ვირუსული გასტროენტერიტი ბავშვებში - რა გამოვლინებები ახასიათებს მას
გასტროენტერიტი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებაა, რომელიც ვლინდება მუცლის ტკივილით, გულისრევით/პირღებინებით, დიარეით და ცხელებით. დაავადების ძირითადი გართულება გაუწყლოებაა, რომელიც ბავშვებში უფრო სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
ხშირ შემთხვევაში შემთხვევაში ვირუსები (როტავირუსი, ნოროვირუსი, ასტროვირუსი, ადენოვირუსი) გადაეცემა დაავადებულ პირთან კონტაქტით, ხოლოს სკოლები, საბავშვო ბაღები, ხალხმრავალი ადგილები ინფექციის გავრცელების წყაროებს წარმოადგენენ.
ბაქტერიული (ნაწლავის ჩხირი, სალმონელა, შიგელა, კამპილობაქტერია, სტაფილოკოკები და ა.შ) გასტროენტერიტის გავრცელების წყაროს წარმოადგენს დაბინძურებული საკვების შეხება ან მიღება (განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს უმი ან თერმულად არასრულად დამუშავებული ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, არაპასტერიზებული რძე), დაბინძურებული წყალი, ცხოველებთან კონტაქტი, შეხება, რომლებიც ატარებენ გარკვეულ ბაქტერიებს.საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დარღვევა, ასევე, შესაძლებელია გახდეს კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზი. ბაქტერიული ტოქსინებით დაბინძურებული საკვები სწრაფად იწვევს ღებინების და დიარეის განვითარებას.
პარაზიტებით გამოწვეული გასტროენტერიტი ჩვეულებრივ გამოწვეულია დაბინძურებული წყლის დალევით(ან ფეკალურ-ორალური გადაცემის გზით).
გასტროენტერიტი ზრდის დეჰიდრატაციის რისკს, ამიტომ, აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ცხელების არსებობის შემთხვევაში - სიცხის დამწევი მედიკამენტების მიღება. მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ სიმპტომებს:
- ღებინების ხშირი ეპიზოდები;
- მუცლის ტკივილი;
- მაღალი ცხელება;
- ძილიანობა, ჭირვეულობა ან ხშირი ტირილი;
- ხშირი დეფეკაცია;
- შარდვის შემცირება
გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმის დროული კონსულტაცია.
გასტროენტერიტის მწვავე შემთხვევების თავიდან ასარიდებლად საჭიროა:
პირადი ჰიგიენის დაცვა.
საეჭვო საკვების და წყლის მიღებისგან თავის შეკავება.
საკვები პროდუქტების შენახვის და მომზადების წესების დაცვა