რატომ იგვიანებენ კიჭები
რა შეიძლება იყოს კბილების დაგვიანებული ამოსვლის მიზეზი ან როგორ შევიტყოთ, მალე ამოეჭრება თუ არა?
ბავშვის პირველ კბილებს სარძევე ჰიპოკრატემ უწოდა. მას მიაჩნდა, რომ ეს კბილები დედის რძისგან წარმოიქმნებოდა. დედის რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც კბილებისა და ძვლების მშენებლობისთვის არის საჭირო. დედის რძეს კალციუმის შემცველობით არც ძროხისა ჩამოუვარდება, მაგრამ მას ორგანიზმი პრაქტიკულად ვერ ითვისებს. აქედან გამომდინარე, თუ გსურთ, ბავშვს კარგი კიბლები ჰქონდეს, აწოვეთ ძუძუ.
6 თვიდან ბავშვს ენიშნება კალციუმის დამატებითი წყარო - ხაჭო, რომლის სწრაფ ათვისებას ხელს უწყობს D ვიტამინი.
თუ კბილების ამოსვლა დაგვიანდა
კბილების ამოსვლის შეფერხება (დაგვიანება) აღენიშნებათ დღენაკლულ, სუსტ, მცირე წონით დაბადებულ, პირველ თვეებში ხშირად მოავადე, რაქიტიან ბავშვებს, მაგრამ თუ ჩვილი სავსებით ჯანმრთელია და 9-12 თვის ასაკში კბილები ჯერაც არ ამოსვლია, ჰკითხეთ ბებიებს, რომელ თვეს ამოეჭრა კბილები ბავშვის დედ-მამას.
სარძევე კბილების დაგვიანებული ამოჭრის "პროგრამა", ისევე როგორც ნაადრევი ამოჭრისა ან თანდაყოლილი კბილებისა, წესისამებრ, გენებშია ჩაწერილი. მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს არა იმდენად კბილების ამოჭრის დრო, რამდენადაც თანამიმდევრობა. თუ თანამიმდევრობა დაირღვა, ჩააყენეთ საქმის კურსში პედიატრი და აჩვენეთ ბავშვი სტომატოლოგს.
ნორმაში, თავდაპირველად ამოიჭრება ერთი ქვედა საჭრელი კბილი, მერე - მეორე, პირველის გვერდით. ამას მოსდევს ორი ზედა საჭრელი, მერე - ორ-ორი კბილი მათ გვერდით, ჯერ ზემოთ, მერე ქვემოთ. ამის შემდეგ ამოდის თითო მცირე ძირითადი კბილი მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. რჩება ადგილი ეშვებისთვის. ჯერ თავს ზემოთა ეშვი ამოყოფს, მერე - ქვემოთა. ბოლოს კი ამოდის წყვილი მცირე ძირითადი კბილი - ჯერ ქვემოთ, მერე ზემოთ.
ბავშვისთვის აუცილებელი კბილების რაოდენობის დასადგენად სტომატოლოგები სარგებლობენ ფორმულით: (თვეებს)-6. ამ ფორმულის მიხედვით, 7 თვის ბავშვს 1 კიჭი უნდა ჰქონდეს. მაგრამ ადამიანის ორგანიზმი მათემატიკურ ფორმულებს არ ემორჩილება. ყოველი ჩვენგანი დამოუკიდებელი ინდივიდია და კბილების ამოჭრა იქნება თუ სხვა რამ, მისსავე ორგანიზმზეა დამოკიდებული.
მალე ამოვა?
კბილების ამოსვლის ყველაზე ადრეული ნიშანია გაძლიერებული ნერწყვდენა (სალივაცია). იგი იწყება ამოჭრამდე 2 თვით ადრე. ბუნება პატარას მაგარი საკვების დასაღეჭად ამზადებს. ამ პროცესის გასაადვილებლად საჭიროა პირის უხვად დასველება, ამიტომ უხვად გამოიყოფა ნერწყვი, რომლის გადაყლაპვა პატარამ ჯერ არ იცის. ნერწყვი გადმოდის ნიკაპსა და ყელზე, გროვდება ყელის ნაკეცებში, აღიზიანებს ჩვილის ნაზ კანს, ამიტომ საჭიროა ამ ადგილების ხშირი გამშრალება.
თუ პატარას პირის ღრუში ჩახედავთ, შეამჩნევთ, რომ კბილების ამოსაჭრელი ზედაპირები შეწითლებული და შესივებული აქვს. ეს ადგილები ბავშვს ძლიერ ექავება, ამიტომ ცდილობს, ყველაფერი, რასაც ხელს წაატანს, პირში ჩაიდოს, რასაც არცთუ იშვიათად მოჰყვება პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა, პირღებინება). ბავშვი წრიალებს, ცუდად სძინავს, ცუდად ჭამს, რაც იმუნიტეტს ასუსტებს და ორგანიზმს სასუნთქი გზებისა თუ ნაწლავური ინფექციებისადმი მოწყვლადს ხდის. ამ დროს ბავშვი მოარიდეთ უცხო პირებთან კონტაქტს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პირში მხოლოდ სუფთა ნივთები ჩაიდოს.
დავეხმაროთ პატარას
შეგიძლიათ, ბავშვს კბილების ამოსვლის პროცესი გაუადვილოთ. ღრძილებზე, იმ ადგილას, სადაც კბილი უნდა ამოიჭრას, შეაზილეთ სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი გელი. იგი ასევე მოხსნის შეშუპებასა და სიწითლეს. სიცივე ამცირებს ქავილს და ტკივილს. ამიტომაც ეტანებიან პატარები ცივ საგნებს. არსებობს სპეციალური რგოლები თხევადი შიგთავსით. სანამ ბავშვს მისცემთ, საჭიროა მათი რამდენიმე წუთით მაცივარში მოთავსება.
როგორ ვკვებოთ
კბილების ამოჭრის პერიოდში წოვის რეფლექსს ღრღნისა და კბენის რეფლექსი ცვლის, ამიტომ თხიერი და რბილი საკვები საკმარისი აღარ არის. მიეცით ბავშვს პურის ორცხობილა, სტაფილოს მრგვალი ნაჭერი, გაფცქვნილი ვაშლის მეოთხედი. დაღეჭვა აუმჯობესებს ღრძილების სისხლის მიმოქცევას, ავარჯიშებს და ამაგრებს ამოსულ კბილებს, კვებავს ჯერ კიდევ ამოსაჭრელ კბილებს, ხელს უწყობს მეტყველების სწორ ფორმირებას. ლოგოპედიური დარღვევების მქონე ბავშვებს პატარაობისას უფრო თხიერი საკვებითა და ფაფებით კვებავდნენ და ნაკლებად - ისეთი საკვებით, რომელსაც დაღეჭვა სჭირდება.
მატყუარა საწოვარა
მატყუარა ხელს უშლის, აფერხებს კბილების ამოჭრის პროცესს. როგორც კი პირველი კიჭი გამოჩნდება, პატარა მატყუარას უნდა დაემშვიდობოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კბილები წინ წამოიწევს, შეიცვლება სახის მოყვანილობა - ქალას ძვლების ფორმირება ხომ ადრეული ასაკიდანვე იწყება.
როგორ მოვუაროთ სარძევე კბილებს
საჭიროა თუ არა სარძევე კბილების გახეხვა? წინათ მიაჩნდათ, რომ 2-3 წლამდე ასაკის პატარა კბილების ჯაგრისით გახეხვას ვერ ისწავლიდა. ამჟამად ბავშვთა სტომატოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ - ბავშვი პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა მიაჩვიოთ ჯაგრისის ხელში დაჭერასა და გამოყენებას. უმჯობესია, თუ ბავშვს გვერდით დაიყენებთ, რათა საკუთარი თვალით ნახოს, როგორ იხეხავენ დედიკო ან მამიკო კბილებს.
ზოგჯერ ახალამოჭრილ კბილებზე ჩნდება მოყვითალო ფერის ლაქები ან მინანქრის ზედაპირი გლუვი კი არა, ტალღისებურია. დედიკო შეშფოთებულია ამის გამო. ახალამოსული სარძევე კბილის კიდე ხშირად ტალღისებური მოყვანილობისაა. დროთა განმავლობაში, ღეჭვის პროცესში, იგი გლუვდება და სწორდება. ეს ნორმალურია. სხვა საქმეა გოფრირებული, გადაქექილი მინანქარი. ეს ბავშვის ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის, არასწორი კვებისა და ორსულობისას დედის მიერ გადატანილი ინფექციური დაავადების შედეგია.
კბილების სიყვითლეს იწვევს ტეტრაციკლინის მიღება. ის აფერხებს კბილების ამოჭრასაც. კბილის მინანქარი მაგარი რომ იყოს, პედიატრები ბავშვს უტარებენ კალციუმის დოტაციას - ორი კვირით უნიშნავენ კალციუმის პრეპარატს.
კიდევ ერთი: მცდარია აზრი, თითქოს სარძევე კბილებს მკურნალობა არ სჭირდება. დაიმახსოვრეთ, როგორც კი შეამჩნევთ კარიესს, მიმართეთ ბავშვთა სტომატოლოგს. გარდა იმისა, რომ დაზიანებული კბილი ტკივილს იწვევს, პირის ღრუში უსიამოვნო სუნს აჩენს და ქრონიკული ინფექციის კერას წარმოადგენს, იგი ძირითადი კბილების ამოსვლასაც უშლის ხელს.