ლოგონევროზი, იგივე ენაბორძიკი
რა მდგომარეობაა ლოგონევროზი, როგორია მისი გამომწვევი მიზეზები, გამოვლინება და მკურნალობის საშუალებები, ამ თემაზე გვესაუბრება მეტყველების თერაპევტი თამო გიგაური.
– ქალბატონო თამო, რა არის ლოგონევროზი?
– ლოგონევროზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც დარღვეულია მეტყველების სიმწყობრე და რიტმულობა. ენაბორძიკის დაწყება უმეტესად მეტყველების ფორმირების პერიოდს ემთხვევა – ბავშვობის ასაკს – 2-5 წლამდე. ეს ევოლუციური ენაბორძიკია. რაც შეეხება მოგვიანებით გაჩენილ ნეიროგენულ ენაბორძიკს, ის თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად ვითარდება.
– რა არის ლოგონევროზის განვითარების მიზეზი?
– ძირითად შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტი პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ რა იწვევს ლოგონევროზს, რადგან მისი ბუნება ბოლომდე შესწავლილი არ არის.
შემთხვევათა 30%-ის ლოგონევროზის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია:
- მემკვიდრეობა;
- ფსიქიკური ტრავმა;
- სტრესი;
- შიში;
- სოციალური გარემო;
- ნერვული სისტემის დაავადებები;
- ასევე ხშირია გადაჩვეულ ცაციათა ენაბორძიკი.
შედარებით მარტივია ფსიქოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ენაბორძიკობის მკურნალობა. სომატური მიზეზებით გამოწვეული ლოგონევროზის მკურნალობა გაცილებით რთული, ხანგრძლივი და სპეციალიზებული პროცესია.
– რა არის ლოგონევროზის დამახასიათებელი ნიშნები?
– ყველაზე ხშირია წინადადების დაწყების პრობლემები, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საუბარი დაიწყოს თავისუფლად. ამას ძირითადად ხელს უშლის საარტიკულაციო აპარატის სხვადასხვა ნაწილის კუნთების ხანგრძლივი სპაზმი და ხანმოკლე კრუნჩხვები.
ხანგრძლივი სპაზმებისას ვითარდება ე.წ. დუმილის ბლოკები, როდესაც ადამიანი ვერ წარმოთქვამს ბგერებს, ამან შესაძლოა თავი იჩინოს სიტყვის დასაწყისშიც და შუაშიც. ზოგჯერ სპაზმებს თან სდევს სახის, კისრის, მკერდის, ზურგის კუნთების დამატებითი მოძრაობები, არტიკულაციისა და მიმიკის შეცვლა. ყველაზე მეტად იკვეთება უშუალოდ ენის სპაზმები, როდესაც ბორძიკისას ენა დამატებით გამოდის პირის ღრუდან და განსხვავებულად მოძრაობს მისი კუნთების სპაზმისა და კრუნჩხვის შესაბამისად.
– როგორ მოვიქცეთ?
– იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ენაბორძიკი მეტყველების ფუნქციის აქტიური განვითარების პერიოდში დაეწყო, აუცილებელია მივმართოთ ბავშვთა ნევროლოგს ან მეტყველების თერაპევტს.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის სოციალური გარემო და დაველოდოთ ე.წ. ფიზიოლოგიური ბორძიკის პერიოდის გავლას, რაც დაახლოებით 8-დან 14 თვემდე გრძელდება, ეს ის პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ლოგონევროზის სპონტანური განკურნება. თუ ამ პერიოდის შემდეგ ენაბორძიკი არ ალაგდა, საჭიროა ენისა და მეტყველების თერაპევტის ჩართვა.
უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ადამიანები პრაქტიკულად არ ემორჩილებიან თერაპიას, ასეთები კი საერთო რაოდენობის დაახლოებით 13-15%-ს შეადგენენ.
სამწუხაროდ, წინასწარ იმის დადგენა, განიკურნება ბავშვობაში თუ ეს პრობლემა მოზრდილობაშიც შეახსენებს თავს, არ არის შესაძლებელი.
– როგორია ლოგონევროზის მკურნალობის საშუალებები?
– ლოგონევროზი საჭიროებს კომპლექსურ მკურნალობას. დღესდღეობით ენაბორძიკის მკურნალობის საუკეთესო მეთოდი კომპლექსური თერაპიაა. იგი მოიცავს ყველა იმ ფუნქციური რგოლის შეთანხმებული მოქმედების აღდგენას, რომლებიც ადამიანის მეტყველებაში მონაწილეობენ. კერძოდ, ამ მეთოდის დახმარებით ხდება ნერვულ-რეფლექსური, არტიკულაციური და ფსიქოემოციური სფეროების მოქმედების ჰარმონიზაცია.