როგორ ხდება ახალშობილის შეფასება აპგარის სკალის მიხედვით
შეძლებს ახალშობილი ცხოვრების ახალ პირობებთან ადაპტაციას თუ მედიკოსების დახმარება დასჭირდება.
1953 წლამდე არ არსებობდა მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, დაბადებისთანავე კომპლექსურად შეგვეფასებინა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემდეგ რეანიმატოლოგმა ვირჯინია აპგარმა ახალშობილის მდგომარეობის დიაგნოსტიკის საკუთარი მეთოდი შემოგვთავაზა. ამჟამად აპგარის სკალა საყოველთაოდ მიღებულია. ის 5 მაჩვენებელს აერთიანებს. ესენია:
- გულისცემა;
- სუნთქვა;
- რეფლექსები;
- კუნთების ტონუსი;
- კანის ფერი.
თითოეული მათგანი ქულებით ფასდება: მინიმუმი - 0 ქულა, მაქსიმუმი – 2. შემდეგ ხდება ამ ქულების შეჯამება.
-
სუნთქვა
თუ პატარამ ხმამაღალი ტირილით გვამცნო, რომ ქვეყნიერებას მოევლინა, თანაბრად და ღრმად ჩაისუნთქა, - ის 2 ქულას იღებს.
თუ ხმა სუსტდება და სუნთქვაც ზედაპირულია, პატარას მდგომარეობა ერთი ქულით ფასდება.
თუ პაწია საერთოდ არ სუნთქავს, ექიმიც ნულს "უწერს".
მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს კატასტროფას - ნული ქულა ჯანმრთელმა ახალშობილმაც შეიძლება მიიღოს, როცა სისხლში ჯერ კიდევ აქვს დედის ორგანიზმიდან მიღებული ჟანგბადის მარაგი. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება, როდესაც შენარჩუნებულია სისხლის მიმოქცევა ჭიპლარის მეშვეობით. როგორც კი ჭიპლარი გადაიჭრება, ჯანმრთელი ჩვილი პირველად ჩაისუნთქავს.
-
გულისცემა
ახალშობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გულისცემა. თუ მისი სიხშირე წუთში 100 დარტყმას აღემატება, შეფასება ორს უდრის, თუ ნაკლებია - ერთს.
-
კუნთების ტონუსი
ხელ-ფეხის აქტიური მოძრაობა 2 ქულაა, უფრო დუნე – 1, ხოლო მოდუნებული კუნთები 0 ქულით ფასდება.
-
რეფლექსები
დაბადებისთანავე მოწმდება ქუსლის რეფლექსი და კათეტერის მეშვეობით ცხვირიდან ლორწოს ამოწოვისას ახალშობილის რეაქცია. თუ პატარას ეს პროცედურა არ მოეწონა და პროტესტი ტირილით გამოხატა, ყველაფერი რიგზეა – ჩვილი დამსახურებულ 2 ქულას იღებს. არასასიამოვნო გრიმასა ერთი ქულაა, ხოლო რეფლექსური პასუხის არარსებობა - ნული.
-
კანის ფერი
კანის ფერი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ახალშობილს ასფიქსია და როგორია მისი ხარისხი. თუ პაწიას სხეული მთლიანად ვარდისფერია, ექიმი ორიანს დაუწერს, თუ ხელ-ფეხს სილურჯე დაჰკრავს - ერთიანს, ხოლო თუ მთელი სხეული ფერმკრთალი ან ლურჯია, შეფასება ნულს უდრის.
დაბადებიდან ერთი წუთის შემდეგ ათ ქულას ბავშვები იშვიათად იღებენ. ექიმები წერენ, რომ ძალიან კარგი შეფასება ყოველთვის როდია კარგი – შესაძლოა, ის ბავშვის ზედმეტ აგზნებაზე მიუთითებდეს, რაც გართულებული მშობიარობის შედეგია.
საუკეთესო "ნიშანი" 8-9 ქულაა. არც შვიდიანია ურიგო.
თუ პირველი წუთის განმავლობაში შეფასება უფრო ნაკლებია, პატარას შვიდი წუთი ეძლევა "ნიშნის გამოსასწორებლად". ამ ხნის განმავლობაში ახალშობილმა ძალები უნდა აღიდგინოს, რათა სასურველი რვიანი მიიღოს. თუ პაწაწინას საადაპტაციო რეზერვები ამოწურული არ აქვს, ის თვალსა და ხელს შუა გავარდისფრდება, დაიწყებს ხმამაღალ ტირილს, რიტმულ სუნთქვას, აამოძრავებს კიდურებს, თუმცა ასეთ ახალშობილს ნევროლოგის დაკვირვება მაინც სჭირდება.
თუ ბავშვმა დაბადებისას 5-6 ქულა დაიმსახურა, ესე იგი მას მსუბუქი ასფიქსია აქვს გადატანილი, ხოლო 1-4 ქულა მძიმე ასფიქსიაზე მეტყველებს.
რაც უფრო დაბალია შეფასება აპგარის შკალის მიხედვით დაბადებისას და 5 წუთის შემდეგ, მით უფრო მაღალია შემდგომში პატარას ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების დარღვევის რისკი.
საბედნიეროდ, ჩვილის ორგანიზმს უზარმაზარი აღდგენითი უნარი აქვს, უბრალოდ, საჭიროა მისი სათანადო მოვლა და აუცილებლობისას დროული მკურნალობა
-
რაზე მეტყველებს სანტიმეტრები
ახალშობილის თავის გარშემოწერილობა დაახლოებით 33-36 სანტიმეტრია და გულმკერდისას აღემატება. მალე ეს თანაფარდობა იცვლება. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ზოგიერთი მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისთვის:
- თავის სწრაფი ზრდა შესაძლოა ქალასშიგა წნევის მომატების ნიშანი იყოს;
- თუ შუბლის ბორცვებიც არაბუნებრივად დიდდება, მაშინ რაქიტია სავარაუდო;
- თუ გულმკერდის ზომა ვერა და ვერ უსწრებს თავისას, შესაძლოა, პაწაწინას კვება აკლდეს ან საკვებს ვერ ითვისებდეს.
ერთი სიტყვით, თუ შეამჩნიეთ, რომ გულმკერდის ზრდის ტემპი ჩამორჩება თავისას, დროულად მიმართეთ პედიატრს.