ბავშვი და მისი მოთხოვნები
ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც დედები სვამენ, საკმაოდ მარტივია და ამავე დროს რთულიც:
"როგორ მივცეთ ბავშვს საკმარისი სიყვარული და ამავე დროს როგორ მოვახერხოთ, რომ პატარა არ გავანებივროთ?"
საერთო აზრი ამის თაობაზე ფსიქოლოგებსაც კი არ გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი მტკიცედ ემხრობა მოსაზრებას, რომ სიყვარული ზედმეტი არასოდეს არის, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ თუ ბავშვს ყველა მოთხოვნა შევუსრულეთ, შესაძლოა, ის მეტისმეტად გათამამდეს. ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენი თითოეული ქმედებით გავლენას ვახდენთ ბავშვზე, ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, როგორ მაგალითს ვაძლევთ შვილს, როცა მის მოთხოვნებზე ვრეაგირებთ.როგორ მოვიქცეთ, რომ პატარას არც სიყვარული მოვაკლოთ და არც გავათამამოთ?
ძუძუთა ბავშვის მოთხოვნები
ახალშობილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სითბოს, მყუდროებას, დედის სიახლოვეს, დედის რძეს და ემოციურ მიჯაჭვულობას. ამ ასაკში ბავშვის ტირილი იმის ნიშანია, რომ პატარა წუხს, რომ მისი რომელიღაც მოთხოვნა არ კმაყოფილდება ან მას რაღაც სტკივა. ფსიქოლოგების აზრით, პატარა მშობლებისგან ელის პასუხს საკუთარ დისკომფორტზე. სწორედ პასუხის ხასიათზეა დამოკიდებული სამყაროზე ბავშვის პირველი წარმოდგენა.
პატარები, რომლებიც ხშირად აჰყავთ ხელში, უნანავებენ, უმღერიან, მოთხოვნისამებრ აჭმევენ, ხვდებიან, რომ მათი მოთხოვნები მნიშვნელოვანია და შეუძლიათ, რთულ სიტუაციაში ყოველთვის ჰქონდეთ მხარდაჭერისა და დახმარების იმედი. მრავალი ფსიქოლოგის აზრით, ასე ხდება იმ პიროვნების ფორმირება, რომელსაც შეუძლია თანაგანცდა, თანაგრძნობა, გულღია ურთიერთობა.
ზოგიერთი სპეციალისტი კი იმასაც ამტკიცებს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილება ხელს უწყობს პატარა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას, რადგან შფოთვის არარსებობა და სასიამოვნო სტიმულების მრავალფეროვნება ტვინის მუშაობას ააქტიურებს. მიიჩნევა, რომ ბავშვები, რომელთაც სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში აკლიათ სითბო და სიყვარული, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კონკურენტული ბრძოლისკენ და უფრო დამოუკიდებლებიც არიან, თუმცა, იმავე დროს, უფრო მეტად შფოთავენ და უფრო მეტად უჭირთ ახლო ურთიერთობების დამყარება.
რჩევა: ნუ შეგაშინებთ ბავშვის განებივრება, თუ სიცოცხლის პირველ თვეებში მას ყველა მოთხოვნას შეუსრულებთ. ჩვილისთვის დედასთან ყოფნა აუცილებელია - ამ გზით მას უყალიბდება რწმენა, რომ ამქვეყნად მარტო არ არის, რომ ის ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია. ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
პატარა იზრდება
ყველაფერი, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტხანს დარჩება პატარა მშობლის ფრთებქვეშ, მით უფრო უკეთესად განვითარდება პიროვნულად. ბავშვების უმეტესობისთვის სიცოცხლის პირველი თვის შემდეგ ადაპტაციური პერიოდი სრულდება და სითბოსა და საკვებთან ერთად ემოციური კონტაქტის მოთხოვნილებაც ჩნდება.
პატარა ბავშვს სჭირდება, გაიგონ მისი ინდივიდუალობა, მისი ინტერესები - ამ დროისთვის ისინი უკვე იჩენს თავს. იგივე ითქმის შემეცნებით მოთხოვნილებებზეც. მაგალითად, თუ პატარა რაიმე საგნით დაინტერესდა, მაგრამ დედა, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვი სასურველ საგანთან მიიყვანოს, მას ეფერება და ჰკოცნის, პატარა, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება. როცა ბავშვს სურს, რაიმე სათამაშო თავისი ხელით აიღოს, დედა კი დაუყოვნებლივ აწვდის მას, პატარა მოკლებულია საკუთარი მიღწევით გამოწვეულ სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, დედა არა მარტო მოსიყვარულე, არამედ ძალზე ყურადღებიანიც უნდა იყოს, რათა პატარამ სწორედ ის მიიღოს, რაც განვითარებისთვის ოპტიმალურია.
ერთ წლამდეც და მერეც ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მისი ინიციატივა მშობლებმა სწორად შეაფასონ. მხიარული ღიმილი პატარას სტიმულს აძლევს, ხოლო შეშინებული გამომეტყველება და შეძახილი აბრკოლებს. ასეთი ემოციური მხარდაჭერა ბავშვს ყველა წარმოწყებისას სჭირდება, მაგრამ უსაფრთხოებაზე მზრუნველი ბევრი მშობელი ვეღარც კი ამჩნევს, რომ პატარა საკუთარ თავს სძლევს და ამით ძალიან ამაყობს - აი, ის მოულოდნელად ადგა, მაგიდიდან მაკრატელი აიღო, წვნიანი დაღვარა! ასეთ დროს აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ საკუთარი რეაქცია და პატარას ინიციატივა მეტისმეტად მკვეთრად არ უნდა დავთრგუნოთ, რადგან ბავშვმა შესაძლოა არასწორად გაგვიგოს - ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა და მოვლენების ანალიზის უნარი არ შესწევს.
რჩევა: მხარი დაუჭირეთ ბავშვის ინიციატივას, უთხარით მას, რა გააკეთა კარგად, სწორად: "ყოჩაღ, რა მაღლა აცოცდი!" მხოლოდ ამის შემდეგ აღნიშნეთ, რა იყო ცუდი: "მაგრამ მარტო აცოცება საშიშია, მხოლოდ დედასთან ერთად შეიძლება!" რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ბავშვს უსაფრთხო გარემო შევუქმნათ - ავალაგოთ და მისთვის მიუწვდომელ ადგილას შევინახოთ მძიმე და წვეტიანი საგნები, დავაცოთ როზეტები, დავმალოთ სადენები... ეს არის ოპტიმალური რეაქცია ბავშვის სურვილზე, შეისწავლოს გარემო.
ავტონომია
ერთ-ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც ფსიქოლოგები დღესაც კამათობენ, არის ის, საჭიროა თუ არა ბავშვის დამოუკიდებლობის ფორმირება, ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს თუ დაველოდოთ, თავად როდის გახდება პატარა დამოუკიდებელი, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ვნებს თუ არა პატარას ის, რომ დედა არ ეხმარება ან გვერდით არ ჰყავს მაშინ, როცა ეს საჭიროა. მაგალითად, სწორია თუ არა, პატარა მივაჩვიოთ დამოუკიდებლად ჩაძინებას 3-4 თვის ასაკში? ვიყოთ ბავშვის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც მას სურს? სერიოზული პრობლემაა თუ არა დედასთან განშორება სიცოცხლის პირველ წელს?
ზოგიერთი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ დედა და შვილი ერთად უნდა იყვნენ, თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: დიახაც, შეიძლება, შევზღუდოთ პატარას სურვილი, მუდამ დედის გვერდით იყოს და მოთხოვნა, დაუყოვნებლივ მიიღოს სასურველი ნივთი. თანამედროვე ქალისთვის, რომელიც არ არის ორიენტირებული მხოლოდ დედისა და დიასახლისის როლზე, ბუნებრივია გარკვეული ხნით პატარასთან განშორება. დასვენებული და მხიარული დედა, რომელიც პატარას ეთამაშება, გაცილებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე გადაღლილი ქალი, რომელსაც ბავშვთან ურთიერთობისას ნერვები ღალატობს, მოთმინება არ ჰყოფნის.
როცა ბავშვის მოთხოვნებს სწორად ვზღუდავთ, პატარა სულაც არ იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას. თუ საღამოს რიტუალის შემდეგ მზრუნველი დედა ბავშვს საწოლში ჩააწვენს და დამოუკიდებლად დაძინების საშუალებას მისცემს, პატარა სულაც არ იგრძნობს თავს უარყოფილად. მთავარია, დედა საკუთარ თავში დარწმუნებული და კეთილგანწყობილი იყოს. ფრანგი ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ბავშვს ღია ტექსტით ესაუბრონ - აუხსნან, რატომ მიდიან, როდის მოვლენ და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, თავად დედა მშვიდდება, როცა თავის აზრებსა და გრძნობებს ახმოვანებს. პატარა კი მხოლოდ მშობლის ემოციის მიხედვით გრძნობს, ემუქრება თუ არა საშიშროება.
მეორეც, ბავშვი სინამდვილეში იმაზე მეტს ხვდება, ვიდრე გვგონია. მრავალ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ 4-6 თვიდან გონივრული შეზღუდვები საფუძველს უყრის ბავშვის შემდგომ სოციალიზაციას, ასწავლის მას, რომ არსებობს მკაცრი საზღვრები, სხვისი ინტერესები, რომლებიც პირად სურვილებს ზღუდავს.
რჩევა: ნუ მიეცემით თვითგვემას და ნუ შეგაწუხებთ სინდისის ქენჯნა, თუ იძულებული ხართ, წლამდე ასაკის პატარა აუცილებლობის შემთხვევაში ძიძასთან დატოვოთ ან დამოუკიდებლად დაძინებას მიაჩვიოთ. რა თქმა უნდა, უმჯობესია, ამ ასაკის ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს დედასთან ერთად ატარებდეს, მაგრამ ცხოვრებისეული გარემოებების გამო პატარას დატოვებაც არ იქნება გამოუსწორებელი შეცდომა. ოღონდ იმ პირობით, რომ ბავშვი მაშინ მაინც იგრძნობს დედის სიყვარულსა და სითბოს, როცა მის გვერდით ხართ.
ბავშვური სკანდალი
ასაკის მატებასთან ერთად ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავი საკმაოდ მკაფიოდ გამოავლინოს - სასურველი რამ ყვირილით მოითხოვოს. როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია?
პატარას მშვიდად, კეთილგანწყობილი კილოთი უნდა ავუხსნათ, რომ ყვირილით ვერაფერს მიაღწევს, თხოვნაა საჭირო. ერთი წლიდან ბავშვის სურვილების გონივრული შეზღუდვა აღზრდის განუყოფელი ნაწილია. ამ ასაკში პატარა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს სასურველი მიზნის მიღწევას. ეს სიტუაცია აღიქვით როგორც აღმზრდელობითი და გამოიყენეთ იმ ჩვევების ფორმირებისთვის, რომელთა ჩამოყალიბებაც აუცილებელია. ბავშვობიდანვე კარგი მაგალითი მიეცით პატარას - იყავით თავდაჭერილი და ზრდილობიანი, ითხოვეთ ნებართვა, მოიხადეთ ბოდიში... ასე ისწავლის ბავშვი ქცევას.