ბავშვის კვება 1 წლიდან
1 წელზე უფროსი ბავშვის მენიუ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ხარისხის (2 წლიდან - ჭვავის) პურს, ყოველგვარ ბურღულეულს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ხორცს, თევზს, კვერცხს, რძესა და რძის პროდუქტებს. რძე კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვებად რჩება, რომელსაც ვერც ხორცი შეცვლის და ვერც ცილებით მდიდარი სხვა პროდუქტი, თუმცა თუ ზედმეტი მოგვივიდა, პატარა მეტეორიზმსა და შეკრულობას ვერ გადაურჩება. 1-დან 2 წლამდე მისი სადღეღამისო რაოდენობა 700მლ-ზე მეტი არ უნდა იყოს, 2-დან 3 წლამდე კი 500მლ-ს უნდა დავჯერდეთ. ხორცი ძროხის, ხბოსა და ქათმისა სჯობს. თევზეულიდან კარგია კალმახი, ფარგა, ვირთევზა, ხეკი. ადრეულ ასაკში ცხიმიანი ხორცი (ცხვრის, ღორის) და თევზეული (ზუთხი, ორაგული) ცხიმის ჭარბი შემცველობის გამო არ შეიძლება. თევზი კვებითი ღირებულებით ხორცს უთანაბრდება. ის შეიცავს იოლად ასათვისებელ, სრულფასოვან ცილებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მიკროელემენტებს - ფთორს, იოდს, ფოსფორს. შეიძლება მისი პაშტეტის სახით მიცემაც. ძლიერ სასარგებლოა ხაჭო, ყველი, ნადუღი, მაწონი. მაწონს ბაქტერიციდული თვისებები აქვს და ჩინებულად აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ცხიმად ამ ასაკში მიზანშეწონილია ნაღების კარაქის გამოყენება. ის უკვე მომზადებულ კერძს (ფაფას, კარტოფილის პიურეს) უნდა დაამატოთ, რადგან დუღილისას მასში შემავალი ვიტამინები იშლება, ზოგიერთი ცხიმოვანი მჟავა ორთქლდება, სასარგებლო უჯერი ცხიმოვანი მჟავები კი ნაჯერად გარდაიქმნება. წლინახევრის ბავშვისთვის შეიძლება მცენარეული ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირას) - არა უმეტეს დღე-ღამეში საჭირო ცხიმის 10-15%-ისა. ბავშვის რაციონში უხვად უნდა ჩართოთ ხილი და ბოსტნეული, მათ შორის - სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი, კიტრი, სალათა: აუცილებელია მწვანილიც (ხახვი, ოხრახუში, კამა), რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, გემოვნებითი თვისებების განვითარებისთვისაც აუცილებელია. ხილი და კენკრა უმჯობესია უმი მისცეთ, თუმცა არანაკლებ მარგებელია ჩირი, კომპოტი, კისელი.
რამდენია საჭირო
1 წლისთვის კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა 1100მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის კვება 1,5 წლამდე შევუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება. კუჭის წვენის სეკრეციის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების რაოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის საჭირო ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, ხილი და წვენები მისცეთ. სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება: საუზმე - 25%, სადილი 35-40%, სამხარი 10-15%, ვახშამი 25%. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც: ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ, ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლადაც მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფები, ბოსტნეული, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი - პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული - ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - კვირაში 1-2 დღე.
რატომ არ ჭამს?
1 წლის ბავშვი ჭამას სრულიად სხვაგვარად ეკიდება, მას ახლა ისე ძალიან აღარ შია და ჭამისას ჭირვეულობს. არც არის გასაკვირი: იმდენი რომ ჭამოს, რამდენსაც ადრე მიირთმევდა და წონაც ისევე სწრაფად მოიმატოს, სპილოსოდენა გახდება. ახლა პატარას შეუძლია, ყურადღებით შეისწავლოს თავისი მენიუ და განსაზღვროს, რა მოსწონს და რა - არა. კბილების ამოსვლისას ბავშვს მადა ხშირად ეკარგება, შესაძლოა ულუფის მხოლოდ ნახევარი მიირთვას ან საერთოდ უარი თქვას კერძზე. საზოგადოდ, მადა კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე იცვლება და ეს ბუნებრივია. ბავშვმა შეიძლება ზედიზედ რამდენიმე დღე მწვანილეული ჭამოს, მერე უცებ სახამებლის შემცველ პროდუქტებს მიეძალოს - კარტოფილს, მაკარონს... ზოგჯერ სადილად მხოლოდ სტაფილოს შეჭამს, თანაც ოთხჯერ მეტს, ვიდრე ეკუთვნის, თანაც არც ღებინება შეაწუხებს, არც ფაღარათი და არც მუცლის ტკივილი.
როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს მშობლები?
გირჩევთ, არჩევანი ბავშვს მიანდოთ. დაე, ჭამოს ის, რაც სურს. ნუ შეშინდებით, თუ თქვენი პატარა რომელიმე პროდუქტს ჩვეულებრივზე მეტად მიეძალა ან რომელიმეს ცხვირი აუბზუა - ბავშვი თვითონ ხვდება, რა სჭირდება მის ორგანიზმს, მას, ასე ვთქვათ, ინტუიციური ცოდნა აქვს. თუ ბავშვმა უცებ აიკრძალა იმ ბოსტნეულის ჭამა, რომელსაც წინა კვირას სიამოვნებით მიირთმევდა, ძალას ნუ დაატანთ - ის ისევ შეიყვარებს ამ ბოსტნეულს; ძალდატანებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ დროებითი უსურვილობა მუდმივ სიძულვილად გადაექცევა. თუ ბავშვმა ზედიზედ ორჯერ თქვა უარი რომელიმე კერძზე, ორიოდე კვირას ნუღარ აჭმევთ. თუ ზოგიერთი სახეობის ბოსტნეული უყვარს, ზოგს კი ვერ იტანს (ასეთი რამ სიცოცხლის მეორე წლისთვის დამახასითებელია), მიეცით ის, რომელიც უყვარს. თუ ბოსტნეულს საერთოდ არ ეკარება, უფრო მეტი ხილი აჭამეთ. თუ საკმაო რაოდენობით იღებს რძეს, ხილსა და ვიტამინებს, ბოსტნეულში არსებული ნივთიერებების დანაკლისს იოლად აინაზღაურებს. ზოგიერთ ბავშვს სიცოცხლის მეორე წელს ფაფა ბეზრდება. ჭამას ნუ აიძულებთ - გამორიცხული არ არის, აღებინოს. არსებობს ფაფის შემცვლელი სხვა პროდუქტები - პური, მაკარონი, კარტოფილი. რამდენიმე კვირის მანძილზე სულაც რომ არ მიიღოს სახამებლის შემცველი სურსათი, არც ამით დაშავდება რამე. თუ პატარა რძეს საკმაო რაოდენობით არ სვამს, აცადეთ, სანამ თვითონ მოითხოვს, დანაკლისის ასანაზღაურებლად კი რძის ნაწარმი - ყველი, ხაჭო, მაწონი მიეცით. ყველი ძალიან სასარგებლოა: 30 გრამი იმდენსავე კალციუმს შეიცავს, რამდენსაც 230გ რძე. ხაჭოში ცოტა ცხიმია, ამიტომ ორგანიზმი მას ბევრს და ადვილად ითვისებს. 300გ ხაჭო 1 ჭიქა (250მლ) რძეს უტოლდება. კარაქს პატარა თანდათან შეაჩვიეთ. შეურიეთ ბოსტნეულის პიურეში, წაუსვით პურზე ან ყველიანი ბუტერბროდი მოუმზადეთ, თან სცადეთ, სათამაშოს ან ცხოველის ფორმა მისცეთ, რომ პატარას მისთვის გემოს გასინჯვის სურვილი გაუჩნდეს. თუ ბავშვმა რძის ნაწარმი მთელი თვის მანძილზე არ მიიღო, ექიმს მიმართეთ. ის პატარას კალციუმს დაუნიშნავს. ნუ დააძალებთ პატარას ჭამას. უმჯობესია მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონით უზრუნველვყოთ და ნუ გაგიკვირდებათ, როცა შეამჩნევთ, თუ როგორ ეცვლება ბავშვს გემოვნება. ბევრს ჰგონია, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობის შემდეგ პატარა უკეთესად შეჭამს. სინამდვილეში სეირნობის, მოძრავი, ენერგიული თამაშების შემდეგ იგი დაღლილია; საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეცია (გამომუშავება) ქვეითდება. ამიტომ ჭამამდე აჯობებს ბავშვი ცოტა ხნით დაასვენოთ. თუ სწყურია, მიეცით ცოტა წყალი, ზოგჯერ ეს მადასაც აღვიძებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1 კგ-ზე 80-100 მლ-ია. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვვევაში დამტკბარი - ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას ამცირებს და მადას აუარესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია.
თავისი ხელით
როდის დაიწყებს ბავშვი საკუთარი ხელით ჭამას, მეტწილად უფროსებზეა დამოკიდებული. ზოგი წლისაც არ არის და კოვზს უკვე მარჯვედ ხმარობს, ზოგი კი მეტისმეტად მზრუნველი დედიკოს წყალობით სამი წლისაც სხვისი შემყურეა. მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, გამოსცადოს საკუთარი თავი. ბავშვების უმრავლესობა დაახლოებით ერთი წლის ასაკში გამოთქვამს სურვილს, კოვზით ჭამოს და თუ ხელი არ შეუშალეს, წლინახევრისა უკვე დაუხმარებლად სადილობს და ვახშმობს. დამოუკიდებლად ჭამისთვის სამზადისი ჯერ კიდევ 6 თვის ასაკში იწყება, როცა ბავშვს პურის ან ორცხობილას ნატეხს ვაძლევთ. 9 თვის ასაკში, როცა პატარას ჩანგლით დასრესილ საკვებს ვაძლევთ, ის ცდილობს, პატარ-პატარა ნაჭრები თავად აიღოს და პირში ჩაიდოს. როცა ბავშვს დამოუკიდებლად ჭამის მოთხოვნილება უჩნდება, ცდილობს დედას კოვზი ხელიდან გამოსტაცოს. ნუ დაუშლით, მიეცით, თქვენ კი მეორე აიღეთ და ისე განაგრძეთ მისი კვება. ბავშვი მალე ხვდება, რომ კოვზის ხელში დაჭერა ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. რამდენიმე კვირა დასჭირდება, ვიდრე კოვზით საჭმელს აიღებდეს და პირთან მიიტანდეს ისე, რომ გზაში არ დაეღვაროს. ამ დროს თვითონაც მოითხუპნება და ირგვლივაც ყველაფერს დასვრის, მაგრამ მეტი რა გზაა. ამას უნდა შეურიგდეთ და მოთმინებით დაელოდოთ, კოვზით ჭამას როდის ისწავლის. თქვენი ხელით კი აღარ აჭამოთ, თორემ დამოუკიდებლად ჭამის ინტერესს დაკარგავს. ყოველი ჭამის წინ რამდენიმე წუთით მიეცით დამოუკიდბელი მოქმედების საშუალება. ამან შეიძლება ჭამის პროცესი გაახანგრძლივოს, მაგრამ სულ მალე საბოლოო შედეგით თქვენც კმაყოფილი დარჩებით და თქვენი პატარაც.
თუ ბავშვი ჭამის დროს თამაშობს
ვიდრე ბავშვი საჭმლის კოვზით აღებას და პირთან მიტანას ისწავლის, კვირები გადის. მას მალე ღლის უშედეგო ცდები და საჭმლით თამაშს იწყებს. გართობის მიზეზი ისიც არის, რომ პაწიას უწინდელივით აღარ შია. მას ახლა ნივთების იატაკზე გადაყრა, ჭიქის გადმობრუნება, კოვზით ან საჭმლით თამაში უფრო მოსწონს. მაგიდასთან თამაში იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაიზარდა; დედა კი წუხს, ნერვიულობს, ცდილობს, ძალით აჭამოს, რასაც საბოლოოდ მადის დაკარგვამდე მივყავართ. თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ბავშვი ჭამის დროს თამაშს მაშინ იწყებს, როცა შიმშილს ნაწილობრივ ან მთლიანად იკლავს და არა მაშინ, როცა ძალიან შია. ასე რომ, თუ პატარა თეფშს ყურადღებას აღარ აქცევს, ჩათვალეთ, რომ მან უკვე საკმარისად მიირთვა იატაკზე ჩამოსვით და თეფში აიღეთ. თუ მეორე ჭამამდე ძალიან მოშივდა, დაწესებულზე ადრე აჭამეთ. როგორც კი საჭმლისადმი ინტერესს დაკარგავს, თეფში ააცალეთ. მაშინ ის მეტი ყურადღებით მოეკიდება ჭამას და ვიდრე კარგად არ დანაყრდება, თამაშს არ დაიწყებს. ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: ერთი წლის ბავშვს უსაზღვროდ სიამოვნებს ბოსტნეულის პიურეში ხელის ჩაყოფა ან ფაფით ცხვირ-პირის მოთხუპვნა. ნუ დაუშლით - ეს მისთვის გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ხერხია. თუ თეფშის გადაპირქვავება სცადა, თეფშს ხელი მაგრად ჩასჭიდეთ, გვერდზე გასწიეთ ან ბავშვს სულაც მიატოვებინეთ ჭამა. მშობლებო, ფრთხილად იყავით! ამ ასაკში ხშირია ცხელი საკვებით, მდუღარე წყლით დამწვრობა, ტრავმული დაზიანება. ბავშვს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ უნდა დაუშალოთ. მაგრამ ყურადღებას ნუ მოადუნებთ და მსგავსი უსიამოვნება არასოდეს შეგემთხვევათ.