რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის კვებას
დააძალებთ - მომდევნო ჭამისას დანაკლისს აუცილებლად აინაზღაურებს. თუ დროზე ადრე გაიღვიძა და ატირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შია.
საჭმელი ჩვილის ცხოვრების მთავარი სიამოვნებაა. ცხოვრებაზე პირველი შთაბეჭდილება სწორედ იმის მიხედვით ექმნება, კარგად კვებავენ თუ არა, ხოლო ადამიანებზე - იმ ადამიანის მიხედვით, ვინც პირველ ხანებში აჭმევს საჭმელს.
-
რატომ წუწნის ჩვილი თითს?
ჯერ ერთი - იმიტომ, რომ შია, მეორე - იმიტომ, რომ მოსწონს. თუ კარგად კვებავთ, მაგრამ საწოვარას წოვის სიამოვნებას აკლებთ, ჩვილი მუჭს, თითს ან ტანსაცმელს დაუწყებს წოვას. სასურველია, ჭამა რაც შეიძლება მეტხანს გაგრძელდეს. ამისთვის ბოთლს წვრილნახვრეტიანი საწოვარა ჩამოაცვით. გარდა ამისა, ეცადეთ, თითის წოვას არ მიაჩვიოთ. როცა წოვის სურვილს შეამჩნევთ, საწოვარა მიეცით. ბავშვი მალე დაიღლება და ჩაეძინება.
დედები ხშირად ჩივიან, რომ 6-7 თვის ბავშვი ჭამის დროს უცნაურად იქცევა: რამდენიმე წუთის განმავლობაში ხარბად წოვს ძუძუს ან საწოვარას, შემდეგ კი უეცრად თავს ანებებს წოვას და ისე ტირის, თითქოს რაღაც სტკივაო. შემდეგ საწოვარას ისევ იდებს პირში, მაგრამ მალევე იცილებს და ისევ ტირილს იწყებს. სამაგიეროდ, სიამოვნებით გეახლებათ მაგარ საკვებს, მაგალითად, ორცხობილას. ასეთმა საქციელმა უნდა გვაფიქრებინოს, რომ ბავშვს კბილები ამოსდის. საქმე ის არის, რომ ღრძილები, საიდანაც სადაცაა კბილები ამოიჭრება, საწოვარას წოვის დროს გაუსაძლისად ღიზიანდება. უმჯობესია, პატარას ფაფა კოვზით მისცეთ, ხოლო სითხე ფინჯნით ასვათ.
იმ დღეებში, როცა დედას მენსტრუაცია აქვს, ზოგიერთი ბავშვი ძუძუზე უარს ამბობს. ასეთ შემთხვევაში ჩვილს საწოვარათი მიეცით დამატებითი საკვები, რძე კი ხელით გამოიწველეთ, რომ ლაქტაცია არ შეგიმცირდეთ. მენსტრუაციის გავლის შემდეგ ბავშვს ერთბაშად შეუწყვიტეთ საწოვარათი კვება. ის ძუძუს დაუბრუნდება.
-
ბოყინი
სმის დროს ყველა ბავშვი ყლაპავს ჰაერს, რომელიც მუცელში უგროვდება და აწუხებს. ზოგიერთი ამის გამო ჭამას თავს ანებებს, ზოგი კი არ ჩერდება, ვიდრე რძეს ბოლომდე არ დალევს.
ბავშვი ჩაყლაპული ჰაერისგან ორნაირად შეიძლება გავათავისუფლოთ: მუხლზე დავისვათ, ზურგი დავუჭიროთ და მუცელზე ნელ-ნელა ვუსვათ ხელი ან ისე დავიჭიროთ, რომ თავი მხარზე დაგვადოს, ზურგზე კი ხელი გადავუსვათ ან ოდნავ წამოვარტყათ. მხარზე რაიმე ნაჭერი დაიფინეთ - შესაძლოა, ჰაერს ცოტა რძე ამოაყოლოს.
ზოგი ჰაერს იოლად ამოაბოყინებს, ზოგს კი უჭირს. თუ ბავშვმა მალევე არ ამოუშვა ჰაერი, მცირე ხნით წამოაწვინეთ, მერე კი ისევ აიყვანეთ ხელში და გაატარ-გამოატარეთ.
თუ ბავშვმა იმდენი ჰაერი ჩაყლაპა, რომ იძულებულია, ჭამას თავი დაანებოს, მაშინ უმჯობესია, ამოაბოყინოს და მერეღა განაგრძოს ჭამა.
თუ ბავშვს ჭამის შემდეგ პირდაპირ საწოლში ჩააწვენთ, ჰაერი მას ძლიერ შეაწუხებს, - მუცელს აატკივებს და აატირებს.
საწოვარას ნახვრეტი არც ძალიან პატარა უნდა იყოს და არც ძალიან დიდი. ნახვრეტების სიდიდე ასე შეამოწმეთ: რძიანი ბოთლი გადააბრუნეთ. პირველ 1-2 წამს რძე წვრილ ნაკადად წამოვა, მერე კი წვეთ-წვეთობით. თუ 1-2 წამის შემდეგ რძე ისევ ნაკადად მოედინება, მაშასადამე, ნახვრეტი დიდია, ხოლო თუ თავიდანვე მოწვეთავს - მეტისმეტად პატარაა. როცა საწოვარას დიდი ნახვრეტი აქვს, ბავშვი ბოთლს სწრაფად ცლის, წოვის ინსტინქტს ვერ დაიკმაყოფილებს, განაგრძობს ცარიელი ბოთლიდან წოვას და ჰაერის ყლაპვას.