იდუმალი ქალაშიდა წნევა
როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ? გვესაუბრება ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე.
- რა არის ქალაშიდა წნევა?
- თავის ტვინი, ფაქტობრივად, გარშემორტყმულია ლიქვორით (თავ-ზურგტვინის სითხით). ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ქალაშიდა წნევა - ეს არის ლიქვორის ზეწოლა თავის ტვინზე.
ორგანიზმი ლიქვორს განუწყვეტლივ წარმოქმნის. ის დღე-ღამეში რამდენიმეჯერ განახლდება. თავ-ზურგტვინის სითხე, ლიქვორი, ცირკულირებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის, შემდეგ შეიწოვება სისხლძარღვებში და სისხლთან ერთად ხვდება მიმოქცევაში.
ლიქვორი იცავს თავის ტვინს ტრავმებისგან, ხელს უწყობს ქალაშიდა წნევის შენარჩუნებას. ქალაშიდა წნევა დამოკიდებულია ლიქვორის რაოდენობაზე, მისი ცირკულაციის სიჩქარესა და ვენურ სისხლძარღვებში შეწოვის ხარისხზე. ლიქვორის რაოდენობის მომატებისას ქალაშიდა წნევაც იმატებს, შემცირებისას კი იკლებს. ისევე როგორც არტერიული, არც ქალაშიდა წნევაა სტაბილური - შესაძლოა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე აიწ-დაიწიოს ფიზიკური თუ ფსიქიკური დატვირთვის გამო, მაგრამ თუ დიდხანს დარჩა მომატებული, თავს იჩენს პრობლემები.
- როდის შეიძლება ვიეჭვოთ ქალაშიდა წნევის მომატება?
- მშობელი ამჩნევს, რომ ჩვილს:
- ცუდად სძინავს;
- ძლიერ ტირის და ჭირვეულობს;
- დაეკარგა მადა;
- ხშირად წამოაქაფებს;
- უკანკალებს ხელ-ფეხი, ნიკაპი.
- რა პრობლემებს უქმნის ქალაშიდა წნევის მომატება ჩვილს?
- წლამდე ასაკის ჩვილებში ქალაშიდა წნევის მომატება თავისებურად გამოიხატება. საქმე ის არის, რომ ჩვილებს აქვთ ყიფლიბანდი - ქალას ძვლების შეუხორცებელი ადგილები, რომლებიც ქალაშიდა წნევის მომატებისას იზრდება, ეს კი, თავისთავად, თავის გარშემოწერილობის მომატებას და დიდი ყიფლიბანდის ამოზნექას იწვევს.
თუ პატარას ფეხზე დავაყენებთ, დავინახავთ, რომ ყიფლიბანდი ამოწეულია. თუ ქალაშიდა წნევის მომატება გახანგრძლივდა, შესაძლოა, ქალას ნაკერები ერთმანეთს დასცილდეს, ხოლო ქალას ვენები ამოიზნიქოს და შექმნას თავზე მკაფიოდ გამოხატული ვენური ქსელი.
შემდეგი ნიშანია გრეფეს სიმპტომი (“ჩამავალი მზის” სიმპტომი) - როდესაც ბავშვი დაბლა იყურება, ფერადი გარსის ზევით, ზემოთა ქუთუთოსთან, თეთრი ხაზივით ჩნდება სკლერები. პატარა მივარდნილია, მოდუნებული, განვითარებით ჩამორჩება. ტირის ხშირად, უმიზეზოდ და მონოტონური ხმით.
- რა შეიძლება იყოს ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზი?
- მიზეზი შეიძლება იყოს:
- სამშობიარო ტრავმა, ასევე - დაბადების შემდეგ მიღებული ქალა-ტვინის ნებისმიერი ტრავმა;
- სხვადასხვა მიზეზით განპირობებული ვენური სისხლის ნაკადის ცვლილება ქალას ღრუდან - ვენების სანათურის შევიწროების, სიმსივნის, ჰემატომისა თუ თავის ტვინის ქსოვილის შეშუპების გამო;
- ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი) მენინგიტის, ენცეფალიტის ან თავისა და ზურგის ტვინის აგებულების თანდაყოლილი პათოლოგიების დროს.
- შესაძლებელია თუ არა ქალაშიდა წნევის განსაზღვრა დიაგნოსტიკისთვის?
- უშუალოდ ქალაშიდა წნევის განსაზღვრა ძნელია, ამიტომ დიაგნოსტიკის დროს ეყრდნობიან ჩივილების ერთობლიობას, სიმპტომებსა და გამოკვლევის შედეგებს.
დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ექიმი იწყებს დათვალიერებას და გასინჯვას. ექიმი შეუმოწმებს ჩვილს კუნთოვან ტონუსსა და რეფლექსებს, გაუზომავს თავის გარშემოწერილობას, შეუფასებს ყიფლიბანდის მდგომარეობას. ცვლილებების აღმოსაჩენად და შესაფასებლად აუცილებელია ბავშვის მდგომარეობის დინამიკაზე დაკვირვება.
ნეიროსონოგრაფია - თავის ტვინის ულტრაბგერითი გამოკვლევა - ტარდება დიდი ყიფლიბანდის დახურვამდე. მისი მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს პარკუჭების სიგანე. თვალის ექიმი, ოკულისტი, ათვალიერებს თვალის ფსკერს. ეს გამოკვლევა ძალზე ინფორმაციულია დიდი ყიფლიბანდის დახურვის შემდეგ და გვეხმარება ქალაშიდა წნევის მომატების ფაქტის დადგენაში - ამაზე მეტყველებს თვალის ფსკერის ვენების გაგანიერება, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს კომპიუტერული რენტგენოტომოგრაფიის (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) ჩატარება. დიაგნოსტიკისთვის საჭიროა არა რომელიმე ერთი გამოკვლევის შედეგის გათვალისწინება, არამედ რამდენიმე მათგანის შეჯერება. მხოლოდ ასე დაისმება სწორი დიაგნოზი და შეირჩევა მართებული მკურნალობა.
- რას ითვალისწინებს მკურნალობა?
- ქშწ-ის მომატება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ზეწოლის შედეგად თავის ტვინს უჭირს ნორმალურად მუშაობა და თანდათანობით ატროფირდება (განილევა), რაც გამოვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითებით, შინაგანი ორგანოების მუშაობის რეგულაციის დარღვევით (ჰორმონული დარღვევები, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა).
მკურნალობა მიმართულია ძირითადი მიზეზის წინააღმდეგ. მაგალითად, ჰიდროცეფალიის მკურნალობა მიზნად ისახავს ქალას ღრუდან ჭარბი ლიქვორის გამოდევნას. ტრადიციისამებრ, ასეთ დროს ინიშნება ანტიბიოტიკები, პარალელურად კი სიმპტომური თერაპია ქალაშიდა წნევის დაქვეითების მისაღწევად.
თუ თავ-ზურგტვინის სითხის მოცულობის მომატება მკაფიოდ არ არის გამოხატული, შარდმდენი საშუალებების დანიშვნას თავს არიდებენ. უნიშნავენ ტვინის სისხლის მიმოქცევისა და კვების გასაუმჯობესებელ მკურნალობას, სისხლძარღვოვან პრეპარატებს, ვიტამინებს.
მკურნალობის მომდევნო ეტაპია მასაჟი, ფიზკულტურა, ცურვა.
- რას ურჩევთ დედას, რომლის ჩვილიც ხშირად ტირის უმიზეზოდ?
- ვურჩევ, ბავშვი პედიატრთან ერთად ნევროლოგსაც გაასინჯოს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად უმჯობესია, ორივე სპეციალისტის მოსაზრება შეჯერდეს. ყველა ბავშვს, ისევე როგორც მოზრდილ ადამიანს, ქალაშიდა წნევის უმნიშვნელო მომატება აღენიშნება ფიზიკური დატვირთვის, ყვირილის, ტირილის, ძლიერი ემოციური გადაძაბვისა და სტრესის დროს. ასე რომ, დიდი ყიფლიბანდის ამობურცვა და პულსირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქალაშიდა ჰიპერტენზიას - ტირილის დროს ასეთი რამ ნორმალურია და მკურნალობას არ საჭიროებს. როგორც ითქვა, მნიშვნელოვანია სიმპტომთა ერთობლიობის ანალიზი ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების ფონზე. რაც შეეხება ზრდა-განვითარების შეფერხებას, ეს უდავოდ საგანგაშო სიგნალია და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს.