ზოგჯერ ბავშვი ღამით რამდენჯერმე იღვიძებს. რისი ბრალია ეს?
წყვეტილი ძილი
პრობლემა: ბავშვი რამდენიმე საათში ერთხელ იღვიძებს, დედა კი დგება და უნანავებს. სამწუხაროდ, შედეგი არცთუ ისე კარგია - დედა გამოუძინებელი რჩება, ბავშვიც აგზნებულია და საკმაო ხანი სჭირდება დასამშვიდებლად. დღისით პატარა აქტიურია, დედა კი მოთენთილი...
მიზეზი: დედისა და შვილის ძილის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. ძუძუთა ბავშვის ძილის ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ღრმა ძილიდან ზედაპირულის ფაზაში გადასვლა ზოგიერთი პატარასთვის შეუმჩნეველია, ზოგი კი იღვიძებს და უფროსებსაც აღვიძებს.
რა ვიღონოთ? პირველი გაღვიძებისას პატარა გვერდით
დავიძინოთ თუ არა?
პრობლემა: დედა ბავშვს საწოლში აწვენს და ოთახიდან გადის, რამდენიმე წუთში ბავშვი იღვიძებს და ტირილს იწყებს.
მიზეზი: ბავშვი ღრმა ძილის ფაზაში ვერ გადავიდა.
რა ვიღონოთ? უფრო მეტხანს დარჩით ბავშვთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გგონიათ, რომ უკვე დაეძინა. ნუ იჩქარებთ. დააცადეთ, ღრმად დაიძინოს. დააკვირდით, ხომ არ აქვს ხელები მუშტებად შეკრული, წარბები შეჭმუხნილი, სუნთქვა არათანაბარი, სხეული დაჭიმული. თუ ეს ნიშნები შეამჩნიეთ, ესე იგი ბავშვს ღრმად არ სძინავს.
ღამის თამაშები
პრობლემა: ღამით ბავშვი იღვიძებს და თამაშს იწყებს. თუ ასეთი ქცევა ჩვევად ექცა, მშობლები მუდამ გამოუძინებლები იქნებიან.
მიზეზი: ბავშვს ჩამოუყალიბდა აზრი, რომ საწოლი ისეთივე სათამაშო ადგილია, როგორიც საბავშვო ოთახი. რა მნიშვნელობა აქვს, როდის ეთამაშება მშობლებს - დღისით თუ ღამით?
რა ვიღონოთ? ბავშვს უნდა აგრძნობნოთ, რომ საწოლი ძილის ადგილია და არა თამაშისა. ამის გამო საწოლში შეიძლება იყოს მხოლოდ ის ერთადერთი სათამაშო, რომელიც ძილთან ასოცირდება. ნუ აჰყვებით პატარას სურვილს და ნუ ეთამაშებით ღამით. ნუ შეიმჩნევთ, რომ მას არ სძინავს და ნურც მის შეძახილებს უპასუხებთ. თუ ერთხელ მაინც ეთამაშეთ, შემდეგ რამდენიმე "შეტევის" მოგერიება მოგიწევთ. აუცილებლად მოახდინეთ ღრმა ძილის იმიტაცია, თანდათან პატარა მიხვდება - ღამე ძილის დროა და არა თამაშის.
ფიზიოლოგიური მიზეზები
პრობლემა: დედამ ყველაფერი სცადა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ბავშვი ხშირად იღვიძებს.
მიზეზი: პატარა შესაძლოა იღვიძებდეს კბილების ამოჭრისას ღრძილების ტკივილის, სველი პამპერსის, გაჭედილი ცხვირის ან სიცხის გამო.
რა ვიღონოთ? გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
ვისწავლოთ ძილი
ძილი საოცარი საიდუმლოა. ის ადამიანისთვის ისევე აუცილებელია, როგორც საკვები და სასმელი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი ახლახან მოევლინა სამყაროს. ჰკითხეთ ნებისმიერ ახალგაზრდა დედას, როგორ არის საქმე. დაიწყება საუბარი იმაზე, რომ "ვიზრდებით", "ვჭამთ", "ვთამაშობთ", მაგრამ "ცუდად გვძინავს". სტატისტიკის თანახმად, დიდების ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ მის შვილს არასაკმარისად ან ცუდად სძინავს. მართალია, ჩვენ ძილში ცხოვრების მესამედს ვკარგავთ, მაგრამ მის გარეშე ჩვენი სიცოცხლე წარმოუდგენელია. ბავშვებისთვის კი ძილი არსებობის ფორმაა. რა საჭიროა ძილი? სომნოლოგები - მეცნიერები, რომლებიც ძილის პრობლემებზე მუშაობენ - ამ პროცესს ელექტროენცეფალოგრაფის მეშვეობით შეისწავლიან. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ტვინის ელექტრულ იმპულსებს აღრიცხავს. კვლევამ აჩვენა, რომ ტვინი განუწყვეტლივ მუშაობს. ის სიგნალებს წარმოქმნის და სიფხიზლისა და ძილის დროს ეს სიგნალები სხვადასხვანაირია. ძილში სიგნალები ძილის ფაზების მიხედვით იცვლება. განასხვავებენ ნელ (ორთოდოქსულ) და სწრაფ (პარადოქსულ) ძილს. ისინი ციკლურად ენაცვლებიან ერთმანეთს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტვინის განვითარება სწორედ პარადოქსული ძილის დროს ხდება. ახალშობილის ძილის ხანგრძლივობის 80% სწორედ პარადოქსული ძილის წილად მოდის. 6 თვისთვის ეს მაჩვენებელი 50%-მდე მცირდება, ხოლო 3 წლისთვის - 30%-მდე. მოზრდილი ადამიანის ძილის ხანგრძლივობის 20% პარადოქსული ძილის წილად მოდის. დადგენილია, რომ ძილში ბავშვი გადაამუშავებს და ითვისებს დღისით მიღებულ ინფორმაციას. სიტყვა "ინფორმაცია" ამ შემთხვევაში ნიშნავს როგორც ვიზუალურ, ასევე ტაქტილურ და ბგერით შთაბეჭდილებებს.
მე ვიზრდები!
სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ბავშვს 2-ჯერ მეტი ხანი სძინავს, ვიდრე მოზრდილს. ეს ბუნებრივიც არის: ბავშვი სიცოცხლის პირველ წელს უამრავ ჩვევას გამოიმუშავებს; წუთით დაფიქრდით, რამხელა ძალისხმევაა საჭირო ხელ-ფეხის ასამოძრავებლად, გასაღიმებილად, პირველი სიტყვების სათქმელად, პირველი ნაბიჯების გადასადგმელად... ფორტეპიანოზე დაკვრას მოზრდილები წლების განმავლობაში სწავლობენ, პატარა ბავშვი კი გაცილებით რთულ ინსტრუმენტს - საკუთარ სხეულს - 12 თვეში ეუფლება. ტვინმა ახალი ინფორმაციის უდიდესი ნაკადი რომ აითვისოს, ის სათანადოდ უნდა ისვენებდეს. გარდა ამისა, ძილის დროს გამომუშავდება მრავალი ჰორმონი, მათ შორის ზრდის ჰორმონიც. ასე რომ, "პატარა ძილში იზრდებაო" მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა როდია.