ბრონქული ასთმის მკურნალობის სპეციფიკა და სიახლეები
მისი რაციონალური მკურნალობა, სწორი მართვა და პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესება პროფესიონალ ექიმ-ალერგოლოგთა კომპენტენციაა.
ვითვალისწინებთ რა ასთმით შეწუხებულ პაციენტთა და საზოგადოდ, ჩვენი ჟურნალის მკითხველთა თხოვნას, გთავაზობთ დაწვრილებით ინფორმაციას ბრონქული ასთმის თანამედროვე მკურნალობაზე, იმ მედიკამენტურ საშუალებებზე, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ბრონქული ასთმის თერაპიაში.
რა ჯგუფის პრეპარატები ინიშნება უმთავრესად ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და რატომ? როგორია მათი მოქმედების მექანიზმი, რა გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა ისინი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - მურმან კიკვიძე. ბატონი მურმანი დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესიონალია. სწორედ დიდი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერი დამოკიდებულების გამო მას უამრავი პაციენტი ემადლიერება.
- ბატონო მურმან, რას მოიცავს ბრონქული ასთმის მკურნალობა? რომელი ჯგუფის პრეპარატები ინიშნება ძირითადად და რატომ?
- ბრონქული ასთმა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი სიხშირე მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება. ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებაა და შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. მისი ჰიპოდიაგნოსტიკა, სიხშირის ზრდა, საზოგადოებასა და თითოეულ პაციენტზე დაავადების სოციალურ-ეკონომიკური გავლენა განაპირობებს ექიმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას და მუდმივ განახლებას ასთმის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში.
სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩვენ არ შეგვიძლია პაციენტი სრულად განვკურნოთ ბრონქული ასთმისგან, მაგრამ შეგვიძლია სრული კონტროლი დავამყაროთ ასთმით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობაზე. მათი ცხოვრების ხარისხი შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და არაფრით განსხვავდებოდეს ჯანმრთელი პირებისგან. ეს კი დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და ადეკვატური მკურნალობის საფუძველზე მიიღწევა.
ასთმა კონტროლს დაქვემდებარებული დაავადებაა. მისი მკურნალობის მიზანი სწორედ დაავადების კონტროლია და გულისხმობს ისეთი მდგომარეობის მიღწევას და შენარჩუნებას, როგორიცაა:
- ღამის უსიმპტომობა;
- დღის უსიმპტომობა ან კვირაში 2-ზე ნაკლები;
- ყოველდღიური შეუზღუდავი აქტივობა;
- არ აღენიშნება გამწვავება;
- არ არის გადაუდებელი დახმარების პრეპარატების აუცილებლობა ან მინიმალურია (2-ზე ნაკლები კვირაში);
- გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმალურია;
- ბრონქულ ასთმაზე კონტროლი ნიშნავს დაავადების კლინიკურ გამოვლინებაზე კონტროლს და ეს კრიტერიუმები განსაზღვრულია ასთმის გლობალური ინიციატივის დოკუმენტში (GINA, 2006).
ასთმასთან დაკავშირებული დიდი ინტერესის გამო ყოველწლიურად იმართება ასთმის მსოფლიო დღე. ის საქართველოში მაღალ დონეზეა ორგანიზებული და უკვე რამდენიმე წელია ამ დღის გზავნილია: „თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ასთმა“.
ბრონქული ასთმის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია ფარმაკოთერაპია. ასთმის სამკურნალო ყველა მედიკამენტი იყოფა ორ ჯგუფად:
- გადაუდებელი დახმარებისა და
- ბაზისური (მუდმივი თერაპიის) პრეპარატები.
პირველ ჯგუფს ეკუთვნის სწრაფად მოქმედი B-ადრენომიმეტური, საინჰალაციო ანტიქოლინერგული პრეპარატები და მათი კომბინირებული საშუალებები. ისინი ხსნიან ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმს.
მწვავე ბრონქოსპაზმისა და ფიზიკური დატვირთვის დროს განვითარებული სპაზმის საპროფილაქტიკოდ გამოიყენება საინჰალაციო მოკლე მოქმედების B2 აგონისტები. ეს პრეპარატები ასთმით დაავადებულთათვის კარგადაა ცნობილი (სალბუტამოლი, ვენტოლინი, ბეროტეკი). მათი გამოყენება რეკომენდებულია გადაუდებელი დახმარებისთვის, საჭიროების მიხედვით, და უნდა იყოს მინიმალური. ამ პრეპარატების ხშირი, ყოველდღიური მოხმარება იწვევს ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორებიცაა გულის ფრიალი, თავის ტკივილი, კანკალი.
ასთმის სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება გახანგრძლივებული მოქმედების B2 აგონისტებიც (ფორმოტეროლი). მას მოქმედების სწრაფი დაწყება ახასიათებს და ხანგრძლივად ინარჩუნებს ბრონქების გამაფართოებელ ეფექტს. ასთმის გლობალური ინიციატივის გზამკვლევი (გაიდლაინი) მიუთითებს ამ უკანასკნელის გამოყენებას მხოლოდ საინჰალაციო ანთების საწინააღმდეგო გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად. მარტო ფორმოტეროლის ხანგრძლივად ხმარება ნიღბავს ქვედა სასუნთქ გზებში მიმდინარე ქრონიკულ ანთებას და ზრდის ბრონქული ასთმის მძიმე გართულების რისკს. ეს ახლებური მიდგომა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმაც და იმ ექიმებმაც, რომლებიც მართავენ ასთმას.
- საინჰალაციო საშუალებები უწინდებურად არ კარგავენ მნიშვნელობას, რომელია სადღეისოდ განსაკუთრებულად პოპულარული, ეფექტური და რატომ?
- ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ ჩვენს სინამდვილეში ასთმიანი პაციენტები ხშირად ამჯობინებენ სწრაფად მოქმედი ინჰალატორების ხმარებას; ეს უკანასკნელი, მართალია, უმსუბუქებს მათ სიმპტომებს, მაგრამ ამ შეღავათით პაციენტები წყვეტენ დაწყებულ ბაზისურ მკურნალობას. აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს:
- პაციენტის არასაკმარისი ცოდნა დაავადების სერიოზულ მიმდინარეობაზე;
- ექიმისა და პაციენტის არასაკმარისი ურთიერთობა დაავადების მართვისას;
- მუდმივსახმარი ბაზისური მედიკამენტების სიძვირე.
დავძენ, რომ ალერგიული ასთმა ქრონიკული ანთებითი პროცესია. შესაძლებელია პაციენტს არ ჰქონდეს დაავადების სიმპტომები და გარეგანი სუნთქვის ფუნქციის პარამეტრები ნორმაში იყოს, მაგრამ ბრონქული ხის ლორწოვანის ალერგიული ანთება შენარჩუნებულია და მის ჰიპერმგრძნობელობას განაპირობებს. ეს კი იწვევს ბრონქების კედლის ფიბროზულ ცვლილებებს, ე.წ. რემოდელირებას, რაც შემდგომ სასუნთქ გზებში შეუქცევად პროცესს განაპირობებს.
ყურადსაღებია, რომ ასთმის დამძიმება (სტატუსი) გვხვდება არა მარტო საშუალო და მძიმედ მიმდინარე ფორმების დროს, არამედ მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებშიც. სტატისტიკური მონაცემებით, მსუბუქად მიმდინარე ასთმის დროს ჰოსპიტალიზაციის 30-40% მისი გამწვავების გამოა.
ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატები:
- საინჰალაციო და სისტემური მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები;
- კრომონები;
- გახანგრძლივებული მოქმედების თეოფილინები;
- ლეიკოტრიენული რეცეპტორების ანტაგონისტები;
- იმუნოგლობულინ E-ს მიმართ მოქმედი ანტისხეულები.
ბაზისურ შემანარჩუნებელ თერაპიაში პრიორიტეტი საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდებს ეკუთვნის. ესენია:
- ბეკლამეტაზონ დიპროპიონატი (ბეკლაზონი, ბეკოტიდი, კლენინი);
- ბუდესონიდი (პულმიკორტი, ბენოკორტი);
- ფლუტიკაზონ დიპროპიონატი (ფლიქსოტიდი);
- მომეტაზონის ფუროატი.
აღნიშნული მედიკამენტები:
- თრგუნავენ სიმპტომებს და დაავადების გამწვავებას;
- აუმჯობესებენ ფილტვების ფუნქციურ მაჩვენებლებს;
- ამცირებენ ბრონქების ჰიპერმგრძნობელობას და იწვევენ ბრონქების შეშუპების დათრგუნვას.
ადრეულად დანიშნული საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდები აუმჯობესებენ ასთმის კონტროლს, იწვევენ ფილტვების ფუნქციის ნორმალიზებას და სასუნთქი გზების შეუქცევადი დაზიანების დათრგუნვას.
სისტემური სტეროიდებისაგან განსხვავებით, ამ ჯგუფის საინჰალაციო მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ძალზე მინიმალურია. ადგილობრივ არასასურველ ეფექტს კი მიეკუთვნება:
- პირის ღრუს კანდიდოზი;
- ხმის შეცვლა;
- რეფლექტორული ხველა;
- პარადოქსული ბრონქოსპაზმი.
ამ არასასურველ გამოვლინებათა დათრგუნვა შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით:
- სპეისერის გამოყენება (სპეციალური კამერა, რომელიც მიერთებულია დოზირებულ აეროზოლთან და ზრდის პრეპარატის ფილტვებში მაქსიმალურად შეღწევას, ამცირებს პირის ლორწოვანის დაზიანების რისკს);
- ინჰალაციის შემდეგ პირის ღრუს გამოვლება მინერალური ან ჩვეულებრივი წყლით;
- პრეპარატის გამოყენების ჯერადობის შემცირება.
პარადოქსული ბრონქოსპაზმი მოიხსნება სწრაფად მოქმედი ბრონქოდილატატორის შესუნთქვით (ვენტოლინი, სალბუტამოლი), რომელიც რეფლექტორულ ხველასაც თრგუნავს.
- რას გვეტყვით კომბინირებულ პრეპარატებზე?
- ასთმის მკურნალობაში გაცილებით ეფექტური და პერსპექტიული მოქმედებისაა გახანგრძლივებული მოქმედების B2 აგონისტის და საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდის კომბინაცია, რაც ასთმის ბაზისური თერაპიის საფუძველია. ამ ჯგუფის მედიკამენტების შექმნას მკაცრი სამეცნიერო დასაბუთება აქვს. ორი სხვადასხვა კლასის პრეპარატი ერთ ინჰალატორში ბრონქული ასთმის პათოფიზიოლოგიურ მექანიზმზე სინერგიულად მოქმედებს. გლუკოკორტიკოსტეროიდი თრგუნავს ქრონიკულ ანთებას, ამცირებს ბრონქულ ჰიპერმგრძნობელობას, ხოლო გახანგრძლივებული მოქმედების B2 აგონისტი არა მარტო ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებას იწვევს, არამედ თრგუნავს ბრონქების შემავიწროებელი მედიატორების გამოთავისუფლებას სასუნთქი გზების სამიზნე უჯრედებიდან და ამცირებს ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას.
ამ ჯგუფს ეკუთვნის:
- სალმეტეროლ/ფლუტიკაზონი (სერეტიდი, ფიქს ფლოუ, ეარფლუსალი);
- ფორმოტეროლ/ბუდესონიდი (სიმბიკორტი).
სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები არაა რეკომენდებული ასთმის შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, რადგან მათ ხანგრძლივ ხმარებას (ტაბლეტირებული, საინექციო ფორმა) თან ახლავს რიგი გართულებები:
- წყალელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;
- ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები;
- კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, სისხლდენა;
- არტერიული წნევის მატება;
- სიმსუქნე;
- ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის გამოვლენა;
- ბავშვების ზრდის დარღვევა;
- ინფექციების აქტივაცია და სხვა.
სისტემური მოქმედების გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყენება ბრონქული ასთმის გამწვავებისას მძიმედ მიმდინარე ფორმის დროს და გამწვავების შედგომ პროგრესირებას უშლის ხელს. ინიშნება 5-10 დღიანი ინტერვალით და გამწვავების კუპირების შემდეგ მოიხსნება ან დოზა თანდათან მცირდება და პაციენტი აგრძელებს საინჰალაციო შემანარჩუნებელ თერაპიას.
- ბოლო წლები ასთმის მკურნალობაში წარმატებით გამოიყენება ანტილეიკოტრიენული პრეპარატები. აუხსენით მკითხველს, რა განაპირობებს მათ ეფექტურობას.
- დავიწყოთ იმით, რომ ლეიკოტრიენები ალერგიული ანთების წამყვანი მედიატორებია. არ იქნება ზედმეტი კიდევ გავიმეოროთ, რომ ასთმა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა და მასში მრავალი უჯრედი და უჯრედული ელემენტი მონაწილეობს.
ალერგიული ასთმის და საზოგადოდ, სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს ალერგენის მოხვედრის შემდეგ ალერგიულად განწყობილ პირებში გამოთავისუფლდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ჰისტამინი, ლეიკოტრიენები, პროსტოგლანდინები და სხვა), რომლებიც იწვევენ ანთებას, რასაც მოჰყვება დაავადების კლინიკური ნიშნები (ბრონქოსპაზმი, ქავილი, გამონაყარი და სხვ.). ლეიკოტრიენები გამოირჩევა საკმაოდ ძლიერი ბიოლოგიური აქტივობით და ამდენად მათ დათრგუნვას დიდი მნიშვნელობა აქვს ასთმის მკურნალობაში სასურველი შედეგის მისაღწევად.
ცისტეინური ლეიკოტრიენები იწვევენ ბრონქების შევიწროებას, აძლიერებენ ბრონქებში ლორწოს გამოყოფას სისხლძარღვების განვლადობის ზრდასთან ერთად და ავითარებენ ლორწოვანის შეშუპებას. ლეიკოტრიენების დათრგუნვის ორი გზა არსებობს: მათი სინთეზის და უჯრედის დონეზე მათი ეფექტის შეფერხება. პირველი მექანიზმის დამთრგუნველი პრეპარატია ზილეუტონი, ხოლო მეორე, რეცეპტორთა ანტაგონისტ პრეპარატებს მიეკუთვნება:
- ზაფირლუკასტი (აკოლატი);
- მონტელუკასტი (სინგულარი, ვანსეარი, მონკასტა, მოტეკი, ლუკამონტი).
ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მრავალი ანტილეიკოტრიენული პრეპარატია შემოსული. ორიგინალური პრეპარატები რიგით პირველად გადიან რეგისტრაციას და მათ ხშირად ბრენდებსაც უწოდებენ. ტერმინოლოგიის მიუხედავად, ორიგინალური ან ეტალონური წამალი არ ნიშნავს იმას, რომ ის ბრენდულ ჯენერიკზე ან ჯენერიკზე უკეთესია. აღნიშნული მედიკამენტები გადიან სპეციალურ ფარმაკოლოგიურ კვლევას და შემდეგ შემოდიან ფარმაცევტულ ბაზარზე. ასე რომ ჩვენთან არსებული ამ ჯგუფის მედიკამენტები ბიოეკვივალენტურნი არიან და წარმატებით გამოიყენება რიგი ალერგიული დაავადების სამკურნალოდ.
- დღეს ძალიან პოპულარულია პრეპარატები მონტელუკასტი და ვანსეარი. მკითხველები ხშირად გვეკითხებიან მათ შესახებ, მათი მოქმედების მექანიზმზე. რატომ არის ასე პოპულარული ეს პრეპარატები? როდის არ შეიძლება მათი დანიშვნა, რა უკუჩვენებები აქვს მათ?
- პაციენტებიც ხშირად გვეკითხებიან ვანსეარის გამოყენების შესახებ. წლების განმავლობაში საკმაო გამოცდილება გვაქვს ამ პრეპარატის გამოყენებისა მოზრდილ პაციენტებთან და ბავშვებთანაც.
ვანსეარი ცისტეინური ლეიკოტრიენების ბლოკირებით თრგუნავს მათ პათოლოგიურ ეფექტს სასუნთქ გზებში და იწვევს სიმპტომების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ბრონქოსპაზმის მქონე ბავშვებთან. ამ ეტაპზე საგრძნობლად იმატებს ბავშვებისა და მოზრდილების ვირუსული ინფექციების სიხშირე. ხშირად ვირუსული ინფექცია ბავშვებს უვითარებს ბრონქების ობსტრუქციულ მდგომარეობას, რაც მსტვინავი სუნთქვით გამოვლინდება. მას თან ახლავს შეუპოვარი ხველა, ცხვირის გაჭედვა, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა, სიმპტომების გაძლიერება მეტად ღამით. ლეიკოტრიენების დონე 5-ჯერ უფრო მაღალია ვირუსული ინფექციის დროს ცხვირ-ხახის სეკრეტში, ვიდრე ობსტრუქციის გარეშე მიმდინარე ზემო სასუნთქი გზების ინფექციისას. მონტელუკასტის ჩართვა მწვავე ეპიზოდის პირველი ნიშნებიდანვე სტანდარტულ თერაპიასთან ერთად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იძლევა.
ბრონქული ასთმის დროს ვანსეარის ხანგრძლივი, 3-12-თვიანი მკურნალობის ფონზე მნიშვნელოვნად მცირდება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებისა და B2 აგონისტების გამოყენება. ეს პრეპარატი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენება და ალერგიის წინააღმდეგ მიმართული განსხვავებული გზაა. ვანსეარით დაახლოებით 100 000 კაცია ნამკურნალები საქართველოში.
მონტელუკასტი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს, როცა პაციენტს აღენიშნება მომეტებული მგრძნობელობა წამლის რომელიმე კომპონენტის მიმართ. ეს ეფექტები მსუბუქია და ხშირად არ მოითხოვს წამლის მოხსნას. მაგალითად: თავის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი კანზე, წყურვილის გრძნობა. რა თქმა უნდა, პაციენტმა ამ სიმპტომების შესახებ ექიმს უნდა აცნობოს.
ასთმის მკურნალობაში საკმაო ხანი წარმატებით გამოიყენებოდა კრომონები –კრომოგლიკატის მჟავას წარმოებულები (ინტალი, ტაილედი). ეს პრეპარატები იწვევენ სამიზნე უჯრედების მემბრანის სტაბილიზაციას და აფერხებენ მათგან ალერგიული რეაქციის მედიატორების გამოყოფას. დღეისათვის მათი გამოყენება მოზრდილებისთვის არაა იმდენად ეფექტური, რადგან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების ეფექტი ბევრად აღემატება კრომონებით მკურნალობის შედეგს.
აღსანიშნავია ასთმის მკურნალობაში გახანგრძლივებული თეოფილინების როლი. მათ აქვთ ბრონქოდილატაციური მოქმედება და დაბალ დოზებში სუსტი ანთების საწინააღმდეგო უნარი. ამ ჯგუფს ეკუთვნის პუროქსანი, თეოტარდი, დოქსაფინი. მაღალი დოზით მოხმარების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულის რიტმის დარღვევა, გულისრევა, კრუნჩხვები.
- რა სიახლეა სადღეისოდ ასთმის მკურნალობაში? რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, რა ახლებური მიდგომა გამოიკვეთა?
- სიახლედ უნდა ჩაითვალოს ბრონქული ასთმის მკურნალობაში მონოკლონური ანტი IგE ანტისხეულები (ანტისხეულები იმუნოგლობულინ E-ს მიმართ). როგორც ცნობილია, ალერგიულ, ატოპიურ პაციენტებს აქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა. ორგანიზმში მოხვედრილი გარე ალერგენები (საყოფაცხოვრებო და მცენარეული მტვერი, ეპიდერმული და სოკოვანი ალერგენები და სხვა) მეტად იწვევს ასეთი პირების ალერგიულ მზადყოფნას და ალერგენის განმეორებით მოხვედრის შემდეგ გამომუშავდება ალერგიული იმუნოგლობულინი E და ალერგენთან ერთად აღძრავს ალერგიულ რეაქციას, რაც სამიზნე უჯრედებიდან მედიატორების გამოტყორცნას იწვევს და ასთმის ნიშნები იჩენს თავს. რეკომბინირებული ანტისხეულები მიმართულია სწორედ ამ მომატებული იმუნოგლობულინ E-ს მიმართ და თრგუნავს მის დამაზიანებელ ეფექტს.
ამ ჯგუფს ეკუთვნის ომალიზუმაბი (ქსოლეარი), მეპოლიზუმაბი. ომალიზუმაბი ასთმის მკურნალობის რეკომენდაციებში (გაიდლაინში) ჩართულია მეხუთე საფეხურზე და ასთმის კონტროლის მიღწევაში მძიმე ფორმის ასთმის დროს მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, მით უმეტეს, რომ ხშირად საშუალო და მძიმე ფორმის ასთმით დაავადებული პაციენტები მდგრადნი არიან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიმართ. აღნიშნული პრეპარატები მხოლოდ საინექციო სახითაა წარმოდგენილი, ძვირად ღირებულია და მათი გამოყენება დასაშვებია კომპენტენტური ალერგოლოგ-იმუნოლოგის მიერ.
როგორც ხედავთ, ასთმა კაცობრიობის სერიოზული დაავადებაა. ის არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია მისი კონტროლი. ასე რომ ასთმიანი პაციენტებისათვის იმედის მომცემია როგორც დღეს არსებული მედიკამენტებით მკურნალობა, ისე მომავლის შედეგიანი პრეპარატები.
საჭიროა ასთმის დროული და სწორი დიაგნოსტიკა, მკურნალობის დროული დაწყება, პაციენტთა კავშირი მკურნალ ექიმებთან, რომ თავი იგრძნონ უფრო კომფორტულად, სუნთქვა იყოს თავისუფალი და ცხოვრება - მშვენიერი.