როცა ბავშვის თქვენს გარეშე დატოვება გიწევთ
შესაძლოა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გამგზავრების სურვილიც გაგიჩნდეთ. როგორი იქნება ბავშვის რეაქცია? მოდი, განშორებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე ვისაუბროთ.
რამდენი ხნით მივდივართ?
რა თქმა უნდა, ეს ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ 3-5 დღეს არ გადავაცილებთ. პატარას დედას საუკეთესო ბებია და ძიძაც კი ვერ შეუცვლიან.
მე დავბრუნდი!
თქვენ დაბრუნდით და ელოდით, რომ პატარა გულში ჩაგეკვრებოდათ, ის კი თქვენი ფუნქციების დროებით შემსრულებელს აღარ სცილდება. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? არ არის საჭირო ძალდატანებით მოფერება, პატარას შებრალება და დაპირება, რომ დედა მას აღარასოდეს მიატოვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო განშორებისას რეაქცია გაცილებით ნეგატიური იქნება. თუ პატარა ცივად შეგხვდათ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მასთან ურთიერთობას.
წლიდან 5 წლამდე
სიცოცხლის მეორე წელს ბავშვი ახალ ჩვევებს იძენს. ის სულ უფრო უკეთ ლაპარაკობს, ესმის მისთვის ნათქვამი ფრაზების შინაარსი, მეტყველებასთან ერთად უვითარდება აზროვნების უნარიც. პატარამ უკვე ძალიან კარგად იცის, რა არის განშორება, იგებს დედის მიერ მიწოდებულ განმარტებებს და ხვდება, რას ნიშნავს სიტყვები "აუცილებელია", "ასეა საჭირო". ამ ასაკში განშორებას საგრძნობლად ამსუბუქებს ბავშვის უნარი, წარმოიდგინოს საგნები და ადამიანები მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს. ეს არის სიმბოლური წარმოდგენა, რომელიც ყალიბდება მეტყველების განვითარებასთან ერთად. პატარას უკვე შეუძლია გამოიტანოს დასკვნები და განჭვრიტოს მოვლენათა მსვლელობა: თუ დედა იცვამს, ესე იგი მალე წავა.
ფსიქიკის თავისებურებები
საბედნიეროდ, 5 წლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია, დიდხანს განიცადოს ან დიდხანს გაჰყვეს წყენა. ის ყოველთვის იპოვის სიხარულის მიზეზს - ახალ სათამაშოს ან საინტერესო ნივთს. ბავშვი დღითი დღე დამოუკიდებელი ხდება და გარკვეული ხნით საკუთარი თავის გართობაც კი შეუძლია. ამასთანავე, მას აღარ ეშინია გარესამყაროსი და მის აქტიურ კვლევას იწყებს. ყოველივე ახალი ხიბლავს და იზიდავს, მაგრამ უკვე აღარ აშინებს.
ვინ შეცვლის დედას?
2-3 წლიდან პატარა უცხო ადამიანებთანაც კი ადვილად და ხალისით ამყარებს ურთიერთობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი ამჩნევს მშობლების კეთილგანწყობას უცხოსადმი. თანდათან პატარა თანატოლებისადმი უფრო და უფრო დიდ ინტერესს იჩენს, ვიდრე უფროსებისადმი, ეთამაშება ბავშვებს და სათამაშოებსაც კი ათხოვებს მათ, დიდი ხალისით დადის სტუმრად.
არასტანდარტული რეაქცია
ყოველივე ამასთან ერთად უნდა გაითვალისწინოთ, რომ პატარა შეიძლება ძალზე მკვეთრად რეაგირებდეს დედასთან განშორებაზე. ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა ბავშვი ამჩნევს, რომ დედა შფოთავს მოსალოდნელი განშორების გამო. ემოციურმა ბავშვმა კი დედის წასვლის გამო შეიძლება მთელი სპექტაკლი გამართოს. ერთადერთი, რაც ამ დროს შეგვიძლია ვიღონოთ - დავწყნარდეთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია, უბრალოდ ბავშვი იზრდება და თავისი ინტერესების დაცვას სწავლობს. სწორედ ამიტომ უნდა შევამოკლოთ მაქსიმალურად განშორების პროცესი, მაშინაც კი, როცა ბავშვი არ წუხს - გვერწმუნეთ, საკმარისია დედა თვალს მიეფაროს და ბავშვიც დამშვიდდება. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრობლემა არ ამოიწურება ხანმოკლე ჭირვეულობით. თუ ბავშვი მოულოდნელად კარგავს მადას, ვერ იძინებს, ძილის დროს შფოთავს, ავადმყოფობს, კარგავს ინტერესს გარესამყაროს მიმართ და მუდამ დათრგუნულია, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან და ბავშვთა ფსიქოლოგთან.
რა გვიშველის?
განშორებას ოდნავ გაგვიადვილებს ალბომი ოჯახური ფოტოსურათებით. 2 წელს გადაცილებული ბავშვი ფოტოებზე უკვე ცნობს ახლობლებს. რა თქმა უნდა, ასეთ ალბომს საბავშვო ბაღში ვერ წავიღებთ, მაგრამ ბებიასთან ან ძიძასთან დარჩენის შემთხვევაში ნამდვილად გამოგვადგება. როცა შინ დაბრუნდებით, ერთი საათი მაინც უნდა დაუთმოთ პატარასთან ურთიერთობას. ჰკითხეთ, რა მოხდა დღის განმავლობაში, რამ გაახარა, რაზე ფიქრობდა... ჯობს, ასეთი საუბარი ძილისწინა პერიოდისათვის გადადოთ. ეს დაეხმარება ბავშვს, განიმუხტოს მთელი დღის განმავლობაში არსებული დაძაბულობისგან და კარგად დაიძინოს.
რამდენიმე რჩევა დედას
თუ იძულებული ხართ, რამდენიმე ხნით დატოვოთ ბავშვი, ნუ დაისჯით თავს. რა თქმა უნდა, უსიამოვნო განწყობისგან მთლიანად ვერ გათავისუფლდებით, მაგრამ ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მინიმუმამდე დაიყვანოთ. საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ ეს გამგზავრება თქვენი გააზრებული არჩევანია, თანაც პატარა უყურადღებოდ კი არა, არამედ ახლობელი და მზრუნველი ადამიანების გარემოცვაში რჩება.
თუ შფოთვის შეგრძნება არ გტოვებთ, მიიღეთ სუსტი მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება, გაისეირნეთ ქუჩაში ან პარკში, დარეკეთ შინ. იმის გაგონება, რომ პატარამ კარგად ჭამა, თამაშობს და ცხოვრებით კმაყოფილია, გიშველით.
თუ პატარას ასაკი 5 წელზე ნაკლებია, მასთან ტელეფონით საუბარი არ ღირს - ასეთი საუბარი მას სიხარულის ნაცვლად სევდას მოჰგვრის. როცა შინ დაბრუნდებით, ნუ გაგაოცებთ პატარას ქცევის ცვლილება. შვილი შეიძლება კისერზეც ჩამოგეკიდოთ და თავდაჭრილადაც შეგხვდეთ. ეს მხოლოდ დროებითი რეაქციაა. ის მალე გაივლის, საკმარისია ოდნავ მეტი ყურადღება დაუთმოთ ბავშვს.
-
შინ დაბრუნდით და პატარა გვერდიდან აღარ გცილდებათ?
მიეცით შვილს საშუალება, თქვენთან ურთიერთობის დანაკლისი შეივსოს: აჭამეთ, ესაუბრეთ, ეთამაშეთ, ყოველთვის მის გვერდით იყავით. გაივლის რამდენიმე დღე და ბავშვის ფსიქიკაც მოერევა სტრესს. ყველაფერი ნორმას დაუბრუნდება.
-
პატარა სულაც არ გამოხატავს სიხარულს თქვენი დაბრუნების გამო, თავის თავშია ჩაკეტილი?
ესეც განშორებაზე რეაქციაა. წყნარად დაჯექით მის გვერდით, ნელა ჩაერთეთ მის თამაშში, შესთავაზეთ დახმარება, აჩუქეთ სათამაშო. ეცადეთ მოუყვეთ თქვენი მგზავრობის შესახებ, გამოჰკითხოთ, რა მოხდა თქვენი არყოფნისას. ერთი სიტყვით, მიეცით საშუალება, იგრძნოს, რომ თქვენ მასთან ხართ, ოღონდ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.