ნურაფრის გეშინია!

თუ ბავშვს მართლაც ეშინია რამის, არ გირჩევთ, დაცინვით და საყვედურით მიმართოთ: "ამის გეშინია?!" უმჯობესია, დაეხმაროთ. საიდან მოდის შიში? რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლებად იპყრობს მას შიშის გრძნობა. ორ წლამდე ასაკის პატარებს ძირითადად ერთი რამისა - მშობლებთან განშორებისა ეშინიათ. ამ ასაკამდე ბავშვი თავს დამოუკიდებელ პიროვნებად არ აღიქვამს და ძალიან არის დამოკიდებული მშობლებზე.
დედასთან განშორება მართლაც საშინელებაა. ბავშვებს განსაკუთრებით მაშინ ეშინიათ, თუ განშორება უკვე გამოუცდიათ. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, ასეთი სიტუაცია: დედას დეკრეტული შვებულება გაუთავდა და სამსახურში წავიდა. პატარა, რომელიც მის გვერდით ყოფნას იყო მიჩვეული, უცებ აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრების უმთავრესი ადამიანი სადღაც გაქრა. თანდათან ბავშვი ეჩვევა სხვებთან დარჩენას, მაგრამ დედის შინ დაბრუნებისას ისე იქცევა, თითქოს მას უკანასკნელად ხედავდეს, მაგრად უჭირავს დედის ხელი და წუთითაც აღარ სურს განშორება - ეშინია, დედა არ დაკარგოს.
ბავშვის ამ შიშს ადვილად შეიძლება გავუმკლავდეთ. თუ იცით, რომ გარკვეული ხნით პატარასთან განშორება მოგიწევთ, ეცადეთ, წინასწარ მიაჩვიოთ იმ ადამიანთან ყოფნას, ვისთანაც მის დატოვებას აპირებთ. მიჩვევა პატარას დედასთან განშორებას გაუადვილებს. სამი წლის ასაკში ბავშვის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. ის უჩვეულოდ სწრაფად ითვისებს ყველანაირ ინფორმაციას, სურს, ყველაფერი იცოდეს და მისი ცნობისმოყვარეობა ვერავითარ ჩარჩოში ვერ ეტევა. ბავშვი განუწყვეტლივ გვისვამს შეკითხვებს სამყაროს შესახებ, ჩვენ კი ისე ვართ გართულნი საქმით, რომ ხშირად საოცარ პასუხებს ვაძლევთ შვილს.
- დედა, ყველა ადამიანი კვდება?
- აბა რა.
- ძაღლებიც?
- ძაღლებიც.
- ჩემი ძაღლიც მოკვდება?
- აბა რა მოხდება!
მსგავსი პასუხებით ბავშვს ახალ შიშს ვუნერგავთ - სიკვდილის შიშს.
ყველაფერთან ერთად, სამი წელი ის ასაკია, როდესაც ბავშვს ძლიერ უვითარდება წარმოსახვა და მიღებული ინფომაციის საფუძველზე შეუძლია, საკუთარი თავი სხვა ადამიანების ადგილას წარმოიდგინოს. ასე იგონებს ის სხვადასხვა საშიშროებას, რომელიც სინამდვილეში პირადად არასოდეს დამუქრებია. ასე ისხამს ბავშვის ფანტაზია ფრთებს და მოგონილი საფრთხე მალე რეალურ შიშად გარდაიქმნება.
როგორია შიში
შევეცადოთ, პირობითად დავაჯგუფოთ ბავშვის შიშები და დეტალურად განვიხილოთ თითოეული.
1. საშინელი ტექნიკა
საკუთარი ბავშვობა გავიხსენოთ - ალბათ ბევრჯერ გვიფიქრია, რომ მტვერსასრუტის მილი საშინელი გველია, რომელიც მაგიდის ქვეშ ან კარადის ბნელ კუთხეში ცხოვრობს და შესაფერის მომენტს ელოდება, რათა თავს დაგვესხას. ზოგს მოსვენებას არ გვაძლევდა სარეცხი მანქანის ან ბურღის ხმაური. ჩვენს პატარებსაც შეიძლება ეშინოდეთ ლიფტის, მოთუხთუხე ჩაიდნის, ვერცხლისფერი ტოსტერის, რომლე-ბიც მოულოდნელად ხმაურით აგდებს პურის დაბრაწულ ნაჭერს. რა თქმა უნდა, დღეს ღიმილით ვიხსენებთ ჩვენი ბავშვობის შიშებს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი პატარაც მოერევა საკუთარს. რა თქმა უნდა, ასეც იქნება, მაგრამ განა არ აჯობებს, დავეხმაროთ შვილს შიშის დაძლევაში და მისი შეშინებული ტირილის ნაცვლად მხიარული სიცილი გვესმოდეს?! ამისთვის საკმარისია ვუჩვენოთ, როგორ მუშაობს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავუხსნათ, როგორ გვიადვილებს ის ყოველდღიურ საქმიანობას და რაოდენ დიდი სარგებლობა მოაქვს ოჯახისათვის.
შიში ადვილად დაიძლევა, თუ საოჯახო საქმიანობის დროს პატარას დახმარებას ვთხოვთ და ტექნიკასთან შეხების საშუალებას მივცემთ (ოღონდ ისე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შევუქმნათ). რა თქმა უნდა, ეს დახმარება სიმბოლური იქნება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ბავშვი დაინტერესდეს ტექნიკით, ცოდნა და ცნობისმოყვარეობა კი შიშს აუცილებლად დაამარცხებენ. ზოგჯერ საყოფაცხოვრებო ტექნიკისადმი შიშს ბავშვებს ჩვენ თვითონ ვუნერგავთ. ცხელი უთო და მოთუხთუხე ჩაიდანი პატარას მართლაც უქმნიან საფრთხეს. ჩვენც, მათთან კონტაქტის სურვილი რომ დავუკარგოთ, ვუყვებით საშინელ ისტორიებს და ამით სტიმულს ვაძლევთ მის მდიდარ ფანტაზიას. ასეთ ტაქტიკას, ბუნებრივია, დადები-თი შედეგიც აქვს - უახლოეს მომავალში პატარა არაფრის გულისათვის არ მიუახლოვდება საშიშ საგნებსა და ხელსაწყოებს, მაგრამ ამასთან ერთად დიდია რისკი, რომ შიში დიდხანს გაჰყვეს და ნევროზამდეც კი მივიდეს საქმე. არადა, ჩვენ სულ სხვა მიზანი გვქონდა... ალბათ აჯობებს, ჩვენი ყოფა ისე მოვაწყოთ, რომ ზოგიერთი ხელსაწყო პატარასთვის უბრალოდ მიუწვდომელი იყოს. ამ შემთხვევაში საშიში ისტორიების მოყოლა აღარ დაგვჭირდება.
2. დასჯის შიში
ბავშვის დასჯის შესახებ ფსიქოლოგები, პედიატრები, პედაგოგები და მშობლები უსასრულოდ კამათობენ. საბოლოოდ მაინც მშობლები წყვეტენ, დასაჯონ თუ არა პატარა და როგორი იქნება სასჯელი, მაგრამ მათ ხშირად ისე იტაცებთ "სამართლიანობისთვის ბრძოლის" პროცესი, რომ ვერც კი ამჩნევენ, როგორ ეშინია ბავშვს მშობლების რისხვის. ამ დროს პაწაწინას ყველაზე მეტად თავად სასჯელის ფორმა კი არა, არამედ უახლოესი ადამიანების მრისხანების ფაქტი აშინებს. ამ შიშმა ბავშვი შესაძლოა გააბოროტოს, ჯიუტობა დააწყებინოს ან დაითრგუნოს. შედეგიც არ აყოვნებს - ოჯახში იკარგება ურთიერთგაგება და იწყება უსასრულო კონფლიქტები. თუ ბავშვის დასჯა აუცილებლად მიგაჩნიათ, ის ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს და მშობლების წინაშე შიშს კი არ უნდა იწვევდეს, არამედ ეხმარებოდეს პატარას საკუთარი დანაშაულის შეგრძნებაში და უნერგავდეს პატივისცემას დედისა და მამის მიმართ, რომლებიც ძალიან კარგები არიან, მაგრამ შესაძლოა, მკაცრებიც გახდნენ.