უსაფრთხო სიცოცხლე
ბავშვის უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზეც და იმ გარემოებაზეც, რამდენად კარგად აითვისებს პატარა ჩვენს მიერ ახსნილ წესებს. მშობლის ფაქტორი პრობლემას არ ქმნის - ყველა დედა უხსნის პატარას, რომ უთო ცხელია, კიბე მაღალია, ქვას თუ ფეხი წამოჰკრა, წაიქცევა... გაცილებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავად ბავშვის ფაქტორია. წარმოვიდგინოთ ორი პატარა, ორივე მათგანი სწავლობს სიარულს. ერთს დედა ხელჩაკიდებულს ატარებს. მეორესაც არ აკლებს დედა ყურადღებას, ხელით დაჰყავს, მაგრამ დროდადრო უშვებს კიდეც. პატარა ნაბიჯს დგამს და წონასწორობას კარგავს. დედა მაშინვე დასტაცებს ხელს, რომ არ დაეცეს. რომელი ბავშვი ისწავლის სიარულს უფრო ადრე? პასუხი აშკარაა: მეორე, რადგან მისი დედა საამისოდ სწორ მეთოდს ირჩევს და პატარას წაქცევის საშუალებასაც აძლევს მაშინ, როცა ადგილი რბილია და გზა სწორია. პატარაც ეცემა. ეცემა ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ - ხმაურით, მაგრამ უსაფრთხოდ. ის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობს, როგორ დაეცეს სწორად. ასე ეჩვევა ბავშვი დამოუკიდებლობას, ხვდება, რომ საკუთარი თავის იმედიც უნდა ჰქონდეს და არა მარტო დედის მზრუნველი ხელებისა. სწორედ ეს არის ბავშვის მომავალ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ხშირად მშობლებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ბავშვები მართლაც ჩქარა იზრდებიან. გავა ორიოდე წელი და პატარა დამოუკიდებლად დაიწყებს სამყაროს კვლევას, ამ პროცესის უსაფრთხოებისთვის კი აუცილებელია, პატარა სათანადოდ იყოს მომზადებული - კარგად იცოდეს საჭირო წესები და ჰქონდეს განსაზღვრული ჩვევები. მშობელი კი მართლაც თამამი უნდა იყოს, რომ ბავშვს მთაზე აცოცების უფლება მისცეს, ხელით არ ექაჩებოდეს, წამდაუწუმ ხელს არ აშველებდეს, როცა პატარა საკუთარი ძალების გამოცდას ცდილობს. უბრალოდ, დედა იქვე უნდა იყოს და დასახმარებლად იჩქაროდეს, როცა ეს აუცილებელია. მშობელი პატარას უნდა ასწავლიდეს ყველაფერს, რაც ბავშვს ჯერ არ აუთვისებია, თანაც საშუალებას აძლევდეს, რაღაც დამოუკიდებლადაც ისწავლოს.
როდის და რატომ
უსაფრთხოების გაკვეთილები უმჯობესია დაბადებიდანვე დავიწყოთ. ყველაფერს, რასაც ადრეულ ასაკში შეისწავლის, ბავშვი რეფლექსების დონეზე აითვისებს და მის გონებას მთელი სიცოცხლის განმავლობაში შერჩება. პატარამ უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება გზის შესამოკლებლად ბნელი სკვერის გადაკვეთა, უცხო ადამიანებთან ერთად მანქანით გასეირნება, თუ საშიშროებას გრძნობს, სირცხვილი არ არის, საშველად უფ¬როსებს უხმოს...
თავიდან ავაცილოთ საფრთხე თუ ვასწავლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება?
ეს ორი ფრაზა მართლაც განსხვავებულ შინაარსს იტევს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: შვილთან ერთად სასეირნოდ წახვედით და გზად დიდი გუბე შეგხვათ. პატარა მისკენ მიიწევს და ცდილობს, წყალში ჩააჭყაპუნოს. დედა, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ აძლევს, რადგან წყალი საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვი კოჭებამდე დასველდეს. პრობლემა ის არის, რომ ეს მხოლოდ დედამ იცის, შვილმა კი არა. სწორედ ამიტომ ჰგონია ბავშვს, რომ აკრძალვა უსამართლოა და როგორც კი დროს იხელთებს, აუცილებლად ეცდება გუბეში ჩახტომას. არის მეორე ვარიანტიც - ბავშვი დედისაგან გაიგონებს, რომ გუბე საშიშია და ყოველგვარი წყლის შიში გაუჩნდება. ჯობს, პატარას გასაგები ენით აუხსნათ, რას საფრთხეს შეიცავს გუბე, შემდეგ კი ერთად გამოიკვლიოთ. ეს პროტესტს აღარ გამოიწვევს. ბავშვი საკუთარ მაგალითზე მიხვდება და სამუდამოდ დაიმახსოვრებს, რომ გუბეში ლამაზი ფეხსაცმელი დაუსველდება. მთავარია, პატარა ამაში თავად დარწმუნდეს და საკუთარი, პირადი სასარგებლო გამოცდილება შეიძინოს. ბავშვები, მოზრდილი ადამიანებისგან განსხვავებით, სამყაროს მხოლოდ მხედველობითა და სმენით კი არ შეიცნობენ და აღიქვამენ, არამედ თითქოს გრძნობის ყველა ორგანოთი ისრუტავენ ინფორმაციას. მათთვის მთავარია არა მარტო მოსმენა, არამედ შეგრძნება - გემოს გასინჯვა, შეხება, შერხევა. ასე იძენენ ისინი გამოცდილებას, რომელიც ყველაზე მეტად ამახსოვრდებათ. ზოგადად, გამოცდილება პრაქტიკულია. შეიძლება, ბავშვს დიდხანს ვუხსნიდეთ, როგორ უნდა ვიაროთ ველოსიპედით, მაგრამ ნამდვილი ველოსიპედისტი ბავშვი მხოლოდ მაშინ გახდება, როცა თავად მიუჯდება საჭეს, ფეხს დააჭერს მუხრუჭს, შეიგრძნობს მოძრაობისა და მოხვევის რიტმს. თუ ეს ყველაფერი თავიდანვე არ გამოუვიდა, არაფერია, მთავარია მონდომება. მშობლებს ამ სიტუაციაში მხოლოდ მისი მხარდაჭერა ევალებათ.
საინტერესო გაკვეთილები
მარტივი წესების დაცვით უსაფრთხოების გაკვეთილები შეიძლება საკმაოდ საინტერესო გახდეს. ამისათვის სულაც არ არის საჭირო, მაგიდას მიუსხდეთ. საკმარისია, თქვენივე საქმიანობის პროცესში მიაწოდოთ პატარას ინფორმაცია. მაგალითად, თუ მაღაზიაში მიდიხართ, ბავშვს გზაში აუხსენით, სად და როგორ უნდა გადაკვეთოს ქუჩა, რატომ არ შეიძლება ნებისმიერ ადგილზე გადარბენა, რატომ ვიყურებით ჯერ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ. თუ მაღაზიაში ხშირად დადიხართ, მსგავსი წესების ათვისება სულაც არ იქნება რთული. შეგიძლიათ, თამაშითვე შეამოწმოთ, როგორ აითვისა ბავშვმა წესები: ერთ დღეს სთხოვეთ პატარას, თავად გადაგიყვანოთ ქუჩაზე და მიგიყვანოთ მაღაზიამდე. ასე საშუალება მოგეცემათ შეამოწმოთ, რა აითვისა ბავშვმა და რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება კიდევ ერთხელ. ასევე თამაშით შეგიძლიათ ასწავლოთ ბავშვს საკუთარი მისამართი, აუხსნათ, რატომ არ უნდა დავადგათ ფეხი საკანალიზაციო ჭას, რატომ არ უნდა წავყვეთ უცნობ ადამიანს, არ უნდა ვჭამოთ უცნობი კენკრა... ცხოვრებაში ხშირად იქმნება სიტუაცია, რომელიც თავად არის გაკვეთილი. მაგალითად, ბავშვთან ერთად მიდიხართ და ხედავთ, როგორ აბრაზებს პატარა ბიჭი ძაღლს ჯოხით. რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი ძაღლი ვერ აიტანს და ყეფას დაიწყებს. "რატომ დაუყეფა ძალღმა ბიჭს?" - ჰკითხეთ თქვენს შვილს და დაეხმარეთ გამოიტანოს დასკვნა, რომ ძაღლის გაბრაზება არ შეიძლება - ის დაგვიყეფს და შესაძლოა გვიკბინოს კიდეც. აქვე უნდა ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ შეიძლება მოვეფეროთ უცხო, თუნდაც ძალიან ლამაზ და სუფთა ძაღლს, რატომ არ უნდა გავიქცეთ ძაღლის დანახვისას (ძაღლი ყოველთვის ცდილობს დაეწიოს გაქცეულს, თანაც მას ოთხი თათი აქვს და ჩვენზე სწრაფად დარბის). ერთი სიტყვით, ბავშვის განსწავლისთვის შეიძლება ნებისმიერი სიტუაცია გამოვიყენოთ - მულტფილმების ყურება, წიგნის კითხვა, თამაში...
ვისწავლოთ თამაში
ყველა ბავშვს უყვარს სირბილი, ცოცვა, ხტომა, თუმცა ერთნი ამას უვნებლად ახერხებენ, მეორენი კი ხშირად დადიან კოპებით და სისხლჩაქცევებით დამშვენებულები. რაშია საქმე? უსიამოვნება გაიშვიათდება, თუ მშობლები მიჰყვებიან ალგორითმს "ვისწავლოთ-გავიმეოროთ-განვამტკიცოთ-შევამოწმოთ". პატარა ბავშვებს შესანიშნავად აქვთ განვითარებული თვითგადარჩენის ინსტინქტი და უსიამოვნებაც უმეტესად გამოუცდელობის გამო შეემთხვევათ ხოლმე. მაგალითად, ბავშვი ხეზე მიცოცავს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ამის უფლება არ მივცეთ, დავტუქსოთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ადრე თუ გვიან ბავშვი მცდელობას გაიმეორებს. ამიტომ უმჯობესია, ცოცვის სწავლაში დავეხმაროთ, ვურჩიოთ, რომელ ტოტებს მოეჭიდოს, მივცეთ საშუალება, ტოტებს ჩამოეკიდოს.
როგორ ვილაპარაკოთ, რომ ბავშვმა ჩვენი სიტყვები დაიმახსოვროს?
ერთი და იმავე საკითხის შესახებ ბავშვს სხვადასხვანაირად უნდა ველაპარაკოთ, ერთმანეთს ენაცვლებოდეს მოყოლა, ჩვენება, ექსპერიმენტი, კითხვებზე პასუხი, ჩვენება წიგნში ან სურათზე, დახატვა, განსჯა. გახსოვდეთ, ბავშვთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება თამაშია. სწორედ თამაშით შეიცნობს ბავშვი სამყაროს და იძენს სასარგებლო გამოცდილებას.