რა საჭიროა ხაჭო
გაზაფხულზე ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის. მის შესავსებად პედიატრები მშობლებს ბავშვის მენიუში ხაჭოს შეტანას ურჩევენ. იგი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტ კალციუმს შეიცავს. გარდა ამისა, ხაჭო მრავალი სხვა სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.
-
ყველაფერი ვიცით თუ არა ხაჭოს შესახებ?
ხაჭო რძის თერმული დამუშავების შედეგად მიიღება. ამგვარად დამუშავებული რძის ცილა უფრო ადვილი ასათვისებელია ორგანიზმისთვის. ხაჭოს სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინმჟავების შემცველობით აიხსნება. ესენია მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი დამსახურებაა, რომ ხაჭოს უნარი შესწევს, შეაჩეროს ან თავიდან აგვაცილოს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, რომელიც არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგია. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, არასწორი კვება (უზომოდ ცხიმიანი საკვების მიღება), ორგანიზმში მავნე ნივთიერებების მოხვედრა. ამდენად, ხაჭო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.
სამკურნალო მიზნით ხაჭო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის დროს ხაჭოს ლიპოტროპულ ნივთიერებებს (0-დან 2%-მდე ცხიმიანობის ხაჭო) ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევთ.
ზომიერად მიღებული ცხიმიანი საკვები ღვიძლს არ გადატვირთავს, ორგანიზმი ცხიმის ენერგეტიკული მიზნით ხარჯვას იწყებს და მისი დაგროვება აღარ ხდება. 8-9 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ხაჭოს ათვისება. მისი მონელების დროს გაცილებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა და ფერმენტები იხარჯება, ვიდრე მაწვნის მონელებისას.
-
მაღაზიისა თუ შინაური?
ზოგიერთ ბავშვს არ მოსწონს შინ მომზადებული ხაჭოს მომჟავო გემო, მაღაზიაში შეძენილ ხაჭოს კი სიმჟავე ნაკლები აქვს, თანაც ხშირად ხილისა თუ ვანილის არომატით შეზავებული და დამტკბარია. არადა, ხაჭოს სასარგებლო თვისებები სწორედ მისი მჟავიანობით აიხსნება, თუმცა პატარა გურმანებს შეიძლება მოვუმზადოთ ხაჭო, რომლის მჟავიანობა მხოლოდ 50 იქნება. ხაჭოს მჟავიანობა გრადუსებით გამოიხატება (ტერნერის მიხედვით). ცხიმიანი ხაჭოს მჟავიანობა 200-220, 9%-იანისა - 210-240, უცხიმოსი - 220-270.
-
როგორ მოვამზადოთ?
ვისაც სურს, ხაჭო თვითონვე მოუმზადოს შვილს, ვთავაზობთ მარტივ რეცეპტს:
აადუღეთ 1 ლ რძე, მდუღარეს დაუმატეთ ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი კალციუმის ლაქტატი ან 10%-იანი კალციუმის ქლორიდის ხსნარი. შეიძლება, რძეს მაწონიც ჩავამატოთ - 0,5 ლიტრი 1 ლიტრ რძეზე. აურიეთ, წარმოქმნილი ფიფქები ხის კოვზით ერთად მოაგროვეთ და საწურში გადაიღეთ. დაიწრიტება და მიიღებთ ხაჭოს. ჩამოწრეტილი სითხე, შრატი, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს. შეგიძლიათ დაატკბოთ ხილის წვენით ან შაქრის ვაჟინით და ისე მიირთვათ.
მტკნარი ხაჭო კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. ბავშვისთვის მტკნარი ხაჭო მაღაზიისაში აურიეთ, ისეთი პროპორციით, რომ მისთვის სასურველი გემო მიიღოთ. მოზრდილ ბავშვს მტკნარი ხაჭო შეგიძლიათ არაჟანში არეული მისცეთ.
არსებობს კიდევ ერთი ხერხი მტკნარი ხაჭოს მისაღებად: 0,5 ლ მაწონი ქილიანად ჩადგით წყლიან ქვაბში და შედგით ნელ ცეცხლზე. ხაჭო ნაზი რომ გამოვიდეს, ქვაბში წყალი არ უნდა აგიდუღდეთ. როგორც კი მაწონი შეხაჭოებას დაიწყებს და შრატი გამოეყოფა, გადმოდგით და ქილა გაცივებამდე დატოვეთ წყლიან ქვაბში. შემდეგ საწურში გადაწურეთ და ხაჭოც მზადაა.
-
ბუთხუზებისთვის თუ გამხდრებისთვის?
ბუთხუზა ჩვილებისთვის დაბალი ცხიმიანობის ხაჭო ჯობს. არსებობს დაბალცხიმიანი, მაგრამ მშრალი და უფრო მაგარი კონსისტენციის ხაჭოც, რომელიც, მიუხედავად დაბალი კალორიულობისა (100 გ-ზე - 86 კკალ), სწრაფად ჰგვრის დანაყრების შეგრძნებას. კალორიულობით 100 გ ასეთი ხაჭო შეესატყვისება ერთ პატარა ნაჭერ (35გ) ქათმის ხორცს.
გასრესილი, უფრო თხელი ხაჭო ადვილად მოსანელებელია, არ აღიზინებს კუჭსა და ნაწლავებს. იგი შეიძლება ჩავრთოთ სამკურნალო დიეტაში გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ამ მხრივ არაჟნის კონსისტენციის ქარხნული წესით მომზადებული სხვადასხვა ცხიმიანობის (0,2-დან 5,5%-მდე) ხაჭო. უცხიმო და ნაკლებადცხიმიანი რძის პროდუქტებიდან კალციუმი უფრო იოლად და სრულფასოვნად აითვისება.
50 გრამ ხაჭოსაც კი შეუძლია დააკმაყოფილოს 1 წლის ბავშვის დღიური მოთხოვნილება კალციუმზე. ნორმალური წონის ბავშვებისთვის მისაღებია 9-11%-იანი ცხიმიანობის ხაჭო, უფრო მეტი ცხიმიანობისა კი ძალიან გამხდარი ბავშვებისთვისაც არ არის დასაშვები. წლინახევრიდან ბავშვს მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ მოუმზადოთ ხაჭოს პუდინგი, ნამცხვარი და სხვა საკონდიტრო ნაწარმი, თუმცა ნატურალური ხაჭო მაინც აუცილებელია. ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ბავშვებისთვის თერმულად დამუშავებული ხაჭოს კერძები ჯობს.
-
თქვენც შეგიძლიათ მოამზადოთ
როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებსაც ძალიან მოეწონებათ:
-
- ხაჭოს პუდინგი
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1/2 ჩაის ჭიქა შაქარი
- 2 სადილის კოვზი მანანის ბურღული
- 50 გ ქიშმიში
- 3 სადილის კოვზი ნაღების კარაქი
ხის კოვზით გასრისეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხის გული, შაქარი, მანანის ბურღული და ოდნავ გამლღვალი ნაღების კარაქი. კარგად რომ აითქვიფება, შეურიეთ ქიშმიში და ცალკე ათქვეფილი კვერცხის ცილა. წინასწარ მოამზადეთ ფორმა - ოდნავ მოუსვით ზეთი და მოაყარეთ საფანელი (დაფქული ორცხობილა). შემდეგ გადმოიღეთ ფორმაში მზა მასა და შედგით ღუმელში ნელ ცეცხლზე (ან მიკროტალღურ ღუმელში). ცხვება ძალიან სწრაფად.
-
- ხაჭოს ბურთულები
საჭიროა:
- 200 გ ხაჭო
- 1 ცალი კვერცხი
- 1 სადილის კოვზი არაჟანი
- 1 სადილის კოვზი პურის ფქვილი
ხაჭო, არაჟანი და კვერცხი (ცილიან-გულიანად) ხის კოვზით შეათქვიფეთ ერთმანეთს, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ფქვილი. ხის დაფაზე დაყარეთ პურის ფქვილი. იმავე ხის კოვზით აიღეთ ხაჭო-არაჟნის ნარევი, პატარა ბურთებად დაამრგვალეთ, ფქვილში გადააგორ-გადმოაგორეთ და ცხელ, ზეთიან ტაფაზე დაალაგეთ. შებრაწეთ ორივე მხრიდან. სუფრასთან მიტანის წინ შეგიძლიათ თითოეულ ბურთულას არაჟანი დაადოთ. ხაჭო ნამდვილად შეუცვლელი პროდუქტია. თუ ბავშვი მასზე უარს ამბობს, ეცადეთ, შეურიოთ მისთვის უფრო მისაღები, გემრიელი ხაჭო. დღეს მაღაზიებსა და აფთიაქის ბავშვთა კვების განყოფილებებში ხაჭოსგან დამზადებული უამრავი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.