მიყვარხარ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიყვარხარ

სწორედ მის რეალიზაციაზეა დამოკიდებული პიროვნების კეთილდღეობა. საკუთარი შვილის სიყვარული სავსებით ბუნებრივია. ბავშვი გვიყვარს იმიტომ, რომ ის არსებობს. თუმცა არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილის "უბრალოდ" სიყვარული არ არის გამართლებული. მათი აზრით, ბავშვმა მშობლების სიყვარული უნდა დაიმსახუროს. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "დღეს მიყვარხარ, იმიტომ რომ კარგად მოიქეცი (შენით ჩაიცვი, სათამაშოები შეინახე, წყნარად თამაშობდი და ა. შ.)". არცთუ იშვიათად მოზრდილები თავიანთ სიყვარულს ულუფებად ყოფენ და ამა თუ იმ საქციელისთვის ჯილდოდ არიგებენ. შედეგად ბავშვებს მუდმივი შიში ეუფლებათ - ეშინიათ, რომ ნებისმიერ წუთს "გადაიყვარებენ". ზოგიერთ მშობელს სჯერა, რომ პატარები ისედაც გრძნობენ მათ სიყვარულს. ასეთ მშობლებს საჭიროდ არ მიაჩნიათ, პატარებს ეს "ელემენტარული ჭეშმარიტება" შეახსენონ. სინამდვილეში ბავშვებს მუდამ სჭირდებათ სიყვარულის დადასტურება. თავადაც გამუდმებით ცდილობენ, მშობლებს აგრძნობინონ თავიანთი დამოკიდებულება - ჩუქნიან მათ თავიანთ ნახატს, ორცხობილას ნატეხს, ეუბნებიან კომპლიმენტებს, ცდილობენ, კარგად მოიქცნენ... რატომ არ სურთ მშობლებს, შვილებს თავიანთი სიყვარული აგრძნობინონ? ალბათ ზოგიერთ მათგანს ეშინია, ზედმეტი ალერსით პატარა არ გაანებივროს. სპეციალისტების აზრით, ეს შიში საფუძველს მოკლებულია. ბავშვი მაშინ განებივრდება, თუ დაუფიქრებლად შევუსრულეთ ყველა ახირება, მაგრამ თუ პატარას ალერსი მოვაკელით, შესაძლოა, მისგან ვერ ჩამოყალიბდეს საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი პიროვნება. ამერიკელმა ფსიქოლოგმა როს კემპბელმა თავის წიგნში "როგორ უნდა გვიყვარდეს ბავშვები" ბავშვი სარკეს შეადარა. პატარა არასოდეს "იწყებს" სიყვარულს - ის სარკესავით ირეკლავს ჩვენს გრძნობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვის გულში სიყვარული მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ ის ჩვენგან მიიღო, თუ უპირობოდ შევიყვარეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც არის.

როგორ ავუხსნათ ბავშვებს სიყვარული

ზუსტად არავინ იცის, რა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისათვის - სიტყვები, კილო თუ საქციელი. რა ხდება, როცა ეს ფაქტორები ერთმანეთს ეწინააღმდეგება? პატარა ფრთხება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მშობლების ნებისმიერი ჟესტი. მოზრდილი ადამიანებისგან განსხვავებით, ბავშვები სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამენ და მათი წარმოთქმისას ძალიან კარგად გრძნობენ ემოციურ ტონს. როცა განრისხებული მშობელი ბავშვს უყვირის: "არ მიყვარხარ!" - პატარა იჯერებს ამ სიტყვების სიმართლეს. თუ ბავშვს ვუთხარით, რომ გვიყვარს, გული სიხარულით აევსება. ხშირად შეაქეთ პატარა, უთხარით, რომ კმაყოფილი ხართ მისი საქციელით. ბავშვს იოტისოდენა ეჭვიც არ უნდა გაუჩნდეს, რომ არ გიყვართ. არ შეგეშინდეთ, ეს პატარას არ "გააფუჭებს". ჯერ არ დაბადებულა ბავშვი, რომლის აღზრდისთვის სიყვარულსა და ყურადღებას ხელი შეეშალოს. ყველა ბავშვს სიამოვნებს, როცა ხელში აიყვანენ, მოეფერებიან, აკოცებენ, ჩაიხუტებენ... პატარებისათვის ეს სიყვარულის ყველაზე სარწმუნო გამოხატულებაა. მნიშვნელოვანია ღიმილი, სიყვარულით სავსე გამოხედვა. რაც უფრო მეტია მსგავსი დადებითი სიგნალი, მით უფრო უსაფრთხოდ გრძნობს ბავშვი თავს. გახსოვდეთ: ბავშვთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია მასთან გატარებული დროის არა მარტო ოდენობა, არამედ ხარისხიც. არ არის საუბარი იმის შესახებ, როგორ ჭამა ბავშვმა ან როგორ იქცეოდა ის.

კარგი ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ბავშვისადმი ყურადღების გამოჩენას გულისხმობს. ერთად წაიკითხეთ მისი საყვარელი ზღაპარი, დახატეთ, ნახეთ მულტფილმი, ითამაშეთ. ზოგჯერ პატარას უბრალოდ მშობლებთან ერთად ჯდომა და საუბარი სჭირდება. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს არ არის ფუჭად დაკარგული დრო. ყოველ შემთხვევაში, თქვენი შვილისთვის - ნამდვილად არა. თუ დაღლილი ხართ და ბავშვთან ურთიერთობის თავი არა გაქვთ, ჯობს, გადადოთ, რადგან პატარა მალე იგრძნობს თქვენს განწყობას. ჯობს, ურთიერთობისთვის ისეთი დრო შეარჩიოთ, როცა შეძლებთ, თავი მთლიანად ბავშვს მიუძღვნათ. "თუ ბავშვს ხშირად ვაჩუქებთ ძვირად ღირებულ სათამაშოებს, მიეჩვევა ამას და საჩუქარიც გაუფასურდება", - ჰგონიათ მშობლებს. ეს მართალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსები ძვირად ღირებული საჩუქრებით ბავშვის მოსყიდვას ცდილობენ, მაგრამ როცა საჩუქრის მიზანი უბრალოდ ყურადღების გამოხატვაა, პატარაც გრძნობს უფროსის განწყობას. ნებისმიერმა ყურადღებიანმა მშობელმა იცის, რაზე ოცნებობს მისი შვილი.

თუ ეცდებით, ბავშვის სურვილი საკუთარს დაუქვემდებაროთ ან საოცნებო სათამაშოს ნაცვლად თქვენთვის მატერიალურად უფრო ხელსაყრელი ან უფრო საინტერესო ნივთი აჩუქოთ, პატარა ამას სიყვარულის დასტურად ნამდვილად ვერ აღიქვამს. მართლაც, რა გრძნობა უნდა დაეუფლოს ბავშვს, როცა მანქანაზე ოცნებობს და კონსტრუქტორს აჩუქებენ?! მოსიყვარულე მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად იზრუნონ შვილებზე, ნაკლებად მზრუნველები კი ყურადღებას იშვიათად გამოხატავენ. ამ დროს ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს. თუმცა ხშირად მზრუნველ მშობლებსაც უჭირთ, გაავლონ ზღვარი ჭეშმარიტ მზრუნველობასა და ბავშვის დამოუკიდებლობის დათრგუნვას შორის. გადაჭარბებული მზრუნველობა ბავშვმა შესაძლოა არ მიიღოს. ასე რომ, გაითვალისწინეთ: კარგია მზრუნველობის ის დოზა, რომელიც ბავშვისთვის არის მისაღები, რომელიც არ თრგუნავს მის ბუნებრივ მოთხოვნილებას, იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა იფიქრებს, რომ ის თქვენი საკუთრებაა და არა სიყვარულის ობიექტი. თუ სიყვარულს მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოხატავთ, შვილს კი აიძულებთ, რაიმე საკუთარი სურვილის საპირისპიროდ აკეთოს - შენს სასიკეთოდ ასე სჯობსო, ბავშვი ეცდება, მალე გაერიდოს ასეთ სიყვარულს.