სასკოლო დაავადებები
მეტად გარცელებულ დაავადებებსა და ინფექციებს მიეკუთვნება: მხედველობის პრობლემები, გასტრიტი, სკოლიოზი, პედიკულოზი, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, გრიპი, ნევროზი და ა.შ.
მხედველობის დაქვეითება
ზოგიერთი ბავშვი მხედველობის თანდაყოლილი დარღვევით იბადება, ხოლო ზოგ შემთხვევაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვიანებით ვითარდება. მნიშვნელოვანია თვალის კარგი მოვლა და დროული ვიზიტი ოფთალმოლოგთან.
მხედველობის პრობლემები (ახლომხედველობა, ამბლიოპია, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) სკოლაში ძლიერი დატვირთვის, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომის შედეგად ვლინდება.
- მიოპია ანუ ახლომხედველობა – ბავშვი კარგად ხედავს მსხვილი პლანით ობიექტებს, მაგრამ ცუდად ხედავს შორს.
- ამბლიოპია ანუ ზარმაცი თვალი – ერთი ან ორივე თვალის კონტრასტული მგრძნობელობისა და აკომოდაციური უნარების დარღვევაა, ისე, რომ მხედველობის ორგანოების ცვლილებები არ აღინიშნება.
- შორსმხედველობა – ბავშვი კარგად ხედავს შორს განლაგებულ საგნებს, მაგრამ ვერ ხედავს ახლო მანძილზე.
- ასტიგმატიზმი – რქოვანას ფორმით გამოწვეული ბუნდოვანი ან გამრუდებული მხედველობა.
მხედველობის დარღვევების პროფილაქტიკა სკოლის ასაკის ბავშვებს შორის
- ბავშვის მხედველობის ორგანოების სიჯანსაღეზე დიდ გავლენას ახდენს სწორი კვება. ამიტომ პროდუქტები უნდა იყოს მდიდარი А ვიტამინით, სპილენძით, თუთიით, ქრომითა და მაგნიუმით.
- მეცადინეობისას ფანჯრიდან შუქი მაგიდას უნდა ეცემოდეს მარცხენა მხრიდან, საღამოს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნათურა.
- კითხვისას მანძილი თვალებსა და წიგნს შორის უნდა იყოს არანაკლებ 40სმ.
- გაკვეთილების შემდეგ ბავშვმა უნდა დაისვენოს, თვალებიც უნდა განიტვირთოს.
- ბავშვს რეგულარულად უნდა უტარდებოდეს მხედველობის კომპლექსური კვლევა ოფთალმოლოგთან.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
სკოლაში დიდი დატვირთვის გამო ბავშვები ხშირად სრულფასოვნად ვერ იკვებებიან, რაც გასტრიტის განვითარების საწინდარია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკისათვის საჭიროა ბავშვის კვების რეჟიმიდან გამოირიცხოს მშრალი წახემსება და დაწესდეს საკვების რეგულარული მიღება. ბავშვმა ყოველდღიურად უნდა ისაუზმოს და ისადილოს.
სხვადასხვა ვირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვაც. ბავშვმა ხელები უნდა დაიბანოს საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ჭამის წინ.
ტანდეგობის დარღვევა
სკოლიოზი – ხერხემლის გამრუდებაა, რომელიც შეიძლება დროთა განმავლობაში განვითარდეს. ხშირად ის დიაგნოსტირდება 10-14 წლამდე ასაკში, ანუ იმ ასაკში, როდესაც ბავშვების უმრავლესობას აღენიშნება სიმაღლეში განსაკუთრებული ზრდა. დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზი მოსწავლეებს შორის შეიძლება იყოს მერხთან არასწორი ჯდომის მანერა, ხერხემლის ტრავმა, ზურგჩანთის არასწორი ტარება და არასაკმარისი ფიზიკური მომზადება.
ზურგჩანთა ძალიან მოსახერხებელია წიგნებისა და სკოლის საგნების სატარებლად, მაგრამ გადატვირთულმა ზურგჩანთამ ან მისმა არასწორმა ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის, კისრისა და მხრების ტკივილი, ასევე ცუდი ტანდეგობა, კიდურების, ხელის მტევნების დაბუჟება და სისუსტე.
თავიდან სხვადასხვა მიზეზით შეიძლება ვერ მოხერხდეს ხერხემლის გამრუდების შემჩნევა, რადგანაც ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს. ამიტომ სკოლიოზის პროფილაქტიკა პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს.
ტანდეგობის დარღვევის პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში, ცურვა, ცეკვა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვი მაგიდასთან ჯდომას. მის ფეხებს, იდაყვებსა და ზურგს უნდა ჰქონდეს მყარი საყრდენი, სიარულისას თავი უნდა იყოს აწეული და ზურგი – სწორი. ზურგჩანთის მასა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მასის 10%-ს.
პედიკულოზი
თავის ტილი – მცირე ზომის პარაზიტია, რომელიც თავის თმიან ნაწილში ბინადრობს. ის იკვებება სისხლით და იწვევს ძლიერ ქავილს. ტილები არ არიან დაავადების გამავრცელებლები, მაგრამ თავის მოქავების გამო შეიძლება გამოიწვიონ მეორეული ინფექცია. დატილიანების ყველაზე გავრცელებული გზა იმ ადამიანთან კონტაქტია, რომლებსაც ტილები ჰყავთ – პირადი ნივთები, თავსაბურავი, თმის აქსესუარები და ლოგინის თეთრეული. პედიკულოზი ხშირია 3-11 წლის ბავშვებს შორის.
პედიკულოზით შესაძლო დასნებოვნების შესამცირებლად ბავშვს ხშირად უნდა დავუთვალიეროთ თავის თმიანი ნაწილი და საეჭვო სიმპტომების გამოჩენისთანავე მივმართოთ შესაბამის ღონისძიებებს.
ვირუსული ინფექციები (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, გრიპი)
ვირუსული ინფექციები იმით არის საშიში, რომ დიდ კოლექტივში ინფექცია სწრაფად ვრცელდება. ამ დაავადებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია, რომ:
- ვირუსული ეპიდემიების დროს ბავშვი ნაკლებად იმყოფებოდეს თავშეყრის ადგილებში;
- დაავადებული ბავშვი უნდა მოვარიდოთ თანატოლებს;
- უნდა ვაკონტროლოთ, რომ ბავშვმა დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები;
- სახლსა თუ სკოლაში აუცილებელია ოთახის რაც შეიძლება ხშირი განიავება, სველი წესით დალაგება და ზედაპირების დეზინფექცია;
- ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის საჭიროა – საკმარისი ძილი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა.
ნევროზი
ნევროზი ფსიქოგენური ხასიათის სრულად შექცევადი დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება სტრესის ან ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე. ბავშვთა შორის გავრცელებულია სკოლის ნევროზი – რომლის ერთ-ერთი ფორმაა შიში. მისი ნიშნებია:
- მადის გაუარესება;
- უძილობა;
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა;
- მომატებული დაღლილობა;
- გაფანტულობა, შენელება;
- თვითშეფასების დაქვეითება;
- უხასიათობა, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა;
- ხასიათის ცვალებადობა.
ეს სიმპტომები ხშირად აღენიშნებათ საშუალო სასკოლო ასაკის ბავშვებს და შეიძლება იყოს სასწავლო პროცესით განპირობებული დამატებითი დაღლილობის შედეგი.
სკოლის ნევროზებისადმი მეტად მიდრეკილნი არიან მგრძნობიარე ბავშვები ან ბავშვები, რომლებსაც აკლიათ ყურადღება და საჭიროებენ თვითდამკვიდრებას.
ბავშვთა ნევროზის განვითარების ძირითადი ფაქტორებია:
- ოჯახში არსებული კონფლიქტები;
- ადგილმდებარეობის შეცვლა;
- დის ან ძმის დაბადება;
- თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები;
- ძლიერი შიში;
- ტრავმა ან დაავადება.
ბავშვთა ნევროზების პროფილაქტიკა
- შეუქმენით ბავშვს კეთილსაიმედო ოჯახური ატმოსფერო, რათა შინ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს;
- შეეცადეთ გქონდეთ მეგობრული და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, რათა ბავშვს ყოველთვის შეეძლოს საკუთარ პრობლემებზე თქვენთან საუბარი;
- შეეცადეთ აარიდოთ მას გარემოს უარყოფითი ზეგავლენა;
- მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს, რომელიც დაეხმარება ბავშვს ნევროზთან გამკლავებაში.