უნებლიე მოწმე
დედა და მამა არასოდეს კამათობენ, ბავშვებს კომბოსტოში პოულობენ, თოვლის პაპა ახალ წელს მოვა... სკოლამდელი ასაკის პატარებს უამრავი ცრუ ჭეშმარიტების მოსმენა უწევთ. ეთანხმებით თუ არა ამ დებულებას?
არ არის გამორიცხული, მტკიცება დაიწყოთ, რომ ბავშვს ცხოვრებისეულ სიმართლეს არ უმალავთ, მაგრამ დაფიქრდით, განა არასოდეს აგიწევიათ ხმისთვის შვილის თანდასწრებით? რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა ყოფილა, თუმცა ორივე მეუღლეს უცდია თავის შეკავება. ეს სავსებით ნორმალური საქციელია.
პატარებისთვის ძალიან ძნელია აღიქვან მოზრდილთა სამყარო ისეთად, როგორიც არის - ქვეტექსტებით, წყალქვეშა დინებებითა და სირთულეებით. უფრო სწორად, ძნელი კი არა, შეუძლებელია. სხვაგვარად ის ბავშვი აღარ იქნებოდა და 4-5 წლის ასაკში შეძლებდა ნობელის პრემიის მოპოვებას თუ ქვეყნის მართვას. ერთი სიტყვით, ბავშვთან ურთიერთობისას იძულებულნი ვართ, კი არ ვიცრუოთ, არამედ ბოლომდე არ ვთქვთ სიმართლე.
მიუხედავად ამისა, არის წუთები, როცა პატარა შიშველი სიმართლის პირისპირ აღმოჩნდება. შედეგად ხედავს იმას, რასაც არ უნდა ხედავდეს და ისმენს იმას, რასაც არ უნდა ისმენდეს. ის მოზრდილთა ცხოვრებისეული პრობლემების უნებლიე მოწმე ხდება. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს უფროსები?
საშინელი კონფლიქტი
დედ-მამა ისე ჩხუბობს, თითქოს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ბრაზის გადმონთხევა სურდეთ. დედა განრისხებულია. შემთხვევით მეუღლის მობილურში ისეთი მესიჯი წაიკითხა, რომ... აშკარაა, მისი მეუღლე თავისუფალ დროს სულაც არ ატარებს სამსახურში... "უსინდისო!", "პირუტყვო!", "როგორ გაბედე! ვისზე გამცვალე!" - ისმის ყვირილი. ალბათ ზედმეტია ყველაფრის დაწერა, რაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება თქვას განრისხებულმა ქალმა. მალე ოთახში საგნების ლაწალუწის ხმაც გაისმის. მამასაც ეკარგება მოთმინება და იწყება ნამდვილი მეორედ მოსვლა.
აშკარაა, ცოლ-ქმარი საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს. ქალი მეუღლის ღალატით არის გაღიზიანებული, მამაკაცი კი ქალის სისასტიკით.
ქალი მკვეთრად ტრიალდება, ოთახს ტოვებს და დერეფნისკენ მიემართება, მაგრამ უცებ 4 წლის შვილის მზერას წააწყდება. ბიჭი დერეფანში ზის და საცოდავად მობუზულა... ისეთი შეშინებული თვალები აქვს, თითქოს ოთახში ბომბი იდოს, რომელიც სადაც არის აფეთქდება! - აქ რას უზიხარ, წადი შენს ოთახში! - ყვირის მამა. სინამდვილეში ის შვილზე ნაკლებად როდია დაბნეული. მან არ იცის, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში.
ბიჭი დგება, თავისი ოთახისკენ გარბის და მალე იქიდან გულამოსკვნილი ტირილის ხმა ისმის. ამ კონფლიქტიდან მცირე ხნის შემდეგ დედა იძულებული გახდა, ბავშვი ფსიქოლოგთან წაეყვანა, რადგანაც პატარას შიში დაეწყო. მას ეშინოდა სიბნელის და... უქმე დღეების, როცა დედ-მამა შინ იყო. პატარა სიამოვნებით სეირნობდა დედასთან ერთად, ეთამაშებოდა მამასაც, მაგრამ როგორც კი მათ ერთად დაინახავდა, შიშისგან ფერს კარგავდა.
საქმე სხვაგვარად იქნებოდა, მის მშობლებს ჩხუბის დროს წამით რომ შეესვენათ, აეხსნათ მისთვის, რომ უფროსები ზოგჯერ კამათობენ, ჩხუბობენ. ხანდახან ის ადამიანებიც კი ეკამათებიან ერთმანეთს, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვართ. მართალია, ეს ცუდია, მაგრამ ზოგჯერ უფროსებს თავის შეკავება უჭირთ. მერე კი პირობა დაედოთ, რომ აუცილებლად შერიგდებოდნენ. ამ შემთხვევაში ფსიქოლოგის დახმარება საჭირო აღარ გახდებოდა, რადგან ბიჭის შიშის მიზეზი გაურკვევლობა იყო. პატარამ არ იცოდა, რა მოხდა, რატომ გადაიქცნენ მოსიყვარულე მშობლები მტრებად, რატომ უყვიროდნენ ერთმანეთს. მართალია, ისინი მალე შერიგდნენ, მაგრამ ბიჭს გაუჩნდა შიში, რომ კვლავ იჩხუბებდნენ.
დასკვნა: თუ ბავშვი თქვენი ჩხუბის უნებლიე მოწმე გახდა, ნუ ეცდებით, ყველაფერი მიაფუჩეჩოთ. აუხსენით შვილს, რომ ჩხუბი თქვენი ურთიერთობის ერთი ეპიზოდია, რომელიც მალე დამთავრდება. სიტყვა "დაივიწყე" ამაოა - პატარა ამ ემოციას ვერ დაივიწყებს, სიმართლის დამალვა კი მის ფანტაზიას მისცემს ბიძგს და მან შეიძლება უამრავი რამ წარმოიდგინოს. საუბრის ლაიტმოტივი ასეთი უნდა იყოს: "ჩვენ ვჩხუბობთ, მაგრამ მალე შევრიგდებით, იმიტომ, რომ ერთმანეთი გვიყვარს! გვაპატიე, რომ ჩვენი ჩხუბით შეგაწუხეთ!"