როგორ დავალევინოთ პატარას წამალი
ბოლო დროს მედიკამენტების საბავშვო ფორმები შესამჩნევად მომრავლდა. ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლია ჯიმშიტაშვილი გვიპასუხებს.
- ამჟამად მედიკამენტების უამრავი საბავშვო ფორმა არსებობს: წვეთები, სიროფები, სუსპენზიები, აბები, საღეჭი ტაბლეტები, სანთლები. ასეთი ფორმები ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ძალზე მოხერხებულია, თანაც გაცილებით იოლი ასათვისებელია - კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას თხიერი პრეპარატი ლორწოვანის დიდ ზედაპირზე ნაწილდება და უფრო სწრაფად და იოლად შეიწოვება. თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს - ამ გემრიელი წამლების ღირსებებზე საუბრისას არც მათი ნაკლოვანებები უნდა დაგვავიწყდეს. პაწიებს ისინი ძალიან მოსწონთ და ადვილი შესაძლებელია, მშობლების მალულად მთელი შუშა გამოცალონ, ამას კი, ბუნებრივია, უმძიმესი შედეგები მოჰყვება, ამიტომ ნებისმიერი წამალი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა ინახებოდეს.
სპირტის შემცველი წვეთები მხოლოდ 1 წელს გადაცილებული პატარებისთვის არის ნებადართული. ასეთი ფორმით გამოდის ზოგიერთი ამოსახველებელი პრეპარატი, მაგალითად, ბრომჰექსანი. წვეთები ანადუღარ, გაგრილებულ წყალში ისე უნდა განაზავოთ, რომ სპირტის მწარე გემო დაკარგოს. გაზავება წამლის სამკურნალო მოქმედებას ხელს არ უშლის.
პატარებისთვის ძალზე მოხერხებულია სანთლები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი ნაზია. წამლის აქტიურმა კომპონენტებმა ის ადვილად შეიძლება გააღიზიანოს, მთლიანობა დაურღვიოს და ეროზიაც კი გამოიწვიოს. საჭიროა, ზუსტად დავიცვათ სანთლის უკანა ტანში შეყვანის ტექნიკაც.
სანთელში სამკურნალო კომპონენტები უფრო მაღალი კონცენტრაციით არის და მყისვე ხვდება სისხლში - დაახლოებით 15 წუთში იწყებს მოქმედებას. ამის კვალობაზე, უფრო სწრაფია მათი სამკურნალო ეფექტიც, მაგრამ ამავდროულად იზრდება თანამდევი მოვლენების ალბათობა და სიმძიმე.
- როდის და როგორ უნდა გაკეთდეს სანთლები?
- სანთლები მხოლოდ მაშინ სჯობს სხვა ფორმებს, როცა პატარას წამლის გადაყლაპვა არ შეუძლია (პირღებინების დროს) ან საჭიროა, პრეპარატმა დაუყოვნებლივ იმოქმედოს.
სანთელი უნდა ინახებოდეს მაცივარში. გაკეთებამდე რამდენიმე წუთით ხელში უნდა დავიჭიროთ, რომ მისი წამახვილებული ბოლო დარბილდეს, შემდეგ პატარა ზურგზე დავაწვინოთ, ფეხები მენჯ-ბარძაყის სახსარში მოვახრევინოთ და სანთელი ფრთხილად შევუყვანოთ უკანა ტანში. შემდეგ დუნდულებს ხელი მოვუჭიროთ, რომ სანთელი უკან არ გამოსრიალდეს.
გაითვალისწინეთ: სანთლის გაყოფა არ შეიძლება. იგი სამკურნალო ნივთიერებებთან ერთად შემავსებლებსაც შეიცავს და ეს კომპონენტები მასში თანაბრად სულაც არ არის განაწილებული. გაყოფილი სანთლის ნახევარში აქტიური ნივთიერება შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს და სათანადო ეფექტი ვერ მივიღოთ.
- თუ პატარას ისეთი პრეპარატი სჭირდება, რომელიც საბავშვო ფორმით არ გამოდის, როგორ მოვიქცეთ?
- თუ მოზრდილთათვის განკუთვნილი ფორმა შევიძინეთ, ზუსტად უნდა გამოვითვალოთ ბავშვისთვის საჭირო დოზა. პრეპარატის დოზას, ჩვეულებრივ, წონის მიხედვით გამოითვლიან, თუმცა დაავადების ფორმასა და სიმძიმესაც აქვს მნიშვნელობა. დოზა ექიმმა უნდა დაადგინოს. დოზას რომ დაადგენთ, აბი რაც შეიძლება ზუსტად უნდა დაყოთ. უმჯობესია, მთლიანი აბი დაფხვნათ, შემდეგ ორ, სამ ან ოთხ ნაწილად გაყოთ, საჭირო რაოდენობა კოვზზე გადაიტანოთ და დაუმატოთ წყალი ან ის საკვები, რომელიც უნდა აჭამოთ პატარას (ფაფა, მაწონი). კაფსულის გაყოფა უფრო იოლია - კაფსულას გახსნით, შიგთავსს კი საჭირო დოზებად გაყოფთ.
- როდის ჯობს წამლის მიღება, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?
- ისე, როგორც წამლის ანოტაციაშია მითითებული. ფარმაცევტები ამ პუნქტს იმისთვის კი არ ურთავენ ინსტრუქციას, რომ ის ვრცელი გამოვიდეს - ამას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მედიკამენტების უმრავლესობა ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ მიიღება. ორივე შემთხვევაში ისინი უკეთესად შეიწოვება და კუჭზე მავნე ზემოქმედებას აღარ ახდენს.
ლორწოვანის გაღიზიანებისგან რომ დაიცვას, ზოგიერთი მშობელი წამლის მიღებამდე ბავშვს ალმაგელის ტიპის შემომგარსველ ნივთიერებას ან კისელს ასმევს. ეს დიდი შეცდომაა - კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის ზედაპირზე იქმნება გარსი, რომელიც პრეპარატის შეწოვას ხელს უშლის.
- შეკრულობისა თუ აშლილობის დროს ბევრი მშობელი ექიმის მოსვლას არ ელოდება და თავად იწყებს მკურნალობას. რამდენად დასაშვებია ეს?
- კუჭ-ნაწლავის შეკრულობის დროს საფაღარათო საშუალებების ხშირი მიღება მავნებელია - ორგანიზმის ბუნებრივ რეფლექსებს თრგუნავს, მიჩვევას იწვევს და გაზარმაცებულ ნაწლავებს მალე ვერავითარი დოზა ვეღარ აიძულებს მუშაობას. უმჯობესია, სპეციალისტს მიმართოთ, გაირკვეს პრობლემის მიზეზი, მოწესრიგდეს ბავშვის კვების რეჟიმი და რაციონი. ასევე უნდა მივუდგეთ საკითხს აშლილობის დროსაც. მისი მიზეზის დადგენა მხოლოდ ექიმს შეუძლია. ის შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა, საკვებით მოწამვლამ, საკვების შეცვლამ, ანტიბიოტიკების არასაჭიროებისამებრ მიღებამ. ფაღარათის დროს ორგანიზმი სითხესთან ერთად საჭირო მიკროელემენტებსაც კარგავს.
ექიმის მოსვლამდე გირჩევთ პატარას მხოლოდ ელექტროლიტების ხსნარი ასვათ. არამც და არამც არ შეიძლება ისეთი შემკვრელი პრეპარატების მიცემა, როგორიც არის, მაგალითად, იმოდიუმი. ეს არათუ უშედეგოა, საშიშიც გახლავთ: წამალი სიმპტომებს კი ხსნის, მაგრამ ორგანიზმში პროცესი გრძელდება. გგონიათ, ყველაფერი რიგზეა, სინამდვილეში კი პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება.
ელექტროლიტები ფხვნილის სახით გამოდის სხვადასხვა ოდენობის სითხეში გასახსნელად. სითხის ოდენობა ეტიკეტზეა მითითებული. საბავშვო ელექტროლიტებს ხილის არომატი აქვს. გირჩევთ, ისინი ყოველთვის იქონიოთ საოჯახო აფთიაქში.
- როგორ დავალევინოთ პატარას წამალი?
- ბავშვისთვის წამლის დალევა მეტად არასასიამოვნო პროცესია. ეცადეთ, ამას თამაშის ფორმა მისცეთ, მაგალითად, ჯერ თოჯინას "დაალევინოთ", მერე კი თქვენს პატარას შესთავაზოთ იმავე კოვზით. შეგიძლიათ, ექიმი აიბოლიტის ზღაპარიც გაითამაშოთ.