რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ჩიფსების ჭამამ
არსებული მონაცემების თანახმად, ჩიფსები და ტკბილი გაზიანი სასმელები მავნე პროდუქტების ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები.
-
განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული.
მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და სანაცვლოდ მავნეს იძენს. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია - 100 გრამი 510 კილოკალორიას შეიცავს, რაც ბავშვის დღიური ნორმის თითქმის ნახევარია. ამიტომაც მიიჩნევა ჩიფსები გასუქების რისკფაქტორად.
ამასთან, ჩიფსები ძალზე მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. შესაძლოა, შეშუპებისა და გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს.
-
საღებავები და არომატიზატორები, რომელთა წყალობითაც ჩიფსები იღებს ლორის, არაჟნის, ყველის გემოს, პოტენციური ალერგენებია.
ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩიფსებში არსებული ცხიმიც - მას კანცენოგენული თვისებები აქვს ანუ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიდროგენიზებული ცხიმი. მისი მაგალითია მარგარინი. სწორედ ამ ტიპის ცხიმით ამზადებენ ჩიფსებს და არა მცენარეული ზეთით.
-
მყარი ცხიმი ზრდის ახალგაზრდებში ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა წინათ მათ მხოლოდ მოხუცთა დაავადებებად მიიჩნევდნენ.
ჩიფსებში საერთოდ არ არის ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი (მცენარეული ბოჭკო). ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩიფსები მიჩვევას იწვევს. ალბათ ამიტომ არის, რომ ერთხელ გასინჯვის შემდეგ პატარები გამუდმებით ითხოვენ ამ სასუსნავს.
ვფიქრობთ, ნათელია, რატომ უნდა ვარიდოთ ბავშვები ჩიფსებთან ნაცნობობას.
-
სწრაფი კვება და ჯანმრთელობა
ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს.
რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანებულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი!
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-kveba/1066-2009-03-12-12-36-11.html