათოა. ქვიშას სიბინძურე რომ მოვაშოროთ, სასურველია, გავცრათ. დილით ადრე გაცრილ ქვიშაში გააკეთეთ ორმო, 11-12 საათისთვის, როცა ქვიშა გათბება, ბავშვი ორმოში ჩასვით და ზედ გამთბარი ქვიშა დააყარეთ. გარდა თავისა, ღია დაუტოვეთ კისერი, გულმკერდი. მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია პროცედურა ქოლგის ჩრდილში ჩაატაროთ. პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და თანდათანობით 5-15 წუთამდე იზრდება. პროცედურის შემდეგ ბავშვს სხეულიდან ქვიშა ჩამოუბერტყეთ, ზეწარი შემოახვიეთ და 10-15 წუთით ჩრდილში დააწვინეთ, მერე კი შეიძლება თბილი წყალი გადაავლოთ. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანას მოიცავს.
- რამდენ ხანს დავრჩეთ კურორტზე, რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს?
- კარგი იქნება, თუ მოახრხებთ და მთის კურორტზე ერთ თვეს მაინც დარჩებით. ასევე მეტი ეფექტურობისთვის გირჩევთ, ზედიზედ 3-4 წელი როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც ერთსა და იმავე კურორტზე დაისვენოთ.
- როგორ ვლინდება ბავშვებში ჰავასთან შეგუების პროცესი - აკლიმატიზაცია? შეიძლება თუ არა მისი შემსუბუქება?
- ახალ გარემო პირობებთან შეგუების პროცესი თითქმის ყველა ბავშვისთვის ერთნაირად მიმდინარეობს. ამას ჩვენ აკლიმატიზაციას ვუწოდებთ. ის სხვადასხვანაირად ვლინდება, თუმცა ძირითადი ნიშნები ერთნაირია: სუბფებრილური სიცხე (37-37,5 გრადუსამდე), ჭირვეულობა, მოუსვენრობა, უმადობა, უძილობა. მშობლები ამისთვის მზად უნდა იყვნენ.
აკლიმატიზაციის გასაადვილებლად, გირჩევთ, კურორტზე თვეზე ნაკლები ხანი არ დაყოთ. არცთუ იშვიათად მშობლები ცდილობენ, შვებულება მაქსიმალურად გამოიყენონ და რამდენიმე ადგილს ესტუმრონ: 10 დღით - მთას, 10 დღით - ზღვას და ასე შემდეგ. ასეთ მოკლე დროში ორ განსხვავებულ კლიმატურ ზონაში დასვენება გაუმართლებელია - ბავშვის ორგანიზმი ერთ ადგილთან შეგუებას ვერ ასწრებს, რომ გამგზავრება უწევს და მეორე ადგილთან შეგუება უხდება. ამგვარად, მთელი თვე შეგუების პროცესში გაივლის და ორგანიზმი დასვენების ნაცვლად სტრესს განიცდის. გარდა ამისა, არცთუ იშვიათად ბავშვებს თვით მგზავრობაც ძნელად გადააქვთ, აწუხებთ პირღებინების შეგრძნება, გულისრევა და დისკომფორტი მუცლის არეში. ამ უსიამოვნებას თავიდან ააცილებთ, თუ წინასწარ, გამგზავრებამდე 30-45 წუთით ადრე დაალევინებთ დრამინას, დოპროკინს ან მათ მსგავს სხვა პრეპარატს, რომელსაც პედიატრი გირჩევთ.
- სამგზავრო თადარიგს დედა საოჯახო აფთიაქის მოწესრიგებით იწყებს. თქვენ რას ურჩევთ მშობლებს, რომელი მედიკამენტი წაიყოლონ აგარაკზე?
- უპირველეს ყოვლისა - პირველი დახმარებისთვის აუცილებელი საშუალებები: ბამბა, ბინტი, ბრილიანტის მწვანე, ფურაცილინის ხსნარი, წყალბადის ზეჟანგი, სამედიცინო სპირტი, ასევე - თერმომეტრი, სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლი, იბუპროფენი), ელექტროლიტების ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი (რეჰიდრონი, აისოლი), ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებები, ჰორმონ დექსამეტაზონის ამპულა, ერთჯერადი შპრიცები.
- კურორტი შევარჩიეთ, ჩანთა ჩავალაგეთ, მედიკამენტებიც ადგილზეა, ბავშვიც მოვამზადეთ ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დასასრულ, რას ურჩევთ მშობლებს?
- განურჩევლად იმისა, მთაში მიგყავთ ბავშვი თუ ზღვაზე, გახსოვდეთ ოქროს წესი - ნუ დაკარგავთ ზომიერების გრძნობას. პატარა თანდათან შეაგუეთ მზეს, ზღვას, ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას. გაითვალისწინეთ, რომ მაღალმთიან კურორტებზე დღისით და ღამით ტემპერატურული სხვაობა საგრძნობია, ამიტომ ბავშვს დილით, შუადღისით და საღამოს შესაბამისად ჩააცვით.
სასურველია, კურორტზე გამგზავრებამდე თქვენი შვილის პირად პედიატრს გაესაუბროთ, რათა შეიტყოთ, რამდენად სწორად გაქვთ შერჩეული დასასვენებელი ადგილი. კეთილ მგზავრობასა და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ.