სტრესი და ბავშვები
ადამიანი, ქართველების სისხლით გაჟღენთილი, დაკარგული მიწა-წყლის ტკივილი და ცრემლი... ყოველივე ამას სარკესავით აირეკლავს ჩვენი მომავალი თაობის ფსიქიკა. როგორ შევუმსუბუქოთ ტვირთი, რით დავეხმაროთ მათ? - ეს კითხვები არ უნდა ასვენებდეთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მოღვაწე ადამიანებს. გვესაუბრება ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ზაზა ვარდიაშვილი.
-ბატონო ზაზა, მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი სტრესი იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე?
- მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ გადატანილი სტრესი უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქოემოციური სფეროს განვითარებაზე. ამის ყველაზე აშკარა მაგალითია 11 სექტემბრის ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ამ დღის შემდეგ მილიონობით ადამიანს აღმოაჩნდა სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური დარღვევა. მათ ეშინოდათ უცხო ხალხის, შინიდან გასვლის, მასობრივი თავშეყრის ადგილებზე სიარულის... ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც არაფერი იციან 11 სექტემბრის ტერაქტზე, - ამ ტრაგედიის შესახებ არავისგან გაუგონიათ, მათი ოჯახის არც ერთი წევრი არ დაღუპულა მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, - მაგრამ მაინც მწვავედ განიცდიან ამ ამბის გავლენას. ეს ის ასეულობით ბავშვია, რომელთა დედებიც 11 სექტემბერს ორსულად იყვნენ. ამერიკელმა მეცნიერმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ მათ ორგანიზმში კორტიზოლის - სტრესისადმი მზაობის განმაპირობებელი ჰორმონის - შემცველობა საგრძნობლად აღემატება ტერორისტული აქტის შემდეგ ჩასახული და მანამდე დაბადებული ბავშვების ორგანიზმში არსებულ დონეს. გაირკვა ისიც, რომ ნევროლოგიური თუ შფოთვითი დარღვევები ამ ჯგუფის ბავშვებს მათზე უმცროს ან უფროს ბავშვებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ხშირად უვლინდებოდათ
- რა ნიშნებით გამოიხატება ეს დარღვევები?
- სიმპტომი საკმაოდ ბევრია. მათ სამ დიდ ჯგუფად აერთიანებენ:
I ფიზიკური სიმპტომები:
- პულსისა და სუნთქვის გახშირება, პერიოდული ღრმა ჩასუნთქვა;
- მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
- გულისრევა, ნაწლავთა აშლილობა, პირის სიმშრალე;
- ტკივილი ან არასასიამოვნო შეგრძნება მკერდში, ყელში ბურთის მოწოლის შეგრძნება;
- სახეზე სისხლის მოწოლა;
- ოფლიანობა, განსაკუთრებით - მტევნებისა;
- ხელებისა და ფეხების გაცივება, სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაბუჟება;
- ძილის დარღვევა - ჩაძინების გაძნელება, კოშმარული სიზმრები;
II ქცევითი სიმპტომები:
- ტირილი, კვნესა;
- მარტო დარჩენის ან, პირიქით, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი;
- ფრჩხილების კვნეტა, თითების გრეხა, თმით მანიპულირება, თითის წოვა და სხვა;
- ენის დაბმა, ტუჩების კანკალი, კიდურების რიტმული მოძრაობა;
III სიმპტომები, რომლებიც ფსიქოემოციურ სფეროს მოიცავს:
- თვითკრიტიკული აზრები;
- ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, გულმავიწყობა;
- სასაცილოდ გამოჩენის შიში;
- ფიქრი კატასტროფებსა და ზებუნებრივ მოვლენებზე;
- წარსულში მომხდარი უსიამოვნო მოვლენების გახსენება.
- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სიმპტომები?
- კატასტროფის, ომის, ახლობლის გარდაცვალებისა და სხვა მატრავმირებელი სიტუაციების შემდეგ ვითარდება პოსტტრავმული სტრესული დარღვევა, რომელსაც ახასიათებს ამ სიტუაციის განმეორებითი განცდა. მან შესაძლოა წლების განმავლობაში დაასვას დაღი ადამიანის ცხოვრებას. ტრავმის შემდგომი სტრესული დარღვევის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები. მათში ეს დარღვევა უმთავრესად შემდეგი ნიშნებით გამოიხატება:
- კოშმარული სიზმრებით;
- ჰიპერაქტიურობით;
- კონცენტრირების პრობლემებით.
მწვავე სტრესული დარღვევა გრძელდება არა უმეტეს ოთხი კვირისა. ეს არის სტრესის შემდეგ აღმოცენებული ძლიერი ემოციური რეაქცია, რომელსაც ერთვის სიტუაციის სუსტი ან არასწორი აღქმა, მეხსიერების ნაწილობრივი დაქვეითება (ამნეზია), ძილისა და კვების დარღვევები.
- შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა?
- მკურნალობა საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს, მაგრამ თუ ის სწორად ჩატარდა, პაციენტი აუცილებლად განიკურნება. არსებობს მრავალი მედიკამენტური საშუალება. ძალიან ეფექტურია ფსიქოთერაპია. ის განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვებში შფოთვითი დარღვევების დროს.
ზოგადი რეკომენდაციები კი ასეთია:
- ყოველდღიურად მცირე ხანი მაინც დაუთმეთ ფიზიკურ აქტიურობას;
- მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე;
- რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაიცავით ზომიერება, მეტისმეტად ნუ დატვირთავთ ბავშვს, მეცადინეობისას დროდადრო მიეცით დასვენების საშუალება.
- არიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ნუ აყურებინებთ, განსაკუთრებით კი - ძილის წინ, ფილმებს ომზე, ძალადობაზე.
- იმეგობრეთ შვილთან, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით ყველა პრობლემის მიზეზი, ერთად ეძებეთ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან.
- შეუქმენით თბილი ოჯახური ატმოსფერო, მოუწყვეთ პატარ-პატარა დღესასწაულები, სასიამოვნო სიურპრიზები, ატარეთ საბავშვო გასართობ ადგილებში, ესაუბრეთ მისთვის სასიამოვნო თემებზე.
- არსებობს კიდევ ერთი სტრესი, რომელსაც განიცდის უკლებლივ ყველა ახალშობილი. მხედველობაში მაქვს სამშობიარო სტრესი. შესაძლებელია თუ არა მისი შემსუბუქება?
- მშობიარობის პროცესი, ჭინთვები, ტკივილები, დედის განცდები ახალშობილისთვის სტრესია. ის ხომ ცხრა თვის განმავლობაში თბილად, მყუდროდ იწვა დედის მუცელში, არაფრის ეშინოდა, ესმოდა დედის მოალერსე ხმა, გრძნობდა მისი ხელის შეხებას, მშობლიურ გულისცემას. და უცბად ყველაფერი შეიცვალა - დაიწყო მშობიარობა. პაწია ვერ ხვდება, რა ამბავია მის თავს და განგაშის, შიშის შეგრძნება ეუფლება. სტრესის შემსუბუქება მხოლოდ დედას შეუძლია. მან არ უნდა დაკარგოს კავშირი შვილთან, ძალა მოიკრიბოს და დროდადრო გაესაუბროს, დაამშვიდოს და შეახსენოს, რომ ძალიან უყვარს, სიხარულით ელოდება და მალე ისევ ერთად იქნებიან. გეთანხმებით, ძალიან ძნელია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დაბადება უდიადესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებისა.
კარგია, როცა სამშობიარო სტრესის შესამსუბუქებლად ახალშობილს დაბადებისთანავე აწვენენ დედის მუცელზე და პირველსავე საათს მიჰყავთ ძუძუსთან.
ჩვილი მხოლოდ შიმშილის, ძილის, ტკივილისა თუ სველი პამპერსით გამოწვეული დისკომფორტის გამო არ ტირის; ამქვეყნად მისთვის დედის გარდა ყველა და ყველაფერი უცხოა. ყველაფერი, რასაც ხედავს, შეიგრძნობს და ესმის, - შიშს ჰგვრის. დედამ თანდათან, ალერსიანი ხმით, მოფერებით უნდა გააცნოს სამყარო და მისი ყველა ბინადარი, ოჯახის წევრების ჩათვლით.
სცადეთ, შეხედოთ სამყაროს ბავშვის თვალით, გადაწყვეტილების მიღებისას ენდეთ დედობრივ ალღოს და იოლად მიხვდებით, რა არის უმჯობესი თქვენი შვილისთვის.