ბები, ჩემო ტკბილო ბები... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბები, ჩემო ტკბილო ბები...

უფროსები მეტ დროს უთმობენ პირად ცხოვრებას და აღარ ცდილობენ, აქტიურად ჩაერიონ მოზარდი თაობის ფორმირებაში. ერთი მხრივ, ეს მშვენიერია, მეორე მხრივ კი შვილიშვილებსაც და ბებია-ბაბუებსაც ერთმანეთი ნამდვილად სჭირდებათ. გერონტოფსიქოლოგებს ანუ ხანში შესულთა ფსიქოლოგიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი ურთიერთობა თაობათა უწყვეტ კავშირს ქმნის. პატარებთან ურთიერთობით ხანში შესულ ადამიანს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარების საშუალება ეძლევა.

პატარა ბავშვები კი ძალზე მადლიერი მსმენელები არიან, რაც უფროს თაობას საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, შვილიშვილების დაბადება ერთგვარად ამაღლებს სოციალურ სტატუსს, ახანგრძლივებს ცხოვრებისეულ პერსპექტივას, ქმნის ახალ ძლიერ ცხოვრებისეულ დომინანტს, გვიხსნის მარტოობისა და უსარგებლობის დამთრგუნველი გრძნობისაგან. თუმცა...

ბებიები ერთმანეთს არ ჰგვანან. აქტიური ბებია, რომელსაც მტკიცე წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი, ახალგაზრდა მშობლებისთვის ნამდვილი სასჯელია. უფროსი ასაკის ადამიანებს უჭირთ გააცნობიერონ, რომ ცდებიან, არ სურთ, შეიცვალონ შეხედულებები. გარდა ამისა, ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ხანში შესულებსა და მოხუცებს უჭირთ თავიანთი საქციელის აღქმა, ემოციების კონტროლი. აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი უფროსების ქცევის ამ თავისებურებებს.

არიან ისეთი ბებიებიც, რომლებიც პატარას ინფანტილურ არსებად აქცევენ. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "მოდი, მე გაგიკეთებ!", "არ მინდა კანფეტი, შენი იყოს"; "მოდი, დედას არ ვუთხრათ..." თუმცა, მეორე მხრივ, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მსგავსი ყურადღება ერთადერთი ნათელი წერტილია ბავშვისათვის, რომელსაც მშობლები მეტისმეტად მკაცრად ზრდიან.

პირველ შემთხვევაში აუცილებელია, ბებიის გავლენა შევზღუდოთ, ხოლო მეორე ვარიანტის დროს პატარას არ უნდა დავუნგრიოთ ის ერთადერთი ნავსაყუდელი, სადაც მას იღებენ ისეთს, როგორიც არის.

აქტიური ბებიები, როგორც წესი, იმ ოჯახებში გვხვდებიან, სადაც ბავშვების აღზრდის მყარი ტრადიციები არსებობს. მათ ეს ყოველივე წინა თაობებისგან აითვისეს და ბუნებრივია, თავადაც ანალოგიური მიზანი აქვთ. ძალიან ხშირად აქტიური ბებიები და ახალგაზრდა მშობლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, რის გამოც ხანში შესული ადამიანი კიდევ უფრო მწვავედ გრძნობს "ბუდიდან გაუფრენელი" შვილების კონტროლის აუცილებლობას.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პატარას დაბადებისას ბებია საკმაოდ ახალგაზრდაა. ის სიამოვნებით იტოვებს ჩვილ ბავშვსაც კი, აჭმევს, უვლის, ართობს, ასწავლის... ასეთი ბებიები ზაფხულსაც შვილიშვილების გვერდით ატარებენ. მსგავსი ბებიები იშვიათობაა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მათ "თავგანწირვასაც" აქვს მინუსები. ადრე თუ გვიან მაინც იწყება დედის ამბოხება - ის ცდილობს, აღადგინოს ოჯახში დაკარგული პოზიცია, საბოლოოდ კი ვიღებთ ისეთივე, ზოგჯერ კი იმაზე უარეს შედეგს, როგორსაც აქტიური ბებიის შემთხვევაში.

კლასიკური "ბებიას ბიჭები" და "ბებიას გოგოები" ის პატარები არიან, რომელთა აღზრდასაც დაბადებისთანავე ბებიები და ბაბუები უძღვებიან. ხშირად ასეთი პატარები დაბადებიდანვე ბებია-ბაბუებთან იზრდებიან. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ბავშვები განსხვავდებიან იმ პატარებისგან, რომელთაც დედა ზრდის. მათთვის დამახასითებელია სოციალური დაუცველობა, დამოუკიდებლობის უქონლობა, კოლექტივთან ცუდი ადაპტაცია. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ასეთი ბავშვები პატარაობიდანვე ეჩვევიან მხოლოდ კეთილგანწყობილ პარტნიორთან ურთიერთობას.

გარდა ამ აშკარა მინუსებისა, ვერ უარვყოფთ მსგავსი აღზრდის დადებით მხარეებსაც. როგორც წესი, "ბებიას" ბიჭები და გოგონები კარგად სწავლობენ, უკეთესად არიან განვითარებულნი.

რა შეიძლება ვურჩიოთ იმ ბებიებს, რომლებიც შვილიშვილებს თითქმის მშობლების მონაწილეობის გარეშე ზრდიან? უფრო ხშირად მისცენ ბავშვს სხვა პატარებთან ურთიერთობის საშუალება, კონფლიქტური სტუაციების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობა, თანატოლებთან ურთიერთობის გარკვევის შანსი. მიეცით პატარას უფლება, ზომიერად იცელქოს და თავადაც მიიღეთ მონაწილეობა თამაშში.

არიან ბებიები, რომლებიც გადაჭრით ამბობენ უარს, იზრუნონ შვილიშვილზე. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ სირთულეებს გაურბის, ზოგიერთისთვის კი მსგავსი პოზიცია ერთგვარი დეზადაპტაციის ნიშანია: მას უჭირს შეგუება ახალ სოციალურ სტატუსთან, იმ ცხოვრებისეულ პოზიციასთან, რომელიც მისგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ყველაფერს სჯობია, ახალგაზრდა მშობელი გახდეს ერთგვარი შუამავალი ასეთ ბებიასა და შვილიშვილს შორის, არ დაატანოს ძალა უფროსს, არ შეზღუდოს შვილიშვილთან მათი ურთიერთობა.