ყურადღება, ვიღებთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურადღება, ვიღებთ!

რა სჯობს, როცა ალბომს გადაშლი და შვილის ბავშვობა კიდევ ერთხელ ჩაგიქროლებს თვალწინ... ასეთი ქრონიკის შექმნა მშობლებს ძალიან სიამოვნებთ. პირველი ღიმილი, სათამაშოსკენ პირველად გაწვდილი ხელი, ტირილი, ვაშლის პირველი დაგემოვნება... თუმცა საქმის მცოდნენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვის გადაღება ნამდვილად არ არის ისეთი იოლი, როგორიც ერთი შეხედვით გვგონია. პატარები ადგილზე წამითაც არ ჩერდებიან, ზოგიერთი ფოტოკამერის დანახვისას იმალება კიდეც, ზოგიერთს კი თავად უჩნდება ფოტოგრაფობის სურვილი და დაჟინებით მოითხოვს ძვირადღირებული ტექნიკით თამაშს. ყველა ბავშვი ინდივიდია, ამიტომ მათი გადაღება სწორედ პიროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით არის საჭირო.

პირველი პორტრეტები

პატარა ბავშვები დაუჯრებელი სისწრაფით იცვლებიან. გრძელი, წვრილი თითები, მომხიბლავი ღიმილი, სერიოზული გამოხედვა - ყოველივე ამის დამახსოვრება დედის ბუნებრივი სურვილია. ახალშობილი ყოველ წუთს შეგვიძლია გადავიღოთ - ის ხომ ელვის სისწრაფით იცვლება. ბავშვი თავს ყველაზე მშვიდად საყვარელი ადამიანის ხელებში გრძნობს, ამიტომ ჯობს, გადაღებისას პატარა დედას, მამას ან ბებიას ეჭიროს ხელში. თუ ბედმა გაგიღიმათ, ფირზე აღბეჭდავთ არა მარტო პატარასა და მის ახლობლებს, არამედ იმ სითბოსა და სიყვარულსაც, რომელსაც ბავშვი უფროსების მიმართ გრძნობს. არ დაგავიწყდეთ, ფოტოკამერა დროდადრო ახლობლებს გადასცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს სურათებზე ვერ იპოვით. თუ ბავშვს მარტოს იღებთ, შეურჩიეთ მოხერხებული პოზა ზურგზე, მუცელზე ან გვერდზე. შეგიძლიათ, ლამაზი პლედიც დაახუროთ.

საინტერესო ფოტო გამოვა, თუ მწოლიარე ბავშვს ზემოდან გადავიღებთ. ასეთ სურათებზე ბავშვი ძალიან პატარა და მომხიბლავი ჩანს. ძალიან ლამაზია კადრები, რომელთაც ბავშვის სიმაღლის დონეზე ვიღებთ. ამისთვის უნდა ჩავიცუცქოთ ან დავწვეთ. ყურადღების მისაპყრობად ბავშვს რამეს მოუყევით, გაუღიმეთ. თუნდაც ძალიან გინდოდეთ ახალი კაბის ან კოსტიუმის გადაღება, არ არის რეკომენდებული "ფოტოსესიის" წინ ბავშვის გადაღლა ტანსაცმლის გამოცვლით. შეგიძლიათ, ბავშვი შიშველიც გადაიღოთ. დედიშობილა პატარა გაცილებით ბუნებრივად გამოიყურება, ვიდრე ნაირ-ნაირ ტანსაცმელში გამოპრანჭული. ნუ გააკეთებთ აქცენტს სახეზე. პაწაწინა ხელები, ფეხები, კულულები - ეს ყველაფერი ნებისმიერი მშობლისთვის ძალიან ძვირფასია. ბავშვის გადაღებისას საჭიროა ახლო კადრები. ძალიან საინტერესო სურათები შეგვიძლია გადავიღოთ კონტრასტის ფონზე - მაგალითად, როცა პაწაწინა ხელი უფროსს უჭირავს. ეცადეთ, პატარას გადაღებისას არ გამოიყენოთ აფეთქება - შესაძლოა, ბავშვი დააფრთხოთ. რაც მთავარია, ფოტოაპარატი ყოვე¬ლთვის მზად გქონდეთ, ვინ იცის, როდის დაგჭირდებათ. პატარას ცხოვრებაში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება: პირველი გადაბრუნება, წამოჯდომა, ცოცვა, ადგომა, პირველი ნაბიჯები... გადაიღეთ ხშირად, დღის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რაკურსით. ასეთი სურათები ძალიან საინტერესოა ქრონიკის შესაქმნელად.

ფარული კამერა

ბავშვი იზრდება, სწავლობს სიარულს, სირბილს. დავეწიოთ მას და თან სურათიც გადავუღოთ, უკვე ძნელია. ამ პრობლემის სტანდარტული გადაწყვეტა "იძულებითი" გადაღებაა - პატარას სკამზე ვსვამთ და მითითებებს ვაძლევთ: "გასწორდი! თავი ასწიე! გაიღიმე!" შედეგად კი ვიღებთ სურათებს, რომლებიც წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს: დაძაბული გამოხედვა, ხელოვნური ღიმილი. ასეთი სურათების დათვალიერება არც ისე საინტერესოა. სპეციალისტები გვთავაზობენ, ოდნავ სხვანაირად გადავიღოთ. არ ღირს, ბავშვის ყურადღება საგანგებოდ მივაპყროთ გადაღების პროცესს. ყველაზე ცოცხალი და გულწრფელი კადრი მაშინ გამოდის, როცა ბავშვი საერთოდ ვერ ამჩნევს, რომ მას იღებენ.

პატარა თამაშს იწყებს, მშენებლობისათვის ემზადება, სახეზე ყურადღება და მონდომება აღბეჭდვია. ამ დროს შეუმჩნევლად დააჭირეთ თითი ფოტოაპარატის ღილაკს და კადრიც მზადაა! აი, კოშკიც აშენებულია და ბავშვიც საკუთარ ნაშრომს კმაყოფილი უყურებს. ეს კიდევ ერთი კადრის ობიექტია. დაგვეთანხმებით, რომ მსგავს მომენტებს ხელოვნურად ვერასოდეს შექმნით. ბავშვისთვის ისეთი გასართობი გარემოს შექმნა, რომ ფოტოგადაღება შეუმჩნეველი დარჩეს, ძნელი ნამვილად არ არის. საკმარისია, მას საყვარელი სათამაშო მისცეთ ან ახალი სათამაშოთი გაართოთ. ყოველთვის საინტერესოა წყალში თამაში, საპნის ბუშტების გაშვება. თუ პატარა დამოუკიდებლად თამაშისთვის არ არის განწყობილი, ცოტა ხანს მასთან ერთად ითამაშეთ. შემდეგ შესთავაზეთ, სათამაშო "დააძინოს" ან მანქანა "ფარეხში შეიყვანოს", ამ დროს კი შეგიძლიათ, რამდენიმე საოცარი სურათი გადაიღოთ. თუ დროს გამონახავთ, ძალიან საინტერესო სურათებს გადაიღებთ, როცა სტუმრები გყავთ. ბავშვი ამ დროს სტუმრებთან ერთობა და საერთოდ ივიწყებს ფოტოაპარატის არსებობას. თუ გინდათ, კამერისკენ მიმართული მზერა დაიჭიროთ, ბავშვს დაუძახეთ და კადრიც მზად არის. ასეთი მიდგომის წყალობით ბავშვისთვის ფოტოგადაღება კიდევ ერთ გასართობად იქცევა. ოღონდ არ უნდა დაივიწყოთ ელემენტარული ჭეშმარიტება: ფოტოსესიისთვის ბავშვი არა მარტო უნდა გაართოთ, არამედ მის დასვენებასა და კვებაზეც უნდა იზრუ¬ნოთ. მშიერ, დაღლილ და მოუხერხებლად ჩაცმულ პატარას ვერც გაახალისებთ და ვერც სურათებს გადაუღებთ. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - მძინარე ბავშვის გადაღება. მშობლებს ნამდვილად ექნებათ სურვილი, ფირზე აღბეჭდონ მძინარე ბავშვის სახე.

ფოტოსესია სკვერში

სკვერი ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ შეუმჩნეველიც დარჩეთ და შესანიშნავი სურათებიც გადაიღოთ. ატრაქციონები, სასრიალო გორაკები და უბრალო ქვიშის მოედანიც კი შესანიშნავი ადგილებია ფოტოსურათების შესაქმნელად. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ბავშვი თანატოლებთან ერთად აღბეჭდოთ. ეცადეთ, პატარა ჯარისკაცივით გამოჭიმული კი არ გადაიღოთ, არამედ გარკვეული სიუჟეტები შეუქმნათ. მართლაც საინტერესოა, რას აკეთებს ბავშვი პარკში - როგორ დასდევს ბურთს, როგორ მიიპარება გუბისაკენ... შეგიძლიათ, კადრი სხვადასხვა წერტილიდან გადაიღოთ, დააფიქსიროთ პატარა მოძრაობის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ განათებას, რომელიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი სურათის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ოთახისა. ჯობს, სურათები კარგ ამინდში გადავიღოთ. ამ შემთხვევაში ფერები უფრო ხასხასა იქნება, სურათი კი მხიარული. ამავე დროს, ეცადეთ, არ გადაიღოთ კაშკაშა მზის ფონზე, რათა არ მიიღოთ მკვეთრი ჩრდილები. საუკეთესო დროა დილა ან ადრე საღამო, როცა სინათლე უფრო რბილია. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვის ზღვის ნაპირას, კაშკაშა მზის გულზე გადაღება გვსურს? ამ შემთხვევაში ჯობს მოვძებნოთ გაფანტული ჩრდილი, მაგალითად, ქოლგის ან ხის ფოთლების ქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტოზე ბავშვი მეტისმეტად ფერმკრთალი იქნება, ფერები კი მქრქალი.

შეჩერებული წამი

წლების შემდეგ ბავშვის ცხოვრების ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენაც კი განუმეორებელი და ძვირფასი გვეჩვენება. დიდი სიყვარულით ვათვალიერებთ სურათებს და წარსული დღეები გვახსენდება. აუცილებლად აღნიშნეთ სურათზე გადაღების თარიღი, თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ვერც კი გაიხსენებთ, როდის მოხდა ეს...

როგორ ავირჩიოთ ფოტოკამერა

საბედნიეროდ, თანამედროვე ციფრული კამერები საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად ასეულობით ფოტო გადავიღოთ და არც გაფუჭებული კადრი გვიქმნის პრობლემას. თუმცა ბავშვის გადაღებისას ყოველგვარი ფოტოაპარატი არ გამოგვადგება. კამერას სწრაფი ფოკუსირება უნდა ჰქონდეს. ბავშვი ძალიან მოძრავია და კარგი კადრის "დაჭერა" უფრო ადვილია, როცა კამერა სწრაფად მუშაობს. აჯობებს, თუ ფოტოაპარატს სპორტული ფოტოგადაღების ფუნქცია ექნება. მოძრაობისას გადაღებული კადრები სულ სხვაა.

სერიული გადაღებისას შეგიძლიათ თანამიმდევრობით გადაიღოთ რამდენიმე კადრი, შემდეგ მსგავსი კადრები დაათვალიეროთ და საუკეთესო აირჩიოთ ან ფოტოკოლაჟი შექმნათ.