როგორ დავეხმაროთ ბავშვს ემოციების მართვაში
ბევრმა დედამ იცის, რომ თუ ბავშვი რამით უკმაყოფილოა, უმართავი ხდება, ამიტომ მას დახმარება სჭირდება. ბევრი ბავშვი აუტანელი ხდება, როცა რაიმე არ მოსწონს ან გაბრაზებულია, ხმამაღლა ყვირის, ხოლო თუ უხარია, გაუჩერებლად მოძრაობს და ხტის. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ვისწავლოთ პატარას ემოციების მართვა.
რას გამოხატავს ემოციები
ემოციები უმიზეზოდ არ ჩნდება. თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს. მაგალითად, უარყოფითი ემოციები გვანიშნებს, რომ სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით, არ მოგვწონს და საჭიროა იქიდან გამოსვლა. დადებითი ემოციები იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერი მოგვწონს, ხელს გვაძლევს, თავს კარგად ვგრძნობთ. ამ დროს გვაქვს სურვილი, დავუბრუნდეთ პოზიტიურ მდგომარეობას, ამისათვის კი უნდა გავაკეთოთ იგივე, რამაც ეს მდგომარეობა წარმოშვა.
გაკვირვება შეტყობინებაა იმის შესახებ, რომ რეალობა ჩვენს მოლოდინს არ შეესაბამება. ინტერესი მოვლენით წინასწარ აღტაცებაა. შიში გაფრთხილებაა საფრთხის შესახებ. საკუთარი ემოციების აღქმა-გაგება და გამოხატვა სხვათათვის მისაღები ფორმით მოზრდილი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელსაც საფუძველი ბავშვობაში ეყრება. პატარა ბავშვს არ შეუძლია თავისი ემოციების გაკონტროლება: ისინი ტალღებივით ეხეთქებიან მის გონებას. მშობლების ამოცანაა, პატარას მათ მართვაში დაეხმარონ. მოზრდილთათვის ყველაზე დიდი სირთულე ბავშვის უარყოფითი ემოციებია, რომლებსაც თან ახლავს ყვირილი, ტირილი, ცრემლები ან ფიზიკური აგრესია. ასეთ სიტუაციაში დედები და მამები ბავშვს სთხოვენ, არ გაბრაზდეს და არ იტიროს. სამწუხაროდ, ეს მეთოდი იშვიათად არის ეფექტური. ჯერ ერთი, მოზრდილი ადამიანიც კი ვერ „შეწყვეტს“ განცდას მხოლოდ იმიტომ, რომ სთხოვეს; მეორეც, აკრძალული ემოციები, როგორც ჯებირით შეკავებული წყალი, სხვა კალაპოტის ძებნას იწყებს. მაგალითად, შეკავებული რისხვა ბავშვმა შეიძლება უდანაშაულო შინაური ცხოველის ან საკუთარი თავისკენ მიმართოს, რასაც უსიამოვნო შედეგებამდე – დეპრესიამდე, ფსიქოსომატურ დაავადებებამდე მივყავართ. ამიტომ, კი არ უნდა ავუკრძალოთ უარყოფითი ემოციების გამოხატვა, არამედ ვასწავლოთ, საით მიმართოს ისინი.
როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი განრისხებულია ან ტირის? აღიარეთ, რომ მას აქვს ამ ემოციის გამოხატვის უფლება, მაშინაც კი, როცა თავად მიზეზი უმნიშვნელო გეჩვენებათ. საყვარელი სათამაშოს დაკარგვა, მეგობართან ჩხუბი, ფეხსაცმელზე თასმების შეკვრის წარუმატებელი ცდა – მოზრდილისთვის ეს ყველაფერი წვრილმანი და უმნიშვნელოა, მაგრამ ბავშვისთვის – არა. თუ პატარას ეტყვით, რომ ის სისულელის გამო განაწყენდა, ამით მას აგრძნობინებთ, რომ მის გრძნობებს სერიოზულად არ ეკიდებით, და ამას აკეთებთ სწორედ მაშინ, როცა მას თქვენი თანაგრძნობა სჭირდება. ნუ მისცემთ ბავშვის გრძნობებს ნეგატიურ შეფასებას ისეთი ფრაზებით, როგორებიცაა: „კარგი ბავშვები არ ბრაზობენ“ ან „ბიჭები არ ტირიან“ – ამით ბავშვს მიაჩვევთ, შერცხვეს საკუთარი გრძნობებისა და დაუმალოს ისინი უფროსებს. გამოიჩინეთ თანაგრძნობა. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის მარტო არ არის. აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ. მტირალ ბავშვს შეიძლება მოეხვიოთ და უთხრათ: „მე მესმის შენი“. ამასთანავე, ემოციას დაარქვით სახელი, გამოხატეთ სიტყვებით. ამგვარად ბავშვი ისწავლის თავისი ემოციების იდენტიფიცირებას და კი არ იყვირებს ან იტირებს, არამედ იტყვის: „მე ნაწყენი ვარ“ ან „მე გაბრაზებული ვარ“. შესთავაზეთ ბავშვს ემოციების გამოხატვის „უსაფრთხო“ ხერხი. მრისხანების დროს 2-3 წლის ბავშვები ახლობლების ცემას ცდილობენ. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ეს! დაუჭირეთ ხელები და ხმადაბლა, მშვიდად უთხარით: „დედის ცემა არ შეიძლება!“ შემდეგ კი შესთავაზეთ, დაარტყას ბურთს ან ბალიშს, რათა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეს. სანამ ბავშვი ემოციების ტყვეობაშია, ნურაფერს ჰკითხავთ, მიეცით საშუალება დაცხრეს, შემდეგ კი გაესაუბრეთ, გაარკვიეთ, რა მოხდა, რამ განარისხა.
ვისწავლოთ ბოდიშის მოხდა
ბავშვები ყველაზე უკეთ უფროსების მაგალითზე სწავლობენ. ბავშვს რომ ვაჩვენოთ, როგორ მართოს ემოციები, ეს თვითონვე უნდა ვიცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფროსებს შესწევთ ემოციების კონტროლის უნარი, ბავშვებთან ურთიერთობისას ეს უნარი ზოგჯერ ღალატობთ. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მისი უარყოფითი ემოციები არ გამოიწვევს მშობლების ნეგატიურ რეაქციას. ეს მას თავდაჯერებას, საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. თუმცა, მშობლებიც ცოცხალი ადამიანები არიან... თუ ატყობთ, რომ სადაცაა იფეთქებთ, შეეცადეთ გაიხსენოთ: ბავშვები ასე იქცევიან არა იმიტომ, რომ მშობლების გაბრაზება სურთ, არამედ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ თავიანთ გრძნობებს, სხვაგვარად როგორ გამოხატონ ემოციები. თუ თავის შეკავება ვერ შეძელით და ბავშვს დაუყვირეთ ან წამოარტყით, იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და პატიება სთხოვეთ. ამით აჩვენებთ, როგორ უნდა მოიქცეს მოზრდილი ადამიანი, თუ ემოციას ვერ გაუმკლავდა.