დღესასწაული და არდადეგები
უმცროსი კი ჯერ პატარაა და მგონია, რომ ზედმეტი ხმაური და მძაფრი შთაბეჭდილებები მისთვის ნაადრევია. მაინც რას განიცდიან დღესასწაულის დროს ამ ასაკის ბავშვები და რას მივაქციოთ ყურადღება?
ყველაზე მხიარული არდადეგები
დადგა დრო, რომელსაც ბავშვები მთელი წელი ელოდნენ - ზამთრის არდადეგები. ახალმა წელმა ჩაიარა, მაგრამ მხიარულება ამით როდი სრულდება - წინ უამრავი საინტერესო ღონისძიებაა. ზოგჯერ მშობლები ცდილობენ, საკუთარი შეხედულებისამებრ დაგეგმონ ბავშვების თავისუფალი დრო. ასეთ დროს საოცნებო არდადეგები ნამდვილ სასჯელად იქცევა ხოლმე - პატარას ხომ სურს, თანატოლებთან ერთად გაერთოს.
თუ არდადეგებისთვის განრიგს მაინც შეადგენთ, ეცადეთ, ის მრავალფეროვანი იყოს. ბავშვს აუცილებლად დაუტოვეთ დრო მეგობრებთან სათამაშოდ. დროდადრო სასეირნოდ წაიყვანეთ, საინტერესო ამბებს მოუყევით, "საზამთრო" ზღაპრები, მაგალითად, "თოვლის დედოფალი" წაუკითხეთ. ეს პატარას მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.
ბავშვები ემოციების განცდასა და გამოხატვას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ. მათ გაცილებით მეტი ესმით, მეტს ხედავენ და გრძნობენ, ვიდრე უფროსებს გვგონია. ამიტომ ნუ წაართმევთ პატარებს დღესასწაულს. გამორჩეული დღეები ხომ მათ ცნობიერებაში ყველაზე მკაფიოდ აღიბეჭდება.
ბავშვები მუდმივად უნდა იყვნენ გარემოცულნი დადებითი ემოციებით. ეს ემოციები მათ მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ - ბავშვის არაცნობიერი სამყარო ხომ საოცარი ძალით ისრუტავს ყველაფერს. ზამთრის არდადეგების დროს იმართება სპექტაკლები, წარმოდგენები, ზეიმები. ბავშვებს ეს ყველაფერი დიდ სიხარულს ჰგვრის, ამიტომ უფროსებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო და პატარებს ეს სიამოვნება არ მოაკლონ.
ბავშვებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქცევიან საახალწლო ზეიმზე უფროსები. კარგი იქნება, მათ პატარებთან ერთად იმხიარულონ, იცეკვონ, იცელქონ, ითამაშონ... ასეთი მშობლების შვილები ლაღები იზრდებიან, არასოდეს კარგავენ სიცოცხლის ხალისს, ყოველთვის აქვთ სურვილი და უნარი, მოუწყონ დღესასწაული არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფთაც. საახალწლო განწყობა და სასიამოვნო მოლოდინი ბავშვებს ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე ეუფლებათ. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში წინასაახალწლო ზეიმები იმართება. ამისთვის ბავშვები დიდი ხნით ადრე ემზადებიან, სწავლობენ ლექსებსა და სიმღერებს, ამზადებენ სპექტაკლს. ამ სამზადისში მთელი ოჯახი უნდა ჩაერთოს. როცა ბავშვი გრძნობს ახლობლების ყურადღებას, მზურნველობას, თავადაც უყალიბდება ეს თვისებები.
ასეც ხდება
ბავშვის ემოციური სამყარო ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, მისი განცდები მუდმივად იცვლება და ვითარდება. ზოგჯერ ისინი იმდენად მძაფრია, რომ ბავშვი ვერ უძლებს და მათ ტყვეობაში ექცევა. ასეთ დროს ემოციები უბრალოდ სასიამოვნო ან უსიამოვნო კი არ არის, არამედ აუტანელია. ასე მაშინ ხდება, როცა ბავშვი ძალიან მცირე ასაკისაა. ამიტომ არის, რომ პატარები დაბადების დღეზე ან საახალწლო ზეიმზე ზოგჯერ ისე აღიგზნებიან, რომ ტირილსაც კი იწყებენ. ამ დროს ისინი უნდა მოვარიდოთ ძლიერ განცდებს, ხმაურს, არ დავტოვოთ მარტო, საერთოდ, ემოციური დატვირთვისგან დავიცვათ.