მამიკოსთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამიკოსთან ერთად

თანამედროვე მიდგომებისა და მშობელთა სკოლების წყალობით დედებთან ერთად სულ უფრო მეტი მამა ემზადება პაწაწინასთან შესახვედრად. ეს ძალიან კარგია - როცა მამაკაცი აქტიურად არის ჩართული ოჯახის საქმიანობაში, ის თავს ბედნიერად გრძნობს და მისი ბედნიერება დედასა და შვილსაც გადაედება.

ზოგიერთს რატომღაც მიაჩნია, რომ ახალშობილისთვის მხოლოდ დედასთან ურთიერთობაა უმნიშვნელოვანესი, ხოლო აღზრდაში მამის მონაწილეობა ჩვილის სიცოცხლის პირველ ეტაპზე სრულიადაც არ არის აუცილებელი. ამ შეხედულების მომხრეებს ავიწყდებათ, რომ მამას შეუძლია, სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ძალიან ბევრი რამ მისცეს შვილს. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ პატარას ნორმალური ოჯახური ურთიერთობის მოდელი სიცოცხლის პირველსავე დღეებში უყალიბდება. ეს მოდელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაშიც. სწორედ საკუთარი მშობლების მაგალითზე სწავლობს ბავშვი განსხვავებას დედასა და მამას შორის, ითვისებს ქალისა და მამაკაცის როლს, ეცნობა მათ ურთიერთდამოკიდებულებას. ჩვეულებრივ, დედას ოჯახის "შინაგანი მფარველის" როლი აკისრია, ოჯახურ სიმყუდროვესა და სულიერ კომფორტს უზრუნველყოფს, მამა კი "საგარეო ურთიერთობებს" აწესრიგებს.

ბავშვი მცირე ასაკიდანვე გრძნობს, რომ სხვადასხვა ადამიანი მის მიმართ სიყვარულს სხვადასხვანაირად გამოხატავს. როცა პაწაწინა დაინახავს, რომ სითბოსა და რძეს დედისგან იღებს, ხოლო თამაშს - მამისგან, მიხვდება, რომ სამყარო დედით არ შემოიფარგლება და თავადაც უფრო ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი გახდება. როცა ბავშვის მოვლის ტვირთს ორივე მშობელი თანაბრად ინაწილებს, საბოლოო ჯამში ორივე მოგებული რჩება. სხვათა შორის, მამას შეუძლია, გაცილებით ენერგიულად ეთამაშოს პაწაწინას, უფრო მეტხანს ატაროს ხელით, ვიდრე ახალნამშობიარევ დედას. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ხალხი ზრუნავს ახალშობილზე, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ის თავს.

მამობა იოლი როდია!

დედა ბავშვთან კონტაქტს ორსულობის პერიოდშივე ამყარებს, მამის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. ამიტომ არის, რომ ყველა ახალბედა მამა ეჭვობს საკუთარი შესაძლებლობების გამო. ამას ისიც ემატება, რომ მამაკაცები იშვიათად კითხულობენ ლიტერატურას ბავშვების მოვლის შესახებ - იმედი აქვთ, რომ ყველაფერს მეუღლისგან გაიგებენ, ამიტომ აუცილებელია, ორსულობის პერიოდში მიღებული ინფორმაცია მომავალმა დედამ მეუღლესაც გაუზიაროს, რათა ერთობლივად შეიმუშაონ საკუთარი კოდექსი მშობლების ფუნქციების შესახებ. როცა მამამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილისთვის მისი მეუღლის ესა თუ ის ქმედება, ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამს ისეთ წვრილმანებს, როგორიც არის ვახშმის დაგვიანება ან დილით ადრე ადგომა.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მამა, რომელიც ბავშვობაში თვითონვე განიცდიდა ყურადღების დეფიციტს, დედა-შვილის თბილი ურთიერთობის ცქერისას თავს დაჩაგრულად გრძნობს და ეჭვიანობს. ზოგჯერ ასეთი მამაკაცები ცოლს შვილზე მეტისმეტ მიჯაჭვულობას საყვედურობენ. არც ის არის იშვიათობა, როცა დედა მთელ ყურადღებას პატარას უთმობს და მეუღლის არსებობა საერთოდ ავიწყდება. ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, მამაკაცი გაღიზიანდეს და აგრესიულად მოიქცეს.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამაკაცებსაც ეუფლებათ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები ხანი გაატარონ ოჯახში, ამას ცოლქმრული ურთიერთობების ნგრევა მოჰყვება და ბავშვიც გაუცხოების მთავარ დამნაშავედ აღიქმება.

თუ მოვლენები ასე განვითარდა, ოჯახის ყველა წევრი წაგებული დარჩება. ასე რომ არ მოხდეს, ქალმა უნდა აგრძნობინოს მეუღლეს, რომ ის ძველებურად სასურველი და საყვარელია, აუხსნას, რომ პატარას ახლა ძალიან ბევრი რამ სჭირდება, რომ ოჯახის მთავარი წევრი ახლა ბავშვია. ჩვილი ზედმეტს არაფერს მოითხოვს. ყველაფერი, რაც მას სჭირდება, აუცილებელია მისი ნორმალური განვითარებისთვის, ამიტომ დედა ორად არ უნდა გაიხლიჩოს. პირიქით, მან ჩვილის მოვლაში აუცილებლად უნდა ჩართოს მამა. ამ შემთხვევაში მას მეტი დრო დარჩება არა მარტო მეუღლისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც.

პრიორიტეტები

ზოგს მიაჩნია, რომ თუ მამა პატარას ბოთლით გამოკვებავს, მათი სიყვარული უფრო მტკიცე იქნება. როცა ბავშვი ძუძუს წოვს, მსგავსი "ჩანაცვლება" დაუშვებელია. ყველამ უნდა იცოდეს, რომ კვება დედის ფუნქციაა, მამას კი შეუძლია, კვების შემდეგ პატარა ხელით ატაროს და მზრუნველობა ასე გამოხატოს. სხვათა შორის, მამას ჩვილის ბანაობაც შეიძლება მივანდოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა

ყველა დედა წინასწარ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ დადგება დღე, როცა მამა-შვილი მის ჩაურევლად გამონახავს საერთო ენას. ამ ეტაპზე დედის მხრიდან ურთიერთობების რეგულირება აღარ არის საჭირო, თორემ მამა ვერასოდეს ისწავლის შვილთან დამოუკიდებელ ურთიერთობას. ყველა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვისთვის მამა სულაც არ არის მთავარი დედის შემდეგ. პატარა ორივე მშობელს თანაბრად მნიშვნელოვნად აღიქვამს და ასეც უნდა იყოს, ამიტომ დედა არ უნდა აღელდეს, როცა მამა-შვილი კონტაქტს ამყარებს. ურთიერთობის სურვილი ნამდვილად დააძლევინებს მამას პაწაწინა არსებისადმი შიშსა და ორჭოფობას.

თუ დედამ დაინახა, რომ ჩვილი მამის ხელში გაჭირვეულდა, პატარას მაშინვე ნუ გამოართმევს მამიკოს. პირიქით, სჯობს, დრო მისცეს ურთიერთობისთვის. დედა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს, როცა ხედავს, რომ მამა დაბნეულია, თანაც ისე, რომ მეუღლეს თავმოყვარეობა არ შეულახოს. დაუშვებელია სიტყვები: "მომეცი ბავშვი, შენ ვერ ეთამაშები!" "შენთან სულ ჭირვეულობს!" ასეთი საყვედურების შემდეგ მამაკაცს შესაძლოა საერთოდ გაუქრეს პატარას ხელში აყვანის სურვილი. უმჯობესია მოვიმიზეზოთ, რომ ბავშვს მოშივდა ან პამპერსი აქვს გამოსაცვლელი.

ზოგიერთ პატარას გარკვეულ პერიოდში არც კი აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი. ნუ ღელავთ, აუცილებლად დადგება დრო, როცა პატარა მამას მუხლებზე ააცოცდება. ერთი სიტყვით, შვილზე ზრუნვა აუცილებელი პირობაა მამობრივი ინსტინქტის გასაღვიძებლად. ცოტა ხნის შემდეგ მამა-შვილს ისეთი ურთიერთობა ექნება, რომ სისულელედ მოგეჩვენებათ აზრი, თითქოს პატარა ბავშვზე ზრუნვა კაცების საქმე არ არის.

როგორ დავაინტერესოთ მამა

ნუ დაელოდებით, როდის იჩენს თავს მამობრივი გრძნობა. თავისთავად ის შესაძლოა არც კი მოვიდეს ან მეტისმეტად დაიგვიანოს. უმჯობესია, მამა თავიდანვე აქტიურად ჩავრთოთ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებულ ყოველგვარ საქმიანობაში. კონტაქტი შვილებსა და მშობლებს შორის პირველივე საათებში მყარდება, ამიტომ მამას, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა, ბავშვთან ურთიერთობა უფრო მეტად უადვილდება. პირველ კვირებში მამის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც, თუმცა ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი მეუღლე გულთმისანი არ არის. ის შესაძლოა ვერც კი მიხვდეს, რა სჭირდება ბავშვს, აზრადაც არ მოუვიდეს, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვილის მოვლა ძალიან დიდი ჯაფაა.

ასე რომ, თუ რაიმე გჭირდებათ, თუ დაიღალეთ, ამის შესახებ ტაქტიანად მიანიშნეთ მეუღლეს. სხვათა შორის, ისიც შეგიძლიათ აუხსნათ, რომ ლოგინობის პერიოდში ქალის ნერვიულობა არ შეიძლება, ამიტომ ოჯახში უფროსი ქალბატონების შენიშვნები სავსებით უადგილოა... ბევრ ქალს ძალიან უჭირს, ვინმეს დახმარება სთხოვოს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ოჯახი ის ადგილი არ არის, სადაც მოვალეობები მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. დედა, რომელიც ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, "ჯილდოდ" მხოლოდ საყვედურებს მიიღებს, ასე რომ, ნურაფრის გერიდებათ, ითხოვეთ, თუ საჭიროა, მოითხოვეთ კიდეც დახმარება, ოღონდ მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ.