ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე
გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.
- ბალანსი მიიღწევა, როდესაც ბავშვი საკმარისი რაოდენობით იღებს ყველა აუცილებელ ნივთიერებას და არაფერს ზედმეტს. ცნობილი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური გადახრების ფესვები უმეტესად ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. მეცნიერებმა ჯანმრთელობის სხვა გადახრების მიზეზთა ძიებაც ადრეული ბავშვობის პერიოდში დაიწყეს.
უკანასკნელ ხანს ფართოდ შეისწავლიან, რა გავლენას ახდენს ადამიანის მომავალ ჯანმრთელობაზე ადრეულ ასაკში მისი კვების ხასიათი, რეჟიმი თუ რაციონი. უკვე ნაპოვნია პასუხი ზოგიერთ კითხვაზე, მაგალითად, რატომ მიმართავენ ადრეულ ასაკში სტომატოლოგს, რატომ იღლებიან სწრაფად, ცივდებიან ადვილად და გრძნობენ ამინდის ნებისმიერ ცვლილებას.
- უფრო და უფრო რატომ მცირდება ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანების რიცხვი?
- ჩვენ სამართლიანად ვადანაშაულებთ ყოველივე ამაში ცუდ ეკოლოგიას, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესს და ცივილიზაციის სხვა “მიღწევებს”. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ყოველივე ამის მიზეზი უმეტესად არაჯანსაღი კვებაა, განსაკუთრებით - არასწორი კვება სიცოცხლის პირველ წელს.
- ხომ არ გულისხმობს ეს ხელოვნური ნარევებით და არა დედის რძით კვებას? ყველამ იცის, რომ დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილისთვის, მაგრამ ხომ არსებობს გამოუვალი მდგომარეობაც, როდესაც დედას რძე არ აქვს ან სხვა მიზეზით ვერ აწოვებს ძუძუს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ხელოვნური ნარევებით გაზრდილი ბავშვის მომავალი არცთუ სახარბიელო იქნება?
- დედის რძის მარგებლობაზე უკვე აღარავინ დავობს. თანამედროვე რეკომენდაციებით, ბავშვმა რაც შეიძლება მეტხანს უნდა წოვოს ძუძუ. მასთან ერთად ბავშვი იღებს არა მხოლოდ საკვებ ნივთიერებებს, არამედ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მთელ კომპლექსს - ფერმენტებს, ანტისხეულებს, ზრდის ფაქტორებსა და ჰორმონებს, რომელთა ნარევებში დამატებაც ჯერჯერობით შეუძლებელია. სიამოვნება, რომელსაც იღებს პატარა ძუძუს წოვის დროს და დედასთან ფიზიკური კონტაქტი საფუძველს უყრის მოზრდილ ასაკში ფსიქოლოგიურ ურთიერთობას.
ადაპტირებული ნარევები საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს ჩვილს, ხოლო დედამ უნდა მოახდინოს ძუძუთი კვების იმიტაცია და ბოთლით კვებისას გვერდით მიუწვეს პატარას, მოეფეროს, ესაუბროს, ან, როგორც ძუძუთი კვებისას, მკერდთან ახლოს დაიკავოს ის.
- რა ასაკიდან და რამდენი მარილი უნდა მიიღოს პატარამ?
- დედის რძე შეიცავს იმდენ მარილს (ნატრიუმის ქლორიდს), რამდენიც სჭირდება ჩვილს - 7მმოლ/ლ-ს. ეს სამჯერ ნაკლებია ძროხის რძეში მის შემცველობაზე - ეს უკანასკნელი 25 მმოლ/ლ-ს შეიცავს.
დედის რძეში მარილების შემცველობა სიცოცხლის პირველივე დღიდან განსაზღვრავს მომავალში ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციას, თირკმელების განვითარებასა და სრულყოფას, წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციას. ბავშვს სჭირდება უფრო მეტი კალიუმი და ნაკლები ნატრიუმი, ვიდრე მოზრდილს და ადრეულ ასაკში მარილის სიჭარბემ შესაძლოა ზრდასრულ ასაკში უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის ორგანიზმზე, წარმოშვას ჰიპერტონიული დაავადების, თირკმელების დაავადების, წყალმარილოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევის, ორსულობისას ქსოვილებში სითხის შეკავების რისკი.
არსებობს რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, რამდენი მარილი უნდა მიიღოს პატარამ და რა ასაკიდან. მოდი, ერთად ვიმსჯელოთ. ბუნებრივი სახით მარილი თითქმის ყველა პროდუქტშია, ხოლო ბავშვის ორგანიზმს ის იმდენად ცოტა სჭირდება, რომ სიცოცხლის პირველ ორ წელიწადს სულაც რომ არ მივაწოდოთ, პატარა ამით არ დაზარალდება! ბავშვის საკვებში მარილის დამატება შეიძლება 15-18 თვის ასაკიდან. ზუსტი დოზირებისთვის სასურველია მოამზადოთ მარილწყალი: აიღეთ 25 გ მარილი და გახსენით 100 მლ ცხელ წყალში, წამოადუღეთ, გადაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში, 100 მლ-მდე შეავსეთ მდუღარე წყლით და წამოადუღეთ. ამ ხსნარის ნახევარი ჩაის კოვზი (2,5 ლ) საკმარისია ბავშვის 200 მლ საკვებისთვის. ფაფას, ხაჭოს, რძესა და ხილფაფებს საერთოდ არ სჭირდება მარილის დამატება. ეს არ ეხება იოდიან მარილს - ხსნარის მომზადებისას იგი კარგავს იოდს, ამიტომ ასეთი მარილი მზა საკვებს უნდა დაუმატოთ.
- ცნობილია, რომ ტკბილეულის სიჭარბეც დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს...
- შაქარი არ არის ნატურალური პროდუქტი, იგი ხელოვნური გზით მიღებული კონცენტრატია. მას იღებენ შაქრის ჭარხლისგან. ამ პროდუქტში შაქრის მოლეკულები გარსში ისეა გახვეული, როგორც კანფეტები - ქაღალდში. ამასთან, ნატურალურ პროდუქტებში შაქარი სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან კომპლექსურად არსებობს. ორგანიზმი მიჩვეულია მის ამ სახით ათვისებას და ერთგვარ ჯაფას სწევს მის გამოსაცალკევებლად და თანდათანობით ასათვისებლად. რაფინირებული შაქარი კი დაუბრკოლებლად შედის სისხლში და უფრო ადვილად გროვდება ორგანიზმში. ამ დროს ორგანიზმი იძლევა განგაშის სიგნალს: “SOS! დავშაქრდი!” მის საშველად მოემართება ინსულინი - მხოლოდ მას შეუძლია ზედმეტი შაქრისგან სისხლის გათავისუფლება. ამგვარად ინარჩუნებს ორგანიზმი წონასწორობას, მუდმივ შემადგენლობას.
თუ განგაშის სიგნალი ხშირად მეორდება, ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები სრულყოფილად ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. იწყება ნივთიერებათა ცვლის რღვევა და შედეგად ვიღებთ ჭარბ წონას, შაქრიან დიაბეტს.
- შეიძლება თუ არა სწრაფი კვების ობიექტებში ბავშვის კვება?
- სწრაფი კვების ობიექტებში, რომლებიც ასე მომრავლდა, გვთავაზობენ ჰამბურგერებს, ჩიზბურგერებს, ჩიპსებს, შაურმას. ასეთი საკვები მზადდება დაბალი ხარისხის იაფი ნედლეულისგან, შეიცავს რაფინირებულ შაქრებს, მარილს. ერთი სიტყვით, ცარიელი კალორიებია. ასეთ ობიექტებში კვება ნებადართულია მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში. ბავშვებმა კი, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებმა, ასეთი საკვები საერთოდ არ უნდა მიიღონ.
ბავშვებს, რომლებიც ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს, აწუხებთ თავის ტკივილი, კანის ქავილი, ალერგული გამოვლინებები, კანის აქერცვლა, სიმშრალე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა... გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ასეთ ბავშვებს აკლიათ B ჯგუფის ვიტამინები, ხოლო ე.წ. “ბატის კანი” A ვიტამინისა და ომეგა-3-ის ნაკლებობის შედეგია.
კომპლექს ომეგა-3-ს შეიცავს თევზის ქონი, თევზი და მისი პროდუქტები; A ვიტამინი შედის ნაღების კარაქის, ღვიძლის, კერცხის გულის, ნატურალური რძის პროდუქტების შემადგენლობაში, A პროვიტამინი კი სტაფილოში, ტკბილ (ბულგარულ) წიწაკაში, პომიდორში, ფოთლოვან ბოსტნეულშია. ჯანსაღ კვებაზე გადაყვანა და ვიტამინების კომპლექსი ბავშვებს მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება.
- რით არის მავნე მრავალჯერადი გამოყენების ცხიმში შემწვარი თუ გამომცხვარი პროდუქტი?
- რამდენიმეჯერ გამოყენებული ცხიმი ვნებს ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალს. გარდა ამისა, მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას პროდუქტში, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელსა თუ სხვა ნახშირწყლებს, აკრილამიდი წარმოიქმნება. ეს არის კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას განსაზღვრულ პირობებში სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადების გამშვებ მექანიზმად იქცევა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით აკრილამიდი გროვდება კარტოფილ ფრიში, სიმინდის ბურბუშელაში, კექსებსა და ნამცხვრებში. არასასურველი ნივთიერებები გროვდება საკვებში მისი ხელახალი გათბობისას. ამდენად, ბავშვის კვებისას უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ახალმომზადებულ კერძებს. საკვების მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას მასში ბევრი მავნე ნივთიერება გროვდება. მოხარშული და ორთქლზე მომზადებული საკვები უვნებელია. ნებადართულია მიკროტალღურ ღუმელში მომზადებული კერძებიც.
- რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში არასასურველი, არაჯანსაღი პროდუქტების სისტემატური გამოყენებისას?
- წარმოვიდგინოთ, რომ ნატურალური ხორცისა და ღვიძლის მაგივრად ბავშვი იკვებება ძეხვით, სოსისით, ლორით და ხორცის შემცვლელი სხვა პროდუქტებით. ამ დროს მისი ორგანიზმი ვერ იღებს სრულყოფილ ცილებს, ესე იგი განიცდის შეუცვლელი ამინმჟავების ნაკლებობას. შინ მომზადებული ბურღულის ფაფების ნაცვლად სწრაფი მომზადების ფაფებით კვებისას ვითარდება E ვიტამინის, B ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით - B1-ის (თიამინის), B3-ის (ნიკოტინის მჟავას), B5-ის (პანთენოლის) და B6-ის (პირიდოქსინის) დეფიციტი. საბედნიეროდ, კლასიკური ავიტამინოზი დღეს აღარ გვხვდება. ორგანიზმი დროულად გვიგზავნის სიგნალს ამა თუ იმ ნივთიერების ნაკლებობის შესახებ. მთავარია, ამოვიცნოთ იგი და შესატყვისი პასუხი გავცეთ.
იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც აქვთ ნერვული სისტემის ესა თუ ის დარღვევა - ხასიათის ცვალებადობა, აგრესიულობა თუ აქტიურობის დაქვეითება, მეხსიერებისა და ყურადღების გაფანტვა, არაადეკვატური საქციელი... ხასიათის ცვლილება და ფსიქიკური აქტიურობის დაქვეითება არცთუ იშვიათად დაკავშირებულია რაციონში ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ის კომპლექსის, ამინმჟავა ტრიპტოფანის: B1, B6, და B12 ვიტამინების ნაკლებობასთან.
- არსებობს თუ არა გამოსავალი?
- გამოსავალი არსებობს. ეს არის არა მედიკამენტური მკურნალობა, არამედ ბალანსირებული კვება, არასასურველი პროდუქტების რაციონიდან ამოღება. პირველ ეტაპზე შესაძლოა დაგვჭირდეს ვიტამინურ-მინერალური დანამატებიც. საკმარისია, კვების რაციონში შევიტანოთ ნატუალური პროდუქტები, გავითვალისწინოთ სამედიცინო რეკომენდაციები ბავშვის კვების შესახებ.
თუ ოჯახში ჯანსაღ კვებას ყურადღებას აქცევენ, ბავშვი ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი, ხალისანი და მოღიმარი გაიზრდება.