როგორ მივეჩვიოთ დედობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მივეჩვიოთ დედობას

დასრულდა ცხრათვიანი მოლოდინი და პაწია ქვეყნიერებას მოევლინა. ერთი შეხედვით ეს მხოლოდ დიდი სიხარულის საბაბი უნდა იყოს, მაგრამ არცთუ იშვიათად დედას უჭირს ურთიერთობა პატარასთან, მეუღლესთან და საკუთარ თავთანაც კი.

მაინც რა არის აქტუალური ცხოვრების ამ ეტაპზე და როგორ გავუმკლავდეთ სირთულეებს? "ნუთუ შვილი არ მიყვარს?!"

მშობიარობის შემდგომი პირველი კვირების განმავლობაში დედის ორგანიზმში ჰორმონული ძვრები პიკს აღწევს. უკან დარჩა მოლოდინი, მღელვარება, თავად მშობიარობა. თუნდაც ყველაფერს კარგად ჩაევლო და დედას არავითარი ჩარევა არ დასჭირვებოდა, მისი ემოციური მდგომარეობა მაინც არამდგრადია. მრავალი ქალი ამჩნევს, რომ უმიზეზოდ სურს ხან ტირილი, ხან სიცილი, დროდადრო კი სრულიად გულგრილი ხდება შვილის მიმართ.

რაშია საქმე? ნუთუ დედა მართლა არ იყო მზად ბავშვის დაბადებისთვის? იქნებ მას სიყვარულის უნარი არ შესწევს? რასაკვირველია, ასე არ არის. ყოველი დედა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძალზე მზრუნველი და ყურადღებიანია. აღწერილი რეაქციები კი იმის მაჩვენებელია, რომ ემოციათა უძლიერესი აფეთქების გამო ორგანიზმი ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადაერთო, რათა ნერვული დაძაბულობა შეემცირებინა. ამიტომ თავს დამნაშავედ ნუ მიიჩნევთ, უბრალოდ, უნდა დაისვენოთ და ყველაფერი თავ-თავის კალაპოტს დაუბრუნდება. სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რაიმე ასეთს პაწაწინაც განიცდიდეს, ვინაიდან ეს პერიოდი მისთვისაც საკმაოდ რთულია.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს?

ეცადეთ, მეტხანს დაისვენოთ, შეადგინოთ რაც შეიძლება მშვიდი დღის რეჟიმი. აუხსენით ახლობლებს, რომ მოსვენება და სიმშვიდე გჭირდებათ. მშობიარობის შემდეგ პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ახლობელთა ვიზიტები ქალს მხოლოდ ღლის და ფიტავს. ისე რომ, გონიერებას მოკლებული ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ტრადიცია, ორმოცი დღე მელოგინის ნახვას ყველას რომ უკრძალავდნენ.

დიახ, ახალნამშობიარევ ქალს დასვენება სჭირდება! რაც უფრო მშვიდი და მყუდრო იქნება ატმოსფერო ოჯახში, მით უფრო უკეთ იგრძნობს თავს პატარა. დაგამშვიდებთ სუსტი, მქრქალი განათება, წყნარი მუსიკა (თუ გიყვართ) და, რასაკვირველია, ძილი.

პატარა ბავშვის სიმშვიდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დედის შეხება, კანით კანთან კონტაქტი. ზოგჯერ პატარას მუცლის ტკივილი - ნაწლავური ჭვალი, რაც აირების დაგროვებისა და ნაწლავის კედლის გაჭიმვის ბრალია - მოსვენებას არ აძლევს ჩვილის დედას. მუცლის წინა კედლისა და ნაწლავთა თავისებურებების გამო ნაწლავებში ყოველგვარ დისკომფორტს პატარა ტკივილად აღიქვამს. თუ პრობლემა შემაწუხებელია, ჰკითხეთ პედიატრს, როგორ მოიქცეთ ასეთ დროს.

"გვესმის თუ არა ერთმანეთის?"

კიდევ ერთი პრობლემაა ბავშვთან ფსიქოლოგიური კონტაქტის არარსებობის ილუზია. მრავალი დედა შვილთან შეხვედრის მოლოდინში წარმოიდგენს პატარას, რომელიც იღიმება, ხელს იწვდის დედისკენ, მხიარულობს, თამაშობს... სინამდვილეში კი ამ ქვეყანას მოევლინება უმწეო არსება, რომელიც რეფლექსებს ემორჩილება. მას ღიმილიც კი თითქმის რეფლექსური აქვს. ცხოვრების ამ ეტაპზე ბავშვისთვის საყოველთაო სიმშვიდეა მთავარი, სიმშვიდე და კარგი მოვლა. მას არ სჭირდება არც მიმიკა, არც მკვეთრი ემოცია, მაგრამ ძალიან სურს, დედას და ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებს გაწონასწორებული განწყობა ჰქონდეთ. გარშემო ყველაფერი ისედაც გაცილებით მკვეთრი და კაშკაშაა, ვიდრე დედის საშოში - სინათლეც, ბგერებიც... ამიტომ რაც უფრო ჩუმად და წყნარად იქნებიან უფროსები, მით უფრო ადვილად მიეჩვევა ჩვილი ახალ გარემოს.


"ნუთუ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი?!"

მრავალი თანამედროვე დედა თითქმის ორსულობის უკანასკნელ დღემდე დადის სამსახურში. ისეთებიც არიან, მშობიარობის შემდეგ მობილურით რომ აგვარებენ დარჩენილ საქმეებს. პატარას დაბადების შემდეგ ყველაფერი იცვლება. უპირველეს ყოვლისა, არიან პატარები, რომლებიც მთელი ღამე მოსვენებას არ აძლევენ დედას, რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ კი ძილი შეიძლება მშობელსაც დაერღვეს. ყოველივე ამის წყალობით დედის მიერ დაგეგმილი საკითხების მოგვარება შეიძლება თვეობით გაჭიანურდეს.

ბევრ ქალს ეშინია, მშობიარობის შემდეგ საზოგადოებრივ ცხოვრებას, სამსახურს არ ჩამორჩეს. ლოგიკურია, რომ ამ პერიოდში დედის მთელი დრო პატარა ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ დედის მოვალეობის შესრულება ფიტავთ. ვერც იმას უარვყოფთ, რომ სამსახურს ხშირად ანაზღაურების გამო ან სამუშაოს დაკარგვის შიშით ვუბრუნდებით. ამიტომ მალე ჩვილი ძიძის ხელში აღმოჩნდება, დედა კი სამსახურში მიდის.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დედა ჩვილთან რჩება, მაგრამ ეს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. სპეციალისტები ასეთ დედებს ურჩევენ, შემოქმედებითად მიუდგნენ პატარას განვითარებას, მეცნიერულად დააკვირდნენ მას. მართალია, დედას შეიძლება მოენატროს ძველი, ჩვეული საქმიანობა, მაგრამ ბავშვის ჩვილობის პერიოდი არცთუ ისე ხანგრძლივია. დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვის დაბადება მშობლის შეზღუდვა კი არ არის, არამედ მისი მეს განვითარების საშუალებაა.

დედას შეუძლია, სამყარო ახალი კუთხით დაინახოს, უფრო ჭკვიანი და ალღოიანი, კონტაქტური და მცოდნე გახდეს. ამისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ქალმა საკუთარ თავს აუხსნას, რომ გალიაში კი არ არის გამომწყვდეული, არამედ უწინდებურად თავისუფალი პიროვნებაა, შეუძლია ძველებურად შექმნას რაიმე ფასეული. თუ ქალს თვითონვე აქვს მუშაობის სურვილი, ფსიქოლოგების რჩევაა, ის მთლიანად არ მოსწყდეს პროფესიულ საქმიანობას.

"ნუთუ ერთმანეთი აღარ გვიყვარს?!"

პატარას დაბადება მეუღლეთა ურთიერთობის ერთგვარი გამოცდაა. ბავშვის მამა, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში ელოდა ჩვილის დაბადებას, სწავლობდა მის მიმართ სიყვარულის, მზრუნველობის გამოხატვას, ახლა ახალ რეალობას ეჯახება - პატარა მისი ჩვეული ცხოვრების რიტმს რადიკალურად ცვლის.

ხდება ისეც, რომ მამა თავს მიტოვებულად, უარყოფილად გრძნობს. თუმცა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს არის იმ წყვილთა პრობლემა, სადაც ქალი ისე ექცევა მამაკაცს, როგორც პატარა ბავშვს. ნამდვილი ბავშვის გაჩენისას კაცი გრძნობს, რომ მას ყურადღება მოაკლდა. მაშინაც კი, როცა წყვილის ურთიერთობა ემყარება მოდელს "დედა-შვილი", პატარას დაბადების შემდგ ქალი უნდა ცდილობდეს მამის როლის ხაზგასმას: მამა პატარას ადვილად აძინებს, მამა ძლიერია, მის ხელში ჩვილი თავს მშვიდად გრძნობს... მალე მამა ნამდვილ ოჯახზე მზრუნველ მამაკაცად გარდაიქმნება.

"ალბათ ცუდი დედა ვარ!"

ახალგაზრდა დედებს ასეთი ეჭვი განსაკუთრებით ხშირად პირველ თვეებში ეუფლებათ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს პედიატრის ან მედდის დაუფიქრებელი სიტყვა, დედამთილის ან საკუთარი დედის საყვედური... ზოგჯერ ბავშვი ცივდება, ავად ხდება. ასეთ დროს ეჭვი ძლიერდება. მის გაფანტვაში კი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები დაგეხმარებიან. ისინი იუმორით მოგიყვებიან საკუთარი შვილების ავადმყოფობის ისტორიებს, განუგეშებენ, აგიხსნიან, რომ ეს არაფერია... თქვენც მიხვდებით, რომ საგანგაშო მართლაც არაფერი მომხდარა და მალე ყველაფერი კარგად იქნება.