კომბოსტოს დღესასწაული
ეს არის უნიკალური ბუნებრივი მულტივიტამინური კომპლექსი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აგვაცილებს თავიდან ავიტამინოზს. კომბოსტო სასარგებლოა ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, ხელს უწყობს ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორის ჩამოყალიბებას. უჯრედისის, წყლისა და ნაკლები კალორიულობის გამო კომბოსტო ჭარბწონაინი ადამიანების საყვარელი საკვებია. კომბოსტოს შემადგენლობაში არსებული ტარტრონის მჟავა ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. მჟავე კომბოსტოს წვენი დიდი რაოდენობით რძემჟავას შემცველობის გამო სისხლში შაქრის დონეს აწესრიგებს და რეკომენდებულია დიაბეტის დროს. ღრძილების ანთებისა და სისხლდენის დროს კარგია პირის ღრუში კომბოსტოს ახალგამოწურული წვენის გამოვლება. კომბოსტოს წვენს იყენებენ სახმო იოგების ანთების დროსაც. იგი ხელს უწყობს ხმის შენარჩუნებას. უჯრედისის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კომბოსტოს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა, სასარგებლოა გასტრიტისა და კოლიტის დროს. პატარებს უყვართ კომბოსტოს ფოთლების კვნეტა. მათ რაციონში კომბოსტოს პიურეს სახით რთავენ. უფრო მოზრდილ ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ ტოლმა, უმი ან მოხარშული კომბოსტოს სალათა, ღვეზელი…. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს. აიღეთ:
- 1 კგ კომბოსტო;
- 2-3 მოხარშული კვერცხი;
- 3-4 სუფრის კოვზი კარაქი;
- ოხრახუში, მწვანე ხახვი, მარილი.
ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაკეპილი კომბოსტო და შუშეთ დაბალ ცეცხლზე, დაამატეთ კარაქი და მოუმატეთ ცეცხლი, რომ ოდნავ დაიბრაწოს. შემდეგ დაამატეთ მწვანილი, ხახვი, წვრილად დაჭრილი კვერცხი და მარილი. გადმოდგით ცეცხლიდან და გაატარეთ. ამ შიგთავსისგან გემრიელ ღვეზელს მოამზადებთ. ცომისთვის საჭიროა:
- 600 გრამი ფქვილი;
- 1-1,2 ჭიქა წყალი ან რძე;
- 100 გრამი მზესუმზირას ზეთი;
- 25 გრამი საფუარი;
- 2 ჩაის კოვზი მარილი;
- 1 ჩაის კოვზი შაქარი.
საფუარი, შაქარი, 2 ჩაის კოვზი ფქვილი გახსენით 1/4 ჭიქა წყალში, გააჩერეთ 15 წუთი. ეს მასა ზეთთან ერთად შეურიეთ ფქვილს, მარილს, აზილეთ და დატოვეთ სითბოში. ცომი რომ ამოვა, გაყავით ორად. გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ფურცლებად. ერთი ფურცელი გადაიღეთ ღუმლის ტაფაზე, დანით შემოუსწორეთ კიდეები, თანაბრად წაუსვით კომბოსტოს შიგთავსი, დააფარეთ მეორე ფურცელი, ჩაუკეცეთ კიდეები და დატოვეთ 15-20 წუთი, რომ ამოვიდეს. მოუსვით ზემოდან კვერცხის გული, ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ და შედგით ღუმელში 210-220 გრადუსზე 30 წუთით. გამოღებულს ზემოდან მოუსვით კარაქი, რომ ქერქი დარბილდეს, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაის ტილო, დატოვეთ ასე 10-15 წუთი. იმავე ცომით შეიძლება სხვანაირი ღვეზლების გამოცხობაც: ცომს მიეცით ძეხვის ფორმა, დაჭერით თანაბარი ზომის ბურთულებად, გააჩერეთ 5-7 წუთი და შემდეგ გააბრტყელეთ. მიეცით ნავისებური ფორმა, ჩადეთ შიგთავსი, პირი შეუკარით და დააწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე ნაწიბურით ქვემოთ. 10-15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით და შედგით ღუმელში 210-220 გრადუსზე. შიგთავსის მომზადება კარტოფილისა და კომბოსტოსგანაც შეიძლება. აიღეთ:
- 400 გრამი კარტოფილი;
- 200 გრამი კომბოსტო;
- 50 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი;
- 50 გრამი ნაღების კარაქი;
- 2 კვერცხი;
- 50 გრამი ფქვილი;
- მარილი.
მარილწყალში მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გადაიღეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, დაუმატეთ 1 უმი კვერცხი, შეაზავეთ და რამდენიმე წუთით დატოვეთ. კომბოსტო დაჭერით წვრილად, მოაყარეთ მარილი და დატოვეთ, ვიდრე წვენს გამოუშვებს. შემდეგ გადაწურეთ და კარაქთან ერთად ჩაშუშეთ ქვაბში, დაუმატეთ ხახვი, უმი კვერცხი და ხშირი რევით შეათქვიფეთ. გადმოდგით ქურიდან და გააცივეთ. კარტოფილის ცომი დაჭერით კუბებად, გააბრტყელეთ, ჩაუდეთ გულში კომბოსტოს ფარში, მოუკარით პირი და შეწვით ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით არაჟანთან ერთად!