რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში გრიპი
გრიპი, როგორც წესი, უეცრად იწყება და დასნებოვნებიდან პირველ 2-3 საათში იწევს ტემპერატურა (39°С-მდე და მეტი), ადამიანს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შემცივნება, მკვეთრი სინათლის აუტანლობა, სახსრებსა და კუნთებში მტვრევის შეგრძნება, ძლიერი ოფლიანობა, უძილობა.
სურდო, ჩვეულებრივ, გრიპის დროს არ არის, შეიძლება იშვიათად აღინიშნებოდეს ცემინება. ხველა და ყელის ტკივილი დაავადების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება.
გრიპის დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურის დაწევა ძნელია ძლიერი სიცხის დამწევების ფონზეც კი.
გრიპი ვირუსული დაავადების სახეობაა, რომელიც აზიანებს სასუნთქ ორგანოებს. დღეისათვის მისი დაახლოებით 2 ათასი შტამია.
მნიშვნელოვანია წოლითი რეჟიმის დაცვა, ყოველდღიურად ოთახის სისტემატური განიავება, სველი წესით დალაგება, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რათა ორგანიზმი არ გაუწყლოვდეს. სითხის მიღებით შევავსებთ მიკროელემენტებისა და ვიტამინების მარაგს. სასმელი უნდა იყოს თბილი და არა ცხელი, რათა ლორწოვანი არ გაღიზიანდეს.
თუ ბავშვს არ აქვს ჭამის მადა, ნუ დავაძალებთ საჭმლის მიღებას.
38,5°С-ზე მაღალი ტემპერატურისას უნდა მივცეთ სიცხის დამწევები.
მნიშვნელოვანია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:
გრიპს არ მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, მით უმეტეს, თუ ბავშვი ექიმს არ გაუსინჯავს. ანტიბიოტიკებით ნადგურდება ყველა ბაქტერია – პათოგენურიც და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც. ანტიბიოტიკის დანიშნვა მიზანშეწონილია გართულებების შემთხვევაში, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციების თანდართვით (პნევმონია, შუა ყურის ანთება, ჰაიმორიტი).