თუ ბავშვს გაზაფხულზე ხასიათი შეეცვლება
ის ჭირვეულობს, უმიზეზოდ ტირის, უჭირს დაძინება და ჩვეულებრივზე ნაკლებ ხანს სძინავს ან პირიქით, ძილადაა მივარდნილი, დღე და ღამე არეული აქვს - დღისით სძინავს, ღამით კი ფხიზლობს. ხასიათის ცვლილებასთან ერთად ეცვლებათ ჭამის მადა, საჭმელს არ ეკარებიან ანდა კუთვნილ ულუფაზე ნაკლებს ჭამენ.
ხასიათისა და გუნება-განწყობის ასეთი ცვლილების მიზეზი არის:
- ენდოკრინული სისტემის მიერ გამოყოფილი ჰორმონების სეზონური დისბალანსი;
- ორგანიზმის ახალ კლიმატურ ტალღაზე გადაწყობა;
- გაზაფხულის სეზონური ავიტამინოზი.
ნაზამთრი, ზამთარგამოვლილი პროდუქტი კვებით ღირებულებას კარგავს. ასე რომ, პაწიასათვის სრულფასოვანი რაციონის შედგენას საგანგებო ყურადღება უნდა დაუთმოთ - საკვები ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებთა და მინერალური მარილებით უნდა გაამდიდროთ.
-
რითი ვკვებოთ პატარა?
უმჯობესია ბავშვს მენიუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი ხილ-ბოსტნეულისაგან შეუდგინოთ, სადაც ცხოვრობს. ასეთ პროდუქტს უფრო ადვილად ითვისებს პატარას ორგანიზმი. ცილა აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას, უზრუნველყოფს იმუნიტეტის ნორმალურ ფუნქციონირებას. მის მისაღებად ყოველდღიურ მენიუში შეიტანეთ ხორცი, თევზი ან რძის პროდუქტები, განსაკუთრებით კი - ხაჭო. ზამთარგამოვლილ პროდუქტებს შორის ვიტამინების ყველაზე მდიდარი წყაროა კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, მწვანილი, ვაშლი, კენკრა. შეეცადეთ ყოველდღე მოუმზადოთ ბოსტნეულის პროდუქტები.
-
კარტოფილი
ის მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულებით გამოირჩევა. უხვად შეიცავს კალიუმის მარილებს და გამოიყენება როგორც მსუბუქი შარდმდენი. ახალგახეხილი უმი კარტოფილი უებარია დამწვრობის დროს.
-
სტაფილო
იგი სამკურნალო თვისებებითაა განთქმული. ახალგახეხილ უმ სტაფილოს ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ. სტაფილოსა და ოხრახუშის ნახარში კარგია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. წვენი რეკომენდებულია პირის ღრუს ანთებითი დაავადებებისას, პაწიებსAგაციების დროს შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ცხვირში 2-2 წვეთი დღეში 3-4-ჯერ. სასარგებლოა თვალის დაავადებებისას, მეძუძური დედებისთვის - რძის ნაკლებობის დროს. თუმცა სტაფილოს დიდი რაოდენობით გამოყენებას არ გირჩევთ შესაძლო ალერგიული ფაქტორების განვითარების გამო.
-
კომბოსტო
ეს ბოსტნეული არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას და საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას. თანაბარი ოდენობის წყალთან გაზავებული ახალგამოწურული წვენი მარგებელია პირის ღრუს ლორწოვანის ანთების დროს, ხოლო შაქრით დამტკბარი გამონაწური ბავშვებისთვის შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა.
-
ჭარხალი
იგი სასიკეთო გავლენას ახდენს სისხლწარმოქმნის, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, არეგულირებს ნაწლავთა მოქმედებას. უმი ჭარხლის წვენს ავიტამინოზის, ანემიის, სურდოს სამკურნალოდ იყენებენ. ახალგახეხილი ჭარხალი კარგია კანის დაზიანების, ჭრილობების, წყლულის დროს.
-
მოცხარი
ვიტამინების წყაროა. აუმჯობესებს მხედველობას. ამაგრებს ღრძილებს. ცოცხალი კენკრა, დაშაქრული და საზამთროდ შენახული ვიტამინების წყაროა. შავი მოცხარი მდიდარია რკინის იმ ფორმით, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ის მეტად სასარგებლოა ანემიის, რევმატიზმის, მხედველობის დაქვეითების დროს.
-
ჟოლო
ჟოლო მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ის ძლიერ ოფლმდენ საშუალებად ითვლება. იყენებენ ამოსახველებელ საშუალებადაც ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს.
-
ქაცვი
ქაცვი უხვად შეიცავს ც და ბ ჯგუფის ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ხელს უწყობს ჭრილობების, წყლულების შეხორცებას.
-
ძახველი
ძახველი აუმჯობესებს მადას, ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობასა და ფერმენტულ აქტივობას. დაშაქრული შეგიძლიათ გამოიყენოთ გაციების დროს, ხველებით მიმდინარე ვირუსული ინფექციების დროს.
თუ ბავშვი ალერგიული არ არის, მიეცით ახალგატეხილი, მოუხალავი თხილი. ის მდიდარია მცენარეული ცილით, ცხიმით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. ამ მხრივ იგი ხორბლის პურს - 3-ჯერ, კარტოფილს - 7-ჯერ, ვაშლს კი 12-13-ჯერ აღემატება. განსაკუთრებით არგებთ სუსტ ბავშვებს - მოუხსნის მათ დაღლილობას, აღუდგენს ენერგიასა და მხნეობას.
გაზაფხულის ავიტამინოზის დამარცხებაში დაგეხმარებათ ხილის - ვაშლის, შავი ქლიავის, მსხლის, ატმის, გარგრის ჩირის კომპოტი. მოუმზადეთ თქვენს პატარას ყოველდღე ახალი, ოდნავ დამტკბარი კომპოტი და მიეცით წყლისა და ჩაის მაგივრად.