ჰიპერაქტიური ბავშვის კვება
როგორ მოვიქცეთ, თუ ოჯახში ჰიპერაქტიური პატარა გვყავს - დავსაჯოთ? ვუმკურნალოთ? სწორად უნდა ვკვებოთ - ასეთია ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი.
სულ უფრო მეტი სამეცნიერო გამოკვლევა და ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ საკვები და მისი ხარისხი ბავშვის ქცევაზე უშუალო გავლენას ახდენს.
რატომ არიან ჰიპერაქტიურნი?
მიზეზი პირველი - ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა. ამერიკელმა მეცნიერებმა ყურადღების დეფიციტის მქონე ჰიპერაქტიური ბავშვების კვლევისას დაადგინეს, რომ მათ 75%-ს დარღვეული ჰქონდა გლუკოზის მეტაბოლიზმი. ისინი არაადეკვატურ რეაქციებს ამჟღავნებდნენ არა მარტო დიდი რაოდენობით ტკბილეულის, არამედ ახალგამოწურული ხილის წვენის მიღების შემდეგაც კი.
მიზეზი მეორე - კვებითი ალერგია. რაციონიდან შოკოლადის, სინთეზური კონსერვანტების, საღებავების, არომატიზატორების, ნატრიუმის გლუტამატისა და კოფეინის შემცველი პროდუქტების 10 კვირით სრულიად გამორიცხვის შემდეგ ასეთი ბავშვების ქცევა საგრძნობლად უმჯობესდება, გვარდება ძილის პრობლემაც - ბავშვები ადვილად იძინებენ და ღამით იშვიათად იღვიძებენ.
მიზეზი მესამე - მაგნიუმი. ჰიპერაქტიურთა დიდ ნაწილს მიკროელემენტ მაგნიუმის დეფიციტი აღენიშნება. ეს მიკროელემენტი ხელს უწყობს მშვიდ ძილს და გლუკოზის ნორმალურ მეტაბოლიზმს. მაგნიუმის რაოდენობას ამცირებს ანტიბიოტიკების მიღებაც, ამიტომ აუცილებელია პატარას გამოკვლევა ამ კუთხით.
ქოლინი და ლეციტინი
ეს ამინმჟავები ნერვული სისტემის მცველები არიან, ამიტომ პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ამ ნივთიერებებით (კვერცხი, ღვიძლი, თევზი, რძე), ტვინის საკვებადაა მიჩნეული და პატარამ ყოველდღიურად უნდა მიიღოს. თუ ბავშვი ვერ იტანს რძეს და მის ნაწარმს, ამასთან, სათანადო რაოდენობით არ იღებს ხორცსა და თევზს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, ლეციტინისა და ქოლინის შემცველი კვებითი დანამატები ასვან და ტვინისთვის ესოდენ საჭირო ნივთიერებები ამ გზით მიაწოდონ ორგანიზმს.
ამინმჟავები
ორგანიზმში ყველაზე საჭირო სტრუქტურები ცილებისგანაა ნაგები, მათ შორის - ნეიროტრანსმიტერებიც, ნივთიერებები, რომლებიც ერთი უჯრედიდან მეორეში ნერვული იმპულსის გადატანას უზრუნველყოფენ. ჰიპერაქტიურ ბავშვებს სწორედ ამ იმპულსების გადატანის პრობლემა აქვთ, ამიტომ სრულფასოვანი ცილოვანი რაციონი მათთვის აუცილებელია. მოუსვენარი ბავშვების დიდ ნაწილს დაქვეითებული აქვს მადა, ბევრი საუზმის გარეშე მიდის სკოლაში, საღამოს ტრაპეზი კი ვერ აკმაყოფილებს საკვებ ნივთიერებებზე ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას. ამ შემთხვევაში სასურველია, ბავშვებმა კვებითი დანამატის სახით ცილოვანი კოქტეილი მიიღონ.
ვიტამინები
მათ ვერც ამ შემთხვევაში ავუვლით გვერდს, განსაკუთრებით - B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვისაა საჭირო. ბავშვების უმეტესობა არასტაბილური მადის გამო საკვებთან ერთად მათ სათანადო ოდენობით ვერ იღებს, ამიტომ მენიუ უნდა გავუმდიდროთ რძით, რძისა და ხორცის ნაწარმით ან უბრალოდ ამ ვიტამინების კომპლექსი მივცეთ.
მაგნიუმი
გაამდიდრეთ ბავშვის რაციონი მაგნიუმის უხვად შემცველი პროდუქტებით: კაკაოთი, წიწიბურათი, პარკოსნებით, თხილით, კაკლით, არაქისით, კარტოფილით, ბანანით, ისპანახით, ცოცხალი მწვანილით, მინერალური წყლით.
მოუსვენარის იდეალური მენიუ
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილს. თევზი ან ქათმის ხორცი კარტოფილის პიურესთან ერთად, კენკრა.
საუზმე: შვრიის ფაფა, კვერცხი, რძე, 1 ცალი ბანანი. თუ ბავშვს რძე არ უყვარს, შეიძლება, ის ნახევარი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენით შევუცვალოთ. სადილამდე სკოლაში შეუძლია მიირთვას 200 გრამამდე თხილი, მზესუმზირა და მინერალური წყალი.
ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, წიწიბურას ფაფა, რძე ან ხაჭო, გვირილის ან პიტნის ჩაი.
გაითვალისწინეთ: არ დაალევინოთ პატარებს ნაყიდი წვენები - ისინი გაცილებით ტკბილია და დიდი რაოდენობით შეიცავს კონსერვანტებსა და საღებავებს. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ პატარას რაციონში ტკბილი გაზიანი სასმელების წილიც.