ჩემი მშვენიერი ლედი

საკმარისია, გოგონამ სირბილი დაიწყოს, თანატოლს წაეჩხუბოს ან სათამაშო გატეხოს, რომ უმალვე გაისმის უკმაყოფილო შეძახილები: "როგორ იქცევი, შენ ხომ გოგო ხარ!", "ასე მხოლოდ ცელქი ბიჭები იქცევიან, შე ქალაბიჭა!"გამართლებულია თუ არა მშობლების სწრაფვა, პატარა გოგონა აუცილებლად წყნარ და სათუთ არსებად აღზარდონ?
დრონი მეფობენ
მოგეხსენებათ, წინათ მამაკაცის ფუნქცია ძირითადად მოპოვება იყო. მართალია, მამონტებზე ნადირობის შემდეგ ათასწლეულები გავიდა, მაგრამ სარჩოს მოპოვება ბოლო დრომდე კვლავაც მამაკაცის მოვალეობად ითვლებოდა, ქალები კი ოჯახს უძღვებოდნენ. აი, ბოლო ხანს კი აქცენტები მკვეთრად შეიცვალა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დღეს ქალები საფუძვლიან განათლებას იღებენ და არათუ მამაკაცებივით მუშაობენ, არამედ ზოგჯერ მათზე წარმატებულ კარიერასაც კი იკეთებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უწინდებურად ვცდილობთ, ჩავახშოთ ჩვენი გოგონების ცნობისმოყვარეობა და სამყაროს შეცნობის წყურვილი. "იტკენ!", "დაისვრები!", "ასე თამაში გოგოს არ შეეფერება!" - გავიძახით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გოგონა უსუსურ არსებად აღვზარდოთ. მას არ ვასწავლით თავის დაცვას კონკურენტულ გარემოში, რაც ბავშვობაში ქვიშის მოედნით თუ ეზოთი შემოიფარგლება. რა თქმა უნდა, ეს არ არის მოწოდება, გოგონებს (ან ბიჭებს!) ქცევის ნორმების დარღვევის უფლება მივცეთ. უბრალოდ, თამაშის დროს ქალ-ვაჟისთვის განსხვავებული აკრძალვები არ უნდა შემოვიღოთ. ყოველთვის, როცა კი თქვენს პატარა ქალბატონს შენიშვნას მისცემთ, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა საამისო საფუძველი. ყურადღება უნდა მივაქციოთ გოგონას ჩაცმულობასაც. ეზოში სათამაშოდ თუ მიგყავთ, ჯობს, ისეთი ტანსაცმელი ეცვას, რომლის გაჭუჭყიანებისაც არ გეშინიათ. პატარა ქალბატონი უნდა დარბოდეს, სასრიალოზე ძვრებოდეს და სრიალებდეს, ხის ტოტებს აგროვებდეს და ქვიშის "ნამცხვრებს" "აცხობდეს". ოღონდ შინ დაბრუნებისას ბავშვმა ტანსაცმელი უმალვე უნდა გამოიცვალოს. "ქალური" ჩაცმულობა დღესასწაულისთვის შემოინახეთ. ბავშვი, რომელიც საზეიმოდ არის გამოწკეპილი და ამის გამო ეზოში თამაშისა ეშინია, აღფრთოვანებას კი არა, თანაგრძნობას იწვევს.
მომავალი დიასახლისი
როგორც წესი, მცირე ასაკიდანვე ამჟღავნებს ინტერესს ოჯახური საქმიანობის მიმართ. ძალიან უყვარს დედასთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსი, ყვავილების მორწყვა, მტვრის გადაწმენდა... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონას პირველი მისწრაფებები კი არ ჩავახშოთ, არამედ, პირიქით, სტიმული მივცეთ და ბავშვს ნება დავრთოთ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ოჯახურ საქმიანობაში. მერე რა, რომ პატარა დიასახლისს ჯერ არაფერი გამოსდის და დიდისთვის გაცილებით იოლი იქნება, თუ სამზარეულოში მარტო იფუსფუსებს - თუ შვილს დახმარების სურვილი აქვს, თავიდან ნუ მოიცილებთ, ნუ ეტყვით, შენი სათამაშოებით ითამაშეო. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თუ პატარა გოგონას მუდმივად ჩავუხშობთ დიასახლისობის სურვილს, შემდგომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ მას საკუთარი თავის მომსახურების სურვილი გავუღვივოთ. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, გოგონა ხედავდეს და გრძნობდეს, რომ ოჯახური საქმიანობა ქალების პრეროგატივა არ არის. კარგი იქნება, თუ გარკვეულ სამუშაოს მამა და ძმაც შეასრულებენ. სპეციალისტების რეკომენდაციების თანახმად, არც ის არის მიზანშეწონილი, გოგონას მომავლისთვის ძირითად საქმიანობად სამზარეულოში ფუსფუსი დავუსახოთ. ასე შესაძლოა მან მართლაც დაიჯეროს, რომ სწავლა ან პროფესიული წარმატება სულაც არ არის საჭირო. მართალია, გოგონა ბავშვობიდანვე უნდა იყოს საოჯახო საქმიანობის აქტიური მონაწილე, მაგრამ მისი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასებაც არ არის საჭირო.
თავისუფალი დრო
ვერ უარვყოფთ, რომ არსებობს ჩამოყალიბებული აზრი იმის თაობაზე, სად უნდა ვატაროთ გოგონა გაკვეთილების შემდეგ. ტრადიციულად, ითვლება, რომ ცეკვაზე, მუსიკაზე ან ტანვარჯიშზე. რა თქმა უნდა, ამაში არის რაციონალური მარცვალი - ცეკვა ავითარებს პლასტიკას, გრაციას, მოძრაობის კოორდინაციას... ცეკვა ესთეტიკურია, თანაც პატარა ქალბატონს ცეკვისას ლამაზი კოსტიუმები აცვია... თუმცა სპეციალისტები გვირჩევენ, "ქალური" გატაცებებით არ შემოვიფარგლოთ - გვახსოვდეს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავალი დედის ინტელექტისა და აზროვნების ჰორიზონტის ჩამოყალიბება, მისი მრავალმხრივი განვითარება.