ავირჩიოთ სწორი გზა

ყველა პატარას მისთვის შესაფერისი სწავლისა და განვითარების მეთოდი შევურჩიოთ. ნებისმიერი გამოცდილი პედაგოგი, ფსიქოლოგი და უბრალოდ მრავალშვილიანი დედა იძულებულია აღიაროს, რომ ყველა ბავშვს მისთვის დამახასიათებელი, სხვა პატარებისგან განსხვავებული შესაძლებლობები აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბავშვები ერთ ოჯახში, აბსოლუტურად ერთნაირ პირობეში იზრდებიან, უნარი ინდივიდუალური და არაერთგვაროვანია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ პატარას ყველაფერი ხელეწიფება, ხოლო მეორე ჩამორჩენილი იქნება ყველგან და ყველაფერში. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ "ჰარმონიული პიროვნება", რომელიც ყოველმხრივ თანაბრად არის განვითარებული, მითია.
გონივრული დაგეგმვა
ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი მიმართულება ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანის ცნობიერებაში დომინირებს სამყაროს აღქმის ერთ-ერთი არხი - სმენითი, მხედველობითი ან სენსორული. შესაბამისად, წამყვანი არხით მიწოდებული ინფორმაციის გაგება, დამუშავება და დამახსოვრება ადამიანს გაცილებით უადვილდება. სწავლების ბევრი პოპულარული მეთოდიკა სწორედ ბავშვის შესაძლებლობების ამ ინდივიდუალურ განსხვავებას ითვალისწინებს.
როგორი ტიპის ბავშვები არსებობენ?
- აუდიალები. მათთვის აღქმის წამყვანი არხი სმენაა. ასეთ პატარას ბევრი უნდა უკითხოთ, ხოლო მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსხვავებული ინტონაციით გადასცეთ. თეატრალური ხმები, მუსიკალური ეფექტები, გამოთქმით ლაპარაკი - აი აუდიალის ყურადღების მიპყრობის საშუალება. აუდიალები, ჩვეულებრივ, წარმატებას აღწევენ მუსიკაში, სამსახიობო ხელოვნებაში, თუმცა არამარტო ამ სფეროში. ისინი შეიძლება გახდნენ შესანიშნავი ფსიქოლოგები და პედაგოგები, თარჯიმნები... ისინი არა მარტო ისმენენ ხმებს, არამედ მათგან უამრავი სასარგებლო რამაც შეიძლება მიიღონ. მომავალში ასეთი პატარები იშვიათად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც ხელსაქმესთან არის დაკავშირებული, არც გეგმები და ნახაზები იპყრობს მათ ყურადღებას.
- ვიზუალები. მათთვის აღქმის არხი მხედველობაა. ასეთი პატარების ყურადღებას იპყრობს ასოები, ციფრები, რუკები... ისინი ძალიან ადრე სწავლობენ კითხვას და პატარა ასაკიდანვე "ჭკვიანის", "ნიჭიერის" წოდებას იმსახურებენ. როცა ვიზუალს რაიმეს უხსნით, ყოველთვის უნდა გამოიყენოთ ნათელი მაგალითი - წარწერა, სურათი, სქემა. კომიქსებით გადმოცემულ წესებს ასეთი ბავშვები გაცილებით უკეთ იმახსოვრებენ, ვიდრე სიტყვებს. მაგალითად, დღის წესრიგი, რომელიც ნახატებითაა შესრულებული, მალე გადაიქცევა კანონად. ვიზუალები მეცნიერების წამყვან ძალას წარმოადგენენ, ნიჭიერი კონსტრუქტორები ხდებიან. მათ შორის დიზაინერებიც გვხვდებიან, თუმცა ეს სამუშაო არცთუ ისე მომხიბვლელი ეჩვენებათ. ვიზუალები უმკლავდებიან ხელმძღვანელის როლსაც.
- კინესთეტიკები. მათთვის აღქმის არხი სხეულზე შეხებაა. ასეთ პატარებს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებთ. ისინი მუდმივად მოძრაობენ, სპორტულები არიან და ადრეული ასაკიდანვე ავლენენ ინტერესს მოზრდილთა ნებისმიერი საქმიანობის მიმართ. ასეთ ბავშვს ადვილად დააინტერესებთ ერთობლივი შრომით. ახალ ინფორმაციას კი რაიმე ქმედებაში ჩართვით აათვისებინებთ. მაგალითად, დაგეხმარებათ მინი-სპექტაკლი, ნახატისთვის თითის გაყოლება და ასე შემდეგ. მომავალში ასეთი ბავშვები ეუფლებიან პროფესიებს, რომლებიც ხელით შრომასთან არის დაკავშირებული. კარგ ურთიერთობებს ამყარებენ ადამიანებთან. დიზაინი და კულინარია მათთვის საყვარელი სფეროებია. კინესთეტიკები შემდგომში საკმაოდ მომთხოვნი, თუმცა სამართლიანი ხელმძღვანელები არიან.
რა აშინებთ მშობლებს
მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვები ბავშვის განვითარების მოდელებთან დაკავშირებით. განვიხილავთ მათგან ყველაზე გავრცელებულთ.
1. ხომ არ გამოიწვევს დომინანტური არხის მუდმივი სტიმულაცია სხვა არხების დაჩლუნგებას და ატროფიას? ხომ არ შევიწროვდება სამყაროს აღქმის ჰორიზონტი?
სპეციალისტები ერთმნიშვნელოვნად გვპასუხობენ, რომ არა. ბავშვი იგებს, როგორ აღიქვამს ის ინფორმაციას უკეთ და უფრო ეფექტურად იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ, მაგალითად, არ შეიძლება ვიზუალის ან აუდიალის სპორტში ჩაბმა, რომ ეს სფერო მისთვის ნაკლებად საინტერესოა. უბრალოდ, გატაცება სწორად უნდა შევურჩიოთ. მაგალითად, ვიზუალი კარგად ითამაშებს ბილიარდს ან მაგიდის ჩოგბურთს, აუდიალებს კი უფრო შეეფერებათ სპორტის არტისტული სახეობა - ტანვარჯიში, სინქრონული ცურვა, ცხენოსნობა...
2. ხომ არ გაუჭირდება ბავშვს სკოლაში სწავლა?
სპეციალისტების მტკიცებით, სკოლაში ყველაზე ნაკლები პრობლემები ვიზუალებს ექმნებათ, ვინაიდან კლასიკური სასკოლო პროგრამები სწორედ მათი უნარების განვითრებას ემსახურება. სხვა ტიპის პატარებს კი უფრო მეტად შეექმნებათ პრობლემები. ვიზუალს სხვებისგან განსხვავებით მაღალი თვითშეფასება უყალიბდება, დანარჩენი პატარები კი იძულებული არიან, მეტი იშრომონ, თვითშეფასებაც უფრო დაბალი აქვთ. ამის გამო სპეციალისტები პედაგოგებს ურჩევენ, ინფორმაცია პატარებს ყველა არხით მიაწოდონ - გამოიყენონ ქმედება, იმეტყველონ თეატრალურად და გამოიყენონ თვალსაჩინო მასალა. ინდივიდუალური მეცადინეობისას კი სწორედ თქვენი ბავშვისთვის შესაფერისი მეთოდი უნდა შეარჩიოთ. ასე რომ, მშობლებისა და პედაგოგების მთავარი ამოცანაა ბავშვს ინფორმაცია გასაგები ენით მიაწოდონ. ეს სულაც არ ნიშნავს პატარას ცალმხრივ განვითარებას. უბრალოდ, ბავშვისგან არ უნდა ველოდოთ იმას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება და შევურჩიოთ მოღვაწეობის ის სფერო, სადაც წარმატების მეტი შანსი აქვს.